reportiori.ge - ვინ შეუერთდება ოპოზიციაში გადასულ ირაკლი ალასანიას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:36
პრეს-დაიჯესტი
ვინ შეუერთდება ოპოზიციაში გადასულ ირაკლი ალასანიას?
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 21:18


ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ „ქრონიკასთან" ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი და იურისტი ვალერი გელბახიანი აცხადებდა, რომ ირაკლი ალასანიას თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა, უარეს შემთხვევაში დაიჭერდნენ, ხოლო უკეთეს შემთხვევაში მას პოსტიდან გადააყენებდნენ, მაშ ასე, ახლა მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებს? „ქრონიკის" კითხვებს ვალერი გელბახიანი პასუხობს.


- ის მოსაზრებები, რომელიც კულისებიდან იღებდა სათავეს, რეალობად იქცა. კოალიციაში დაპირისპრება გადავიდა ღია რეჟიმში, კონფლიქტი, რომელიც სახეზე გვაქვს კოალიციის შიგნით,  უკვე მითქმა-მოთქმის საგანი არ არის, არამედ რეალობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში პოლიტსაბჭო ინიშნება კოალიციის შიგნით არსებულ პარტიებში, ყველა ცდილობს, რომ განსაზღვროს დამოკიდებულება ალასანიასთან მიმართებაში, ასევე „ოცნებასთან" მიმართებაში. ალასანია არ გახლავთ ის ფიგურა, რომელიც მხოლოდ ჩინოვნიკია, როგორიც, მაგალითად, იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, რომელსაც ზუსტად ანალოგიური რამ გაუკეთეს, იქაც შესყიდვებზე იყო ლაპარაკი, იმას ერქვა „ტრაქტორების საქმე", ამას ჰქვია „კაბელების საქმე". თუმცა, ალასანიას შემთხვევა განსხვავებულია კირვალიძის შემთხვევისგან, აქ ჩვენ უფრო პოლიტიკურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ მინისტრ ალასანიასთან და მისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.


- როგორ ფიქრობთ, ალასანიას პრემიერი გადააყენებს პოსტიდან თუ თავის ნებით წავა?

 

- როგორც ალასანიას განცხადებიდან ჩანს, ის თავისი ნებით არ გადადგება. ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ირაკლი ალასანია კირვალიძის შემთხვევა არ არის, რომ კირვალიძე იყო ჩინოვნიკი მინისტრი, ალასანია გახლავთ პარტიის ლიდერი, კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავდროულად ლიდერი, რომელსაც მთავრობაში წამყვანი სამინისტროების ოთხი პორტფელი აქვს, პარლამენტში უკავია საკვანძო თანამდებობები, როგორც ვიცესპიკერის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეების, ჰყავს თავისი სადეპუტატო კორპუსი. ასე რომ, ალასანიაზე ასეთი წკიპურტებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ, რომ დატოვოს თანამდებობა. ალასანია უნდა გაათავისუფლოს ღარიბაშვილმა ბრძანებით. აი, ეს განთავისუფლება როგორ მოხდება, მე მაგალითად წარმომიდგენია ორი გზით, პირველი - წაუყენონ ბრალდება და ამ გზით გაათავისუფლონ და მეორე - მოხდეს კოალიციის დაშლა, მთავრობის რეფორმირება ხელახლა და პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცება.


- ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური კრიზისის ნიშნებია, რაც ხდება?

 

- ნიშნები კი არა, ეს არის ჩამოყალიბებული, კლასიკური პოლიტიკური კრიზისი...


- კი მაგრამ, ღარიბაშვილი ამ ნაბიჯზე წავა, რომ ირაკლი ალასანია თავისი განცხადებით გაათავისუფლოს მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პირდაპირ აცხადებს, რომ ის კმაყოფილია თავდაცვის მინისტრის მუშაობით, იგივეს ამბობს შვეიცარიის საელჩო, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები ღია მხარდაჭერას უცხადებს მას და თუ ღარიბაშვილი გაათავისუფლებს ალასანიას, პრობლემები არ შეექმნება ამ ხელისუფლებას?

 

- ნათელი იყო, რომ ალასანიას მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებლად იქნებოდა. არავინ იფიქროს, რომ საქართველოში თავდაცვის სფერო უყურადღებოდ იყო მიტოვებული დასავლეთის მხრიდან, პირიქით, ეს არის ძირითადი ხაზი, რომელსაც პრაქტიკულად ამერიკელები მართავენ... რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის სტაბილურობის გარანტიაა ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის სფერო და როცა თავდაცვის სფეროს კორუფციულ სისტემაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა, მაშასადამე, ბრალდება ამერიკელების მისამართითაც არის, რომ ისინი ირიბად, მაგრამ მაინც არიან ამ კორუფციაში გარეულნი. რა თქმა უნდა, ისინი ასეთ ბრალდებას არც პირდაპირი და არც ირიბი გზით არ მიიღებენ და შეეცდებიან, ბოლომდე დაიცვან თავდაცვის უწყების ინტერესები, მათ შორის იმ პიროვნების, ვინც მათთან ნდობაში იმყოფება, კონკრეტულად კი, ალასანია. ირაკლი ღარიბაშვილმა რომ ალასანია გადააყენოს, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, მოუწევს პრემიერ ღარიბაშვილს ახალი მთავრობის ფორმირება და პარლამენტში მისი შეტანა. რა თქმა უნდა, ალასანია აღარ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას და ის დაიკავებს მოწინააღმდეგე პოზიციას, გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში ირაკლი ალასანია პარლამენტში მარტო არ აღმოჩნდება.


- ნიადაგი მომზადებულია, ის ნამდვილად არ აღმოჩნდება მარტო... ჩვენ ამაში დაგვარწმუნა დავით ბერძენიშვილის განცხადებამ: „იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლების შიგნიდან უკვეთდნენ ალასანიას კრიტიკას, დღესაც არსებობენ ადამიანები ხელისუფლებაში, ვინც „რესპუბლიკელებსა" და ალასანიაზე კრიტიკას უკვეთენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს აქებენ. არის თუ არა პირდაპირი გზავნილი, რომ კოალიციაში დიდი განხეთქილებაა, ალასანია, რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი" შესაძლოა, ერთ ორბიტაზე ვნახოთ? შეგახსენებთ, რომ „ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა და ირაკლი ალასანია, გარდა იმისა, რომ ნათესავები არიან, ჯერ კიდევ ივანიშვილის გამოჩენამდე კონსულტაციებს მართავდნენ და ისინი თანამოაზრეებიც არიან...

 

- მე კიდევ გიმეორებთ, ალასანიას მოხსნის შემდეგ აშკარა ხდება მისი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებისგან გამიჯვნა. მას გაჰყვებიან თავისი მინისტრები და დადგება ახალი მთავრობის ნდობის საკითხი, ეს მთავრობა კი უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტი კი ან წარადგენს, ან - არა ამ მთავრობას... თუ წარადგენს, ალბათ, იმ კონსულტაციების საფუძველზე, აქვს თუ არა ასეთ მთავრობას მხარდაჭერა პარლამენტში. პარლამენტში დაითვლება ხმები, მიიღებს თუ არა ახალი მთავრობა მხარდაჭერას, შესაძლოა არც კი წარადგინონ ღარიბაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თუკი არ იქნება პარლამენტში საკმარისი ხმები, მაგრამ, თუ მაინცდამაინც ასე მოხდება, არა მგონია, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურა დამტკიცებული იქნეს პარლამენტში მის მთავრობასთან ერთად. ის, რაც ხდებოდა ალასანიას გარშემო, რასაც ვწერდი თქვენი გაზეთის მეშვეობით, თუ მე და თქვენ ვიცოდით, ალასანიამაც კარგად იცოდა და ის იმყოფებოდა მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ როდის, აი, ამ დროის დადგომას ელოდებოდა...


- ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ირაკლი ალასანიასთან კითხვები, მან საკმაოდ დიდი ფული გადაურიცხა ზუგდიდში არჩევნების დროს ირაკლი ალასანიას შტაბს, რომელიც, სამწუხაროდ, დამარცხდა როლანდ ახალაიასთან, თუმცა ირაკლი ალასანიამ ვერ დაასაბუთა, სად წაიღო მილიონები და რატომ დამარცხდა როლანდ ახალაიასთან...

 

- ამ კითხვაზე ბატონმა ბიძინამ პასუხი ვერ მიიღო და რა თქმა უნდა, იყო ძალიან განაწყენებული, მაგრამ ეს არც დაუმალავს ივანიშვილს, ეს არ იყო კულისების ჭორი, გაცხადდა ღიად, თუმცა მე როგორც ვიცი, ალასანიამ ანგარიში წარადგინა და ამის შესახებ დამატებით კომენტარს არ იძლევა. ალასანიას ერთადერთი დასჯა იყო ის, რომ ვიცე-პრემიერობის პოსტს ივანიშვილმა ჩამოაცილა.


- ამ პარლამენტის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოიყენა მისი უფლება და მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. რამდენად აუცილებელი იყო ამ ნაბიჯზე წასვლა წინასწარი კონსულტაციების გარეშე?

 

- ახლა მოდით ვთქვათ, რას დაადო პრეზიდენტმა ვეტო, პრეზიდენტი რომ არ არის ის სტანდარტი, რასაც მისგან მოელიან, ეს გამოჩნდა მის არაერთ განცხადებაში. არც პლასტელინია და არც მარიონეტი, პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით თავისი სამოქმედო არეალი აქვს, მას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ამ პატარა არეალშიც კი პოლიტიკურმა შეზღუდვებმა დაიწყო მუშაობა. ცხადია, თავი იჩინა კონფლიქტმა, მაგრამ ეს ღია დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, თუმცა პრეზიდენტმა გამოავლინა ნება, რომ ის არავის დაკრულზე არ იცეკვებს. როცა ბალანსს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი ვალდებულია, ბალანსი შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ისარგებლა საზოგადოებრივი აზრის სასარგებლოდ და გამოიყენა ვეტო. ეს ტოტალური მოსმენები, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში იქცა პოლიციური მუშაობის შედეგად, ამან ქვეყანას უდიდესი ზიანი მოუტანა არა მარტო ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით, არამედ ათიათასობით ადამიანის უკანონო განაჩენები დადგა და დღეს, როდესაც მოდის ახალი ხელისუფლება, იმ უკანონობასაც ვეღარ ასწორებს, იმიტომ, რომ კანონიერ ძალაშია ეს უკანონობა შესული. ამიტომ ამის გაგრძელება არ შეიძლება. ტოტალური მოსმენების სისტემა დასანგრევია და ამის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. ახლა ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა შევინარჩუნოთ ძველი სისტემა, რადგან ქვეყნის შიდა ინფორმაციები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება. დიდი ბოდიში, თუ მე გამანადგურე, სულ არ ვწუხვარ იმას, ვის ჩაუვარდება ინფორმაცია. ამიტომ, პრეზიდენტს ჰქონდა ადამიანური პოზიცია და თქვა, არა, ბატონო, რაც იყო ძველად, ის აღარ იქნება, უნდა დაინგრეს ძველი მეთოდური სისტემები და შეიქმნას ახალი, თუ ალტერნატივა იქნება შეთავაზებული, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული, ხოლო რაც წლების მანძილზე მუშაობდა, ის უნდა დაინგრეს. შეგახსენებთ, რომ წლების წინათ მოსმენების სისტემა საერთოდ არ არსებობდა, რადგან არ არსებობდა მობილური ტელეფონები, მაგრამ პოლიცია მუშაობდა.


- განვითარებულ ქვეყნებში მობილურ ოპერატორებს აქვთ მოსმენის უფლება? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაზვერვის სამსახური ახორციელებს მოსმენებს.

 

- პრეზიდენტმა ბუშმა გამოსცა სპეციალური აქტი მოსმენების თავისუფლებაზე და დააწესა შეზღუდვები იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების ნიხრებში შედიოდა, ამაზე დიდი ამბები ატყდა ამერიკაში, მოიკვლიონ ბუშის პერიოდი. მერე აიხსნა, რომ მხოლოდ იმ კატეგორიებზე იქნება ეს, სადაც შეეხება თავდაცვის სფეროს და არა სამოქალაქო სექტორს, აქ სამოქალაქო სექტორზეა ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რომ ყველას გვისმინონ. ვინ არის დაზღვეული, რომ ჩემი და თქვენი საუბარი არ ჩაიწერონ, არ დაამონტაჟონ და არ თქვან, რომ ამათ სახელმწიფოს გადატრიალება უნდოდათ, როგორც ეს ხდებოდა წინა რეჟიმის დროს... როცა სააკაშვილი იღებდა საპროცესო კოდექსს, პარლამენტში პროკლამაციები გავავრცელე და მოვუწოდე, ხმას ნუ მისცემენ, თორემ ეს აქლემი თითოეულის კარზე ჩაიჩოქებდა. სამწუხაროდ, ამ კანონს მაშინ ყველამ ხმა მისცა, მაგრამ როცა ეს კანონი ამუშავდა, ყველა პარლამენტარის ოჯახის წევრებზე გაიარა მაშინდელმა ტერორმა. როცა ეს დეპუტატები მხვდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. ასე რომ, დეპუტატმა უნდა გააცნობიეროს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ამ კანონს დაუჭერს მხარს, მხარს უჭერს საკუთარი თავის წინააღმდეგ, როცა მოსმენის ნებართვას აძლევს მხოლოდ პოლიციის ორგანოს.


- და მაინც, ალასანიას თემით დავიწყეთ და ამ თემით დავასრულოთ... გაბრაზებულმა ალასანიამ რა შეიძლება მოიმოქმედოს?

 

- გაბრაზებული ალასანია წააგებს და ჭკვიანი ალასანია ამ პროცესებს იგებს ბოლომდე, დაიჭერენ - იგებს, ვერ დაიჭერენ - მაინც იგებს, პოსტიდან გადააყენებენ - მოგებულია, არ გადააყენებენ - მაინც მოგებულია... დამიჯერეთ, ყველა ფორმულა მის სასარგებლოდ მუშაობს. თავის დროზე პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ის თავდაცვის მინისტრი გახდა, მაგრამ დადგა დღის წესრიგში მისი პოლიტიკური გააქტიურების საკითხი, ის დასავლეთს ამ ნაბიჯით აჩვენებს, რომ შეუძლია, დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. ამით აფიქრსირებს ამბიციას, რომ ის მზად არის მომავალში თვითონ იყოს მთავრობის მეთაური და თავად შექმნას ახალი ხელისუფლება. თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების დაკავება ღარიბაშვილისთვის წამგებიანი პროცესი იყო. ალასანიას ასე მტკივნეულად არ უნდა შეხებოდა, პრემიერის ამ ნაბიჯს ალასანიას პოპულარიზაცია არ უნდა გამოეწვია. როგორც ჩანს, ეს პოლიტტექნოლოგია მთავრობას არ აქვს. თუ ალასანია ოპოზიციაში გადავიდა, აუცილებლად დააფინანსებენ ამერიკელები. მე ვფიქრობ, რომ ალასანია მარტო არ დარჩება, მას შეუერთდებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები და დაიწყება ის პროცესი, რაც ჩვენ ვხილეთ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლამდე.


- ვინ შეუერთდება არასაპარლამენტო ოპოზიციიდან? ნინო ბურჯანაძე და ალასანია ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან, ალასანიამ „მეორეხარისხოვანი ქართველები" ეძახა 26 მაისს ბურჯანაძის აქციაზე მისულ მომიტინგეებს.

 

- კუკავა ნამდვილად შეუერთდება, „ლეიბორისტები" შეურთდებიან და კიდევ ბევრი... რაც შეეხება სხვა კოალიციაში არსებულ სუბიექტებს - „ეროვნულ ფორუმს" და „რესპუბლიკურ პარტიას", ეს უკვე პოლიტიკური მოლაპარაკების საკითხია. „რესპუბლიკელები" რომ ღარიბაშვილს მხარს არ დაუჭერენ, ეს ცხადია, მაგრამ ალასანიას ნავში ჩასხდებიან თუ არა, ამას მათ შორის გამართული კონსულტაციები გადაწყვეტს. თუ აიძულებენ ალასანიას, ის გამოვა ქუჩაში და ნუ იფიქრებთ,რომ ქუჩის აქციები მას არ გამოუვა. არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ქარიზმა, მაგრამ, როცა უკვე მიტინგები დაიწყო და იძულებული გახდა, გამოსულიყო, კიდეც აიღო ლიდერის ფუნქცია და გამოუვიდა.


- თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი ალასანია ოპოზიციაში გადავიდა და ქუჩის აქციების გზით წავიდა, ამას „ნაციონალების" გარეშე გააკეთებს?

 

- რა თქმა უნდა, ალასანია შეეცდება, ეს „ნაციონალების" გარეშე გააკეთოს, მაგრა თუკი ალასანიას აიძულებენ, ის იძულებული გახდება, ქუჩაში გავიდეს და თუ ხალხის მხარდაჭერა მიიღო, აღარ დასჭირდება „ნაციონალები"...


ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016