მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპათიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო.
ერთხელ ის სტუმრად იმყოფებოდა ჰამბურგში, იქაური მდიდარი ვაჭრის სახლში, სადაც გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი მასპინძლის უმშვენიერესი ასული, სახელად ფრუმტიე. მოზესი ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ, ქალი ზედაც არ უყურებდა. მასში ზიზღს იწვევდა მენდელსონის სიმახინჯე.
ერთხელ, ერთ-ერთი მორიგი სტუმრობის შემდეგ, მოზესმა სთხოვა ქალს აუდიენცია გამომშვიდობების მოტივით. ფრუმტიემ ის მიიღო, უბრალოდ, ზრდილობის გულისთვის.
მენდელსონი ოთახში ეახლა. ქალი რაღაც ღვთიური სილამაზით ბრწყინავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, თვალს არიდებდა კაცს და ალბათ ვერც კი გრძნობდა, თუ რამხელა ტკივილს აყენებდა მას ამ საქციელით.
მოზესმა მოკრძალებით ჰკითხა:
- მითხარით, თქვენ გჯერათ, რომ ადამიანთა შეუღლების ბედი ზეცაში წყდება?
- დიახ, - უპასუხა ქალმა ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია. - და თქვენ?
- მეც მჯერა, - თქვა მოზესმა. - იცით, ყოველთვის, როცა ბიჭი იბადება, უფალი მას ზეცაშივე აუწყებს, თუ ვისთან მოუწევს დაქორწინება მომავალში. როცა მე დავიბადე, უფალმა მეც მანახა ჩემი მომავალი მეუღლე, მაგრამ ამავე დროს განმიცხადა:
„შენი ცოლი კუზიანი იქნება" - მე კინაღამ გული გამისკდა:
- ო, არა, ღმერთო! - შევღაღადე მაშინ უფალს, - ქალი კუზით, ეს ხომ საშინელი ტრაგედიაა! გევედრები, მომეცი კუზი მე, გოგონა კი დაე იყოს ლამაზი და მშვენიერი!
აქ ქალმა პირველად ჩახედა თვალებში მოზესს და თითქოსდა მისი სულის სიღრმეებში რაღაც მოგონება ამოტივტივდა... მან გაუწოდა ხელი მენდელსონს... ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი გახდა მისი საყვარელი და ერთგული მეუღლე.
წყარო droni.ge