მიწის თხილს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მისი 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% - ცილა. მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით, B ჯგუფისა და E ვიტამინებით, თუმცა მოხალვისას B1 და E ვიტამინები იშლება. ნედლ არაქისსაც აქვს ნაკლი - მასში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა საჭმლის მონელებაში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა დააქვეითოს და ამის კვალობაზე, საკვების ათვისება შეაფერხოს.
დღეს მიწის თხილი გარჩეულიც იყიდება და ნაჭუჭიანიც, მოხალულიც და უმიც, მარილიანიც და დაშაქრულიც. დახლებზე არაქისის კარაქს და არაქისიან შოკოლადის პასტებსაც შევხვდებით. მიწის თხილი მრავალი კულინარიული რეცეპტის აუცილებელი კომპონენტია, უმთავრესად - საწებლების, ნამცხვრების, სალათების, ერთი სიტყვით, ყოველივე იმის, რაც მოზრდილთათვის არის განკუთვნილი. ბავშვის საკვებში მისი გამოყენებისას კი დაფიქრება გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწის თხილი, რომელსაც დიდი ხანია თბილ ან ნესტიან გარემოში ინახავენ, შესაძლოა, მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს, ობის სოკოს აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი. მიწის თხილზე შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი.
( მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mshoblebi.ge )