საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და პარლამენტის უშიშროების კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენს, ჰოვარდ მაკკეონს, შეხვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ჰოვარდ მაკკეონი, საქართველოში თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და ქართულ მხარეს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზეც ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა, აშშ წარმომადგენლობითი პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და პარლამენტის წევრები შედიან, უკვე გამართა შეხვედრები კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის სამართლებრივ დეპარტამენტში,აგრეთვე – საექსპერტო წრეებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.