reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს... ეს რევოლუციური პროცესის ნაწილი იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:47
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს... ეს რევოლუციური პროცესის ნაწილი იქნება!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 19:31


„ალია" ხელისუფლებიდან „ნაციონალთა" მოცილების შემდეგ, გამუდმებით იმას წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნების არანაირი შანსი არ ჰქონდათ და მხოლოდ რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირების გზაღა დარჩენოდათ ამ საწადელის მისაღწევად. რევოლუციას მომზადება სჭირდება, ის სხვადასხვა პროცესებისგან შედგება და „ნაციონალები" ყველა მიმართულებით გულმოდგინედ რომ მუშაობენ საამისოდ, ამას ყველანი ვხედავთ.


„ალიას", „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ მათი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების სასაზღვრო ზოლში სიტუაციის არევაა. თავშივე დავსძენ, რომ იმ ინფორმაციების უტყუარობაზე, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თავს ვერ დავდებ, მაგრამ მეტად საგულისხმოა და საფუძველი ნამდვილად არ აკლია. წყარო აცხადებს, რომ ამ დღეებში სააკაშვილის უშუალო დავალებით, სამხედრო კონტრდაზვერვისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, ცხინვალსა და სოხუმში გაემგზავრნენ. მათი იქ ჩასვლის მიზანია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, „გრუ"-სა და ფედერალური დაზვერვის, „ფე-ეს-ბე"-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა და ერთობლივ გეგმებზე მოლაპარაკება. წყარო ამტკიცებს, რომ „ნაციონალები" რუსებთან ერთად გეგმავენ საზღვრისპირა რეგიონებში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებას. სავარაუდოდ, გახშირდება ადამიანების გატაცებები, ტერაქტები და კაცმა არ იცის, კიდევ რა უბედურება მოუვათ თავში საქართველოს დაუძინებელ მტრებს. „ნაციონალები" ამ ყველაფრიდან ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას აპირებენ. ჯერ ერთი, თუ ამგვარი ფაქტები გახშირდა, საქართველოს ხელისუფლებას დასდებენ ბრალს, რომ კონფლიქტური რეგიონების საზღვრებს ვერ აკონტროლებს, ვერ იცავს თავის მოქალაქეებს. გარდა ამისა, მოსახლეობაში პანიკური განწყობა გაიზრდება, რაც ასევე „ნაცების" წისქვილზე დაასხამს წყალს.


„ნაცები" უკვე დიდი ხანია საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიებით სპეკულირებენ და ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება და ერთობლივი ჯარის შექმნა აფხაზეთის ანექსიის პროცესის დაწყებაა, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ისინი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ამას არ დაუშვებდნენ. ცხადია, ამით პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ.


შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, კონფლიქტურ რეგიონებში ხომ ევროსაბჭოს მონიტორები არიან და მათ ანგარიშს არ გაუწევენ რუსები, როცა ამ პროვოკაციებს მოაწყობენო? ეგ ევროკავშირის მონიტორები რუსებს სულ ფეხებზე ჰკიდია. მესამე წელია, რაც საქართველოში არიან, ამ დროის მანძილზე კონფლიქტურ რეგიონებში საზღვრის უკანონო გადმოწევის, ადამიანთა გატაცების არაერთი ფაქტი მოხდა, მაგრამ ევროპელ მონიტორებს ჯერ არც ერთი ამგვარი შემთხვევა არ აღუკვეთავთ. ეგენი პოსტფაქტუმ რეაგირებენ, აღშფოთებას გამოთქვამენ, მერე მომხდარს დეტალურად სწავლობენ და ასეთსავე დეტალურ ანგარიშს აგზავნიან ევროსაბჭოში. აჰა, საქვეყნოდ ვწერ, რომ „ნაციონალები" და რუსეთის სპეცსამსახურები ერთობლივ პროვოკაციებს გეგმავენ და მრავალი უბედურების დატრიალებას აპირებენ. ამას ეს ევროკავშირელი მონიტორებიც შეიტყობენ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, პრევენციის მიზნით თითს არ გაანძრევენ. ამას ყველანი მალე დაინახავთ.


წყარო აცხადებს, რომ ცხინვალსა და სოხუმში სამხედრო დაზვერვისა და კუდ-ის  ყოფილი თანამშრომლები გაგზავნა სააკაშვილმა, ვისაც მანამდეც სისტემატური კონტაქტი ჰქონდათ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ამ კონტაქტებს პოლიტიკური და სხვა მიზნებისთვის იყენებდა სხვადასხვა დროს. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, როგორ გადავიდნენ კონფლიქტურ ზონაში უჩუმრად, როცა ამ პირობით საზღვრებს საქართველოს საპოლიციო ძალები აკონტროლებენო, მათ ვეტყვი, რომ ეს ძალიან მიამიტური კითხვაა. ლაპარაკია სპეცსამსახურების თანამშრომლებზე, დაზვერვის თანამშრომლებზე, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთისა და შიდა ქართლის მიმართულებით მუშაობდნენ და იქ მოსახვედრად, უამრავი გზა და ბილიკი იციან. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მე გადავიპარე გალის რაიონში ზუგდიდიდან, ქართველ მესაზღვრეებსაც ავუარე გვერდი და რუსულ--აფხაზურ ერთობლივ პოსტებსაც.


წყარო აცხადებს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სააკაშვილის ემისრები ძალიან დიდ ფულს შესთავაზებენ, რომ ეს გეგმა განახორციელონ. არც ის არის გამორიცხული, რუსეთის სპეცსამსახურებმა ფული აიღონ და საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელობები, ტერაქტები, ქართველების გატაცებები ოსებსა და აფხაზებს განახორციელებინონ. შურისმაძიებლებს თავი რომ დავანებოთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, რუსული სპეცსამსახურების კონტროლქვეშ არაერთი კრიმინალური დაჯგუფება და ყოფილი „ბოევიკია", რომელთაც ქართველთა სისხლი მრავალგზის დაუღვრიათ.


„ალია" ამ ინფორმაციებზე  კომენტარისთვის ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა:

 

- ბატონო ვახტან, რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო დაზვერვისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები მიავლინა აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად, რომ საზღვრისპირა რეგიონებში გახშირდეს ადამიანის გატაცების, მოკვლის, ტერაქტების, სახლების გადაწვის ფაქტები?


- აბსოლუტურად სარწმუნოდ მიმაჩნია და გეტყვით, რატომ. „ნაციონალებმა" უკვე დააანონსეს, რომ რევოლუციის გზით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. ყველა რევოლუცია კი არეულობასა და დესტაბილიზაციას ნიშნავს. „ნაციონალებმა" ძალები უკვე მოსინჯეს, ხალხის შემზადება-შეგუება უკვე დაიწყეს. ამის დასტურია ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ორჯერ ცემა. ახლა გამოვიდა ვიღაც „ნაცზონდერი" გიორგი ხმელიძე და აცხადებს, ვალერი გელაშვილი მე ვცემე და თუ შანსი მექნა, კიდევ გავუსწორდებიო. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვლაპარაკობთ მიხეილ სააკაშვილზე და მისი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომელთაც „სიკვდილის ესკადრონები" ჰყავდათ, ხალხს იტაცებდნენ, ხოცავდნენ და მათი გზა-კვალი დღემდე არავინ იცის.


ახლა აფხაზეთში გადასხმულ „ნაციონალთა" დესანტზე გეტყვით. მართალია, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მეგის ქარდავა თურქეთშია, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ის აფხაზეთშია, ჩაბარდა რუსეთის უშიშროების სამსახურებს, ახლა მათ კონტროლქვეშაა და უკვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება. აფხაზეთში იმყოფება წალენჯიხის კუდ-ის უფროსი, სავარაუდოდ, ისიც მეგის ქარდავასთან ერთად არის და ცხადია, არც ის იტყვის უარს „ნაციონალთა" დავალებების შესრულებაზე. თქვენი წყაროს ინფორმაციას თუ გავყვებით, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ - მეგის ქარდავა შუამდგომლობს „ნაციონალთა" ხელისუფლების ყოფილი სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ეს უბედურებები დაგეგმონ.


- რამდენად რეალურია, რომ აფხაზეთსა და რუსეთში მყოფმა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, ფული აიღონ „ნაციონალებისგან", ათასი უბედურება ჩაიდინონ კონფლიქტის მოსაზღვრე რეგიონებში და ეს მოსკოვთან შეთანხმების გარეშე მოხდეს?

 

- მერედა ვინ ამბობს, რომ მოსკოვში არ შეუთანხმებენ? ფულსაც აიღებენ და თავიანთი ხელმძღვანელებისგან დასტურსაც მიიღებენ, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში სიტუაციის არევა ახლა სწორედ რუსეთს აწყობს, რათა გადაფაროს აფხაზეთთან დაგეგმილი სამხედრო ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც მალე აპირებენ. ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, მალე აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, რომ ეს რეგიონი ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთონ. ამას რომ დიდი ამბები მოჰყვება, ეს ცხადია და ამის გადასაფარავად, სწორედ ასეთი პროვოკაციები სჭირდებათ. სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს და ეს არეულობა კონფლიქტური რეგიონების სიახლოვეს, საერთო ფონის დაძაბვას შეუწყობს ხელს, ეს რევოლუციური პროცესის ნაწილი იქნება

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016