reportiori.ge - ვისი დახმარებით გეგმავს სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:35
პრეს-დაიჯესტი
ვისი დახმარებით გეგმავს სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას?
ავტორი:
30 ოქტომბერი, 2014. 20:18



„საერთო გაზეთი" პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ესაუბრა.


- კარგა ხანია, მიდის საუბარი, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს, მეტიც, ორიოდე დღის წინათ, ექსპრეზიდენტმა ფაქტობრივად, დაადასტურა ეს ერთ-ერთ ინტერვიუში, ამასთანავე „ნაცებმა" 15 ნოემბერს აქცია დააანონსეს. რას უნდა ველოდოთ, რას ფიქრობს და რა ინფორმაცია აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს?

 

- სააკაშვილის ინტერვიუს ცოტა ღრმად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მისი ოცნება, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. დიახ, ეს, როგორც ჩანს, ასეა, მათ სურთ იმ მეთოდებით, რა მეთოდებიც მათთვის მიღებულია - ე.წ. რევოლუციური მეთოდით მოახერხონ ხელისუფლების ცვლილება. მე ეს ტექსტი ამოვიკითხე მის ინტერვიუში. სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, აი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაუშვებს არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარებასო. მან სწორედ ეს თქვა, ამიტომ რატომ უნდა ვუცადოთ ამ ყველაფერს ხალხოო, დიახ, თითქოს ჩვენ არ გვაქვს იმის ნება, რომ არჩევნების გზით დავთმოთ რამე. ეს არის პირდაპირ პროვოკაციული განცხადება. ეს არის ის შინაარსი, რომელსაც ფაქტობრივად ატარებს ნაციონალური მოძრაობა თავის თავში, იმიტომ, რომ ისინი არიან სწორედ ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეჩვეულნი. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ მათი რეჟიმი შეცვალა  არჩევნებით  და ჩვენ არ დავუშვებთ ხელისუფლების ცვლილებას რამე სხვა ფორმით, თუ არა არჩევნების გზით. გარდა ამისა, მოდით, ხალხს ვკითხოთ, რამდენად უნდა ისმინოს ის დემაგოგია, რაც ისმინა რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილისგან (ხალხი ვახსენე, ამის მოსმენა სურს მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ეს არის უმცირესობა). დიახ, რამდენად სურს საზოგადოებას, რომ ისევ რაღაც ლოზუნგები ისმინოს სააკაშვილისგან?! რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი თანამემამულე, საღად მოაზროვნე ადამიანი, ამ ინტერვიუმ გააღიზიანა. შეიძლება ეს ადამიანები სულაც არ იყვნენ ხელისუფლების მხარდამჭერები, ან ქართული ოცნების წევრები, იმიტომ, რომ შეიძლება სრულიად აპოლიტიკური ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ არ უნდათ სააკაშვილის ლოზუნგებს უსმინონ და ნაციონალური მოძრაობა ოდესმე კიდევ იხილონ ხელისუფლების სათავეში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვთ ამ საღად მოაზროვე ადამიანებს, როგორი იყო ეს რეჟიმი. შეიძლება დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილი კრიტიკულია ქართული ოცნების მიმართ (ყველა ყოველთვის ვერ იქნება ხელისუფლებით აღფრთოვანებული), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნატრობენ ნაციონალებისა და სააკაშვილის დაბრუნებას ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია. დიახ, მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვიმეორებ, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს დღეს ვინმე ხელისუფლებით, წარმოუდგენელია, რომ მას ჰქონდეს  ოცნება, რომ აქ იხილოს სააკაშვილი. ნუ, გარდა ახალაიების ოჯახის წევრებისა, თუმცა შეიძლება მათაც აღარ უნდათ სააკაშვილი რომ აქ ნახონ, შეიძლება ისინიც არ არიან ამის მოსურნე. ეს სურთ მხოლოდ იმ ძალიან მხადრამჭერებს, აქტივისტებს, მაგ. თავისუფალ ზონას, კოორდინატორებს, პარტიის წევრებს, ანუ გუნდს, რომელიც მიდრეკილია ქაოსისკენ, ანარქიისკენ, აი, ასეთი გზებით ხელისუფლების ცვლილებისკენ. ვიმეორებ, ამის პირდაპირი მოწოდება იყო  და ახლა, ამ ყველაფერს ფარავენ რაღაც პატრიოტული ლოზუნგებით, რაც დააანონსეს კიდეც აქციის თემად. რა თქმა უნდა, აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ჩვენი ნაწილია, ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენ გვინდა ამ ტერიტორიის მშვიდობიანად დაბრუნება, პირველ რიგში აფხაზი და ოსი ხალხის, ასე ვთქვათ, ჩვენი თანამემამულეების შემორიგება, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად, მშვიდობიანი გზით და არა აგრესიული რიტორიკით და რაღაც ომის მუქარით.  ისეთი ლოზუნგი შემოიტანეს, აფხაზეთის თემა, რომ, აი, თითქოს პატრიოტული სულისკვეთებით მართავენ რაღაც საპროტესტო დემონსტრაციას და საინტერესოა, რას აპროტესტებენ ან ვის მიმართ აქვთ ეს პროტესტი?!


- უკაცრავად და, ვინ მისცა საბაბი რუსეთს, რომ ეღიარებინა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა, შემთხვევით სააკაშვილმა ხომ არა? ახლა გაახსენდათ აფხაზეთი?!

 

-  ვინ აღიარებინა? სააკაშვილის უგუნურმა და აბსოლუტურად გაუაზრებელმა პოლიტიკამ, იმ, ასე ვთქვათ, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, რომლებზეც მიდიოდა ის ხელისუფლება (მეორეს მხრივ წამოეგნენ რუსეთის პროვოკაციაზე). სააკაშვილმა პუტინის საქმე, ფაქტობრივად, ძალიან კარგად გააკეთა. აღიარებინა ეს ტერიტორიები, მოახდინა ოკუპაცია ხელმეორედ, 2008 წლის ომის შემდეგ კოდორიც მივაყოლეთ, ახალგორიც მივაყოლეთ და კიდევ არაერთი სოფელი და გაჩნდა ახალი ტალღა დევნილების. და ის ჩასახლებები, წეროვანი და სხვები ჩვენ სწორედ 2008 წლის შემდეგ მივიღეთ. დღეს გაახსენდათ აფხაზეთი? დაგვცინიან, დიახ, ეს დაცინვაა, უფრო სწორედ, ჩვენ კი არა, საზოგადოებას დასცინიან და ისევ რაღაც პატრიოტის როლში გამოდის სააკაშვილი, რომელსაც სძულს ეს საზოგადოება, მოაზროვნე და ნორმალური ხალხი. მას სურდა რობოტები ჰყოლოდა გარშემო და ჰყავდა კიდევაც დოქსოპულოს ტიპის ხალხი და დღეს, ის საუბრობს  რაღაც ისეთი პათოსით, თითქოს ეს დანაშაულებრივი კრიმინალური რეჟიმი მან არ შექმნა.  ახლა უკვე განაჩენებია გამოსული და ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიმინალები მართავდნენ ამ პარტიასა და ქვეყანას. კრიმინალი მერაბიშვილი, კრიმინალი ადეიშვილი, კრიმინალი ახალაია, დიახ, უკვე განაჩენები არსებობს და ვფიქრობ, მათ ზუსტად ეს აწუხებთ, რომ ეს განაჩენები გამოვიდა მათ წინააღმდეგ. რეალურად ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა აღარ აქვთ და ეს აწუხებთ და არა აფხაზეთი და ჩვენი ტერიტორიის ანექსია. ეს ხომ აბსოლუტურად მოგონილი ლოზუნგია, მათ ხომ არ აწუხებთ საქართველო, მათ ყოველთვის საკუთარი, ასე ვთქვათ, კარგად ყოფნა, საკუთარი კეთილდღეობა აწუხებდათ და  ასე ქმნიდნენ ამ რეჟიმს სისხლზე, წამებაზე, ხალხის გაუპატიურებასა და ღირსების აყრაზე. თითქოს ეს ამ ქვეყანაში კი არა, სადღაც სხვაგან ხდებოდა.


-  გვაქვს თუ არა სახეზე ყველა ნიშანი, რომ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება? აქვე შს მინისტრის მოადგილის, იზორიას განცხადებაც გავიხსენოთ...


- ფაქტია, ამ ძალას აწყობს ქვეყანაში არეულობა. ამ ძალას აწყობს უბედურების დატრიალება, რომ თვითონ ისარგებლოს შემდეგ, მაგრამ მეორე ამბავია, რომ პოლიცია და ძალოვანი უწყებები იმიტომ არსებობს, რომ არ დაუშვან არანაირი პროვოკაცია და სიტუაციის არევა ქვეყანაში. კანონმა უნდა იკანონოს და თუკი, ვინმე შეეცდება გადავიდეს კანონის ზღვარს, რა თქმა უნდა,  მიიღებს შესაბამის  პასუხს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული პოლიცია, რომ ეს მშვიდობიანი აქცია არ გადაიზარდოს რაიმე პროვოკაციაში. მაგისთვისაც ჰყავთ ალბათ ხალხი, პროვოკატორები მომზადებული, ეგეც არის ერთ-ერთი მეთოდი. ბუნებრივია, ხელისუფლებაზეა სრული პასლუხისმგებლობა, რომ იყოს წესრიგი. ახლა გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მშვიდობიანი დემონსტრაცია და მშვიდობიანი მანიფესტაცია, რა თქმა უნდა, კონსტიტუციითა და კანონით არის დაცული და ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ამას, მაგრამ როგორც კი ზღვარს გადავა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, კანონი იკანონებს და თავის სიმაღლეზე იქნება პოლიციაც და სამართალდამცავი უწყებაც. ასე რომ, ნუ აქვთ იმის იმედი, რომ რაღაცას არევენ აქ და ბრალდებული და პასუხისგებაში მიცემული სააკაშვილი ახლა ნუ მოძღვრავს იქიდან მთელ ერს, ცოტა სასაცილოა რა! ის არასდროს ყოფილა ერისკაცი და არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის ლიდერი, ის იყო ერთი ავანტურისტი, რომელმაც, სამწუხაროდ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება თავის დროზე შეცდომაში შეიყვანა, დემოკრატიის შუქურად მოაჩვენა თავი, მაგრამ ეს ასე არ იყო და არ არის. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ლიდერი დანაშაულებრივი რეჟიმისა, იმ დაჯგუფების, რომელიც ადამიანების გატაცებაზე, მოკვლაზე, წამებასა და დანიშვნაზე იდგა და ეს უკვე განაჩენებით არის დადასტურებული.


- ქალბატონო მანანა, ვინ უმაგრებს სააკაშვილს ზურგს? საუბარია იმაზე და ლოგიკაც მიგვანიშნებს, რომ რუსეთის რეაქციულ ძალას სურს დესტაბილიზაცია საქართველოში?!


- იცით, მე რასაც ვუყურებ რუსეთისთვის ყველაზე მომგებიანი სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი იყო. რა თქმა უნდა, აფხაზეთის დაკარგვა ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ, ბევრად ადრე დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში რუსეთი სწორედ სააკაშვილის დროს აღმოჩნდა. მან მიიღო ორი აღიარებული სახელმწიფო, თავისი სატელიტი და დასაყრდენი შავ ზღვაზე. და ეს მოახერხეს პუტინმა და მედვედევმა სწორედ სააკაშვილის დროს  და ახლა ყველაზე მეტს გაჰყვირის,  თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და რუსეთის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამას ხომ ნორმალური, ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, მაგრამ მეორე არის ის, რომ ზუსტად რუსეთს აწყობს სააკაშვილი აქ, საქართველოში, აი, ასეთი ტიპის მმართველი რუსეთისთვის რომ უფრო ხელსაყრელია, ბუნებრივია.


- დასავლური ნიღაბით რუსული ინტერესები ხორციელდებოდა?..

 

- ფაქტია, შედეგად ეს მივიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, რომ ის არის პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული ლიდერი, მაგრამ პრორუსულ საქმეს აკეთებდა, დიახ, რეალურად ეს მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამ განცხადების გამო ახლა თავს დამესხმებიან სრულიად ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, ლიდერები, მაგრამ ეს ასეა, და, როცა დღეს  ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გაუნათლებელია, უვიცია, პროვინციელია და რუსი ოლიგარქია, ეს ხომ არის პირდაპირ ბინძური პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ვერა და ვერ ინელებს, რომ ის აღარ არის ხელისუფლებაში.


- და მაინც, პრევენციულ ზომებს თუ ატარებს ხელისუფლება, ხომ იცით, ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე გვიან იქნებაო... ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო 90-იან წლებში არეულობა, პუტჩი ხალხს არ უნდოდა, არ უჭერდა მხარს, თუმცა ერთმა გასროლამ დაძრა პროცესები...

 

- ღმერთმა ნუ ქნას! საზოგადოება უკვე საკმარისად მომწიფებულია საიმისოდ, რომ ასეთი რამ, პირველ რიგში, მან არ დაუშვას. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, ძალოვან უწყებებზე და პოლიციაზე და დღეს სულ სხვა პოლიცია და სულ სხვა სახელმწიფოა, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. ჰოდა, ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რეჟიმის დაბრუნებას არ დავუშვებთ, გამორიცხულია ეს ამბავი და, პირველ რიგში, ზუსტად საზოგადოების მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას, რომ აქ დესტაბილიზაციის საფუძველი არ შეიქმნას და თანაც ამის სათავეში არ იყოს ნაციონალური მოძრაობა. ახლა, ამას საზოგადოება და ხელისუფლება ორივე ერთად აღუდგება წინ. ვიმეორებ, აქამდე პროცესებს არ მივაყვანინებთ, გამორიცხულია, იმიტომ,რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხალხისა და ქვეყნის წინაშე და, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ეს ყველაზე მეტად უნდა ნაციონალურ მოძრაობას, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ეღირსებიან.


- და ბოლოს, არ დაინტერესდით, რომელ მეზობელ ქვეყანაში და  ვის ხვდებოდა სააკაშვილი? ეს, ალბათ, საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს...

 

 

- ახლა მე დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს აქვთ ინფორმაცია. თუ რაიმე ქმედება რომელიმე ჩვენი თანამოქალაქის, თუ არამოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ვინც არ უნდა იყოს ის, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრი, ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. ვიმეორებ თუ ვინმეს აქვს რაღაც ბოროტი ზრახვა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, გაშიფრული, კონტროლზე აყვანილი და რეაგირებული, იმიტომ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებას, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ის.


ქეთი ხომერიკი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016