ძვირფასო მკითხველო, გახსოვთ, ალბათ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, რომელმაც ორიოდე წლის წინათ არათუ საქართველო, არამედ ლამის ნახევარი მსოფლიო აალაპარაკა. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტოგრაფების საქმეს, დღესაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დადებული „საიდუმლო გრიფი" ადევს! როგორც ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ამბობს, გაჩუმებას არ აპირებს და ამჯერად ასავალ-დასავალის" საშუალებით მიმართავს ხელისუფლებას:
- არ ვმალავ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, „ქართული ოცნების" გვერდით დავმდგარიყავი. თავდაუზოგავად ვიბრძოდი სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ამისთვის არც თანამდებობა მომითხოვია და არც ჩინ-მედლები. ვიბრძოდი იმიტომ, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო! ადამიანმა შეიძლება შიმშილი და გაჭირვება აიტანოს, მაგრამ უსამართლობას ვერასოდეს შეეგუება! დიახ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის უსამართლობა საკუთარ კისერზე ვიწვნიეთ, ყველანი სულში ჩაფურთხებულნი ვართ და, ალბათ, კიდევ უფრო უარეს, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე არ დავამტკიცებთ. ამიტომაც ვითხოვთ ასე დაჟინებით, ჩვენს საქმეს „გრიფით საიდუმლო" მოეხსნას!
- კარგა ხანია, ითხოვთ ამას, თუმცა, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს დღემდე სააკაშვილის მიერ დადებული აკრძალვა ადევს! როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ამ საქმეს თავის დროზე გრიფი იმიტომ დაადეს, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამბავი დაემალათ. იმ სტენოგრამაში, რის გამოც დაგვდეს ბრალი, რაღაც მნიშვნელოვანი წერია, რომელიც, ჩემი ვარაუდით, თავდაყირა დააყენებს ბევრ რამეს. ის, რომ დღემდე ვერ ხერხდება გრიფის მოხსნა, აძლიერებს ეჭვს, რომ ვიღაც კიდევ მფარველობს ნაციონალებს, კონკრეტულად კი მიშა სააკაშვილს. პირდაპირ ვამბობ, თუ ჩვენს საქმეს გრიფი არ მოეხსნა, დიდი უსამართლობა იქნება! იმ აღიარებითი ჩვენებების გარდა, რომელიც გაუპატიურების მუქარით მოიპოვეს ჩვენგან, არაფერი ვიცით, კიდევ რა სიბინძურე დევს ამ საქმეში. საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, როგორ და რანაირად ითითხნებოდა ფოტოგრაფების ე.წ. საქმე, რისი დამალვა, სურდა სააკაშვილს და რატომ იძია შური უდანაშაულო ადამიანებზე?
ჩვენ ციხეში კი არა, პრაქტიკულად „კონცლაგერში" ვისხედით, სადაც ყველას ერთი ტექსტით გველაპარაკებოდნენ - 30 წელი კიდევ ვიქნებით ხელისუფლებაში და ვერასდროს მიაღწევთ სამართალსო. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას და ხელისუფლებას: მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლება მილიონობით ლარს უხდიდა ლობისტურ კომპანიებს, რომ თავისი დანაშაული გაეპრავებინათ, ჩვენ, ფოტოგრაფებმა, რამდენიმე სურათით ჩამოვხსენით ნიღაბი და გავაშიშვლეთ სააკაშვილის რეჟიმი. მათ მიერ გადახდილი მილიონები ჩვენს მიერ გადაღებულმა რამდენიმე ფოტომ გადაწონა! აი, ეს არ გვაპატია სააკაშვილმა! მესმის, ძალიან დიდი ტვირთი აწევს დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ამ საქმის გამოძიება ღირსების საქმეა!!!
- მაშინ, როცა სამართლის აღსრულებას ითხოვთ, ნაციონალები 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან...
- ყველა იმ კაცის დედა ვატირე, ვინც 15 ნოემბერს ნაციონალების დაგეგმილ აქციაზე მივა! თუ საკუთარ ტყავზე არ გამოგიცდიათ ნაციონალების „გენიოსობა" და „სამართალი", ის ლოზუნგები მაინც გაიხსენეთ, რითაც ეს გარეწრები 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდნენ - „ყველანი ციხეში", „სულს ამოგხდით", „ორი გვამი და პრემია დიდია" - დიახ, ვინც ამ ლოზუნგების ავტორებს მხარს დაუჭერს, ყველას დედა ვატირე! საბედნიეროდ, ბევრნი არ არიან, მაგრამ, საუბედუროდ, ბევრი ფული აქვთ და შეუძლიათ გაჭირვებული ხალხის მოსყიდვა. სანამ ამ ქვეყანაში არის გაჭირვება, ხალხს შია და ხვალინდელი დღის გათენების ეშინიათ, არ არის გამორიცხული 15 ლარის გამო მიტინგზე გავიდნენ. ნაციონალები ყველაფრის მკადრებლები არიან! რახან ციხეში წამების ცნობილმა კადრებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი მათ ხელისფლებაში პარპაშს, თავდაპირველად მცდელობა ჰქონდათ, სწორედ ციხიდან აერიათ სიტუაცია. ნაციონალების მიერ ჩატოვებულმა მსტოვრებმა 30-40-ათასლარიანი პრემიები გამოიწერეს, მაგრამ რატომღაც ხელისუფლება ამ საქმით არ დაინტერესებულა. აი, შედეგიც! ახლა, ნაციონალები ცდილობენ, 15 რიცხვში 15 ლარად გაფართხალდნენ და „ხუთოსნები" გამოიყვანონ. იმ ადამიანებზე თავზე ხელის გადასმამ, რომლებიც თავის დროზე მერაბიშვილების, ახალაიებისა და სააკაშვილების სადღეგრძელოს მაგიდაზე შემომდგარნი სვამდნენ, აქამდე მიგვიყვანა!
მსოფლიოში ყველაზე მძიმე მუხლით ვიყავით გასამართლებულნი და ბოლომდე ვიბრძოლებ! 20 წელი, მეტიც, მთელი ცხოვრებაც რომ დამჭირდეს, არ მოვეშვები, სანამ სიმართლე ბოლომდე არ გაირკვევა. მე რომ 2008 წელს ომში წინა ხაზზე ვიდექი და რეპორტაჟებს ვიღებდი, ეს ნაძირლები ბარგს ალაგებდნენ და წითელი ხიდისკენ გარბოდნენ. ხელისუფლებამ რომც აპატიოს, მე არასოდეს ვაპატიებ ნაციონალებს ამას!
- „გრიფით საიდუმლოს" მოხსნა პრეზიდენტის ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, საჯაროდ მიმართოთ გიორგი მარგველაშვილს?
- ჩვენ კი არა, სიმართლეს, სამართლის აღსრულებას დაუჭირეთ მხარი! ახსენით „გრიფით საიდუმლო" ფოტოგრაფების საქმეს და საბოლოოდ დამთავრდება სააკაშვილი! კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გრიფი არ აეხსნა ამ საქმეს, სამართალი ვერ იზეიმებს! ეს არამხოლოდ, ფოტოგრაფების, არამედ ხელისუფლების, ქართველი ერის ღირსების საქმეა.
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"