reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: როგორ შეიძლება თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტი იქცეოდეს ისე, როგორც გრიგოლია იქცევა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:21
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: როგორ შეიძლება თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტი იქცეოდეს ისე, როგორც გრიგოლია იქცევა?!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 19:30


ქართულ მედიასივრცეში ახალი პროცესები იწყება. უკავშირდება თუ არა ეს მხოლოდ ფინანსურ კრიზისს, თუ ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკა დგას? ეს არის კითხვა, რაზეც კულუარებში ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს მოისმენთ. 28 ოქტომბერს ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემის წამყვანებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა არხი დატოვეს... დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ გუშინვე დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი ამ არხზე აღარ იქნებიან, მაკა ცინცაძე, სოფო ზურაბიანი, რამდენიმე ოპერატორი მათ გზას გაჰყვნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნინო ჟიჟილაშვილიც ტოვებდა არხს, მაგრამ არ დადასტურდა. და მაინც, ვისთან მიდის არხის დატოვების მიზეზი? ბევრ ტელეჟურნალისტს მათი კრიტიკის ფონზე ახსენდება ე.წ. ქობულეთის შეხვედრა, სადაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და სხვა საზოგადო მოღვაწეებს. მხოლოდ მოარული ხმებით ვიცით, რომ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პოზიცია გააკრიტიკა. ამ შეხვედრას ესწრებოდა გოგა ხაინდრავაც, თუმცა ის არ ადასტურებს, რომ ივანიშვილის მხრიდან იყო კრიტიკა ტელეკომპანია „იმედის" მისამართით. „ალიაში" გამოქვეყნებული გოგა ხაინდრავას ინტერვიუს გასულ კვირაში ინგა გრიგოლიას მწვავე რეაქცია მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ გრიგოლიამ გამოთქვა შეშფოთება და განაცხადა: „ქობულეთის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე განსაკუთრებით არასასიამოვნო სიგნალი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო,  რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა". ხაინდრავას პათოსი „იმედს", „რუსთავი 2"-სა და „მაესტროს" ერთდროულად ეხებოდა: „როცა „იმედს" ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგება, რადგან ტელეარხზე ბაკქანალიაა, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, ის პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას".


გოგა ხაინდრავამ „კვირის ქრონიკას" პირობა მისცა, რომ ის ვრცელ ინტერვიუს ამ თემაზე „ალიას" მისცემდა, მან პირობა შეასრულა და ახლა თქვენ ვრცლად წაიკითხავთ მის პოზიციას, რატომ არ გადაწყვიტა ეს ყველაფერი გრიგოლიას ეთერში ან სხვა რომელიმე არხზე ეთქვა. ცხადია, „რუსთავი 2"-ის გარდა, რადგან მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ  ამ ტელკომპანიაში არ მივა. დგას თუ არა მისი განცხადების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი და რას ფიქრობს „მაესტროში" ჟურნალისტების დემარშზე?..


- გამოითქვა ვარაუდი, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილის პათოსს აჟღერებთ. საზოგადოებისთვის ცნობილია ჟურნალისტებისადმი მისი დამოკიდებულება, გულწრფელად გვითხარით, რა მოხდა ქობულეთის შეხვედრაზე, იყო თუ არა კონკრეტული კრიტიკა ჟურნალისტის მიმართ?

 

- მე არ მესმის, რატომ დაიხვიეს ხელზე ე.წ. ქობულეთის შეხვედრა, ინტერვიუ, რომელიც „ალიაში" გამოქვეყნდა, გრიგოლიას გამოსვლამ ზედმიწევნით დაადასტურა ყველა ის პრეტენზია, რომელიც იმ სტატიაში იყო მოხსენიებული. ჩემი მხრიდან იყო ძირითადი პრეტენზია ის, რომ „რეაქციის" წამყვანი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, ხდება სიცრუის ტირაჟირება, ეთერს იყენებს პირადი ინტერესებისა და პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად და არა საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად. მივყვეთ და სამივე განვიხილოთ. პირველი და მთავარი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს ნიშნავს, რომ ასრულებს იმ დაკვეთას, რასაც ერთერთი მარგინალური ჯგუფი ახორციელებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა დაკვეთაა ის,  რაც  ქვეყანაში ხდება- ყველაფერი დაბრალდეს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ ყველგან და ყველაფერში და ეს ტენდენცია შეინიშნება გრიგოლიას გადაცემაში. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩემს მოსაზრებას მედიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი ბიძინა ივანიშვილთან არ აქვს. ამის შესახებ გუშინ და დღეს არ დამიწყია ლაპარაკი და წლებია, ვსაუბრობ. ინგა გრიგოლია ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს, მე ვარ გულშემატკივარი ტელეკომპანია „იმედის", თქვენ კარგად იცით, რომ ეს არის საკითხი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩემთვის ძალიან ახლობელი, ძალიან მტკივნეული, დიდი ენერგია მაქვს ჩადებული, რომ ეს არხი დაგვეცვა და  იყოს ქართველი საზოგადოებისთვის იმედი, რომელიც დღეს ამ „იმედს" კარგავს... კარგავს იმიტომ, რომ სიცრუის ტირაჟირება ხდება. ამას ახორციელებს ინგა გრიგოლია. თურმე მიდის შეტევა პრესის წინააღმდეგ, რომელიც ასევე გაჟღერებული იყო მის პასუხში. ამიხსნას, რა შტურმი და შეტევა ხდება პრესის წინააღმდეგ? მე რომ „ალიას" მივეცი ინტერვიუ, ეს შეტევაა მედიის წინააღმდეგ? ეს არის ყურით მოთრეული თემა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი და ხაინდრავა შეხვდნენ ერთმანეთს ქობულეთში და ახორციელებენ მედიაზე შტურმს. ეს განცხადება იყო ასევე პოლიტიკურად ანგაჟიებული და იმ დაკვეთის შესრულება, რომელიც არსებობს „ნაციონალური მოძრაობისგან". ახლა რასაც მე ვლაპარაკობ, არხის გასაგონად ვამბობ. ინგა გრიგოლიასთან საკამათო არაფერი მაქვს და არც მაინტერესებს, მაგას ყველაფრის უფლება აქვს, ამ ყველაფრის უფლებას ის ყოველთვის იყენებდა, აწიც გამოიყენოს, მისი საქმეა, ჩემთვის პრობლემა „იმედია" და არა, „რეაქციის" წამყვანი. რაც უნდა, ის ილაპარაკოს, ისევე, როგორც „რუსთავი 2" ლაპარაკობს და ილაპარაკოს, რამდენიც უნდა... ერთი რამ დაიმახსოვრონ, არანაირი შეტევა პრესაზე არ მიმდინარეობს.


- კონკრეტული ფაქტები გაქვთ, რომ ინგა გრიგოლია საკუთარ ინტერესებს ემსახურება, ან რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ის მარგინალური ძალის ინტერესებს ატარებს?

 

- ის, რომ საკუთარ ინტერესებს ემსახურება და არა საზოგადოების, იქიდან ჩანს, რომ მე არ დამიძახა, თუ შენ გინდა, რომ საზოგადოებას ემსახურო და სადღაც პრობლემა დაინახე და დაინტერესებული ხარ, საზოგადოება გაარკვიო შექმნილ ვითარებაში, დაუძახე ხაინდრავას და ჰკითხე პირდაპირ ეთერში, რას გვერჩი, გოგა, რატომ ხმარობ ასეთ ეპითეტებს, რატომ გვწამებ ცილს, თუ არ ეთანხმები იმას, რასაც მე ვლაპარაკობ და თუ ხარ დარწმუნებული შენს სიმართლეში, დამიძახე, მაგრამ არა, ამას აკეთებს უჩემოდ, არასოდეს არ დამიძახებს, რადგან ძალიან კარგად იცის, ჩემგან რა პასუხს მიიღებს, ძალიან კარგად იცის, რა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ისიც იცის, რომ ამის შესახებ ყველაფერი დეტალურად ვიცი. თვითონვე იცის, რომ ცრუობს, რადგან მე ლაპარაკი „იმედთან" დაკავშირებით ქობულეთამდე და სექტემბრამდე ბევრად უფრო ადრე მქონდა, იგივე ბახტაძესთან, რეზო საყევარიშვილთან, მეტსაც გეტყვით, ლონდონში ვიყავი ჩასული, ინა გუდავძესა და ნანა პატარკაციშვილს ვესაუბრე ამის შესახებ...


- რაზე ესაუბრეთ მათ, რა უთხარით?

 

- პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის ანგაჟირებული გადაცემა და ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, ეს რატომ ხდება და ვისთვის, დგას თუ არა ამის მიღმა ანგარება, ეს მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის, რომ, რაც კეთდება, არის ფარისევლობა. მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც სამ თუ ოთხ შვილმკვდარ ადამიანს მოიყვან გადაცემაში და დასვამ კითხვას, კრიმინალმა აიწია თუ არა, შენ საზოგადოება შეგყავს შეცდომაში და ეს ხდება მიზანმიმართულად, კიდევ უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია. აი, ამ კონკრეტული ფაქტებით ვესაუბრე მათ და ვუთხარი, მე არ ვიცი, რა რეიტინგს უწერენ  გრიგოლიას და მის გადაცემას ცქიტიშვილი და ბოკერია, მაგრამ ის, რომ იმ ადამიანებში, ვისთვისაც ძალიან ძვირფასი იყო „იმედი", ვინც „იმედის" გულისთვის თავს წირავდა, ციხეში მიდიოდა, მათ თვალში რომ ამის გამო რეიტინგი ვარდება, ეს ნამდვილად ვიცი. ძალიან მწყდება გული, როდესაც იმის მომსწრე ვხდები, რომ ის ხალხი, ვინც „იმედის" იმედად იყო, დღეს „იმედზე" განაწყენებულია, აი, ეს არის ჩემი სატკივარი. ვიმეორებ, გრიგოლიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩემი განცხადების უკან ივანიშვილი არ დგას, მაგრამ მან შეასრულა დაკვეთა, საზოგადოებაში ჩააგდო აზრი, რომ ხაინდრავა ქობულეთში შეხვდა ივანიშვილს და იქ დაიგეგმა პრესის წინააღმდეგ შეტევა. ეს არის ბოკერიას მოდელი, რაც ჩვენ ვიხილეთ „რუსთავი 2"-ზეც, როცა შიზოფრენიკ სააკაშვილს ფურცელზე ჰქონდა დაწერილი ბოკერიასგან, რა უნდა ელაპარაკა, ისევე, როგორც გაბუნიას ჰქონდა ფურცელზე დაწერილი, რა უნდა ეკითხა მისთვის, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ფოკუსში ვერ ჯდებოდნენ, რადგან გაბუნიას არ ახსოვდა კითხვის შინაარსი, ახალი დაწერილი იყო კითხვები და სულ ფურცელში იხედებოდა, ის შიზოფრენიკი კი რას უბერავდა და რას ლაპარაკობდა, თვითონაც არ იცოდა, ისედაც 10 სიტყვაში 15 სიტყვას ტყუილს იძახის.


- ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ თქვენი ძირითადი სამიზნე იყო „რუსთავი 2", მაგრამ თქვენ გიპასუხათ ინგა გრიგოლიამ. ამ პიროვნებას აქვს პრეტენზია, იყოს სამართლიანი ჟურნალისტი, მიუკერძოებელი, როცა თქვენ მას ბრალდებას უყენებთ, ამის უკან უნდა არსებობდნენ კონკრეტული ფაქტები და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ემოციური განცხადებები... ბოკერია რა შუაშია ინგა გრიგოლიასთან?

 

- როგორ შეიძლება თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტი იქცეოდეს ისე, როგორც გრიგოლია იქცევა?!. მე წავიკითხე თქვენ პუბლიკაცია, სადაც წერდით, როცა ირღვევა ელექტრონულ მედიაში ეთიკის ნორმები, სად არიან ე.წ. მედიაექსპერტები, რომელთა სამიზნეც მხოლოდ ბეჭდური მედიაა? მაჩვენონ, სად არიან ის ექსპერტები, რატომ დუმან, რა ხდება ამ ქართულ მედიასივრცეში? არ არსებობს არანაირი პასუხისმგებლობა არც ერთი განაცხადების უკან, როდესაც უხეშად ირღვევა ეთიკის ნორმები, ეძახიან ეთერში ადამიანებს, რომელთაც კონკრეტულ მკვლელობებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, წესით, ისინი სასამართლო სკამზე უნდა ისხდნენ და არა ეთერში. ისინი ხელს უწყობენ ამ კრიმინალების „გათეთრებას", მით უმეტეს, ეს კრიმინალები „იმედის" გადაცემებში არ უნდა ისხდნენ, ვინც პირდაპირ მონაწილეობდნენ ბადრი პატარკაციშვილის მოწამვლაში, მის დევნაში და აღარ ვიცი, რა დავარქვა ამას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა; დღეს ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი არ არის, არადა, მე „იმედის" გადაცემებში ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც ავტორები იყვნენ ბადრის კოლექტიური მოკვლის, როცა ამას ხედავ, რა გულმა უნდა გაგიძლოს? კი მაგრამ, ამ ქვეყანაში არ არის საინტერესო თემები, რომელიც გადაცემას რეიტინგს აუწევს? მაგრამ არა, ყოველკვირეულად, გადაცემიდან გადაცემაში ხდება რევოლუციური რეჟიმის შექმნა, რომ არიქა, რაღაც დაპირისპირებაა, სადაცაა აფეთქდება აქაურობა, არის გაუთავებელი წიოკი, სრული ისტერიკაა სატელევიზიო ეთერებში.


- კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, იანვარში გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია" დახურონ...

 

- თუ ინგა გრიგოლიას გადაცემას დახურვა დაემუქრება, დაემუქრება საკუთარი არხის მესვეურებისგან, მეტი საიდან უნდა დაემუქროს? მაინტერესებს, დღეს საქართველოში, ამიხსნას ვინმემ, როგორ ემუქრება რომელიმე გადაცემას დახურვა გარე ძალების მიერ, ვინ უნდა დახუროს? მე რამდენადაც ვიცი, „იმედის" არხის მესვეურები ინგა გრიგოლიას გადაცემით კმაყოფილები არიან და ამბობენ, მაღალი რეიტინგი აქვსო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან საუბრისას არგუმენტაცია ასეთი გახლდათ, ამაზე ჩემი პასუხი იყო, რომ ამ რეიტინგს ინგა გრიგოლიას უწერს ბოკერია, ცქიტიშვილი და არა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ორგანიზაცია. ამიტომ ამ რეიტინგის ფასი არის ნული. ჩემთვის მთავარია საზოგადოების აზრი და იმ ადამიანების აზრი, ვინც „იმედის" გულისთვის თავს სწირავდა, მათი აზრია ჩემთვის რეიტინგი.


- გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ჯიდიესი" პოლიტიკურ მაუწყებლობაზე გადადის. ეს უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თოქ-შოუს ეთერში გასვლას?

 

- მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუ იქნება თუ არა პოლიტიკური, არ ვმონაწილეობ ამ პროცეშსი, არც თანაწამყვანი ვარ და არც სხვა ფორმით მონაწილეობას არ მივიღებ. აბსოლუტურად სხვა საქმით ვარ დაკავებული, ამიტომ, ვერ გაგცემთ პასუხს, რა ტიპის გადაცემა იქნება, თუმცა მოლაპარაკებები და ფიქრი რომ მიმდინარეობს ამ გადაცემაზე, ეს ამბავი ვიცი. სხვა საქმეა, რაც „მაესტროზე" ხდება, „მაესტროზე" საინტერესო პროცესები მიდის. ეს იყო სავარაუდო და მოსალოდნელი, ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რაც მთავარია, წამყვანებმა და გუშინდელ დღეში ჩარჩენილმა არხის მფლობელებმა საკუთარ თავებს ჰკითხონ, რა მოხდება, ნუ ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში, როცა ის კატა იმ ოთახში არ არის. პოლიტიკურ ანგაჟირებას და ყველაფრის დაბრალებას ხაინდრავასა და ივანიშვილზე თავი დაანებონ. თავის გასვრილ საქმეს თვითონ მოუარონ.


- არ შემიძლია, არ ჩაგეკითხოთ პრემიერ-მინისტრის ორწლიანი ანგარიშის მოხსენებისას გაკეთებულ განცხადებაზე: „ბევრ მიღწევას ტელევიზიებში არ აჩვენებენ, არ უხარიათ..." მან მიანიშნა,რომ ნაწყენია ტელევიზიებზე.

 

- გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია, ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანია? როგორც სხვა მაყურებელი, ისიც ხედავს, რა რევოლუციური ისტერიკაა ტელევიზიებში. მით უმეტეს იმ ქვეყანაზეა ლაპარაკი, რომელიც სააკაშვილის მონური რეჟიმიდან გამოვიდა, იმ ფონზე, ასეთი განწყობების შექმნა ხომ არაბუნებრივია, საზოგადოება ხომ ხედავს, რომ რეალობასთან მათი გადაცემის პათოსი არ არის, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, უმუშევრობის, საკუთარ ოჯახებს ვერ არჩენს ხალხი, მაგრამ ამას გარდა, ცხოვრება ხომ წინ მიდის. უმძიმესი წარსულიდან ვართ გამოსული, შეიძლება მხოლოდ ნეგატიურ რეჟიმში მოვლენების გაშუქება? ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება, ღარიბაშვილს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნუ წავართმევთ აზრის გამოთქმის უფლებას.


- სააგენტო „ჯორჯი" ავრცელებს ინფორმაციას: გადაწყვეტილია, რომ მაკა ასათიანის ქმარი კოტე გოგელია ტელეკომპანია „მაესტროს" წილის მფლობელი აღარ იქნება, ტელეკომპანიის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით გარიგება უკვე შედგა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და კოტე გოგელიას შორის... ინფორმაცია გადავამოწმეთ „მაესტროსთან", რა თქმა უნდა, ამას არ ადასტურებენ, თუმცა ძალიან აქტიურად მუსირებს კეზერაშვილის ინტერესი მედიაში, ის კვლავ აპირებს მედიასივრცეში ფულის ჩადებას.

 

- „რუსთავი 2" კეზერაშვილისაა და სააკაშვილის, აბა ვისი?.. ამ ინფორმაციის შესახებ პასუხი არ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016