reportiori.ge - რას აპირებენ სასულიერო პირები 15 ნოემბერს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:26
პრეს-დაიჯესტი
რას აპირებენ სასულიერო პირები 15 ნოემბერს?
ავტორი:
07 ნოემბერი, 2014. 20:29



არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი), რომელიც მთელმა საქართველომ 17 მაისის მოვლენებიდან გაიცნო ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: კიდევ ერთხელ 17 მაისი. ეს გინების კადრები მერამდენედ უნდა დამიდოთ შეკითხვებით: ეს შენ ხარ, ეს შენ ხარ? გამოძიებამ ვერ დაადგინა, ეს კადრები ფარულად ვინ გადამიღო. ერთი ცოცხალი მოწმეც ვერ იპოვეს, ჩემი გინება რომ დაედასტურებინა. გამოძიებას ვთხოვდი, გაეგოთ, ფარულად ვინ გადამიღო. იჩივლეო და მერე მოვძებნითო. ეხლა ჩივილიც დამაწყებინეთ-მეთქი. თუ ესე ძალიან გინდათ ჩემი გინება, ყველანი თავისუფლების მოედანზე შექუჩდით და მე სახალხოდ, ხევსურულ-მთიულურად, მამაპაპურად შეგაგინებთ! ბიჯო, არ წაიღეს ტვინი!" - წერს მამა ანთიმოზი. 


- მამა ანთიმოზ, რატომ დაგჭირდათ ამ განცხადების გაკეთება, ასე რამ გაგაცხარათ? 


- 17 მაისის შემდეგ 2 წელიწადი გავიდა და რაც სასამართლოზე მოხდა, გამოძიებამ დაადასტურა, აბსოლუტურად სხვანაირად გამოჩნდა ჩემი ქმედება. ამბობდნენ, თურმე ხალხს ვემუქრებოდი და დასახოცად მივდევდი, არადა, პირიქით იყო, პოლიციას ვეხმარებოდი და ვცდილობდი, ბავშვები მშვიდობიანად გასულიყვნენ თავისუფლების მოედნიდან. რაც შეეხება გინების კადრებს, ამ გავრცელებულ კადრებს ფარულად მიღებდნენ და რომ მივდიოდი, ისმოდა გინება, ჩემი ზურგი ჩანს და ისმის გინება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის გამო, რომ ვითხოვდი იმ ადამიანის მოძებნას, ვინც ეს გააკეთა, გამომძიებელმა მითხრა, თუ გინდა, იჩივლეო, ჩვენ არ გვაქვს უფლებაო და ამ ჩივილის შემდეგ შეგვიძლია საქმის აღძვრა მასზე, ვინც გადაიღო ეს კადრებიო. 2 წელია, ვეძებ ამ კადრების ავტორს. ჩემი უფლებები არ ირღვევა, 2 წელი რომ ვისმენ და ვითმენ ამ გინებას? 2 წელია, არ მორჩა და არ დასრულდა ეს კამპანია. 


- რა მიზანი აქვთ, მწყობრიდან უნდათ, გამოგიყვანონ, რომ მერე საჯაროდ გამოიტანონ განსახილველად თქვენი ნათქვამი? 


- დიახ, ჩემი გამოწვევა უნდათ. ისეთ შეურაცხყოფებს წერენ ჩემზე და მაგინებენ, ხან პედოფილს მიწოდებდნენ და ვიტანდი ამ ყველაფერს. პირადად მწერდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მე კი ყველას ვეფერებოდი და ვარწმუნებდი, რომ ისე არ იყო, როგორც მხატავდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ 17 მაისს პროვოკაცია მზადდებოდა და ყველანაირად ვცდილობდით მის თავიდან არიდებას, აბსოლუტურად სხვა ქმედება იყო ჩემი მხრიდან, ვზრუნავდი, არავინ ეცემათ, არავინ მოეკლათ და დავრბოდი გიჟივით, არ მინდოდა რამე მომხდარიყო. 


- პოსტში" წერთ, თუ ასე გინდათ ჩემი გინება, შეგროვდითო. ამასაც, ალბათ, ხელზე დაიხვევენ... 


- ეს იყო ხუმრობა, რომელიც დაახლოებით ისე გავაჟღერე, როგორც ფილმ „რეკორდშია". ამიტომ ვთქვი, თუ ასე გულით უნდათ, ბოლოს და ბოლოს, შევაგინებ-მეთქი. ეს იყო ხუმრობა, დამიჯერეთ, არანაირი გაბოროტება არ მქონია და არც მდგომარეობიდან გამოვსულვარ. უბრალოდ, ძალიან დავიღალე. 


- მამაო, იცით, რომ 15-ში ნაციონალების" აქციაა დაგეგმილი და უკვე გაჟღერდა, რომ იქნება კონტრაქციაც. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სერიოზული დაპირისპირება მოხდება, მაგრამ ამ ყველაფერს ზერელედ უყურებს ხელისუფლება. ეს სწორია? 


- მე არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორც სასულიერო პირი, ვიტყვი, რომ ეს არის ოპოზიცია, რაც ერი ვართ, ისეთი ოპოზიცია გვყავს, ეს არის ჩვენი სახე. ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს და ღვთის მადლით, თუ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი, ეს იქნება კარგი. მეც გავიგე რაღაცები. შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რადგან იქ ორი დაპირისპირებული მხარე იქნება, წავა გინება და ჩხუბი, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ ეს საყოველთაო ჩხუბში გადაიზრდება, პოლიციამ დროულად უნდა აღკვეთოს იგი, რადგან ამის გართულება და გადაზრდა სხვა რამეში სახიფათო იქნება. 


- სასულიერო პირები ხომ არ გეგმავთ იქ მისვლას? 


- სასულიერო პირების გამოჩენა იქ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენთვის სიძულვილის ენა მიუღებელია, ჩვენ ყველას ვუყურებთ, როგორც საქართველოს შვილებს, არ არის სწორი, ვიღაც გვიყვარდეს და ვიღაც - არა. ეკლესია ყველასია და ის ცოდვილებისთვისაა, არ შეიძლება ისინი გავარჩიოთ. 


- არ გგონიათ, რომ ახლა დუმილი თქვენი მხრიდან გაუმართლებელია და როგორც სასულიერო პირებს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ? ხელისუფლებას არ აინტერესებს, თქვენც განზე დგებით და ვის იმედად იყოს ხალხი? 


- რა გითხრათ, გადაჭარბებული მგონია ეს მოლოდინი, გაბუქებულია. პოლიცია იმისთვისაა, რომ დაიცვას წესრიგი, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ესაა გამოსავალი. სასულიერო პირმა იქ რა ქნას? მე მრევლში მყავს „ნაციონალებიც" და „ოცნების" მომხრეებიც, მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქცია, ოპოზიცია ატარებს ამ აქციას და ეს არის პოლიციის საქმე. 


- სასტიკი რეჟიმი გამოვიარეთ, ხალხისთვის სამართლიანობა არ აღდგა, რას მოიმოქმედებენ "ნაციონალებისგან" რეპრესირებული ადამიანები, არავინ იცის და რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს სასულიერო პირების საქმე არაა? 


- საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას, დარწმუნებული ვარ. 


- ამ ყველაფრის პარალელურად დიდი შეტევა მიდის პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციაშიც კი არ არის საპატრიარქო კატეგორიული. რატომ? 


- ეს არის საძაგელი პროპაგანდა ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ყველამ კარგად იცის, ვის მიერაა მართული. ინტერნეტსივრცე წაიღო პატრიარქის გინებამ. უბრალოდ, მასა ადამიანებისა, რომელთაც არ აქვთ ეკლესიასთან კავშირი, ამას ადვილად იჯერებს. ეს ბინძური კამპანია მიმართულია იქითკენ, რომ ეკლესია დააკნინონ. ამას წერტილი უნდა დაესვას და ვინმე უნდა დაისაჯოს, თორემ ეს პროცესი სხვა რამეში გადაიზრდება. ჰომოსექსუალის შეურაცხყოფა ისჯება და პატრიარქის - არა? 


ეს არის ანტიქრისტეს იდეოლოგია, რომელსაც ამკვიდრებენ საქართველოში. დაინტერესება არის ფულადი, რა თქმა უნდა. ვინც ამას ამკვიდრებს, მხოლოდ ქრისტეს კი არ ებრძვის, არამედ სამშობლოსაც. სულს ყიდიან საკუთარი კეთილდღეობისა და ეგოიზმის გამო. ზნეობა და ადამიანობა გაყიდეს ადამიანებმა ეშმაკზე. ქრისტიანული ზნეობა ქრისტიანულ მორალზეა დაფუძნებული. მეორეც არის, რომ ეშმაკს სიყვარული აღარ უნდა აუხსნა, მასთან სხვანაირად უნდა მოიქცე. 


- მერე სხვანაირად" რატომ არ იქცევით? 


- რა გითხრათ, სხვა გზაა მოსაფიქრებელი. პირადად, სულ ვცდილობ, რამე გავაკეთო და სხვაზე ვერ ვისაუბრებ. მჯერა, რომ ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს, ეს არის გადმოცემა, თუ არ ებრძოლე და თავი არ შეაკალი, დაიდგამს, აბა, რას იზამს? 


- პატრიარქის ინტერვიუც კი გახდა სამსჯელო. რუსეთისთვის ჩვენი პატრიარქი ყოველთვის დიდი ავტორიტეტი იყო, ამჯერად რუსეთის სახელმწიფო გაზეთში მისი ნათქვამი დაამახინჯეს. რა ხდება, შეტევა მათ პატრიარქზეც დაიწყეს? 

 

- არა მგონია. საქმე ისაა, რომ 9-წლიანი იდეოლოგია იყო, რუსეთი შეგვეძულებინა. რა მივიღეთ ამით, რა მოვიგეთ? თუ რუსეთი არ გძულს, საქართველოს მტერი ხარო. არადა, ქრისტიანობა ხომ სიყვარულზეა დაფუძნებული, თუ ძლიერად შევიძულებთ რუსეთს, ამით აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ? ხიდის ჩამტვრევას ცდილობენ და მერე მისი აღდგენა რთული იქნება. ყველას ვეუბნები, რომ არ უნდა გვძულდეს, სიყვარულით უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან. ადამიანის სიძულვილი არ შეიძლება, არც სახელმწიფოსი. ერის შეძულება, თანაც მართლმადიდებლის, ეშმაკის დაგეგმილია. 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016