თბილისის მე-10 მოდის კვირეული პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ანუკი არეშიძის ჩვენებით გაიხსნა. დიზაინერმა მომავალი წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.
ანუკი არეშიძის ჩვენების შემდეგ საზოგადოებამ კვირეულის მთავარ მასპინძელ შენობაში - „დიზაინ ცენტრში" გადაინაცვლა, სადაც ორი ჩვენება გაიმართა -ახალი პროექტი „Dalood", რომელიც სიმონ მაჩაბელის, იკა ბობოხიძისა და გრეგორი რეჯინის კოლექციებს აერთიანებს არა 2015 წლისთვის, არამედ მიმდინარე სეზონისთვის. მრავალფეროვანმა კოლექციამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
მომდევნო კოლექცია გოლა დამიანის ეკუთვნოდა. დიზაინერის სადა და ამავდროულად ფერებით დატვირთული გაზაფხულის კოლექცია მუსიკალურად ქეთათო ჩარკვიანმა გააფორმა.
წლევანდელი მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერი მონაწილეობს: ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა, ქეთი ჩხიკვაძე, ლაკო ბუკია და სხვები. ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ დამწყები დიზაინერები. კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა კი ყველა მსურელს ექნება.
ჩვენებების პარალელურად კვირეულზე ხუთი დღის განმავლობაში შოუ-რუმი იმუშავებს, რომელზეც ოცდაათამდე ქართველი დიზაინერის კოლექციაა წარმოდგენილი - ტანსაცმელი, აქსესუარები, ქუდები, ფეხსაცმელი. დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მივიდეს „დიზაინ ცენტრში," დაათვალიეროს და შეიძინოს სასურველი ნივთი.