ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ შეთავაზებას ეხმაურება და საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები თავისი აბსურდულობით გაოცებას იწვევს. ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება ავტონომიასთან დაკავშირებით საქართველოს შემადგენლობაში - ეს არის კიდევ ერთი უტოპია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა და რომელიც უარს ამბობს, აღიაროს არსებული რეალობა. აგერ უკვე, თითქმის, მეოთხედი საუკუნეა, რაც სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია და ექვსი წელია აღიარებული ქვეყანაა. ამ დროის განმავლობაში კი საქართველოსთვის გაცილებით გონივრული იქნება ამ ფაქტის აღიარება და შეცდომაში ნუ შეჰყავს თავისი ხალხი და ნურც მსოფლიო საზოგადოება", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდება. ცხინვალის მოთხოვნა კი ასეთია: ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება, "ქართული აგრესიის" პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, მისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
"მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და საქართველო ოდესმე გაიგებს, რომ კეთილმეზობლურად ცხოვრება გაცილებით მომგებიანია, ხოლო ზემოხსენებული პირობების დაუკმაყოფილებლობის გარეშე ქართველი პოლიტიკოსების საუბარი - ცარიელი სიტყვებია და პოლიტიკური თამაში დასავლეთის აუდიტორიისთვის", - აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)