„იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯერაც არ წაუკითხავს იოსებ ნონეშვილის პოეზია, დოჩანაშვილისეული დიალოგის პერიფრაზს შევთავაზებ: - მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი... ყოფილხართ... - რატომ?! ... - რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით..." - წერს ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე საკუთარ „facebook"-გვერდზე. ჟურნალისტი იოსებ ნონეშვილს იხსენებს და მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე საუბრობს.
„1968 წლის ზაფხულია. მეგობრებთან ერთად, კვეტერაზე, არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვარ. ავთო გაფრინდაშვილი მეუბნება, 29 ივლისს თუნოს დაბადების დღეა და, თუ გაგვიშვებენ, ჩავაკითხოთ, მივულოცოთო. თბილისსმონატრებული კაცისთვის ორმაგად მომხიბლავი იყო ეს იდეა. რაზმის ხელმძღვანელმა, ჯემალ შაიშმელაშვილმა სამი დღით გაგვათავისუფლა. 28 ივლისს, ახმეტიდან ყვარელს გავედით - ავთოს მშობლიურ ბალღოჯიანში. მოვწესრიგდით, სათბილისოდ მოვემზადეთ და 29 ივლისს, ნაშუადღევს, დედაქალაქში ვიყავით. სტუდენტობის დროს, ჩვენი ტრადიციული თავშესაფარი „დარიალი" იყო. იმიტომ კი არა, ღრმა სარდაფი ატომური თავდასხმისგან გვიცავდა. უბრალოდ, გემრიელი კერძები და ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდათ. ჩვენც თამაზ-თუნო ტყემალაძეს „დარიალში" მივულოცეთ ცხრამეტი წლის შესრულება. ჩემი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ: რესტორანში ერთი დიდი დარბაზი იყო, იმ დარბაზში კი ფარდით გადატიხრული ათი კაცის დამტევი ნიში (ე.წ. „კუპე"). სწორედ ამ ფარდის წინ ვნახეთ თავისუფალი მაგიდა. დავსხედით, ოფიციანტს საუზმე და „მშობლიური 8 ნომერი" შევუკვეთეთ. გადატიხრულიდან, მოქეიფეთა ხალისიან განწყობასთან ერთად, რამდენიმე ენაზე საუბრის ხმა გამოდიოდა. განსაკუთრებით ერთის ხმა გვეცნო. მალევე დავრწმუნდით, რომ ფარდის მიღმა, სუფრას, ყველასთვის საყვარელი იოსებ ნონეშვილი უძღვებოდა. ამასობაში პურმარილიც მოგვიტანეს და ჩვენს საქმეს „მივხედეთ." ერთ საათში ფარდა გადაიწია და მოქეიფეებიც წამოიშალნენ. პირველი ბატონი იოსები გამოვიდა დარბაზში. ბუნებით ისეთი იყო, მისალმებას ვერ დაასწრებდი. ყველას ღიმილით ხვდებოდა. უცნობებსაც ისე გულიანად ეტყოდა გამარჯობას, თითქოს ნახევარი ცხოვრება ერთად ჰქონოდათ გატარებული. ჰოდა, ბატონმა იოსებმა დარბაზს თვალი მოავლო, გაიღიმა და, ამბიონიდან ჯვრის გადამსახავი მოძღვარივით, ჯერ მარჯვენა ფლანგელებს მიესალმა, მერე მარცხენას და ბოლოს ცენტრში მსხდომებს. აი, აქ პირველები ჩვენ შევრჩით ხელში. ავთომ სუფრასთან მოიწვია. თავპატიჟი არ დაუწყია. ჭიქით ღვინო მივართვი. თამაზმა ბატონი იოსების სადღეგრძელო შესვა, და ლექსიც მოაყოლა: „ვაზის ძირში დარწეული აკვანი, სალამურის საამური კვნესა, გმირობის და უკვდავების ზღაპარი, ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად"... ავთომ იოსებისეული (სხვათაშორის, თამაზის ხნის ლექსი) „თბილისური შემოდგომა" გაიხსენა: „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ, ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს, გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს"...
მახსოვს პოეტის კმაყოფილი, ბედნიერი სახე. ამ ეპიზოდმა, ალბათ, სამი წუთი წაიღო. ბატონმა იოსებმა დაგვლოცა, მადლობა გვითხრა და ტრადიციული ღიმილით დაგვემშვიდობა... 1980 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე (თუ არ მეშლება, ოქტომბერი იყო), იოსებ ნონეშვილი თამარ სიხარულიძემ ჩასაწერად მოიწვია ტელევიზიაში. ეს ამბავი გავახსენე. გახალისდა. იმ დღეს, რუმინელ მწერლებთან ერთად, რუსთაველზე ვსეირნობდი. მშვენიერი ინტერიერისა და სამზარეულოს იმედით, „დარიალში" ჩამოვედით. ზოგადად, ადამიანების გულთბილობამ და თქვენი სამეგობროს გულწრფელობამ, ეს რუმინელები სახტად დატოვა. თავიდან ცოტა ქედმაღლობდნენ, მერე კი ერთ-ერთს თარჯიმნისთვის უთქვამს, რა ბედნიერებაა, ხალხს ასე რომ უყვარხარო. როგორც გითხარით, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, ბატონი იოსები გარდაიცვალა. იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯერაც არ წაუკითხავს იოსებ ნონეშვილის პოეზია, დოჩანაშვილისეული დიალოგის პერიფრაზს შევთავაზებ: - მომილოცავს, მომილოცავს, ბედნიერი... ყოფილხართ... - რატომ?! ... - რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით..." - წერს გოჩა ხუნდაძე.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)