reportiori.ge - სულხან მოლაშვილი: დღეს გვყავს ძალიან კარგი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:52
პრეს-დაიჯესტი
სულხან მოლაშვილი: დღეს გვყავს ძალიან კარგი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი
ავტორი:
04 ნოემბერი, 2014. 21:44


სულხან მოლაშვილი: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კუბლაშვილი არღვევდა კონსტიტუციას... სწორედ ამიტომ არის საჭირო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მან იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა!"


„სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", - ამ სახელწოდებით საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 წლის განმავლობაში იხილავდა. რამდენიმე დღის წინ კი საბოლოო ვერდიქტიც გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა მხარეთა შორის მორიგება, რითაც საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ევროკონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. ხელისუფლებამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ საფუძვლიანად გამოიძიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი და ზიანის ანაზღაურების სახით უახლოეს სამ თვეში 20 ათას ევროს გადაუხდის.


იურისტები განმარტავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი საფუძველია, რომ მიხეილ სააკაშვილს სულხან მოლაშვილის საქმეზე ბრალი წარედგინოს. ამ პოზიციას იზიარებს თავად სულხან მოლაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ნების შემთხვევაში, სააკაშვილის ბრალეულობის დადასტურება ძნელი არ იქნება. „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებებს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც უყენებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.


გთავაზობთ ინტერვიუს სულხან მოლაშვილთან:


- ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია ევროპული კონვენციის 4 ძირითადი მუხლი, ესენია: წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ნაწილში ევროსასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, საქმე გამოიძიოს და დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. ასევე, დადასტურდა, რომ ჩემი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან მაშინდელი მაღალჩინოსნები - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი, გამუდმებით იმეორებდნენ მოსაზრებას, რომ თითქოს მე ვიყავი დამნაშავე და ვიმხილებოდი კორუფციულ გარიგებებში. სააკაშვილმა ნაციონალური ტელეარხებით გამოსვლისას ორჯერ დამდო ბრალი და დამემუქრა, რომ ის ციხიდან არაფრის ფასად არ გამიშვებდა, რაც ჩაითვლა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, ისევე, როგორც კოტე კუბლაშვილის განცხადება, რომელიც გაზეთ „ხვალინდელი დღის" 2005 წლის 21 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია, მოწმეები იძლევიან სწორ ჩვენებასო. რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა შემდგომში ინსტანციების გაგადწყვეტილებებზე. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდოარე წინასწარ ეუბნება მოსამართლეებს, რომლებსაც უნდა განეხილათ ჩემი საქმე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია და მას წყალი არ გაუვაო, ეს უკვე ნიშნავს პირდაპირ მითითებას, რაც ევროსასამართლომ მიიჩნია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. ერთი მხრივ ეს არის მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა, მეორე მხრივ, მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და რაც მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულება. კონსტიტუციის დარღვევა, ისეთი თანამდებობის პირის მიერ, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამ უკანასკნელის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება.


- ანუ შესაძლებლად მიიჩნევთ პარლამენტის მიერ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებას?

 

- ყველა ნორმალურად მოაზროვნე იურისტი გეტყვით, რომ, თუკი მოსამართლემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს ხდება მისი იმპიჩმენტის საფუძველი. იმის მიუხედავად, დადგება თუ არა ეს პროცედურა დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტში, არსებობს მორალური პასუხისმგებლობა. როდესაც ევროპის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი სასამართლო ადგენს ამ ნორმის დარღვევას, ცოტა სინდისმა უნდა შეაწუხოს და იმპიჩმენტის პროცედურას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ საკუთარი ნებით გადადგეს თანამდებობიდან.


- თუმცა იმპიჩმენტი რომ დაიწყოს პარლამენტმა, ეს დროში მაინც გაიწელება... თებერვალში კი უოტე კუბლაშვილს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა...

 

- თანამდებობაზე ყოფნის ერთი დღეც რომ ჰქონდეს დარჩენილი, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს მისი გადადგომა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კუბლაშვილი თურმე 10 წლის წინაც არღვევდა კონსტიტუციას, თან ეს ხდებოდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვითარება იქნებოდა იმ ადამიანების საქმეებთან დაკავშირებით, რომელსაც არ მოჰყოლია რეზონანსი?! სწორედ ამიტომ არის საჭირო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა კოტე კუბლაშვილმა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა. მით უმეტეს ასეთი პრეცედენტები არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. როდესაც მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ გამოჩნდა მაკომპრომეტირებელი მასალები, იმ კაცმა თავი დახარა და წავიდა სახლში. როცა ასეთ დროს გაჯიქდები და არ მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ სკამს ებღაუჭები.


ევროსასამართლომ, ასევე დაადასტურა მე-14 მუხლის დარღვევა, რაც ასევე ურეცედენტო შემთხვევაა. საუბარია პოლიტიკრი ნიშნით დისკრიმინაციაზე. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსებობის მანძილზე დაკავებული იყო ადამიანების პოლიტიკური დევნით, მათი წამებითა და განადგურებით. ამ გზით გაიტანა თავი 9 წლის განმავლობაში.


- ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ გამოიძიებს თქვენი წამების საქმეს... გვახსოვს თქვენი ინტერვიუები, სადაც წამებაში ბრალს სდებდით კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ასახელებდით გიგა ბოკერიას. ფიქრობთ, რომ შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?

 

- საქმე უკვე აღძრულია. მე ვადასტურებ იგივეს, რასაც ვამბობდი წინა ინტერვიუებში. ყველა ამ პირის მიმართ ვინარჩუნებ ანალოგიურ მოსაზრებას. იმედი მაქვს დღევანდელი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსი. საბედნიეროდ, დღეს გვყავს ძალიან კარგი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი. მხოლოდ ამ ორ ადამიანს ვხედავ, რომლებიც რეალურად უჭერენ მხარს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნაციონალური საშინელებების წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთოდ არ მიყვარს თანამდებობის პირების ქება, მაგრამ სწორედ ეს ორი პერსონა მიჩენს იმედს, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა.


- რამდენად რეალურია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე ბრალი წაუყენონ მიხეილ სააკაშვილს?

 

- თუკი იქნება ამ მიმართულების მუშაობა, მზად ვარ, დავდო სათანადო მტკიცებულებები, რომ პროკურატურის ბევრი მაღალჩინოსანი არსულებდა პოლიტიკურ შეკვეთას. პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, ეს პირები მარტივად დაასახელებენ, რომ ამ პოლიტიკური შეკვეთის ავტორი იყო პირადად მიხეილ სააკაშვილი.


- ფიქრობთ, რომ ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის თქვენი სამართლებრივი რეაბილიტაცია?

 

- რა თქმა უნდა.


- ამის შემდეგ ხომ არ აპირებთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას?

 

- ვნახოთ. ეს ხვალინდელი დღის საკითხია. მთავარია, რომ მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგულ პატრიოტად და გულშემატკივრად.


სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ასახულია მოპასუხე მხარის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს საბოლოო პოზიცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა. თეა წულუკიანის უწყებამ ევროსასამართლოში თითქმის მთლიანად დააკმაყოფილა სულხან მოლაშვილის პრეტენზიები, აღიარა ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევა და იკისრა შესაბამისი ვალდებულებებიც, კერძოდ:


„საქართველოს მთავრობა მზად არის, აღიაროს, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის 1(გ) ქვეპუნქტით, მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებითა და მე-3 პუნქტის ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით, ასევე მე-14 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.


მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, ჩაატაროს მომჩივანის წამების ფაქტების სრულყოფილი გამოძიება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად.


მთავრობა სათანადო წესით აღიარებს, რომ მომჩივანს, ბატონ მოლაშვილს ექნება უფლება, სურვილის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს სისხლის სამართლის თავდაპირველი საქმის გადასინჯვა მის მიმართ შერაცხული დანაშაულების ხელახალი გადაწყვეტის მიზნით.


ზემოაღნიშნულისა და მომჩივანის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ ის მზად არის, მომჩივანს, ბატონ მოლაშვილს გადაუხადოს 20 ათასი ევრო მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. ხსენებული თანხის კონვერტაცია ქართულ ლარებში მოხდება გადახდის დღეს მოქმედი გადაცვლის კურსით, ნებისმიერი მოქმედი გადასახადის გარეშე. თანხის გადახდა მოხდება ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში".


ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესრულებას მონიტორინგს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი გაუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილშია საუბარი, სადაც წერია:


„ევროპული საამართლო მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა არსებითად უნდა განვიხილოთ, როგორც მხარეთა შორის მშვიდობიანი მორიგება. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს ამ მშვიდობიანი მორიგების პირობებს, რითაც მნიშვნელობა ენიჭება მთავრობის მიერ მომჩივნის უფლებების აღიარებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს საქმის გადასინჯვა, აგრეთვე, მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მომხდარ ინციდენტის სრულყოფილად გამოძიების თაობაზე.


ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მორიგების პირობების განხორციელებაზე ზედამხედველობა ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის პრეროგატივაა. ევროპული სასამართლო კმაყოფილია იმით, რომ მორიგება ეფუძნება კონვენციით და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებათა პატივისცემას და მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს საჩივრის განხილვის შემდგომი საფუძველი".

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016