საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკი ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს:
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და საბანკო სექტორი შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. სებ-ი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან. ასევე, იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ასეთ საქმიანობაში, 30 კალენდარული დღის ვადაში სებ-ს უნდა წარმოუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი (2015 წლის 31 დეკემბრამდე) გამოსვლის დეტალური სტრატეგია."
საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს ძირითადად ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი" 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, "თიბისი ბანკი" კი - 10-ის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით: - "საქართველოს ბანკი" 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი"-ში, შპს "თელიანი ველში " - 51,23%-ს, შპს "ინტერტურში" - 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში" - 51%-ს, "რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში" - 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ "დინამოში" - 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.
"თიბისი ბანკი" ფლობს სალიზინგო კომპანია "თიბისი ლიზინგის" 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება "თიბისი კრედიტის" 75%-ს, საბროკერო კომპანია "თიბისი ბროკერის" 100%-ს, "გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის" 93%-ს, "უძრავი ქონების მართვის ფონდის" 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, "თიბისი ფეის" 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია "თიბისი ინვესტს".