reportiori.ge - რა მოხდა გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
ინტერვიუ
რა მოხდა გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე...
ავტორი:
06 ნოემბერი, 2014. 22:09


„თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია „ქართულ ოცნებას" ტოვებენ, ირაკლი ალასანიამ ნატოს ნიღაბი მოირგო და საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა. სწორედ ირაკლი ალასანიას გუნდი იყო პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრაზე. მისი გუნდის წევრებს ებარათ ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ გვახსოვს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დავა, ვის უნდა მოეწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. თუკი პრემიერ-მინისტრი ოდნავ მაინც ოცნებაში ეწინააღმდეგებოდა დასავლურ გზას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე საკუთარ ფაქსიმილეს არ დატოვებდა. 


რატომ ცრუობს ირაკლი ალასანია და რატომ ცდილობს, სამართლებრივი საკითხები პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვიტოს? რატომ აყენებს პირად პოლიტიკურ ამბიციებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა? რას ნიშნავს მისი მინისტრების დემარში? არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება. რატომ გაავლო ასეთი საბედისწერო წყალგამყოფი მის გუნდსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის? იმალება თუ არა უფრო დიდი დანაშაული ალასანიას პოლიტიკური განცხადებების მიღმა? რატომ აიძულა საკუთარი გუნდი, ხელისუფლების ინტერესი გადაეყოლებინა თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილ კორუფციულ ფაქტებს. გადააყოლოს, მაგრამ, თუკი კორუფციული ფაქტები დადასტურდა, მაშინ გამოდის, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის შერჩენისთვის იბრძვის და უბრალო პოლიტიკური სპეკულანტია, მისი გუნდის წევრები კი თანამზრახველები და დანაშაულის დამფარველები. იქნებ იცის, რომ გამოძიება მასაც მიუკაკუნებს და ამიტომ იძლიერებს პოლიტიკურ იმუნიტეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 5 ნოემბერს სამინისტროდან საპატიო დერეფნითა და ტაშით გამოაცილეს მისმა თანამშრომლებმა? შეიძლება იყო 15-წუთიანი ლიდერი, მაგრამ ვერასოდეს გახდე ერის ლიდერი. ეს უნდა იცოდეს ირაკლი ალასანიამ, რადგან ამის კლასიკური ნიმუში სულ რამდენიმე წლის წინათ მოხდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გადადგა და მას იპოდრომზე გრანდიოზული შეხვედრა მოუწყო საზოგადოებამ, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში მრავალი წერტილი გაჩნდა. პოლიტიკურ დემარშში თავდაკარგულები და გადაკარგულები, - აი, ასეთი იქნება ალასანიასა და მისი გუნდის წევრების უახლოესი პოლიტიკური მომავალი. ალასანიას გუნდის შიგნით აზრთა სიმბიოზი რომ არ არსებობს, ეს დღეს კიდევ კარგად გამოჩნდა. კოალიცია „ქართულ ოცნებას" არ ტოვებს მისი პოლიტიკური გუნდის სამი წევრი - ჯაფარიძე, სამხარაული, გედევან ფოფხაძე და რაც მთავარია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი ალასანიას ცივი წყალი გადაასხა, როცა განაცხადა, არ გადავდგები, ევროპისკენ სვლაში ჩემთვის ხელი არავის არასოდეს შეუშლიაო. წულუკიანმა თავისი განცხადებით, ფაქტობრივად, გააშიშვლა ირაკლი ალასანია, როგორც პოლიტიკოსი და საზოგადოებას დაანახა, რომ მისი განცხადებები ბლეფია ევროატლანტიკური თემით სპეკულირების თაობაზე. 


მაშ ასე, მეფე შიშველია, ალასანიას გაუჭირდება, დაამტკიცოს და თითი დაადოს ხელისუფლებაში პიროვნებას, რომელიც მას ევროატლანტიკური გზისკენ სვლაში ეწინააღმდეგებოდა, რადგან ასეთი უმაღლეს ეშელონებში არ მოიძებნება. დიდი მცდელობის მიუხედავად, თემა პოლიტიკურ ჭრილში გადაეგდო, ალასანიას, როგორც ჩანს, არ გამოუვა, ის ვერ დაჩრდილავს სამართლებრივ პროცედურას. ყველაზე მთავარი კითხვაა, სიმართლე როცა გაირკვევა, ბოლო-ბოლო ვინ გახდება დასაჭერი, ექს-მინისტრი ალასანია, თუ მთავარი პროკურორი? 


ორი დღის მანძილზე, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მართავდა შეხვედრებს მისი გუნდის წევრებთან. 4 ნოემბრის შეხვედრაზე მან დაუნდობლად გააკრიტიკა საკუთარი გუნდის წევრები, ხოლო 5 ნოემბერს პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე, სადაც ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებიც მივიდნენ, ეს შეხვედრა ალასანიასთვის ხერხემალში გადამტეხი აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას უთხრა, შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს, დღეიდან სასამართლოში არკვიე საქმე, შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების" წევრებს მიუბრუნდა ივანიშვილი და ჰკითხა, რატომ ეფარებით და რატომ იცავთ კორუმპირებულ ალასანიას? ეს ფრაზები საკმარისი აღმოჩნდა, ირაკლი ალასანია ამდგარიყო და პოლიტსაბჭოს სხდომა დაეტოვებინა, მისი გუნდის დაბნეული წევრები ცრემლებამდე მისულები აკეთებდნენ კომენტარებს. 


იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც ორი თვის წინ აცხადებდა, რომ ირაკლი ალასანიას დაიჭერდნენ, მაშინ ეს ბევრმა იუმორით აღიქვა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის სამინისტროს უწყებაში ვალერი გელბახიანს ოსტატურად მოუძებნეს სახელი - „ვანგა". გელბახიანმა ფსიქოლოგიურად მოგვამზადა და გვატყობინებდა, რას აპირებდა ხელისუფლება... 

 

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ საბოტაჟთან, ალასანიას გუნდის წევრებმა დატოვეს მინისტრის პოსტები. პროცესის როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? 


- თუ ეს არის პოლიტიკური პროცესი, იურიდიულად გამიჭირდება კვალიფიკაციის მინიჭება, არის თუ არა ეს კლასიკური საბოტაჟი. საბოტაჟის მაკვალიფიცირებელი ნიშანი იურიდიულად ახლაც არის, რაც ხდება, ეს არის სახელმწიფოს დასუსტების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, როცა სახელმწიფო პარალიზდება, თუ ამ მინისტრების მიზანი არის სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზება, რაც ასუსტებს სახელმწიფოს, მაგრამ ეს ცოტა რთული დასამტკიცებელია, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონი მთავრობის უფლებამოსილების შესახებ, სადაც წერია, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, გადადგეს, ეს არის კანონით განსაზღვრული. გადადგომა არის მინისტრის პოლიტიკური უფლება, მოტივს არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომაც ამ შემთხვევაში საბოტაჟზე საუბარი უადგილოა, საბოტაჟი შეიძლება იხმარო პოლიტიკურ ხარისხში და არა იურიდიულ ხარისხში. პოლიტიკურ საბოტაჟს სისხლის სამართლის ცნება არ იცნობს... ამ ქვეყანაში ბევრი რამ ვნახე, გამიჭირდება დითირამბების გამოცხობა ერთი ან მეორე პოლიტიკური მხარის მიმართ, რადგან ჩემთვის ცნობილია, არ ჩაცხრება ეს პროცესი, სხვა სერიოზული მსხვილი ფიგურებიც არიან სამიზნეში, როგორც ვიცი... 


- რა ინფორმაცია გაქვთ და ვინ არიან სამიზნეში? 


- მე მგონი, ერთ-ერთი თანამდებობის პირის მიმართ მალე დაიწყება ანალოგიური პროცესები. 


- ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს გულისხმობთ, რომელიც სააკაშვილის ბიზნესმენებთან აქტიურ ურთიერთობაშია შემჩნეული? 


- არ ვაკონკრეტებ, ეს კახი კალაძე იქნება თუ სხვა, თუმცა კულისებში კორუფციის ნიშნები ჩანს. კახი კალაძე არამარტო სააკაშვილის ბიზნესმენებთან ალიანსში შეიმჩნევა, მეტიც, სერიოზული მითქმა-მოთქმებია, რომ არის სერიოზული კორუფციული სქემები, რომელშიც კალაძე ფარულად მონაწილეობს, მაგრამ ახლა რამდენად იქნება ეს საკითხი წინ წამოწეული და რამდენად დაუდებენ კალაძეს მომავალში ამას, როგორც ბრალდებას, დრო გამოაჩენს. თუ მთავრობა საკუთარ განცხადებაში ობიექტურია, როცა ის ამბობს, ჩვენს გუნდში არ უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ხელი წაუცდება მარჯვნივ ან მარცხნივო, მაშინ მესმის, რომ ისინი კორუფციასთან ბრძოლას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე პოლიტიკური ერთობის შენარჩუნებას. მაგრამ ესეც გამოიკვეთება, თუმცა ახლა ალასანიას მოღვაწეობა შევაფასოთ რამდენიმე სიტყვით... ალასანია და მისი გუნდი ამ ხელისუფლებაში დიდად მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მისი სამინისტრო არ გამოსულა რეფორმატორული ინიციატივებით, იმით ტრაბახი, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირებასთან ხელშეკრულებას, ამით „ნაციონალებიც" ტრაბახობენ, - ჩვენ მოვამზადეთ პროცესი და თქვენ ხელი მოაწერეთო. დასავლეთთან ურთიერთობაში ჩვენ ისეთი რამ არ მიგვიღია, რაც მანამდე არ არსებობდა და ვერ ვიტყვით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საკითხში გარდატეხა მოხდა. განსაკუთრებით საგარეო კურსის მხრიდან, რომელიც ალასანიას გუნდს ებარა. ფანჯიკიძის უწყების მხრიდან პოზიტიური რეფორმა ვერ ვნახე. თუ ალასანიას გუნდი ასეთი ძლიერი იყო, რომ ევროპასთან და ამერიკასთან შეეძლო ურთიერთობების დამყარება ისე, რომ საფრთხეები არ წარმოშობილიყო, ეს ასე არ მომხდარა, პირიქით, ალასანიამ რუსეთი გამოიწვია, რამაც განაპირობა მათი მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ, ალასანიას მთლად სატრაბახოდ არა აქვს საქმე, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. მით უფრო, როცა არსებობს ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით. 


- და მაინც, როგორი იქნება ალასანიას მომავალი, ლიდერი გახდება ის თუ ტუსაღი? 


- ალასანიამ თავისი პოლიტიკური სვლა გააკეთა, თვითონაც კარგად იცოდა, რა ხდებოდა მის თავს, ამისთვის ემზადებოდა. უცეცხლოდ კვამლი არ ჩნდება, ეს ცეცხლი ენთო, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების წინ მოვუწოდებდი ღარიბაშვილს, მთლიანად შეეცვალა მთავრობა და შეევსო თავისი პოლიტიკური კადრებით, ყოფილიყო მხოლოდ „ოცნების" მთავრობა და მას აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ყველა საკითხში, მაშინ ძალიან ადვილი იყო დასაბუთება იმისა, რატომ უნდა ემართა „ოცნების" გუნდს ხელისუფლება. სწორედ მაშინ ვწერდით, რომ 2014 წლის ნოემბერში მას მძიმედ დაუჯდებოდა შერეული მართვა. დააკვირდით დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებს, თქვენ მოგწონთ მათი განცხადებები? ახლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვლანძღოთ ალასანია და ვიძახოთ, რომ დამნაშავეა, სწორად მოიქცა მთავრობა, მე შეიძლება ნახევრად ვიყო დარწმუნებული მათ სიმართლეში, რომ თავდაცვის სამინისტროში ნამდვილად იყო საფუძვლები, დაეწყოთ სამართლებრივი დევნა პროკურატურას. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ ნამდვილად იყო კორუფცია, მაგრამ პროკურატურის მოქმედება იმდენად ხისტი აღმოჩნდა, კაბელების საქმით დაიწყო და ჯარის კვებით გააგრძელა. პირიქით, უნდა დაეწყოთ, რადგან კაბელები აღმოჩნდა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ამიტომაც აღშფოთდა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან ეს იყო ერთ-ერთი საიდუმლო პროექტი. პროკურატურის ამ საქმით დაინტერესებამ განაპირობა ის, რომ რუსეთის წისქვილზე დაესხა წყალი, პროკურატურას ჯარის კვებით უნდა დაეწყო საქმე, ტენდერებს იგებენ საეჭვო საფუძვლებით, ჯარისკაცები იწამლებიან, ეს თემა უკვე გახდებოდა საგანგაშო სიგნალი დასავლეთისთვის. მე ვიცი ფაქტი, 72-მილიონიანი ტენდერი მოიგო ელექტრონულ ტენდერში ადამიანმა, ხელშეკრულების გასაფორმებლად მივიდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ უთხრა უარი, კი მოიგეთ, მაგრამ ამ ტენდერს ვერ მოგცემთო და ელექტრონული ტენდერი მისცეს აბსოლუტურად სხვა პიროვნებას. ეს ფაქტი თუ მე ვიცოდი, სხვებისთვისაც ცნობილია. როცა მე ინტერვიუს გაძლევდით და ვამბობდი ალასანიას დაიჭერდნენ, იქვე ვამბობდი, რომ უამრავი დარღვევაა ელექტრონულ ტენდერებში, მეგონა, გამოძიებას ამ საქმით დაიწყებდნენ. ამ საქმეებით რომ დაწყებულიყო გამოძიება, არავითარი პოლიტიკური სარჩული არ მიეცემოდა ამ საქმეებს და ვერც ალასანია ამოიღებდა ხმას და ვერც მისი გუნდი. 


ჩემი პროგნოზით შემდეგი სვლა იქნება ის, რომ ალასანიას, ალბათ, დააპატიმრებენ, რადგან ალასანიამ სხვა გზა არ დაუტოვა, მას უბრალოდ არ აპატიებენ იმ განცხადებას, რაც მან გააკეთა. როგორც ჩანს, ალასანია მზად არის, მიიღოს პოლიტპატიმრის სტატუსი, თუმცა იმ სტაბილურობას, რასაც ხელისუფლება გვპირდება, ვერ შეინარჩუნებენ ისე, თუ მკაცრ ღონისძიებებს არ მიმართავენ, რადგან უკვე დაძრულია პოლიტიკური პროცესი, მაგრამ, თუ ალასანია გარეთ დარჩება, თავისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში ის შეეცდება, თავისი პოლიტიკური პარტია გაააქტიუროს, დაიწყოს საქართველოს რეგიონებში სიარული, ხალხთან შეხვედრები, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ის არის მართალი, ხელს უშლიდნენ და მოიპოვოს მხარდაჭერა. 


- ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა ნაციონალებთან" თანამშრომლობა, პირდაპირ ეთერში განაცხადა ამის შესახებ, თუმცა მეორე დღეს ეს უარყო. მე ვითანამშრომლებ ყველასთან, ვინც პროდასავლური გზით მიდის". ასევე, მახსენდება მიხეილ სააკაშვილის განცხადება სარფიდან, არ მომწონს, როცა ჩემი თავდაცვის მინისტრს აგდებით ექცევიან, როცა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს უდიერად მოიხსენიებენ. ვინც თავს ხელისუფლებიდან გარიყულად გრძნობს, მათთვის ჩემი კარი ღიაა..." შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალასანიამ სააკაშვილის მიწვევა მიიღო და ალასანია 15 ნოემბრის დაანონსებულ აქციას შეუერთდება? 


- პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, ვიდრე ალასანიას "ნაცმოძრაობას" დავუკავშირებთ, მანამდე ვთქვათ, რა ხდება მთავარ გუნდში, პარლამენტში, თუ პარლამენტში არ არის მყარი უმრავლესობა, მაშინ ქვეყანაში სტაბილურობა არ არის და მთლიანად ქვეყანა იქნება პოლიტიკური სვლების მოლოდინის რეჟიმში. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პარლამენტში პროცესები. „რესპუბლიკური პარტია" პოლიტსაბჭოზე შესვლის წინ აცხადებდა, ჩვენ მხოლოდ თემატურ საკითხებზე ვითანამშრომლებთ კოალიციის დანარჩენ ნაწილთანო, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურ ნაწილში არ თანამშრომლობდნენ, მაგრამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, შევცვლით კოალიციის შიდა სტრუქტურას, გავატარებთ რეფორმას, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული იქნას ერთობლივადო. ფაქტია, „რესპუბლიკური პარტია" პოლიტიკურად ვაჭრობს, ერთი მხრივ, ირაკლი ალასანიასთან, მეორე მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილს ულტიმატუმს უყენებენ, თუ გადაწყვეტილების მიღებისას იქნება კონსენსუსი და ვერ მიიღებს ღარიბაშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, უსუფაშვილის გარეშე, მაშინ მათ უღირთ კოალიციაში დარჩენა, თუ არადა, ისინი კოალიციაში არ რჩებიან, "რესპუბლიკელები" ამბობენ, არც იქით ვართ, არც აქეთ, გააჩნია, საქმეს როგორ დასჭირდება. 


ასე რომ, განცხადება, თითქოს პოლიტიკური კრიზისის ნიშნები არ არის, არ არის მართალი, პირველი კრიზისი შეიქმნა ალასანიას გადაყენებით, რამდენად წაადგება ეს ქმედება ქვეყნის სტაბილურობას, ეს სხვა საქმეა. მიმაჩნია, რომ ამ ფონზე, რაც ითვლება პოლიტიკური პროცესების მიხედვით პოლიტიკური წესრიგის დამყარებად და იმ სამართლებრივი მექანიზმების მიხედვით, რაც პოლიტიკაში მუშაობს, მთავრობა გადადგამს განსხვავებულ ნაბიჯს და სულ მალე ალასანიას დააპატიმრებს, ალასანიას დაპატიმრებას კი მოჰყვება პირდაპირი რეაქცია დასავლეთიდან, რადგან იქ დაპატიმრებას უყურებენ, როგორც პოლიტიკურ დევნას, მაგრამ, როგორც ხედავთ, ალასანია ხელისუფლებას სხვა გამოსავალს აღარ უტოვებს. 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016