reportiori.ge - ტრისტან წითელაშვილი: დიახ, კემულარია იყო ჩვეულებრივი ციხის ჯალათი და აქციების დარბევებში მონაწილეობდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:47
პრეს-დაიჯესტი
ტრისტან წითელაშვილი: დიახ, კემულარია იყო ჩვეულებრივი ციხის ჯალათი და აქციების დარბევებში მონაწილეობდა!
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 21:04


გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან, რომელიც ლაშა თორდიას მიერ დამალულ და ახლა მის ხელთ არსებულ აუდიტის დასკვნას პროკურატურას „ასავალ-დასავალის" ამ ნომრის გამოსვლისთანავე გადასცემს.

 

- ბატონო ტრისტან, აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა, რომელიც ლაშა თორდიამ პროკურატურას დაუმალა, თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა?


- მე გამაჩნია ამ დასკვნის დედნის ქსეროასლები, რომლებიც ჩემი არხებით მოვიპოვე. მართალია, ნაციონალმა თორდიამ ეს დასკვნა დამალა და პროკურატურას არ გადასცა, მაგრამ აუდიტის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც 2013 წელს უშუალოდ განახორციელეს თავდაცვის სამინისტროს შემოწმება, მზად არიან, პროკურატურასთან ითანამშრომლონ და დეტალური ჩვენებები მისცემენ!


- როგორ ფიქრობთ, ეს დასკვნა ბაჩო ახალაიასათვის ახალი ბრალის წაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს?

 

- აუცილებლად! მე პროკურატურას გადავცემ აუდიტის ამ დასკვნას და მის საფუძველზე, შეუძლებელია, ახალაიას ბრალი არ წარედგინოს!


ამ დასკვნიდან მინდა, გამოვყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო მომენტი - ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტობის დროს იარაღით დააჯილდოვა 99 ფიზიკური პირი, რომელთაგანაც 17 თავდაცვის სამინისტროში არ მსახურობდა.


აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ 17 პირისათვის გადაცემული 19 ერთეული იარაღის ღირებულებამ 82 ათასი ლარი შეადგინა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და შემდგომ გამოძიებას საჭიროებს, მაგრამ მე აქ დამატებით საშიშროებასაც ვხედავ.


- რა საშიშროებას?

 

- ვინ არის ის 17 პირი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში არ მსახურობდნენ და ბაჩო ახალაიამ იარაღებით დააჯილდოვა? ესენი არიან ზონდერები და მათზე გაიცა არარეგისტრირებული, მაყუჩიანი სპეციარაღები! ამ იარაღებით მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია და გამოძიება ვერ დაადგენს, ვის მიერ და რა იარაღით იქნა მოკლული ესა თუ ის პიროვნება!


მე ხელთ მაქვს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ 9 წლის განმავლობაში, 2004-2012 წლებში, საქართველოს სახელმწიფში ბიუჯეტიდან უგზო-უკვლოდ არის გამქრალი 16 მილიარდი ლარი!


- როგორ თუ, გამქრალია?

 

- აი, ასე - გამქრალია! ოფიციალური მონაცემებით, 2004-2012 წლებში საქართველოს ბიუჯეტმა ჯამში 42 მილიარდი ლარი შეადგინა და აქედან 16 მილიარდი არსად ჩანს, რა ბედი ეწია ამ ფულს, არავინ იცის!


ჩემი ინფორმაციით, ეს 16 მილიარდი ლარი დალექილია ნაციონალების მიერ ოფშორულ ზონებში, ძირითადად სეიშელის კუნძულებზე გახსნილ ფარულ ანგარიშებზე და სწორედ ამ ფულით იკვებებიან დღეს ნაციონალები და მათ მიერ შექმნილი სატელიტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის „თავისუფალი ზონა" და კიდევ ბევრი სხვა.


სწორედ ამ ფარული ანგარიშებიდან გადაუხადეს ნაციონალებმა საბერძნეთის სასამართლოს მილიონი ევრო, რათა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირება არ მომხდარიყო!


- მოიცადეთ, თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალებმა საბერძნეთის სასამართლო მოისყიდეს?

 

- რა თქმა უნდა! დიახ! მილიონი ევრო გადაიხადეს!


- რის საფუძველზე აცხადებთ ასეთ რამეს?

 

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ! დიახ, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც რიგითი პიროვნებები არ არიან და იქ სერიოზული გავლენები აქვთ, მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია!


- მე მაინც თავს შევიკავებდი საბერძნეთის სასამართლოსადმი ასეთი მძიმე ბრალდებისაგან!

 

- კი ბატონო, თქვენ თავი შეიკავეთ, მაგრამ მე მაქვს ეს ინფორმაცია და არ ვიკავებ თავს, ხმამაღლა ვაცხადებ!


- ზემოთ „თავისუფალი ზონა" ახსენეთ და გაიგებდით, რომ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდამსხმელი ვინმე ავთანდილ კემულარია „თავისუფალი ზონის" რუსთავის ორგანიზაციის წევრი ყოფილა!

 

- ავთანდილ კემულარია ვინ არის, ეგ მე მკითხეთ!


- იცნობთ მას?

 

- ძალიან კარგად!


- მაშინ, ისიც გეცოდინებათ, რომ ყოფილი სამხედროა და გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელიც!

 

- სამწუხაროდ, ამ კემულარიასთან ყველგან შეხება მქონდა - ჯარშიც, ციხეშიც და ამ ბოლო დროს, საპროტესტო აქციებზეც!


- ძალიან საინტერესოა. დაწვრილებით მომიყევით.

 

- როცა თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, მაშინ კემულარია ჯარისკაცი იყო და პირწავარდნილი დეზერტირი გახლდათ. დიახ, მუდმივად იპარებოდა და ტოვებდა სამხედრო ნაწილს, არ ესწრებოდა მეცადინეობებს, იჩენდა საოცარ უდისციპლინობას... ამის გამო ხელმძღვანელობის მხრიდან რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული და თუ არ ვცდები, მისი საქმე სამხედრო პოლიციასაც გადაეცა.


- თუ ასე იყო საქმე, კემულარია შეიარაღებული ძალების რიგებიდან რატომ არ დაითხოვეს?

 

- არ დაითხოვეს იმიტომ, რომ ნაციონალებს ასეთი ადამიანები ბინძური საქმეების გასაკეთებლად სჭირდებოდათ! ნაციონალები სპეციალურად ეძებდნენ კემულარიასნაირებს!


- ციხეში რა შეხება გქონდათ ამ კემულარიასთან?

 

- მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამაპატიმრეს და როცა გლდანის ციხეში მოვხვდი, კემულარია ვნახე ე.წ. კარანტინის დაშლის დროს. მაშინვე ვიცანი და ვკითხე, შენ ჯარისკაცი არ იყავი-მეთქი? პასუხი არ გაუცია, ვითომ არც გაიგო ჩემი ნათქვამი.


ციხეში იყო ჯგუფი, რომელიც ღამის 11 საათის შემდეგ საკნებში შედიოდა და უმიზეზოდ სცემდა პატიმრებს. აი, ამ ჯგუფში იყო კემულარია და იცით, რას აკეთებდა? ე.წ. საკნების შემოწმებაზე შემოდიოდა, საწოლიდან მატრასს, „ადიელას", ყველაფერს ძირს დაყრიდა, „ტუმბოჩკას" გამოაღებდა და რასაც იქ ნახავდა - ჭიქას, თეფშს, პურს, ძირს დაყრიდა! შემდეგ დადგებოდა, კარგა ხანს გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გავიდოდა!


დიახ, კემულარია იყო ჩვეულებრივი ციხის ჯალათი და მიკვირს, სანამ ზაზა დავითაიას თავს დაესხმებოდა, მანამდე რატომ დადიოდა გარეთ, ციხეში რატომ არ იჯდა?!


- ეს კემულარია სააკაშვილს ღირსების მედლით ჰყავს დაჯილდოებული!

 

- სააკაშვილმა კემულარია იმიტომ დააჯილდოვა, რომ იგი „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ლიდერების ბინძურ დავალებებს ასრულებდა!


იმიტომ დააჯილდოვა, რომ კემულარია აქციების დარბევებში მონაწილეობდა და ქართველი ხალხი ჰყავს ნაცემი!


დიახ, კემულარია და მისნაირები სააკაშვილისაგან წახალისებულად გრძნობენ თავს და, საუბედუროდ, მათ მიმართ ახალი ხელისუფლებაც არ იჩენს სათანადო სიმკაცრეს!


- კარგი, ამ არარაობაზე საუბარი საკმარისია! თქვენ იყავით პროკურატურის ერთ-ერთი მთვარი მოწმე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც განაჩენი რამდენიმე დღის წინათ დადგა და მოსამართლემ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას 7-7 წლით, ხოლო ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს 11-11 წლის პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დანაშაულში ბრალდებულები არიან დათა ახალაია და გია დგებუაძე - ე.წ. „მასტერა", მაგრამ მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და განაჩენი ჯერ არ დამდგარა!

 

- დიახ, მე ვიყავი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის უშუალო შემსწრე და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩახოცეს ის საწყალი ბიჭები!


დიახ, ვნახე, როგორ განახორციელეს საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ და გიორგი მაზმიშვილმა უკვე დაცხრილულ და ძირს დაგდებულ ბიჭებზე!


ჩემი თვალით ვნახე, ამ ბიჭების ჩახოცვის შემდეგ, მანქანიდან როგორ გადმოიტანეს შავი სპორტული ჩანთა, საიდანაც ავტომატები ამოიღეს და მოკლულ ბავშვებს გვერდზე დაულაგეს!


ეს იყო საზარელი დანაშაული, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს და მიმაჩნია, რომ სასამართლომ მათ ლმობიერი სასჯელები გამოუტანა! ეს მკვლელები უვადო პატიმრობას იმსახურებენ!


- ბატონო ტრისტან, 2008 წლის ომის შემდეგ რა ბრალდებით დაგაპატიმრათ სააკაშვილის ხელისუფლებამ?!

 

- საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც სოფლები იბომბებოდა და შეტაკებები იყო, მე და ჩემი თანამებრძოლები წარმოუდგენელ სიტუაციას წავაწყდით - ქალები, ბავშვები, მოხუცები ევაკუირებულნი არ იყვნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ საფრთხის ქვეშ იდგა.


სწორედ ამიტომ, 8 აგვისტოს ნიქოზიდან წამოვედი გორში, რათა შტაბში მივსულიყავი და ხელმძღვანელობისათვის შემეთავაზებინა, სოფლებში რეზერვისტები შევუშვათ და ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დავიწყოთ-მეთქი!


შტაბში რომ შევედი, მარცხენა მხარეს კარი ნახევრად ღია იყო და დავინახე, როგორ ლაპარაკობდნენ ერთმანეთში უგულავა, ბოკერია, გივი თარგამაძე და კიდევ ვიღაცები! გავიგონე ბოკერიას ფრაზა, ჯარისკაცებსა და მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი გვჭირდებაო! მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებში სპეციალურად ჰყავდათ ჩატოვებული, რათა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დახოცილიყო!


- ძალიან მძიმე რამეს ამბობთ!

 

- გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე!


- თქვენი დაპატიმრების ამბავს მივუბრუნდეთ!

 

- ვიცოდი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - „ბუკი", „კრუგი", „ოსა", „იგლა", „სტრელა", მაგრამ ეს ტექნიკა აგვისტოს ომის დროს საერთოდ არ იქნა გამოყენებული.


დავინტერესდი - რატომ? ჯგუფთან ერთად დავიწყე მუშაობა და გავარკვიე, რომ ეს სამხედრო ტექნიკა სააკაშვილისა და ბიძამისის თემურ ალასანიას მიერ სირიასა და ირანში იქნა გაყიდული.


აი, ამ თემებს რომ ვიძიებდი, სწორედ ამიტომ დამაპატიმრეს 2008 წლის 26 აგვისტოს და ბრალად დამდეს, თითქოს ვიყავი რუსეთის ჯაშუში, გორში ველოდებოდი ემზარ კვიციანს და რუსებთან ერთად უნდა შემოვსულიყავით თბილისში სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად. თითქოს, ამ მიზნით გორში გადმოვიბირე განაწყენებული ჯარისკაცები და შეიარაღებული გზით ძალაუფლება უნდა აგვეღო ხელში!


- რაიმე მტკიცებულება ჰქონდათ თქვენს წინააღმდეგ?!

 

- რა თქმა უნდა, არა, ამ სისულელეზე რა მტკიცებულება უნდა ჰქონოდათ?! „მოდულის" შენობაში მაწამებდნენ, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა, მაგრამ ვერ გამტეხეს!


ბრალი რომ ვერ დამიმტკიცეს, მე და ჩემთან ერთად დაპატიმრებული კობა უგრელიძე მესამე დღეს გაგვიყვანეს „მოდულის" შენობიდან, ნუცუბიძის პლატოზე აგვიყვანეს, სადღაც ჩიხში ჩამოგვაგდეს, უცებ მოვიდა სოდ-ი, ხელმეორედ დაგვაპატიმრეს და წაგვიყვანეს ისევ „მოდულის" შენობაში!


- ამ სპექტაკლის გათამაშება რისთვის დასჭირდათ?

 

- ბრალი რომ ვერ დამიმტკიცეს, მერე მოიფიქრეს სცენარი, რომ თითქოს შუაღამისას „ნუცუბიძეზე" მიპოვეს და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.


„მოდულის" შენობაში რომ მიმიყვანეს, წყალი დამალევინეს და იმ წუთში ცუდად გავხდი. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადამიყვანეს და აღმოვჩნდი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ!


- ანუ იმ წყალში იყო ნარკოტიკი გარეული?

 

- რა თქმა უნდა! ამ ნაძირლებმა ბავშვი დამიინვალიდეს!


- როგორ თუ, ბავშვი დაგიინვალიდეს?

 

- როცა სახლში შემომიცვივდნენ და ხელები გადამიგრიხეს, ჩემი ბიჭი გიორგი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, ფეხებზე მომეხვია, ვითომ, მამა არ წაიყვანონო! კონტრდაზვერვის თანამშრომელმა დაჩი ჯაფარიძემ, რომელიც ფიზიკურად ძალიან დიდია, ბავშვს ჯერ ხელი დაარტყა, მერე წიხლი ჰკრა და კიბეებზე დააგორა! ბავშვმა კეფა დაარტყა და ინვალიდად დარჩა - დღეს 17 წლის ბიჭია და მეტყველების უნარი დაკარგული აქვს, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ხელით დაგვყავს!


ახლა მითხარით, ამათ როგორ უნდა ვაპატიო? ერთადერთი ბიჭი მყავდა, ვოცნებობდი, ძლიერ სამხედროდ და საქართველოს ჯარისკაცად გამეზარდა, მაგრამ ამ ნაძირლებმა ყველაფერი დამინგრიეს! ცხოვრება დამინგრიეს!


- ბატონო ტრისტან, არ ვიცოდი ეს ამბავი და არც კი ვიცი, რა გითხრათ! 11 წლის ბავშვი ასე როგორ გაიმეტეს?

 

- დაჩი ჯაფარიძე, რომელმაც ბავშვი დამიინვალიდა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ოდეერის" უფროსად მუშაობს! ზურაბ ასლამაზიშვილი, რომელიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ადმინისტრაციის უფროსია!


ჯერ სამართლებრივი გზებით ვიბრძვი, რომ ამ ნაძირლებს პასუხი ვაგებინო და მერე მე ვიცი, რასაც გავაკეთებ! არავისთვის არაფრის მპატიებელი არ ვარ!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016