კურორტი დამსვენებელს განახლებული, გაფართოებული და ქვებისგან გაწმენდილი სასრიალო გზებით და, რაც მთავარია, ხელოვნური გათოვლიანების სისტემით დახვდება.
პროექტი მოიცავს ორ ფაზას. პირველი ეტაპის ფარგლებში 2014-2015 წლის სეზონის გახსნას გუდაური შეხვდება გათოვლიანებული „პირველი" სასრიალო ტრასით, ხოლო მეორე ფაზა მოიცავს 2015 წლის ბოლოსთვის ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობას და გათოვლიანების სისტემის დამონტაჟებას „მინდვრის" ტრასაზე (ე.წ მეორე ტრასა). აღნიშნული პროექტი სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულ დამსვენებლებს მისცემს საშუალებას, აღარ იყვნენ დამოკიდებულები ამინდზე და მათთვის სასურველ დროს ისიამოვნონ სრიალით.
სიახლეები ელოდებათ გრძელვადიან სტუმრებს დამატებითი განთავსების საშუალებების მხრივაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი სეზონის გახსნას საზეიმოდ აპირებს. 20 დეკემბერს, 12 საათიდან 22 საათამდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის - შეჯიბრი კამერებით დაშვებაში, ფეინთბოლში, ფერადი ბოლით დაშვება ტრასაზე, ცეცხლოვანი შოუ და სხვა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნას ფესტივალის სახე ექნება და ქართველი Dj-ები გუდაურში სეზონის გახსნაზე მთელი დღის განმავლობაში დაუკრავენ. ივენთის ფარგლებში დაინიშნება უფასო ავტობუსები თბილისიდან და გორიდან.