„მაესტროს" გენერალური დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო მიმართულებაში, ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. მისი თქმით, კოტე გოგელიასთან თათბირი შიდაკორპორატიულ თემებს ეხებოდა, ხოლო რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებას საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს.
„ბიზნესმენი კოტე გოგელია საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. ის „მაესტროს" დამფუძნებლის მაკა ასათიანის მეუღლეა. არსებულ მენეჯმენტს ის მართვის საკითხებში უწევს კონსულტაციას და „მაესტროს" დროდადრო სტუმრობს. ბოლო დღეების განმავლობაში მას არხის ყველა ძირითად გადაცემასთან ჰქონდა შეხვედრა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გახლდათ საინფორმაციო სამსახურთანაც, რომლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპროდიუსერო სამსახური დატოვა მისმა შემადგენლობამ, მათ შორის მეც - „ცხრიანის" წამყვანმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო მიმართულებაში. დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე ტიპის საკადრო დანაკარგს საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შეხვედრა შეეხებოდა შიდაკორპორატიულ თემებს, როგორიცაა ფინანსები, სამუშაო კონტრაქტები და ორმხრივი ვალდებულებები. ასევე, შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ როგორც დღის, ისე მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „ცხრიანი" რჩება არხზე, სადაც ყოველთვის ჰქონდა და ამჯერადაც აქვს გარანტია, რომ ექნება მიუკერძოებლად, დაბალანსებულად და დამოუკიდებლად, მათ შორის დამფუძნებლებისგანაც დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.