reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კურდღელი მოკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კურდღელი მოკლა
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2014. 22:06



27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „რადისონში" 2-წლიანი  მუშაობის ანგარიში წარმოგვიდგინა. ეს იყო ერთგვარი შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექიმებთან, პედაგოგებთან, ჟურნალისტებთან, კულტურის მუშაკებთან, სპორტსმენებთან, მეწარმეებთან, პოლიციელებთან და ასე შემდეგ. საანგარიშო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები და მინისტრები. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა" გადაშენდა, ოღონდ ნაწილობრივ. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გადაშენდა, ოღონდ ნაწილობრივ. ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობა" ისევ პარლამენტში გვიზის 55 წევრით და მეორეც - სააკაშვილი ისევ უვლის საქართველოს გარშემო, როგორც ლენინი უვლიდა რუსეთს 1917 წლამდე. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კურდღელი მოკლა - მან ხელისუფლების 2 წლისთავიც აღნიშნა და მიხეილ სააკაშვილსაც გააწნა სილა იმისთვის, რაც ამ დღეებში „რუსთავი 2"-ის ეთერში იკადრა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ძალიან მუქ ფერებში დახატა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და საზოგადოების გარკვეულ ფენებს (თავის მომხრეებს) მოუწოდა, ვადაზე ადრე დაამხონ არსებული ხელისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილი ამაღლებულ ნოტაზე წარდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.


„2012 წელს მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა".


დიახ, სწორედ ასე იყო, ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა საკუთარი ღირსების გადასარჩენად, მაგრამ მაინც ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა. ღირსების აღდგენა უნდა მომხდარიყო კანონით გათვალისწინებული მეთოდებით, მაგრამ საზოგადოებას შესთავაზეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია, რამაც გააჩინა ნიჰილიზმი, პესიმიზმი და უნდობლობა, კი, ბატონო, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, პირდაპირი წესით ავირჩიეთ 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი, აიწია საარჩევნო ბარიერი, გაიზარდა 50 პროცენტამდე, მაგრამ დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ გამგებლებსა და მერებს შორის ბევრი „პორტირებული" „ნაციონალია", რომლებსაც აზროვნება არ შეუცვლიათ და ვერც შეიცვლიან. აღარაფერს ვამბობ, რა ხდება გამგეობებსა და საკრებულობეში, როგორ იმუქრებიან ამ სტრუქტურებში დაწინაურებული „ნაციონალები" ცოცხების რევოლუციით. გაჭირვებულ ხალხს ვერ აუხსნი, ჯერ მხოლოდ ერთი წელი რომ გავიდა მიხეილ სააკაშვილის ნაწილობრივი გადაშენებიდან:


„მე შემოვიარე მთელი საქართველო და ვიცი, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში. ბევრ სოფელში დღესაც პრობლემაა წყალი, გაზი, გზები. 28 სოფელი დაგვხვდა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ იმ ხელისუფლების ხელში, რომელიც თავს იწონებდა აღმშენებლობით, ხალხი უწამლობისა და უექიმობის გამო იღუპებოდა".


სიღნაღის რაიონში არის ერთი სოფელი - ტიბაანი, სადაც 2012 წლამდე ყველა ოჯახს ჰქონდა წყალი. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ნახევარ სოფელს აღარ აქვს. დღემდე დადიან შეწუხებული ადამიანები გამგეობაში, იქ მხრებს იჩეჩავენ, ეს საკითხი ჩვენ არ გვეხებაო. გამგებელი ხან სად რეკავს, ხან - სად, ჰპირდებიან, პრობლემას მოვაგვარებთო, მაგრამ არაფერი. ეს ერთი მაგალითია, ძალიან ბევრ სოფელში არსებობს მსგავსი პრობლემა. რა ქნას ახლა გლეხმა, უნდა უხაროდეს, რომ მან საკუთარი რაიონის უმაქნისი გამგებელი პირდაპირი წესით აირჩია? არა, არ უხარია, ვერ უხარია და არც ტყუის, გაჭირვებული ადამიანი იდეალებს ვერ გამოეკიდება და ამით აუცილებლად ისარგებლებენ „ნაციონალები". კი, ბატონო, ახლა დროებით აქეთ გადმოვინაცვლოთ, თავკომბალა თბილისში... ირაკლი ღარიბაშვილის თქმით:


„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო, რომლის გარეშეც, უბრალოდ, არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო".


თავისუფალი მედია - არის, დიდი მადლობა. თავისუფალი სასამართლო - არ არის. უფრო სწორად, დღეს ჩვენი სასამართლო იმდენადაა თავისუფალი, რომ კოტე კუბლაშვილი თავის „ნაციონალურ" ჭკუაზე ატრიალებს და მამალი „ნაციონალები" იმდენსაც კი ბედავენ, მოსამართლეებს „მესიჯებს" უგზავნიან, ემუქრებიან:


„და მაინც, ხშირად ისმის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ამ კრიტიკის გამო, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო კრიტიკის გამო, დავიჭიროთ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დავაშინოთ მათი შვილები რაც უახლეს წარსულში, სრულიად სამარცხვინოდ, უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ საკუთარ თავზე გადაიტანა. ჩვენ განსხვავებული აზრის გამო არასდროს ხელვყოფთ კერძო საკუთრებას, არ შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო. ჩვენ არ ვაწამებთ ადამიანებს და ამით არ დავაშანტაჟებთ მათ ახლობლებს. ჩვენ არასდროს შევქმნით ჩვენგანვე მართულ ოპოზიციას, საკუთარ, დაქირავებულ ექსპერტებს და ჟურნალისტებს".


აი, ეს სხვა ამბავია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყოველივე არ უნდა გადაიზარდოს უნიათაობაში. დღეს უკვე გამოდიან ადამიანები და ამაყად აცხადებენ, რომ თავის დროზე მათ სცემეს ვალერი გელაშვილი და თუ დასჭირდებათ, კიდევ სცემენ. დღეს გამოდის პარლამენტის წევრი აკო სიდედროვიჩ მინაშვილი და ამაყად აცხადებს, მოსამართლეს დავემუქრე და თუ დამჭირდება, მომავალშიც დავემუქრებიო. არ დაგავიწყდეთ, ბატონო ირაკლი, ჩვენ იგივე სასამართლომ ობიექტურობისთვის დაგვსაჯა, ხოლო აკო მინაშვილი ისევ პარლამენტში ზის. როდესაც მედიის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ბარემ ისიც ვთქვათ, ვისგანაა თავისუფალი მედია? თქვენგან კი, სასამართლოსგან - არა! გამოდის, არცთუ ისე თავისუფლები ვართ. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მთავარია კანონის უზენაესობა და არა მიკერძოებული სასამართლო, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს გადამიაროს. იდეაში ვერ გადამივლის, მაგრამ მას შეუძლია, დრო გამოიყენოს... ის დრო, რომელიც თქვენ მიეცით. ისე, როგორც ჩანს, კოჰაბიტაციის პროცესი თქვენთვისაც ურთულესი იყო:


„გვქონდა ურთულესი ერთი წელი - კოჰაბიტაცია, შემდეგ ერთი წლის წინ გავისტუმრეთ სააკაშვილი, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამით დავასრულეთ მთლიანი ციკლი ხელისუფლების გადაბარების. ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ წინსვლას. მე მესმის, რომ ბევრი რამ არ ჩანს. ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიაში, არ უხარიათ და იმიტომ, მაგრამ ხალხმა ეს იცის, გრძნობს ამ ცვლილებებს საკუთარ თავზე".


თუ კოჰაბიტაცია იმისთვის შემოგვიგდეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, რომ ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან მილიარდები გაეტანა და დღეს ჩვენს პროკურატურას ბებიამისის 15 წლის მანქანა დაეყადაღებინა, მაშინ, ბრავო! არადა, ჩვენ კოჰაბიტაცია სხვა რამე გვეგონა, სხვანაირად აგვიხსნეს - ყაჩაღებთან თანაცხოვრებას უნდა მიეჩვიოთო. ვერ მივეჩვიეთ... უფრო სწორად, ჩვენ ყველაფერს ვეჩვევით, მაგრამ ყაჩაღები ვერ მიეჩვივნენ პატიოსან ხალხთან თანაცხოვრებას და დღეს იმდენსაც კი ბედავენ, ბატონო ირაკლი, თქვენც გივარდებიან სადარბაზოში. კოჰაბიტაცია გრძელდება, არ დამთავრებულა და ახლა „ნაციონალებს" იქით უნდა ვეხვეწოთ, რომ ჩვენთან ერთად იცხოვრონ მშვიდად. მაგის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მაინც... ამას დავანებოთ თავი და ისევ რეგიონებზე გადავიდეთ? კი, ბატონო, გადავიდეთ:


„საქართველოში ყველა რეგიონს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მეურნეობით ფეხზე დადგეს სოფლები. მეტიც, თითოეულ რეგიონში არსებობს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. პერსპექტივები გვაქვს - საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი და ეს ბაზარი უნდა ავითვისოთ, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში - 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 107 მილიონის ღირებულების სასუქი, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21 ათას 400 აგროკრედიტი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ესაა ნახევარი მილიარდის ინვესტიცია. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა 521".


უდავოდ შთამბეჭდავი ციფრებია, სოფლად რაღაც პერსპექტივები გაჩნდა, მაგრამ იქაც აქვს არაერთ საბოტაჟს ადგილი. ამას წინებზე შემომჩივლეს გლეხებმა, ვისაც 1 ჰექტარი მიწა აქვს, იმას აძლევენ გარკვეულ დახმარებას სასუქისა თუ ინვენტარის სახით, ვისაც 1 ჰექტარი და 1 მეასედი აქვს, იმას - არა. კი, მაგრამ ვინ შემოიღო ასეთი წესი, ვისაც მეტი ფართობი აქვს, იმას უფრო არ სჭირდება დახმარება? ისე, მართალს ამბობთ, წელს ყურძნის ფასით გლეხები კმაყოფილები დარჩნენ:


„ყურჩნის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და მინიმუმ ლარი ღირდა. თუმცა, რქაწითლის ფასმა - ლარ-ნახევარს, საფერავის კი 3 ლარსა და 40 თეთრსაც კი მიაღწია, ხალხმა თავისი შრომის შედეგად 270 მილიონი ლარი აიღო. წელს პირველად სახელმწიფო ეხმარება ვაშლის მწარმოებლებს და გაიცემა სუბსიდია არასტანდარტულ ვაშლზე, რისთვისაც 1 მილიონ 600 ათას ლარი დაიხარჯება".


პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა განათლების სისტემაზე. მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მთავრობა უცხოეთში სასწავლებლად მათ ნაცნობ სტუდენტებს უშვებდა. შემდეგ ეს ბავშვები აღარ ჩამოდიოდნენ საქართველოში ან თუ ჩამოდიოდნენ საქმდებოდნენ კერძო სექტორში, ანუ სახელმწიფო ყრიდა რეალურად მათში ინვესტირებულ თანხას:


„ჩვენ ვაშენებთ და ვარემონტებთ სკოლებს. საქართველოს მასშტაბით უკვე ავაშენეთ 9 ახალი სკოლა და კიდევ ვაშენებთ 8 სკოლას... სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს 12 ათასამდე სტუდენტს. თბილისში დაიწყო თანამედროვე საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სოციალურად დაუცველი, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის... ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდამდე ლარით გაიზარდა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2 მილიონ 781 ათასი ადამიანი. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაკეთებული არჩევანი და ერთი წუთით არ გვიყოყმანია, არ დაგვისვამს შეკითხვა გუნდში: მრავალმილიონიანი სასახლე თუ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე? მე შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 600 მილიონი გადაიხადა საკუთარი სასახლის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ კომფორტს, მაგრამ, ჩვენ მეტ კომფორტს მოვუწყობთ მოქალაქეებს... ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 6 %-ია. მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში ჩვენი ქვეყანა არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე. ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24 %-ით, მათ შორის, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირთან - 70 %-ით, ხოლო რუსეთთან - 534 %-ით. 2 წლის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 000 ბიზნესსუბიექტი. ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარით და გახდა სოციალურად ორიენტირებული".


ვიმეორებ, ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ამ ყველაფერს ზემოდან ლოდივით აწევს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი: „მე შემოვიარე მთელი საქართველო და ვიცი, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში". მესმის, 2 წელიწადში სასწაულს ვერავინ მოახდენს და მათ შორის, ვერც ეს მთავრობა, მაგრამ კარგი იქნებოდა, ბატონ ირაკლის პრობლემებზეც გაემახვილებინა ყურადღება - ციფრები ციფრებია, ცხოვრება კიდევ ცხოვრება. როცა 3 მილიონი ადამიანიდან (როგორც ამბობენ, დღეს ამდენი ვართ დარჩენილი ქვეყანაში) 2 მილიონი გაჭირვებულია, სასწრაფო ზომებია მისაღები, ეს თავის დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. სამწუხაროა, რომ ეს იყო მხოლოდ ანგარიში და არა პრესკონფერენცია (არადა, ბევრს პრესკონფერენცია ეგონა და დილიდანვე ამიკლეს ტელეფონით, პრემიერს ეს ჰკითხე, პრემიერს ის ჰკითხეო), შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016