reportiori.ge - ისტორიები , რომელზეც ჯერ არაფერი გსმენიათ - ინტერვიუ სტალინის შვილთაშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:39
ინტერვიუ
ისტორიები , რომელზეც ჯერ არაფერი გსმენიათ - ინტერვიუ სტალინის შვილთაშვილთან
ავტორი:
02 ნოემბერი, 2014. 14:38


kvirispalitra.ge სტალინის შვილთაშვილთან იაკობ ჯუღაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში  დიდი ბელადის  შესახებ ისეთ ისტორიებს გაეცნობით, რომლებიც ჯერ არ გსმენიათ:


იაკობ ჯუღაშვილი :

- სტალინს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი იყო ეკატერინე სვანიძე, რომელთანაც ჰყავდა შვილი - იაკობი... მე იაკობის შვილიშვილი გახლავართ... მეორე მეუღლე იყო ნადეჟდა ალილუევა, რომელთანაც ჰყავდა - ვასილი და სვეტლანა... ამ შტოსგან თითქმის აღარავინ დარჩა და ვინც არიან (შვილთაშვილები), მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ვასილის ვაჟი - ალექსანდრე და მამაჩემი ერთად სწავლობდნენ სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.


- სტალინზე არ არსებობს ერთი აზრი.. ზოგისთვის ის დიდი ბელადია, ზოგისთვის პირსისხლიანი ტირანი.. რას იტყოდით სტალინზე მისი შთამომავალი?

- ბოლო 25 წლის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დავა სტალინსა და საბჭოთა კავშირის შესახებ უკვე გასცდა ისტორიულ დავას. ამბობენ, რომ სტალინმა მოკლა - 5, 10, 70 მილიონი ადამიანი და შენ ხალხს ვერ დაუმტკიცებ, რომ ეს სიცრუეა. ისტორიული ფაქტებით რომც დაუმტკიცო, მაინც არ დაიჯერებენ, იმიტომ რომ სულ სხვა რამის სჯერათ. მათ უპირველეს ყოვლისა, ფასეულობები აღიზიანებთ. აღიზიანებთ საბჭოთა კავშირი არა როგორც ქვეყანა, არამედ როგორც პროექტი, (ის რაც განხორციელდა განსხვავდება იმისგან, რაც იყო ჩაფიქრებული). საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო ჩაფიქრებული ორგანიზებული ოჯახის პრინციპით. მისი ალტერნატივაა ბაზრის პრინციპი, რაც დასავლეთშია. დასავლეთში არის ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვა. ოჯახის პრინციპი კი შექმნაა, საერთო ქონების ერთად შექმნა და არა ერთმანეთში გაყიდვა. ბაზრისთვის ეს პრინციპი მიუღებელია. საბჭოთა კავშირი იყო მცდელობა ერთად გადავრჩენილიყავით, ერთად გავმდიდრებულიყავით და ერთად ავმაღლებულიყავით. ვიმეორებ, ერთად და არა ცალ-ცალკე, როგორც ქადაგებენ დღევანდელი ევროინტეგრატორები.


- ხალხში გავრცელებულ მითებს სტალინის შესახებ არ იზიარებთ?

- ხალხში ძალიან ბევრი მითია გავრცელებული და ჩემი დღევანდელი ამოცანაა ეს მითები გაქარწყლდეს. ამისთვის დღეს არსებობს ინტერნეტი და ჩემი ძალებით შევქმენი საიტი www.jugashvili.com , სადაც სხვადასხვა ნაშრომია გამოქვეყნებული. თუმცა, ხალხი არ არის მზად, მათ სჯერათ, რომ სტალინი, ბოლშევიზმი და საბჭოთა კავშირი პირსისხლიანი საშინელებაა..


- როგორი იყო სტალინი ოჯახის წევრებთან, ამის შესახებ რა უთქვამთ თქვენს წინაპრებს?

- ამის შესახებ მე იმ ხალხისგან ვიცი, ვინც მას პირადად იცნობდა. ყველაზე საინტერესოა მისი ნაშვილების - არტიომის მოგონებები. როგორც ცნობილია, სტალინმა მისი რევოლუციონერი მეგობრის შვილი იშვილა, რომელიც სტალინის ოჯახში იზრდებოდა. მაშინ ტრადიცია იყო, რომ ყველა ბოლშევიკს ვალდებულება ჰქონდა გარდაცვლილი მებრძოლი მეგობრის შვილი ეშვილებინა. ტროცკისაც ჰყავდა ნაშვილები, თუ არ ვცდები, კალინინსაც... არტიომის მოგონებები თავისუფალია პროპაგანდისტული მხარეებისგან. არტიომი ჰყვება ისტორიას: - პატარები რომ ვიყავით კედელზე თოფი ეკიდა. ჩვენ ამ თოფით რომ ვთამაშობდით, ერთხელაც გავარდა. ზუსტად იმ დროს


სტალინი ოთახში შემოვიდა და სულ რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ტყვიაო.. სტალინის რეაქცია ფანტასტიური იყო, წყნარად მოვიდა და გვითხრა, არასოდეს არ ითამაშოთ იარაღით, დაკიდა თოფი თავის ადგილზე და წავიდაო...


- თქვენს ბაბუას - იაკობ ჯუღაშვილს არ ჰქონდა მოგონებები?


- იაკობს მოგონებები ვერ ექნებოდა... იაკობი მოსკოვში აღმოჩნდა 1923 წელს. ფაქტიურად რუსული არც იცოდა. ძალიან უჭირდა სწავლა, რადგან რაჭის ერთ-ერთ სოფელში გაზრდილი პირდაპირ მოსკოვში აღმოჩნდა. იაკობი თავისი დეიდის - ალექსანდრა (საშიკო) სვანიძის ოჯახში გაიზარდა, რადგან დედამისი იმავე წელს გარდაიცვალა, როცა იაკობი დაიბადა... როდესაც იაკობი მოსკოვში ჩავიდა, სტალინთან ცხოვრობდა. თავად სტალინს მოსკოვში ბინა 1924 წლამდე არ ჰქონდა. როგორც კი ბინა გაუჩნდა და ხელფასი დაენიშნა, მაშინვე იაკობი მოსკოვში წამოიყვანა. მერე მათ შორის კულტურული შეუთავსებლობა იყო. იაკობი სოფელში გაზრდილი, უცებ მოსკოვში, კრემლში აღმოჩნდა და ტვინი აერია. ტვინის არევა იმაში გამოიხატა, რომ უსწავლელი იყო და იმის ნაცვლად რომ ესწავლა, ცოლი მოიყვანა. მათ შორის კონფლიქტი მოხდა და იაკობი სახლიდან წავიდა. მათი შერიგება მხოლოდ ომის წინ მოხდა, მაგრამ როდესაც იაკობმა ბებიაჩემი (ანუ მეორე ცოლი) გაიცნო და დაოჯახდა, მოსკოვში ოროთახიანი ბინა გამოუყვეს. ესეც შეიძლება შერიგებაში ჩავთვალოთ, მაგრამ ერთმანეთთან საუბარი მამასა და შვილს შორის ომის წინ მოხდა. მაშინ იაკობმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა და სტალინიც დაეთანხმა...


- საქართველოში როდის ჩამოხვედით?

- სტალინის ქონების გაყოფის შემდეგ... სვეტლანამ სტალინის ანგარიშზე აღმოაჩინა 30 ათასი მანეთი, დაუკავშირდა მამაჩემს და უთხრა სამ ნაწილად ვყოფ, - ჩემზე, იაკობზე და ვასიაზეო...მამაჩემს დედამისმა უთხრა ჯობია შენი წინაპრების სამშობლო გაიცნო, უნდა იცოდე ფესვები საიდან მოდისო... მამაჩემი 1960 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ნელ-ნელა გაიცნო საქართველო და სტალინის შთამომავლებიდან ერთადერთია, ვინც ცხოვრება საქართველოს დაუკავშირა.


- საუბრის ბოლოს, თქვენი მოსაზრებით რით არის სტალინი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საინტერესო?

- ადამიანი ცხოველად იბადება. ბავშვი ცხოველივით ცხოვრობს და მისი პრინციპია - მე მინდა.. იგი ცხოვრობს იმისათვის რომ დაიკმაყოფილოს ის ინსტინქტები რაც ბუნებამ ჩაუდო. მშობლისა და საზოგადოების ამოცანაა ცხოველისგან ადამიანი გაზარდონ. ადამიანს უნდა გააჩნდეს უნარი დაივიწყოს ინსტინქტები, როცა საჭიროა საერთო სასარგებლო საქმის გაკეთება. სტალინი ჩემთვის მიმზიდველია იმით, რომ გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხს, როგორ უნდა აკეთო საერთო სასარგებლო საქმე. დღეს ჩვენ გვთავაზობენ ისეთ მოდელს, რაც არის მიღებული დასავლეთში - ინდივიდუალიზმი. მთავარია შენ თავად და მერე დანარჩენები. მათ ისედაც დაპყრობილი აქვთ მთელი სამყარო. მონობა ჩვენთან არ არსებობდა, ეს დასავლეთშია. დასავლეთი ძარცვავდა 400-500 წელი მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც... დღევანდელი "ხალხის მსახურები" არც რუსეთში იცნობენ თავის ხალხს და არც საქართველოში. თავის ჭკუით კი არა, ევროკომისრებისა და ამერიკის სახდეპარტამენტის ინსტრუქციებით ცხოვრობენ.

 

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016