reportiori.ge - თავდაცვის ახალი მინისტრი უწყებაში აუდიტს შეიყვანს? - რა საგანგებო მისიით მიავლინა ღარიბაშვილმა ჯანელიძე თავდაცვაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:21
პრეს-დაიჯესტი
თავდაცვის ახალი მინისტრი უწყებაში აუდიტს შეიყვანს? - რა საგანგებო მისიით მიავლინა ღარიბაშვილმა ჯანელიძე თავდაცვაში?
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 22:09


ირაკლი ალასანიას თანამდებობა მინდია ჯანელიძემ ჩაიბარა. ის ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდეობას იკავებდა. დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, 2012 წლიდან კი, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. სამხედრო წოდებით არის ვიცე-პოლკოვნიკი, მიღებული აქვს „ღირსების ორდენი" და ასევე უწყებრივი ჯილდო მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის". ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


ახალ მინისტრს უწყებაში დახვდა „კაბელებისა" და ჯარისკაცების მოწამვლის სკანდალური საქმეები და 11 დაპატიმრებული მაღალჩინოსანი. რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში მინისტრმა? რა მისიით დაინიშნა მინისტრად და რა უნდა მოიმოქმედოს ჯარში საბოტაჟის თავიდან ასაცილებლად?


„ალიას" ესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია:

 

- ბატონო ვახტანგ, შეიცვლება რამე NATO-სთან ურთიერთობაში ალასანიას მოხსნით და ალექსი პეტრიაშვილისა და NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის, ლევან დოლიძის გადადგომით?

 

- გარკვეული ტემპები ევროინტეგრაციის მიმართულებით შენელდება, მაგრამ მთლიანობაში, კურსი შენარჩუნებულია. NATO-ს ახალი გენმდივანი აპირებს საქართველოს პრემიერთან შეხვედრას და შეიძლება შეფერხდეს მოკლე პერიოდის მანძილზე. ბუნებრივია, როცა სტრატეგიული პოლიტიკური ფიგურები გადადგებიან, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს, მაგრამ არა იმდენად, რომ კურსი მთლიანად შეირყეს.


- ალასანია ოვაციებით გააცილეს თანამშრომლებმა. ახალ მინისტრს ხომ არ გაუჭირდება მისი წინამორბედის კადრებთან ურთიერთობა?

 

- მეც მენიშნა ეს მომენტი, მაგრამ არ მგონია, გაუჭირდეს, ერთი მხრივ, თანაშრომლებმა გამოხატეს მადლიერება მინისტრის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მინისტრს ვერ შეეწყობიან. ამ ეტაპზე პირველ რიგში ცუდი რეციდივები უნდა აღმოიფხვრას, თავდაცვის ახალ მინისტრს ამ კუთხით ძალიან რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი.


- მაინც, რას უნდა მიხედოს პირველ რიგში, რა რეციდივებს გულისხმობთ?

 

- საკმაოდ რთული თემაა, იმდენად ბევრი პრობლემაა. უნდა იქნას შესწავლილი, როგორ ვითარდებოდა ამ 2 წლის მანძილზე შეიარაღებული ძალები. თავდაცვის სამინისტრო არ იყო ღია, ის იყო ძალიან ჩაკეტილი. სამწუხაროდ, ამას განაპირობებდა ის, რომ არასამხედრო საქმეებს ედო გრიფი „საიდუმლო" ისე, რომ საჭირო არ იყო.


მინისტრმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს აუდიტი, უნდა შეისწავლონ მიმდინარე ტენდერების საკითხები, რადგან ხმაურიანი საქმე დახვდა ტენდერთან დაკავშირებით, გასარკვევია, რა წერია დოკუმენტაციაში, რა ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. სამინისტრო მუდმივად აწარმოებს შესყიდვებს და აუცილებელია ამ საკითხების შესწავლა. ვფიქრობ, მინისტრი ამას აუცილებლად განახორციელებს იქიდან გამომდინარე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერმა „სილქნეტის" ტენდერის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული მისია, შეისწავლოს არსებული სიტუაცია ყველა რაკურსით, რა რეფორმები ხორციელდებოდა თავდაცვის სამინისტროში, შეესაბამებოდა თუ არა ეს რეფორმები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ტემპებს. ბოლოს და ბოლოს, თავდაცვა ბოლო დროს პიარზე იყო გადასული და ყველაფერი შესასწავლია, რა ხდებოდა სინამდვილეში სისტემაში.


- ალასანია შეხვდა ამერიკის ელჩს, ნორლანდს და ისე დაიშალნენ, რომ არც ერთს არ გაუკეთებია განცხადება, რაზე ისაუბრეს, ხომ არ იცით? ეს უბრალო გამომშვიდობება იყო თუ, სავარაუდოდ, ალასანია ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიებსაც მოითხოვდა ელჩისგან?

 

- გარანტიებზე საუბარი არ იქნებოდა, რადგან, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ნორლანდი უნდა შეხვედროდა და გამომშვიდობებოდა ალასანიას, არანაირ გარანტიებზე არ იქნებოდა საუბარი, თუნდაც იმიტომაც, რომ არ ჩანს, თითქოს ალასანიას რამის ეშინოდეს, ის გადავიდა კიდეც კონტრშეტევაზე, თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში სავსებით დარწმუნებულია. ამიტომ ეს გარანტიები მას არ სჭირდება, რადგან ის საქმეები, რომელსაც იძიებენ... ალასანია თვლის, რომ გამოავლენს იმ ობიექტურ რეალობას, რაც მას წარმოუდგენია. რა იქნება სინამდვილეში, ამას დრო გვაჩვენებს. ალასანიამ ამერიკის ელჩს გააცნო თავისი პოზიცია, მიდგომები და რახან დასავლეთის ექსპერტები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ, ის საქმის კურსში ჩააყენა.


- ე.წ. კაბელების საქმეს დღემდე დიდი კითხვის ნიშნები აზის. შეუძლია თუ არა ახალ მინისტრს, გამარტივებული წესით მოხსნას გრიფი ამ საქმეს და თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, ჰქონდა თუ არა კორუფციულ გარიგებებს ადგილი რეალურად, რომ ალასანიას გუნდის სპეკულაციასაც დაესვას წერტილი და დასავლელმა პარტნიორებმაც შეშფოთება შეწყვიტონ?

 

- რა თქმა უნდა, შეუძლია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, სიმართლე გაირკვეს. მე თუ მკითხავთ, ამ საქმეს გრიფი საერთოდ არ უნდა დასდებოდა. იმდენად დიდ პოლიტიკურ მოვლენასთან მივიდა საქმე, რომ უკვე დროა ამ გრიფის მოხსნა. ეს არ არის ტრაქტორების საქმე, რომელიც არ იყო ამდენად პოლიტიზებული. ეს ეხება შეიარაღებულ ძალებს და ჯართან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს არ იქნება ერთი საქმე, იქნება რამდენიმე და უკვე ცნობილია, რომ ამ კაბელების საქმეში დაპატიმრებული აღმოჩნდა გენშტაბის მაღალი დონის ოფიცერი და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, ეროვნული უსაფრთხოების დონეზეა ასული. უნდა დადგინდეს დამნაშავეები უახლოეს ორ თვეში, ვინმემ შეკერა ეს საქმე თუ რეალურად მოხდა დანაშაული.


- ხშირად ამბობდით ხოლმე, რომ თავდაცვის სამინისტროში „მეხუთე კოლონაა" ჩანერგილი და ეს ხალხი მოსაშორებელია უწყებიდან, მაგრამ ალასანიას დროს მათ გამოსავლენად არაფერი გაკეთებულა, ყოველ შემთხვევაში ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ახალმა მინისტრმა რა უნდა გააკეთოს, რომ მომავალში საბოტაჟს არ ჰქონდეს ადგილი?

 

- მე სულ ვამბობდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში იყვნენ გარკვეული ადამიანები შემჩნეულნი, რომლებიც მოკალათებულნი იყვნენ თანამდებობებზე. ამ დრომდე არ მომხდარა ამ საკითხის წინ წამოწევა და არც იმ ჯარისკაცების რეაბილიტაცია, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების გამო. ეს არის ალასანიას ყველაზე დიდი შეცდომა, არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება, მან ამ მიმართულებით არაფერი არ გააკეთა, არ განახორციელა საჭირო ცვლილებები. რეფორმა უწყებიდან პოლიტიზებული სუბიექტებისგან გასუფთავებას მოითხოვდა და ეს რომ გაეკეთებინა, პოლიტიკურ რისკებთანაც აღარ გვექნებოდა საქმე. ახალი მინისტრი კონტრდაზვერვიდან მოვიდა და მოვუწოდებ მას, რომ, პირველ რიგში, კონტრდაზვერვაში მოკალათებულ არანაკლებ ძლიერ „მეხუთე კოლონას" მიხედოს, რადგან ადვილი შესაძლებელია, თავდაცვის სამინისტროში არსებული ადამიანების მიერ დაგებულ მახეში მომავალშიც გავეხვეთ. მინისტრმა ჯერ მიხედოს სტრუქტურაში მოკალათებულ სისხლის სამართლის დამნაშავეებს და წინა ხელისუფლების გადმონაშთებს, რომლებიც, არავინ იცის, რა დავალებებს მიიღებენ თავისი პატრონებისგან, მათ თავდაცვის სამინისტროში თავისი არსებობით, შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგები მოიტანონ, ვიდრე აქამდე იყო.


ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016