reportiori.ge - რა მზადდება ადეიშვილის, მერაბიშვილის, უტიაშვილისა და ხიზანიშვილის წინააღმდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:02
ინტერვიუ
რა მზადდება ადეიშვილის, მერაბიშვილის, უტიაშვილისა და ხიზანიშვილის წინააღმდეგ?
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 20:43


როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი გახმაურებული საქმეებიდან კიდევ ერთ-ერთი მორიგი საქმის ხელახალი გამოძიების დრო დადგა. თუ მცრე ანალიზს მივმართავთ, შეიძლება ვივარაუდოთ კიდეც, რომ ეს საქმეც მიმართულია კონკრეტული შედეგისკენ - გამოვლინდნენ ჯერ კიდევ ბრალდაუდებელი ბრალდებულები, ან დაუმძიმდეთ ბრალი ყოფილი ხელისუფლების უკვე სხვა საქმეებისთვის პასუხისგებაში მიცემულ უმაღლესი თანამდებობის პირებს.


ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ფაქტი ასეთ სურათს გვიჩვენებს - მთავარ პროკურატურაში ერთი წლის წინათ შეტანილ განცხადებას, რომელსაც ხელს აწერდა 2011 წელს ჯაშუშობაში ბრალდებული ოთხი ფოტოგრაფი, რეაგირება მოჰყვა. ამ ეტაპზე დაკითხულია მხოლოდ ორი.


სწორედ ამ ორთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ დღეს „პრაიმტაიმი", რომლებიც პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ აქამდე მხოლოდ მცირე კომენტარებით შემოიფარგლებოდნენ.


თუმცა, სანამ ინტერვიუს დავიწყებდეთ, ალბათ ღირს, ჩვენს მკითხველს ყოფილი პრეზიდენტის ერთგვარი მონანიება შევახსენოთ, „ფოტოგრაფების საქმედ" ცნობილ ისტორიასთან დაკავშირებით.


ოთხი ფოტოგრაფი 2011 წლის ივნისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საქმეზე გრიფ „საიდუმლოს" არსებობის გამო საზოგადოებამ ვერ გაიგო, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად დაკავებულებს. რამდენიმეკვირიანი პატიმრობისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ სასამართლომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოუხსნა.


ორი წლის შემდეგ უცხოეთიდან პირდაპირ სატელევიზიო ჩართვაში სააკაშვილი აცხადებს:


„ერთადერთხელ, როცა სისხლის სამართლის საქმით დავინტერესდი და ეჭვი გამოვხატე, ეს იყო ფოტოგრაფების საქმე. იმიტომ დავინტერესდი, რომ ჩემი პირადი ფოტოგრაფი დააკავეს და დღემდე ეჭვები მაქვს, რომ იქ ბოლომდე მთლად სუფთად არ იყო ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ ისიც ეჭვის დონეზე დავინტერესდი".


სააკაშვილის მიერ გამოთქმული  „აღიარება-სინანული" შესაძლოა, პროკურატურისთვის ერთგვარი გზავნილიც გახდა იმისთვის, რომ ყოფილი ხელისუფალის ეს სუსტი წერტილი ხელიან არ გაეშვათ და საქმეც დაიძრა.


უკვე კეთდება პროგნოზები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ეს საქმე მორიგი ბრალის სახით ჩაიწეროს მერაბიშვილის, სააკაშვილისა და ადეიშვილის ბრალთა ნუსხაში, ხოლო შოთა უტიაშვილისთვის პირველი ბრალის საფუძველი გახდეს.


თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურიდან გამოსული ორი ფოტოგრაფის განცხადებებში რადიკალიზმმა რადიკალურად იკლო, სწორედ ეს გახდა საბაბი სკეპტიკოსებისთვის (მეორე მხრივ, ოპტიმისტებისთვის), რომ ხელისუფლება წინამორბედის წინააღმდეგ მორიგ ბომბს ამზადებს.


ახლა კი თავად ყოფილ მსჯავრდებულებს, ამჟამად კი პერსპექტიულ დაზარალებულებს მოვუსმინოთ.


ზურაბ ქურციკიძე:

 

- რა სურათი დაგხვდათ პროკურატურაში. იყო განსხვავება 3 წლის წინანდელ და ამჟამინდელ დაკითხვებს შორის?


- განსხვავება, რა თქმა უნდა იყო. მაშინ სერიოზული ზეწოლა გვქონდა. ახლა ყველაფერი ცივილიზებულად წარიმართა.


- გამოძიებას თქვენგან რა აინტერესებდა?

 

- დეტალურად ვერ მოვყვები, ვინაიდან გამოძიება ახლა დაიწყო და არც გრიფი აქვს ახსნილი საქმეს.

 

- როგორ ფიქრობთ, ამ საქმის ობიექტური გამოძიების შედეგად, ვინმეს ბრალი დაუმძიმდა?

 

- კონკრეტულად არავის მიმართ არ მაქვს რაიმე ეჭვი. ეს გამოძიების საქმეა, დაადგინოს, ვინ იყო ინიციატორი და ვინ - შემსრულებელი. დაუმძიმდებათ თუ არა, არ ვიცი. სჯობს ეს გამოძიებამ დაადგინოს. ვერსიებით ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ჩემთვის ყველაფერი ნათელი.

 

- მეჩვენება, რომ გამოძიებისგან მკაცრად ხართ გაფრთხილებული, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ...

 

- არ ვფლობ იმ ინფორმაციას, რაც თქვენ გაინტერესებთ. მგონი, ინფორმაცია ჯერჯერობით არც გამოძიებას აქვს. დაველოდოთ მოვლენებს...

 

- ფიქრობთ, რომ საქმეს გრიფი აეხსნება?

 

- ჩვენ ეს მოთხოვნა გვქონდა და გვაქვს. ალბათ, აეხსნება.

 

- დაკითხვის ფარგლებში ისაუბრეთ თქვენს მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მოძალადეებზე?

 

- ჩვენ სიტყვიერად დაგვკითხეს იმ განცხადების ფარგლებში, რაც თავის დროზე პროკურატურაში შევიტანეთ. რაც შეეხება პირებს, ვინც ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა, არავის ვიცნობ სახელებითა და გვარებით.


- არსებობს ინფორმაცია, რომ ფიზიკური ზეწოლის დროს გიღებდნენ...

 

- შეიძლება არსებობს კიდეც ასეთი ჩანაწერი, მაგრამ მე გადაღების პროცესი არ შემიმჩნევია.


- ფიქრობთ, რომ თქვენი მოთხოვნა შესრულდება? რეალურ სურათს დადებს ეს გამოძიება?

 

- იმედი მაქვს.

 

- ეს თქვენი წამოწყება მიმართულია თქვენი რეაბილიტაციისკენ, თუ რეალური სურათის ასახვისკენ?

 

- ორივესკენ... ამ ეტაპზე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე - შემსრულებელი, დამკვეთი. ეს, ალბათ, გამოძიების პროცესში გამოჩნდება.

 

გიორგი აბდალაძე:


- პროკურატურაში ხელწერილი დაგვადებინეს, რომ სანამ საქმის მსვლელობა არ დასრულდება, მანამდე საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.


- ეს თქვენი პირველი დაკითხვა იყო ახალი ხელისუფლების პირობებში?

 

- კი. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გამოძიებისთვის იყო საინტერესო.


- როგორ ფიქრობთ, თქვენი დაკითხვის შემდეგ პროცესები როგორ წარიმართება?

 

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენ, რეპორტიორები, დაპატიმრებულები ვიყავით არაფრის გამო, არც ერთს არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია. მით უმეტეს, იმ მუხლით, რა მუხლითაც ვიყავით გასამართლებულები. ყოველთვის ვითხოვდით ერთ რამეს, რომ გრიფი მოეხსნათ ჩვენს საქმეზე და რეალურად დაედგინათ, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა, საკუთარი ჩვენების გარდა, არაფერი ვიცით, რა ხდება ამ საქმეში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გაპატიმრებენ და არ იცი, რას გერჩიან, რას გედავებიან, რა დევს საქმეში. ის, რაც მე ვნახე წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩემი თვალით რომ არ მენახა და სხვას მოეყოლა, არავითარ შემთხვევარი არ დავიჯერებდი. არ დავიჯერებდი იმიტომ, რომ ეჭვი შემეპარებოდა - მართლაც შეიძლებოდა თუ არა, ასეთი რამ მომხდარიყო.


- პროკურატურაში გრიფის ახსნაზე რა პასუხი მიიღეთ?

 

- გრიფი აუცილებლად უნდა აიხსნას. საქმე საჯარო უნდა გახდეს და რეალურად ყველამ უნდა დაინახოს. გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ერთი შემიძლია ვთქვა, გამოძიება რომ დასრულდება, გაირკვევა, ვინ იყვნენ ამ საქმის დამკვეთები. ჩვენი მოთხოვნაა მათი დასჯა.


- თვითონ გამოძიებას თუ აქვს წვდომა გრიფდადებულ საქმის მასალებზე?

 

- წარმოდგენა არ მაქვს არაფერზე. ჩვენ ვიცით ერთი რამ: უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, ძალისმიერი მეთოდებით, პირველ რიგში, ცოლ-ქმარი გედენიძეები აიძულეს ეღიარებინათ ის, რაც არ ჩაუდენიათ და შემდეგ მოგვადგნენ ჩვენ. თუ გახსოვთ, შაჰ აივაზოვი მაშინვე გამოუშვეს. ერთ-ერთი რეპორტიორი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო დაპატიმრებული. მეტი არაფერი ვიცით, რა ხდებოდა შიგნით ციხეში. პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ასეთი ქმედებების ორგანიზატორები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენსავით უსამართლოდ დასჯილი ძალიან ბევრი ადამიანია. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ჟურნალისტი, რეპორტიორი. მე ვარ თქვენი ფოტორეპორტიორი. ჩვენ სადღაც დავალებაზე მივდივართ ერთად, მე გადავიღე რაღაც, შემდეგ დამიჭირეს და ბრალი დამდეს ჯაშუშობაში. იყვნენ კოლეგები, რომლებმაც გამოთქვეს პროტესტი და იყო კატეგორია, რომლებიც ღიად ვერ აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს, მაგრამ ჩვენთან ერთად იყვნენ ყველანაირად. დღეს დადგა ის დრო, რომ გამოძიებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაადგინოს, რას გვერჩოდა ის ხელისუფლება: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უტიაშვილი, ხიზანიშვილი. არ ვიცი, კიდევ ვინ ჩამოვთვალო. ვერ ვხვდებით, დღემდე არ ვიცით, რას გვერჩოდნენ ეს ადამიანები. ვარაუდები იყო და არის, ბუნებრივია. ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას ვამბობდი, რომ 26 მაისის გამო დავისაჯეთ.


- თქვენ ახლა კონკრეტული გვარები ჩამოთვალეთ. ფიქრობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ციხეში არიან, სხვადასხვა დანაშაულების გამო კიდევ უფრო დაუმძიმდეთ ბრალი ფოტორეპორტიორების საქმის გამო?

 

- გამოძიებას დაველოდოთ.


- თქვენ გაქვთ ამის იმედი?

 

- იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა აღდგება, გაირკვევა, რას გვერჩოდნენ, სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენ გვცნობს უდანაშაულოდ, რადგან არ მიგვიძღვის არანაირი დანაშაული.


- გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ციხეში თქვენი წამების ამსახველი კადრები. რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ეს კადრები?

 

- იმ ხელისუფლების მთელი დანაშაული ის იყო, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდნენ, ვისაც ბინძურ და შავ საქმეებს აკეთებინებდნენ. ვისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გადაღება, კაცმა არ იცის. კადრები რომ არსებობს, ფაქტია, ყოველი დღის, რაც ჩვენ ციხეში ვიყავით. მოვა დრო და ეს კადრები საჯარო გახდება.


- თქვენთვის ხელმისაწვდომია ეს კადრები?

 

- ჩემთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, გავასაჯაროებდი. ჩემთვის რაც იყო ხელმისაწვდომი, გავასაჯაროეთ. მაგალითად, საუბარი ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით.


- იმ ვიდეომასალაში თქვენ მიმართ ზეწოლის ფაქტები თუ არის ასახული?

 

- სანამ გამოძიება არ დასრულდება, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს.


- თუ გაქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება ინახებოდეს ეს ვიდეომასალა?

 

- ამას ვერ ვიტყვი, კონკრეტული ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.


- ანუ ეს არ არის ყოფილი ხელისუფლების ხელში?

 

- ყოფილი ხელისუფლება თავის ჯალათებს უღებდა ვიდეოს, როდესაც მათ შავ საქმეებს აკეთებინებდა. ფაქტია, რომ იღებდნენ, მაგრამ ვისთვის ან რისთვის აკეთებდნენ ამას, არ ვიცი. ვისაც შავ საქმეებს აკეთებინებდა, იმას მერაბიშვილი ჩუმად უღებდა. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, თავის დროზე ყველაფერს ფარდა აეხდება და არ არსებობს, ვინმეს რამე შერჩეს. ამაში დარწმუნებული ვარ. ციხეში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ ისინი აუცილებლად აგებდნენ პასუხს ყველაფერზე. მაშინ მეუბნებოდნენ, ჯერ ჩვენ ვიქნებით და შემდეგ ჩვენი შვილები - კიდევ 30 წელი, ასე რომ, დაივიწყე ეს ამბავიო... ახლა კი გამოძიება იტყვის თავის სათქმელს.


- რამდენად ინტენსიურად მიდის გამოძიება?

 

- ჩვენ შარშან შევიტანეთ სარჩელი...


- ...და ერთი წლის შემდეგ მოხდა თქვენი დაკითხვა...

 

- მე ვიცი ერთი რამ: ველოდებით სამართალს. სხვა მეტი არაფერი გვინდა, გვინდა მხოლოდ ის, რომ გავიგოს სიმართლე ჩვენც და უსამართლოდ დაპატიმრებულმა სხვა ადამიანებმაც. ციხეში რაც ვნახეთ, ის იყო მიშა სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და კიდევ სხვა დანარჩენების რეალური სახე.


- თქვენ თქვით, რომ ვერ დაასახელებთ იმ ადამიანს, ვინც გაუსაჯაროებელ კადრებს ინახავს, მისივე უსაფრთხოების გამო. ეს ვიდეოკადრებია თუ ფოტომასალა?

 

- 2012 წლის 2 ოქტომბერს, ნაციონალები დარბოდნენ ტყე-ტყე და ანადგურებდნენ ამ მასალებს. ერთ-ერთ მათგანს აქვს გადაღებული თუ დაკოპირებული ეს მასალები, მათ შორის არის ჩვენი, რეპორტიორების საქმეც. მე მხოლოდ ორი კადრი მაქვს ნანახი. ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც მე ადვოკატების აცილებაზე ვსაუბრობ. მეორე კი არის საკანში, შიმშილობის დროს. თუმცა ვიცი, საკანში რომ მძინავს, ისიც კი გადაღებული აქვთ.


- ანუ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ხდებოდა თქვენი გადაღება?

 

- ასე იყო, რა გიკვირთ? ოცდაოთხსაათიანი გადაღების ქვეშ მარტო მე კი არ ვყავდი, ის ჯალათებიც ჰყავდათ, ვინც იმავე რეჟიმს ემსახურებოდა. რისთვის აგროვებდნენ ამ კადრებს, ნამდვილად არ ვიცი. დიდი ხანია ვამბობ, რომ მსგავსი კადრები არსებობს. ხმამაღლა ვამბობ, რომ უნდა მიაქციონ ამ კადრებს ყურადღება, რადგან შეიძლება იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ინახოს.


- მაგრამ თქვენ არ ასახელებთ, ვის ხელშია დღეს ეს კადრები...

 

- ვერანაირად ვერ დავასახელებ, რადგან როგორც კი ამ ადამიანის სახელი და გვარი გაჟღერდება, ოჯახიანად ჰაერში აიწევა. ეს ადამიანი იმავე რეჟიმის მარჯვენა ხელი იყო, მარცხენა თუ მარცხენის მარცხენა, ეს მე არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ეს მასალები დააკოპირა.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016