reportiori.ge - კოალიციის გამოწვევები და ალასანიას დილემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კოალიციის გამოწვევები და ალასანიას დილემა
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2014. 11:49


მესამე უკეთესი წელიწადი ყველაზე უარესად ირაკლი ალასანიასთვის დაიწყო. კოალიციაში ძვრები შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევი გახდა. ღირს, უფრო ღრმად ჩავიხედოთ მმართველი ძალის შიგნით მიმდინარე პროცესებში. ავხსნათ დამთხვევათა მთელი სერია. ამ დღეებში იმდენი რამ მოხდა, რომ შეიძლება, დავასკვნათ - კვანძის გახსნა არც ისე შორსაა. დავალაგოთ მოვლენათა მთელი ჯაჭვი. პრემიერ-მინისტრი, რომელიც რამდენიმე სართულით ქვემოთ არ ჩავიდა წინა უშიშროების საბჭოზე, ახლა პრეზიდენტს სასახლეში სტუმრობს. სააკაშვილის მიერ აშენებულ იმ სასახლეში, რომლის გამოც მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. მარგველაშვილი და ღარიბაშვილი შერიგდნენ. ახლა სასახლის პრობლემა არავის უხსენებია. მცირე ხნით დავიწყებას მიეცა. სხდომაზე რომ მივიდოდა, პრემიერმა ჯერ კიდევ წინა დღეს დაადასტურა. რისთვის სჭირდებოდა პრემიერს ეს ზავი ? შეკითხვა სულ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო აქტუალური. იმავე დღეს მოხდა ისეთი ფაქტი, რომელმაც მეტი სიცხადე შეიტანა საკითხში. საზღვარგარეთ მყოფ თავდაცვის მინისტრს მაღალჩინოსნები დაუპატიმრეს. ალასანიას უწყებაში სერიოზულ სკანდალს დაედო საფუძველი. შეიძლება ეს ფაქტი ხელისუფლებაში ახალი ფრონტის გააქტიურებად მივიჩნიოთ - ან უფრო კონკრეტულად, ღია ომი ვუწოდოთ - ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის. ამას ემატება კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ორ კვირაშია მოსალოდნელი. ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციას გამართავს, ანუ ერთდროულად სამი გამოწვევა დაგროვდა: მარგველაშვილი, ალასანია, ოპოზიცია. ამას დავუმატოთ რესპუბლიკური პარტიის განცხადება, რომ კოალიცია რეფორმირებას საჭიროებს. კოალიციის მმართველს ერთდროულად ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. ამ რთული გამოწვევების ფონზე ლოგიკური ჩანს პრეზიდენტთან ურთიერთობების დალაგება, მით უმეტეს ამის სურვილი თავად მარგველაშვილსაც ჰქონდა და შერიგება მასაც ხელს აძლევს. კონფლიქტის ერთი კერა დროებით ჩაქრა.



ალასანიას დილემა: ,,წავიდე-არ წავიდე ?! "



ალასანია ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ მისი მეუღლის კომენტარი პოლიტიკური შინაარსის შემცველი იყო. ფაქტია, ვიზიტიდან დაბრუნებულ თავდაცვის მინისტრს საჯარო განცხადების გაკეთება მოუწევს. რატომ დუმს ალასანია ამ დრომდე ? აშკარაა, რომ ამ დღეებში ბევრი რამ წყდება. ალასანიას თანამშრომლების დაჭერას კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის კომენტარი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომხდარს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა (!!!) უნდა მოჰყვეს. ჩნდება კითხვა - ვისი პასუხისმგებლობა ? თუ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან, კანონის დარღვევასთან, რა შუაშია აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. არ ვიცით, იგულისხმა თუ არა აქ უსუფაშვილმა ალასანიას გადადგომა...ასეთი პრეცედენტი მთავრობაში ერთხელ იყო, როცა სკანდალის გამო სოფლის მეურნებობის მინისტრი გადადგა.

შორს წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, რაც ისედაც ნათელია - ალასანიას მმართველ გუნდში არ ენდობიან, უფრო სწორედ, არ ენდობა ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ კოალიციიდან გასვლა ალასანიას ხელს არ აძლევს. ამ ეტაპზე ის მარტო წარმატებას ვერ მიაღწევს. ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსი კი მისთვის ახლა პოლიტიკურად დამღუპველი იქნება. კოალიციაში ბევრი, სავარაუდოდ, მიესალმება ალასანიას წასვლას, მაგრამ რამდენად აძლევს ხელს მმართველ გუნდს მისი გადადგომა იმ დროს, როცა ის ყველაზე პოპულარული მინისტრია ? წარმოვიდგინოთ მოვლენების ასეთი განვითარება: თუ მოხდება თავდაცვის მინისტრის რეპუტაციის შელახვა იმით, რომ მის სამინისტროში კორუფციაა, უკანონო გარიგებები ხდება, მაშინ სულ სხვა რეალობას მივიღებთ. შელახული რეპუტაციით კოალიციიდან გასული ალასანია შესაძლოა არც ისე საშიში იყოს. შეგახსენებთ, ეს ყველაფერი ხდება ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ალასანია პარტიის ყრილობას გამართავს. 8 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი საკუთარი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას გეგმავს. არადა ამ პოსტიდან იმიტომ წავიდა, რომ თავდაცვის მინისტრად ინიშნებოდა. ფაქტია, ალასანია პარტიაში პოზიციების გასამყარებლად ემზადება. ეს კი პირდაპირ უკავშირდება 2016 წლის არჩევნებს. სწორედ ამ ფონზე დაიჭირეს მის უწყებაში მაღალჩინოსნები. ალასანია კოალიციაში ბევრი რამ მოითმინა. ის აშკარად საჭირო მომენტს ელოდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ვარაუდობდა. პროცესები დაჩქარდა და ეს ყველაზე ნაკლებად სწორედ თავდაცვის მინისტრს აწყობდა.



რატომ დაემთხვა რესპუბლიკური პარტიის განცხადება კოალიციის რეფორმირების აუცილებლობაზე ალასანიას სამინისტროში მომხდარ სკანდალს ? თუ ალასანია წავა, ბუნებრივი და ლოგიკური იქნება, კოალიციაში კიდევ უფრო გაძლიერდნენ რესპუბლიკელები. შესაძლოა სწორედ სამომავლო, ახალი კონფიგურაციისთვის მზადდება ნიადაგი.




ალასანიას კოალიციიდან გაშვებას თავისი ფასი ექნება. მასთან გამოთხოვება ხელისუფლებაში პროდასავლური ძალების შესუსტების კვალიფიკაციას მიიღებს.




ალასანიას დილემა ისაა, რომ დარჩენის შემთხვევაში მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება. ახალი საპარლამენტო მანდატების განაწილების დროს კი სავარაუდო კიდევ უფრო მცირე კვოტას მიიღებს. არ არსებობს გარანტია, რომ ისევ იმავე თანამდებობაზე იქნება წარმოდგენილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში. წასვლის შემთხვევაში კი შესაძლოა პოლიტიკური კატასტროფის წინაშე აღმონდეს. საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი - რა პოზიციას დაიჭერს ამ კონფრონტაციის დროს ალასანიას საპარლამენტო გუნდი და კაბინეტში მყოფი რამდენიმე მინისტრი.

ამასთან, მიმდინარე პროცესები უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მალე დაიწყება წინასაარჩევნო წელი. საჭიროა სრული გარანტია. 2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციას სიურპრიზები არ სჭირდება. მსგავსი გამოწვევები 2015 წლის ბოლომდე მოგვარდება. ამისთვის სამი კომპონენტი უნდა დაკმაყოფილდეს : 1. სრული კონტროლი და წესრიგი კოალიციის შიგნით. ანუ კოალიციის გაწმენდა ან არასანდო ლიდერების მაქსიმალურად დასუსტება 2. ურთიერთობების გარკვევა მედიასთან, განსაკუთრებით ტელევიზიებთან. 3. ოპოზიციას შანსი არ უნდა დარჩეს 2016 წლის არჩევნებზე.




რეალურად არჩევნების ბედი 2015 წლის ბოლომდე სრულად გადაწყდება. მესამე უკეთესი წელიწადი გაარკვევს, რა მოხდება მეოთხე წელიწადს ანუ 2016 წლის შემოდგომაზე.






p.s. ზემოთ ნახსენები სამი კომპონენტიდან ერთ-ერთი - მედია ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ დღეებში ჩვენ სწორედ მედიაში არსებული ვითარების შესახებ შემოგთავაზებთ ანალიზს.




(წყარო:socialnetwork.ge, ავტორი: ვახო სანაია)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016