reportiori.ge - "ჰგავს თუ არა 2014 წლის ნოემბერი 2003 წლის ნოემბერს?"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:33
პრეს-დაიჯესტი
"ჰგავს თუ არა 2014 წლის ნოემბერი 2003 წლის ნოემბერს?"
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 20:34


"ნაციონალების" მიერ დაანონსებულ 15 ნოემბერს სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, პოლიტიკურ კალენდარში ნოემბერმა 2003 წელს გარდამტეხი როლი ითამაშა. შევარდნაძის რეჟიმის დამხობითა და "ვარდების რევოლუციით" გამოწვეული სიხარული აჟიტირებულ ქართველებში ძალიან მალე სიკვდილის მათრახებით, მტკივნეული რეფორმებით, მაღალჩინოსანთა დაჭერებით, პოლიტიკური დევნით, შანტაჟით, ბიზნესის დაწიოკებითა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით შეიცვალა. 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციის" 11 წლისთავია. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" რუსეთთან ბრძოლის ეგიდით იწყებს საპროტესტო აქციებს, თუმცა ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი ქვეყნის არევას უკავშირდება, მეტიც, შს მინისტრმა "ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი დაინტერესებულია, ქვეყანაში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვნახავთ თუ არა ამ საქმის ლოგიკურ დასასრულს? თუკი ხელისუფლება თანმიმდევრულია, ეს აუცილებლად უნდა გამოჩნდეს. რამდენად ჰგავს დღევანდელი ვითარება 2003 წლის ნოემბერს, დადგება თუ არა "ნაციონალებისთვის" სასურველი შედეგი 23 ნოემბერს, კიდევ ერთხელ იტყვის თუ არა სააკაშვილი, რომ გიორგობაზე დაამარცხა ხელისუფლება (ისე, მანამდე არ აგიდგა გვერდები მიშა), ნოემბრიდან ნოემბრამდე პარალელებს შს ყოფილი მინისტრი, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" დამფუძნებელი, კობა ნარჩემაშვილი გაავლებს. არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, რომ კობა ნარჩემაშვილი შევარდნაძის ხელისუფლებაში იყო ის ერთადერთი მინისტრი, რომელიც სახელმწიფოებრივად მოიქცა და მან ბოლომდე დაიცვა თავისი ქვეყანა და თავისი მუნდირი... 


- 2001-2003 წლებში თქვენ იყავით შს მინისტრი, ფლობთ უამრავ ინფორმაციას, რა პარალელს გაავლებთ ნოემბრიდან ნოემბრამდე და როგორ იგეგმებოდა "ვარდების რევოლუცია"? 



- მადლობა, რომ თქვენი რესპონდენტი ვარ, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, ძალიან არ მინდა საზოგადოებისთვის საინტერესო ვიყო მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ვიცი 2002-2003 წლების შესახებ, თუმცა ერთი რამ არის... 2003 წლის რევოლუცია არ მომხდარა ნოემბერში, გაცილებით ადრე დაიწყო ამისთვის მზადება. მზადება დაიწყო იმ ჯგუფმა, რომელიც იყო ხელისუფლებაში. ეს ადამიანები იყვნენ შევარდნაძის გარემოცვაში, მაგალითად, რევოლუციის დაწყების პერიოდად მიმაჩნია 1997 წლის დასასრული, სხვათა შორის, ეს წელი იყო ყველაზე წარმატებული, როცა მეტ-ნაკლებად დაიძლია ეკონომიკური პრობლემები, საპარლამენტო ბაზა მოწესრიგდა, ბიუჯეტი შესრულდა, კონსტიტუცია რეალურად ამუშავდა, აირჩა პარლამენტი, ხელისუფლების ერთმა ნაწილმა განიზრახა დამოუკიდებლად ხელისუფლებაში იმაზე ადრე მოსვლა, ვიდრე ეს მათ ლეგიტიმურად შეეძლოთ, კანონით, არჩევნების გზით. მე მხედველობაში მყავს ჟვანიას ჯგუფი, სააკაშვილი და სხვები, რომლებიც დღეს პრაქტიკულად "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან - მაჭავარიანი, გოგორიშვილი, წერეთელი, ტყეშელაშვილი... ამ ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა ნინო ბურჯანაძე გარკვეული გარემოებების გამო, რადგან სწორედ ბურჯანაძეს უნდა მიეცა ამ ყველაფრისთვის ლეგიტიმაცია. თუ გინდათ სიმართლე, ეს ყველაფერი ბურჯანაძის გარეშე ლეგიტიმური არ იქნებოდა, რადგან მათ პარლამენტის თავმჯდომარე არ ეყოლებოდათ თანამოაზრედ. მაშინ მათ განახორციელეს პირველი შეტევა იმ ადამიანებზე, ვისზეც იდგა ის ხელისუფლება. მაგალითად, ასეთი იყო დავით იაკობიძე, რომელიც მიმაჩნია, არის უგანათლებულესი ადამიანი და ძალიან ჭკვიანი ეკონომისტი. იაკობიძეს დაემატა კიდევ სხვა მნიშვნელოვან ფიგურებზე შეტევა, მათ დაიწყეს სახელმწიფოს ცვედანად ქცევის პროცესი, მათი მიზანი იყო: სახელმწიფო უნდა დაუძლურებულიყო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა უამრავი ცვლილება, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის თაოსნობით, გაატარეს ე.წ. სასამართლო რეფორმა, რომელიც დაკომპლექტდა სააკაშვილის კადრებით. ისინი კანონებს დემოკრატიის სახელით იღებდნენ, მაგრამ 6 თვის შემდეგ სრულიად უუნაროს ხდიდა სახელმწიფოს, რადგან მათ მიერ მიღებული კანონებით სახელმწიფოს ადამიანების დაპატიმრების უნარი აღარ ჰქონდა, სრულიად იგნორირებული იქნა სახელმწიფო ინტერესები დემოკრატიის დროშით, მაგრამ აბსოლუტურად კორპორაციული, ანგარებიანი ინტერესებით. მე მახსოვს, როგორ დაატარებდა შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილს ხალხში და ეუბნებოდა, რომ ეს არის თქვენი დეპუტატი, მახსოვს ბარამიძისთვის შეთავაზებული მინისტრის პორტფელი, მახსოვს მინისტრად მიხეილ მაჭავარიანი, პრაქტიკულად, ყველა შევარდნაძის ორბიტაზე იყო. მე მახსოვს პირადად სააკაშვილის მადლობების წერილი, მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის სახელზე კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის. მოვიდა 1999 წელი და აღარავის აწყობს შევარდნაძის დისკრედიტაცია, რადგან 29 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უწევდა. გაიმარჯვა "მოქალაქეთა კავშირმა" და "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელმა ლიდერებმა გარანტირებული ადგილები მიიღეს პარლამენტში. ხუთი თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმებოდა, აი, აქ მოხდა უკვე, რაც მოხდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ტელეკომპანია "რუსთავი 2" მაქსიმალურად ამოქმედდა, ეთერში გავიდა გადაცემა "60 წუთი" და იწყება შევარდნაძეზე მასობრივი შეტევა და "60 წუთი" აღარ ჩერდება. ამოცანა იყო ის, რომ შევარდნაძეს მაქსიმალურად არადამაჯერებლად უნდა გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. შევარდნაძეს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი პიროვნება არ არის ლეგიტიმური და მან უნდა მოახდინოს ხელისუფლების გადაცემა ვინმეზე ისეთი ფორმით, როგორც ეს თავის დროზე რუსეთში ელცინმა გააკეთა. მე მახსოვს, სწორედ ამას მოჰყვა ჟვანია-საჯაიას ცნობილი დაპირისპირება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. აი, ეს არის სწორედ ყველაზე საინტერესო თემა. შევარდნაძემ ამ არჩევნებში გაიმარჯვა, რის შემდეგაც უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა ნუგზარ საჯაიამ ზურაბ ჟვანიას ღიად და მკაცრად უთხრა, - ჩვენ ერთად ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ გვირტყამთ წელსქვემოთ და ამას თქვენ აკეთებთ იმიტომ, რომ ვადაზე ადრე მოხვიდეთ ხელისუფლებაშიო. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არანაირი პატრიოტული და იდეალისტური ზრახვები "ნაცმოძრაობის" ლიდერებს არც მაშინ ჰქონდათ და არც დღეს, ფსიქოლოგიაში ამას ჰქვია კორპორაციული ცნობიერება, როცა ვიწრო ჯგუფი მოქმედებს, როგორც დანაშაულებრივი სინდიკატი და ყველაფერს უქვემდებარებენ მათ მიზნებს. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში და მეტი მატერიალური სარგებელი მიეღოთ. მთელი მათი მოქმედება შეიძლება შევაფასოთ როგორც დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება. ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც არანაირი კეთილსინდისიერი ამოცანები არ ამოძრავებდა. 



- ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი ნუგზარ საჯაია თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მასზე დაიწყო აგრესიული პიარკამპანია, როგორ ფიქრობთ, საჯაია რომ არ ჩამოეცილებინათ, "ვარდების რევოლუცია" ამ ფორმით მოხდებოდა? 



- მათი სამიზნე საჯაია გახდა იმიტომ, რომ ის იყო საყრდენი და გარანტი ედუარდ შევარდნაძისთვის, მე გეტყვით, რა პრობლემა იყო საჯაიას გარდაცვალება. მაგალითად, ჩემსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო, შს მინისტრად რომ დავინიშნე, 31 წლის ვიყავი. ვიდრე შევარდნაძის ნდობას მოვიპოვებდი, ამ პერიოდში დრო დაიკარგა და ჩვენს შორის შუამავალი რგოლი იყო საჯაია. 



- "ნაცმოძრაობის" დღევანდელი ლიდერები რამდენად იყვნენ დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან და ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას, რომ კრიმინალური სამყარო ფინანსურად და მორალურად აძლიერებდა მათ? 



- ყველაზე მეტად კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული იყო ეს დაჯგუფება, მაშინ ისინი კრიმინალურ სამყაროს არ იხილავდნენ როგორც საზოგადოების პრობლემას, არამედ იხილავდნენ, როგორც საფრთხეს მათი ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, შეარჩიეს მათთვის მისაღები კრიმინალური ავტორიტეტები და გამოუცხადეს ბრძოლა მიუღებელ ავტორიტეტებს. ამ კრიმინალების გვარ-სახელებიც ვიცი, ვიცი, რომელ სასტუმროში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რაზე საუბრობდნენ, თუმცა დღეს არ ვთვლი საჭიროთ მათ დასახელებას... 



- თქვენ გულისხმობთ ტარიელ ონიანისა და მიხეილ სააკაშვილის სასტუმრო "მერიოტში" შეხვედრის ფაქტს "ვარდების რევოლუციის" წინ, როცა მას მიშამ დახმარება სთხოვა... 



- ეს შეხვედრა, რაზეც თქვენ საუბრობთ, იყო რევოლუციიდან ერთ კვირაში... არა მარტო ტარიელ ონიანს, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებსაც ხვდებოდა მიშა, შეხვედრების მიზანი იყო, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად გამოეყენებინათ კრიმინალური ავტორიტეტები, მათგან მიეღოთ რაც შეიძლება მეტი მატერიალური გამორჩენა და ყველა ურჩი და უცხო კრიმინალი გაენადგურებინათ. განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ რუსეთში მოღვაწე კრიმინალების მიმართ, რადგან მათ გაცილებით დიდი ფული ჰქონდათ, მათ გვერდით ძირითადად ისეთი კრიმინალური ავტორიტეტები იდგნენ, რომელთაც საქართველოსთან გარკვეული ბიზნესინტერესები ჰქონდათ პერსპექტივაში და ესენიც, რა თქმა უნდა, ჰპირდებოდნენ, დაგეხმარებით ბიზნესის განვითარებაშიო და სანაცვლოდ კრიმინალებისგან ფულს იღებდნენ. როცა სჭირდებოდათ, ციხიდანაც რეკავდნენ ვიღაცები მათ დასახმარებლად, ეს არ არის უცხო ამბავი. თუმცა, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ისინი გადააგდო. 



- როგორც იურისტი და შს ყოფილი მინისტრი "ვარდების რევოლუციას" როგორ აფასებთ, ეს იყო თუ არა ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით დამხობა? 

 


- რა თქმა უნდა, ცალსახად, ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. ხელისუფლება იცავდა ადმინისტრაციულ ორგანოებს. მე რომ მკითხოთ, ჩვენ თუ გვინდოდა სტაბილური წესრიგის დამყარება, ამ საქმის გამოძიებით უნდა დაწყებულიყო და გაერკვიათ, რა მოხდა მაშინ რეალურად. "ნაციონალური მოძრაობისთვის" თავისი ადგილი რომ მიეჩინათ, ისტორიულადაც და სამართლებრივადაც, დღეს ხელისუფლება იქნებოდა ორიენტირებული ქვეყნის აღმშენებლობაზე და არა "ნაციონალებთან" კინკლაობაზე. ხელისუფლება დღეს არის მეხანძრის როლში, "ნაციონალური მოძრაობა" აწევს თემას და ჩვენ ვხედავთ ხელებისა და ფეხების გაუთავებელ ქნევას. 



- სხვათა შორის, ევროსაბჭოს არც ერთ რეზოლუციაში თქვენი, როგორც შს ყოფილი მინისტრის პოლიტიკური დევნისა და დაკავების ფაქტი არ მოხვედრილა, სამაგიეროდ, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი ახალაიასა და მერაბიშვილის მიმართ, რომელთაც მკვლელობაში ედებათ ბრალი. არ გაქვთ შინაგანი პროტესტი? 



- მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, რადგან ახსენეთ, გიპასუხებთ. სამწუხაროდ, როცა ჩვენი დროის მინისტრებს იჭერდნენ, მაშინ ევროსაბჭო დუმდა, თუმცა რატომღაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში შევიდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაჩანა ახალაია, რომელიც სოციალურად არის საშიში თავის ოჯახიანად. იგივე შეიძლება ითქვას მერაბიშვილზე. არადა, გაითვალისწინეთ, გირგვლიანის საქმეზე ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც წერია, ამ საქმეში სახელმწიფოა ჩარეული, საქმის დეტალები დამალა შს მინისტრმა, ჩართულია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მეორე რეზოლუციით ამბობენ, რომ ამ საქმეში მონაწილე პირები გარეთ უნდა იყვნენ. ამ ხალხის ხელიდან გაშვება ეძნელებათ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელსაც არავითარი საქმე არა აქვს სამართალთან, სამართლიანობის აღდგენასთან. 



- თქვენ თუ გქონიათ სურვილი, მიგემართათ ევროსაბჭოსთვის, როგორც "ნაციონალური" რეჟიმის ყოფილ პოლიტპატიმარს? 



- არ მინდა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომელიც გაწბილებული დარჩება, ვხედავ ქვეყანაში ვითარებას, როცა მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებული სამართლიანობის აღდგენით. დღევანდელ და წინა ხელისუფლების ზოგიერთ წევრს აწყობს, რომ ხმამაღლა არ თქვას, კობა ნარჩემაშვილის მიმართ გამოყენებული იყო აშკარად უკანონო პატიმრობაო, მე მართლა პოლიტიკური ნიშნით ვიყავი დაკავებული. ამ საკითხის წამოწევა არ არის მომგებიანი მათთვის, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები ჩვენ ძალიან დაგვაზარალებს. დღევანდელი ხელისუფლება არ ეუბნება "ნაცმოძრაობას", შე დალოცვილო, წინა ხელისუფლების მინისტრები რომ დაიჭირე, ეს არ იყო პოლიტიკური დევნა და ამ ხალხს მკვლელობები ედებათ ბრალად და ტეხენ განგაშს, პოლიტიკური დევნააო... მე ბრალად წამიყენეს, თურმე მომწამლავი გაზის შემოტანა მინდოდა, თუმცა ფაქტი ვერ დამიდასტურეს. ეს ხომ აშკარა და კლასიკური პოლიტიკური დევნის ფაქტია... 



- თქვენ რატომ არ დაიხიეთ უკან, როგორც ეს უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გააკეთა? ბოლომდე იდექით პრინციპულად და მეტიც, ერთადერთი ძალოვანი მინისტრი იყავით, ვინც სააკაშვილს მოუწოდებდა, კონსტიტუციური გზით ემოქმედა. მას წიხლიც კი ჩააზილეთ, როცა შეტევაზე გადმოვიდა... 



- მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით მინისტრებს, რატომღაც, ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, თუკი შევარდნაძე წავიდოდა და სააკაშვილი მოვიდოდა, ისინი შეძლებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში ძალაუფლების შენარჩუნებას. მე მათ ვუთხარი, თქვენ იცოდეთ ერთი რამ, როგორც კი სააკაშვილი მოვა, თქვენ არა მარტო თანამდებობების დატოვება მოგიწევთ, შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეთ, ამის არ სჯეროდათ. ამიტომ ისინი ტაქტიკურ მანევრირებას ამჯობინებდნენ. საბოლოო ჯამში, გამართლდა ჩემი პროგნოზები. ასეთ გარიგებაში შეუძლებელი იყო, შევსულიყავი, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან შემოთავაზებები იყო. 



- ჰგავს თუ არა 2014 წლის ნოემბერი 2003 წლის ნოემბერს? 



- დღეს "ნაციონალები" მეტად დაფინანსებულები არიან, აქვთ მეტი საერთაშორისო კავშირები დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, ჰყავთ მეტი გულშემატკივარი, მაგრამ მათ აღარ ჰყავთ ხალხი... ხალხმა კარგად გააცნობიერა, რა არის "ნაციონალური მოძრაობა", ერთი რაღაც მინდა ვთქვა, როცა საზოგადოება ლაპარაკობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ეს ასე არ არის. პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული არასამთავრობო სექტორზე, მედიასაშუალებაზე და თავად ამომრჩეველზე. რასაც ტელევიზიებით ვუყურებ, ეს არის გაუსაძლისი. ამას წინათ, "რუსთავი 2"-ზე გიორგი გაბუნიას ტოქშოუს ვუყურებდი, სადაც ახალაიას მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავდა მიწვეული, ხალხო, სანამ პირდაპირ ეთერში ადამიანს არ მოკლავენ, მანამდე ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება? ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ჟურნალისტებმაც უნდა გაიაზრონ, "რუსთავი 2"-ს დაწყებული აქვს იმ გზით სიარული, რა გზაც 2003 წელს აირჩია და შედეგად რევოლუცია დააყენა, მაგრამ "რუსთავი 2"-ს ავიწყდება, რომ მაშინ სხვა ვითარება იყო. სულ რომ ქვეყანა დაიქცეს და ეს ხელისუფლება აბსოლუტურად ქმედითუუნარო აღმოჩნდეს, "ნაციონალები" ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან გადამწყვეტ როლს ხალხი თამაშობს. საზოგადოების უმრავლესობა დღეს შეიძლება კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თანაუგრძნობს "ნაციონალურ მოძრაობას", მეტიც, ამ პროცესმა შეიძლება იმპულსი მისცეს სამოქალაქო დაპირისპირებას, რისი ნიშნებიც უკვე გაჩნდა. მე და ჩემნაირი ადამიანები დავუპირისპირდებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს რევანშისტული ძალა, აღარ მობრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაცაა უზარმაზარი განსხვავება 2003 წლის ნოემბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის, თუკი მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყურებოდა როგორც რომანტიკული ძალა და მათი დაპირება ხალხისთვის იყო მისაღები, ამ ძალას ნიღაბი ჩამოეხსნა და მათი რეალური სახე ყველამ კარგად დაინახა. დღეს არსებობს არასამთავრობოების დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთ ამოცანად იხილავენ "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებას, მე ამ საზოგადოების წევრი ვარ და მაინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან იღებენ ფულს, ისევე როგორც მაინტერესებს, ხელისუფლება რაში ხარჯავს ჩვენს ფულს. მაინტერესებს, რა მოტივებით, ვისი დაფინანსებით ხდება ის, რომ გვილანძავენ ეროვნულ ფასეულობებს, როგორც სახელმწიფო მივიდა ევროპულ სტანდარტამდე მოსმენებთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ შს სამინისტროს არ შეეძლება, განახორციელოს მოსმენები, ასევე მინდა სახელმწიფომ დამანახოს, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მინდა ვიცოდე, ვინ არიან ის ადამიანები, დღე და ღამე ჭკუას რომ მასწავლიან. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს რეგულაციის მექანიზმი, მახსენდება ერთი ფაქტი, იყო ასეთი: არასამთავრობო ორგანიზაცია "მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია", რომელზეც დიდი საქმე იდო შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან იდგა ვანო მერაბიშვილი და ამ ორგანიზაციის საშუალებით მილიონები იყო გათეთრებული. მაშინაც არასამთავრობოებს ქმნიდნენ, დასავლეთიდან იღებდნენ გრანტებს, მაგალითად, მგლების აცრასა და ჭაობების დაშრობაში. ამ მიზნისთვის გამოყოფილი იყო 50 მილიონზე მეტი, ეს საქმე, რა თქმა უნდა, ახლა გამქრალი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ არის ხალხი, ვისაც რაღაცები შენახული აქვს. ასე რომ, აუცილებლად გასათვალისწინებელია არასამთავრობოების ფაქტორი. ხალხმა უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაციის უკან ვინ დგას, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესები იკვეთება, რა მიზანს ასრულებენ ისინი, ეს ჩვენი უფლებაა. "ნაციონალურ მოძრაობას" დღემდე არ სჯერა, რომ ხელისუფლებაში არ არიან, მათი ზრახვები უკავშირდებოდა ხელისუფლებაში ყოფნის უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, არადა იყო შანსი, ეს ხალხი პოლიტიკურ ცხოვრებას დამშვიდობებოდა, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია. ამის მაგალითია ჩილე, როცა იქ რეჟიმი გასამართლდა. ვფიქრობ, საზოგადოებამ დროზე ადრე შევწყვიტეთ იმ პრობლემებზე საუბარი, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა", მათ პერიოდში უმძიმესი ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები... ამიტომ არის, რომ დღეს "ნაცმოძრაობა" ბედავს და გვიანონსებს 15 ნოემბრის აქციას. პრინციპში, დღეს ხელისუფლება თავისივე შეცდომის ტყვეა. სხვათა შორის, სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება სააკაშვილმა კატაკლიზმების გარეშე დატოვოს თანამდებობა? როცა მის ბოლო გამოსვლას ვუსმინე, ვხვდები, რომ ამ მიმართულებით მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ხალხის რისხვას. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ რევოლუცია არ იქნება. 



(წყარო:გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნინო სამხარაძე ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016