reportiori.ge - ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დიდ ღალატს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:28
ინტერვიუ
ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დიდ ღალატს
ავტორი:
07 ნოემბერი, 2014. 20:32



პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური უწოდა. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ალასანია არის ცბიერი, არათანმიმდევრული და არასანდო პოლიტიკური პარტნიორი. ჩვენ ეს კარგა ხანია აღმოვაჩინეთ და ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილმა ის ტყუილში გამოიჭირა, ვწერდით, რომ ალასანია, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" შევიდა გარიგებაში, სხვა შემთხვევაში გამორიცხული იყო, ახალაიასთან ზუგდიდში ასეთი მარცხი განეცადა. ბუჩქი რომ დაესახელებინათ „ქართული ოცნების" წევრებს ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად, როლანდ ახალაიას ისიც კი მოუგებდა, მით უფრო ციხის სკანდალური კადრების შემდეგ, ასეთი სასტიკ რეჟიმს სწორედ ახალაიების კლანმა დაუდო საფუძველი. 


ბიძინა ივანიშვილს ალასანიას ცბიერი ხასიათი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია და დახურულ თათბირზე საგანგებოდ დასაჯა. ყოფილმა პრემიერმა მაშინ უთხრა, აქ არ არის ადგილი, კაცურად გაგირჩიო საქმე, თუმცა შენ მოიქეცი არაკაცურად, შენს თავზე აიღე სამეგრელოში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და სამარცხვინოდ დამარცხდი 7 რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ ზუგდიდის რაიონზე, სადაც კენჭს იყრიდი. მილიონები გადმოგირიცხე და ვერ დამისაბუთე, სად წავიდა ეს ფულიო. ივანიშვილმა მაშინ ის ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა, თუმცა ყველაზე სტრატეგიულ სამინისტროში მაინც დატოვა. გაუგებარია, თუკი ხელისუფლებამ იცოდა, რაზე იყო წამსვლელი ირაკლი ალასანია, თუკი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მასთან სერიოზული პრეტენზიები იმ ამბიციურ ალასანიაზე, რომელსაც თავი მოაზრებული ჰყავდა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად, რატომ მიუშვეს პოსტზე? ასევე გვაქვს კითხვები... ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შოკში ჩავარდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჯარისკაცები მოიწამლნენ, დასვა ლოგიკური კითხვა, კი მაგრამ, რას ნიშნავს ჯარისკაცები მოიწამლნენ, რა, შევარდნაძის დროა? რას ნიშნავს, რომ ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს, ამ ფრაზებიდან გავიდა წელიწადზე მეტი... თუმცა პროკურატურას ალასანიას კორუფციული გარიგებები მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა მან გადაწყვიტა, რომ კვლავ საკუთარ პარტიას ჩასდგომოდა სათავეში. ერთია, რომ ალასანიამ იჩქარა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომლის გუნდსაც ებარა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, თითქოს ხელს უშლიდა ვიღაც ჩრდილოატლანტიკური კურსისკენ მიმავალ გზაზე. მას არ ეყო ნებისყოფა და ძალა, გნებავთ, ვაჟკაცობა, დაესახელებინა კონკრეტული პიროვნება და ამის შემდეგ გადამდგარიყო. მან პრემიერ-მინისტრი დილემის წინაშე დააყენა და თავი მოახსნევინა, რითაც მან სააკაშვილის ოცნების აღსრულებას დაუდო საფუძველი და შექმნა პოლიტიკური კრიზისი. 


ეს პარლამენტი გაზაფხულზე აუცილებლად დაიშლება და გამოცხადდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ნამდვილად არ იქნება ქვეყნისთვის კარგი, არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ დასავლეთს, რომ ეს არის ჯუნგლების ქვეყანა, სადაც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები კი არ მართავენ ქვეყანას, არამედ ისინი ქვეყანას უყურებენ, როგორც საკუთარი ამბიციების სამიზნეს. ალასანია დასავლურ კურსთან აიგივებს საკუთარ თავს და ის მზად არის, ყველა იმ ძალასთან ითანამშრომლოს, ვინც ამ გზით მიდის და მათ შორის ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას"... ხოდა, მომისმინე! თუ არ გახსოვს ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა", თუკი არ შეხებია მათი სასტიკი რეჟიმი შენს პიროვნებას, თუკი მათგან არ დაზარალებულხარ, თუკი შენი ნათესავი არ გაუუპატიურებიათ და არ მოუკლავთ, ალბათ, ვერ გაიგებ, რას წარმოადგენს ეს ძალა და მაშინ, საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლაზეც ნუ გექნება პრეტენზია. თუ დაგავიწყდა საკუთარი პოლიტიკური ბეგრაუნდები, ყველას გვახსოვს, როგორ იქცეოდი კრიტიკულ მომენტში. ერთი დღეც ვერ გაუძელი ქუჩაში დგომას, ერთი დაშტვენაზეც კი დაყარე ფარ-ხმალი და საშველად „გრეჩიხას" დაუძახე... „კარვების ქალაქის" იდეა ჩაშალე და მიშასთან კაბინეტური მოლაპარაკებები გამართე, „რვიანის" ფორმატით დაიწყე და ვერ გაქაჩე, მერის არჩევნებში სამარცხვინოდ წააგე, გიგი უგულავას არჩევნები „გაუპრავე", შენ კი გიხაროდა მეორე ადგილზე გასვლა, 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმისგან ჩახოცილ ქართველებს მეორეხარისხოვანი უძახე, გიგა ბოკერიასთან კონსულტაციები გამართე, „ნაცმოძრაობა" შენს მზეს ფიცულობდა, ოღონდ ოქრუაშვილი არ მოვიდეს, ნინო ბურჯანაძემ არ გაიმარჯვოს, „ალასა" ჩვენი ბიჭიაო და ყველა „ნაციონალი" დარაზმე. 

 

შენდა ბედად ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ჩათვალე, რომ ამერიკელები შენს გადასარჩენად ზრუნავდნენ. ივანიშვილს თვალებში ჩახედე და შენი მომავალი დაინახე. ფინანსური კრიზისის გამო პარტია გეშლებოდა და კოალიციაში შესვლის შემდეგ ამოისუნთქე. 80-ათასლარიან პრემიას იწერდი და არ გიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა გააკეთე საამისო. უკვე მერამდენედ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყე, მაგრამ ვერც ეს გაქაჩე... ჰოდა, როგორც ბადრიჯნისგან მერცხალი ვერ გამოვა, ასე შენგან ხელისუფალი ვერ შედგება. არ ხარ შენ ის კაცი, ირაკლი, რომელიც ხალხის ხმას უსმენს, შენ გაექეცი პასუხისმგებლობას და ამით დაამტკიცე, რომ დამნაშავე ხარ. როცა ამბობ, ჩემს ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიაო, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, რომ „არასოდეს არ უნდა თქვა - არასოდეს", არც ის უნდა გესწავლებოდეს, რომ ისინი შენი ბიჭები არ არიან, ეს ბიჭები ეკუთვნის საქართველოს და ისინი დგანან ქვეყნის სადარაჯოზე და თუკი ამხელა სისტემაში ვინმეს გადაცდომა მოუვიდა, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ. რატომ არ გენდობიან, ირაკლი? მაგრამ მე გამკვირვებია პრემიერ-მინისტრის განცხადების, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა ის განცხადება, რაც გააკეთა. მე მინდა მყავდეს რესპექტაბელური ხელისუფლება, თავშეკავებული, გაწონასწორებული, წინდახედული და კვალიფიციური, რომელიც არ იკადრებს, რომ მის ყოფილ მინისტრს უჭკუო და ავანტიურისტი უწოდოს, რომელიც არ იტყვის, რომ მისი ყოფილი კოლეგა შემჩნეული იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში. თუკი ასეთი რამ ხდებოდა, თუკი პრემიერმა იცოდა, რომ ის მფარველობდა „ნაციონალებს", დაწყებული გიგი უგულავათი და ბოკერიათი დასრულებული, მას უფრო ადრე უნდა მიეღო ალასანიას გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ამას დიდი მიხვედრილობა არ უნდოდა, რომ ალასანია მფარველობდა „ნაცმოძრაობას", სააკაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ მან განაცხადა,  - ჩვენ უნდა მივუტევოთ „ნაციონალურ მოძრაობას" ის დანაშაულები, რაც მათ ჩადენილი აქვთ, სხვაგვარად წინ ვერ წავალთო. არა, ჩემო ირაკლი, ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა და არც თქვენ გაქვთ ექსკლუზივი 3 მილიონ 600 ათასი ადამიანის სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება და მიუტევოთ მათ, კანონი უზენაესია და ყველა კანონს უნდა ემორჩილებოდეს. ასევე გაუგებარია ჩემთვის, რატომ ითმენდით, რატომ დუმდით 2 წლის განმავლობაში, თუკი ქვეყნის პროდასავლურ გზაზე ვიღაც გეწინააღმდეგებოდათ, ორივე შემთხვევაში, ეს არის დანაშაული!.. ერთიც და მეორე მხარეც რაღაცას გვიმალავთ, ამიტომ კეთილი ინებეთ, გახსენით ფრჩხილები და უფრო მეტი სინათლე შემოიტანეთ ამ ბუნდოვან საქმეში. 


ალია" ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად კონკრეტული საკითხების გარკვევას შეეცდება: 


- თუკი ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი პრემიერი ხვდებოდნენ, რომ ალასანია ლობირებდა ნაცმოძრაობას", თავის დროზე რატომ არ მოხდა ამ ძალის კოალიციიდან გაძევება? 


- ეს კითხვა აბსოლუტურად კანონიერია, მაგრამ ამავდროულად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არის რთული, შემიძლია ამ კითხვას ტრაფარეტულად ვუპასუხო, როდესაც გაირკვა კორუფციის ელემენტები, მოხდა სამართლებრივი რეაგირება. მაგრამ თუ უფრო შორს წავალთ გეტყვით, ირაკლი ალასანია რამდენჯერმე გააფრთხილეს დახურულ შეკრებებზე, ამის გარდა ის რეალურადაც დაისაჯა და დაკარგა ვიცე-პრემიერის პოსტი, მაგრამ სიტუაცია, სამწუხაროდ, უფრო ბევრად რთულადაა, ვიდრე ამ პასუხებით შეიძლება გამოჩნდეს. ამ კოალიციამ ერთად იბრძოლა 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვებისთვის, მარტივად პოლიტიკოსის გაწირვა, რომელიც შენი თანამებრძოლი იყო, ცოტა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ რამდენჯერმე შენიშვნა მიიღო და კიდეც დაისაჯა, მაინც რთულია გაწირო შენი თანამებრძოლი. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ახსოვს ალასანიას ცნობილი სატელეფონო ჩანაწერი, მაგრამ ბევრ ასეთ შემთხვევაზე თვალი დახუჭა როგორც ირაკლი ალასანიას მიმართ, ასევე კოალიციაში ზოგიერთი სხვა პოლიტიკოსების მიმართაც. შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ ცდილობდნენ კოალიციის შენარჩუნებას, მაგრამ დრო მაინც ცუდად იყო შერჩეული. იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის ალასანია იმყოფებოდა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე გერმანიასა და საფრანგეთში. 


- რამდენად მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფებოდა ალასანია? 


- ეს კითხვა არის მთავარი, როცა ამ კითხვას მისვამენ, პირამიდის წვერზე ვაქცევ ამ შეხვედრის შინაარსს, რომელიც მე არ ვიცი. 


- ჩვენთვის ცნობილია, რომ ალასანია შეხვდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სადაც ლაპარაკი იყო თავდაცვითი ტიპის იარაღის შესყიდვაზე. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ეს არის რუსეთი. მაშ ასე, იგულისხმა თუ არა ირაკლი ალასანიამ პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ამ ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ ალასანიას ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა კონკრეტული ჯგუფი ხელისუფლებაში, ვინც რუსეთის ინტერესი გაატარა, ვიზიტი ჩაშლილიყო და საქართველოს საფრანგეთში არ შეესყიდა იარაღი. 

 

- მართალი ბრძანდებით, ამაზე იყო ლაპარაკი, კონკრეტულად კი, იარაღის შეძენაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრების ისტორიაში, პირველად იყო, როცა ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან და თუ არ ვცდები, ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრთან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტები. მრჩება შთაბეჭდილება, სწორედ იქ მოხდა ისეთი რამ, რამაც კოალიციის ხელმძღვანელობა აიძულა, რომ ამ ყველაფერს წერტილი დასმოდა. ის ვიღაც ვინ არის, მე არ ვიცი, თუმცა, ძალიან მინდა ვიცოდე. არ ჯდება ლოგიკაში, რომ პროკურატურის მხრიდან ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიღებულიყო სწორედ მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ირაკლი ალასანიამ ბევრ შემთხვევაში ითამაშა დამოუკიდებელი თამაში, თუნდაც სირიელი მეამბოხეების სავარაუდო ბაზის მოწყობაზე, თუნდაც ნატოს საწვრთნელი ბაზების თაობაზე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ, არ მგონია, ალასანიას დამოუკიდებელი თამაში გაებედა, ისე წასულიყო საფრანგეთსა და გერმანიაში, პრემიერ-მინისტრს არ სცოდნოდა, რა თემაზე მიდიოდა ის. ვფიქრობ, პრემიერმა იცოდა, მისი ვიზიტის შესახებ, მაგრამ იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. ის, რომ პროკურატურამ ალასანიას ვიზიტის მომენტში დაამთავრა საქმის გამოძიება და მინისტრს არ შეუთანხმა, ისე დააკავა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამის არ მჯერა. 


- როგორ ფიქრობთ, კაბელების საქმით რატომ დაიწყო პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მაშინ, როცა ამას წინ უძღოდა ჯარისკაცების მოწამვლა და არასწორი ტენდერები. ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა დასვა კითხვა, - რა ხდება ქართულ ჯარში, რატომ იწამლებიან ჯარისკაცები, შევარდნაძის დროა?!. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. გამოძიებამ ამ საკითხზე შედეგი მხოლოდ ახლა დადო. 

 

- მართალი ხართ, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები გაცილებით ადრე მოხდა და პროკურატურას შედეგი ამაზე უფრო ადრე უნდა დაედო. რაც შეეხება კაბელების საქმეს, ჩვენ ვიცით, რომ კორუფციული სქემა არსებობდა, მაგრამ ვერ გავიგეთ, ამდენი ხანია ის ოთხი მილიონი მოპარულია თუ მოპარვას აპირებდნენ. იქ დაკავებულია ორი ადამიანი, რომელსაც გაყიდვების სამსახურთან შეხება არ აქვთ, მათ შორის არის ომის ვეტერანი, უვაჟკაცესი კაცი - კაიშაური. ეს პიროვნება კავშირგაბმულობიდან არის, რომელიც აძლევს შეკვეთას შესყიდვების სამსახურს და ისინი ასრულებენ. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ არ იყო კორუფციული სქემა, ესეთი კორუფციული სქემები თითქმის ყველა სამინისტროში სხვადასხვანაირი ფორმით არსებობს, ოღონდ, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებობით, ამ მასშტაბით არა. ბევრი ჩინოვნიკი ცდილობს რაღაცნაირად მოციცქნოს სახელმწიფოს ფული, ბევრი ვერ ახერხებს ამას, მაგრამ შეიძლება თავდაცვაში მართლაც იყო ასეთი რამ, მე არ ვიცი, თუმცა, მთავარი კითხვაა, გაგვაგებინონ, მოიპარეს ფული, თუ ვერ მოასწრეს ფული მოპარვა. გასაგებია, რომ ძიების პროცესია, მაგრამ რაღა იმ დროს მოხდა ეს ყველაფერი, როცა ალასანია იმყოფებოდა მნიშვნელოვან ვიზიტზე. რაც შეეხებ ჯარის კვების ამბავს, თქვენს გაზეთშიც დაიწერა, რომ ეს საქმე გამოძიებული იყო სამხედრო პოლიციის მიერ და გადასცეს პროკურატურას. ვიცი, რომ მიმდინარეობდა დაკითხვებიც, საქმე იყო გამოძიებული, თუ არ ვცდები, გადაწყვეტილებაც იყო მიღებული. თქვენ სწორი კითხვა დასვით, რატომ მიუშვეს ამდენი ხნით ალასანია თავის ნებაზე. მას იმდენი გადაცდომა ჰქონდა დაშვებული, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო ადრე შეიძლებოდა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ის, რომ ალასანიამ ბევრჯერ სცადა დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება, ეს მისი მხრიდან იყო უსერიოზულესი შეცდომა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ალასანია შეგნებულად მიდიოდა განხეთქილებაზე, ხშირ შემთხვევაში საქმის კურსში არ იყო ხელმძღვანელობა, რას აკეთებდა ირაკლი ალასანია. თავდაცვის სამინისტროს ხელისუფლებისგან დისტანცირებას ახდენდა. 


- გაჩნდა ეჭვი, რომ ირაკლი ალასანიას დამოუკიდებელმა თამაშებმა დააჩქარა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება, რომელსაც, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარში მოეწერება ხელი... 


- ნატოს საწვრთნელი ბაზების განთავსების თემამ, შეიძლება ითქვას, კატალიზატორის როლი შეასრულა. ეს გადაწყვეტილება იყო თუ არა თავად პრემიერთან შეთანხმებული, არ ვიცი, თუმცა ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ ღარიბაშვილმა ეს უარყო. 


- და მაინც, ირაკლი ალასანია რომ განხეთქილებაზე შეგნებულად მიდიოდა, ამის მანიშნებელი თქვენთვის რა იყო? 


- ბოლო დღეებია ირაკლი ალასანია ხაზს უსვამს, რომ მან მოახდინა სამინისტროს დეპოლიტიზაცია. ამ დროს ჩვენთვის სამი კვირით ადრე ცნობილი ხდება, რომ დანიშნა პარტიის ყრილობა 8 ნოემბერს, სადაც ირაკლი ალასანია ისევ უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე. 9 ნოემბერს კი ჩვენ მივიღებდით თავდაცვის მინისტრს, რომელიც არის კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე. ამას მართალია კანონი არ კრძალავს, მაგრამ მაშინ, რომელ დეპოლიტიზაციაზეა ლაპარაკი? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ 8 ნოემბერს ირაკლი ალასანია არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეობის აღდგენას აპირებდა, არამედ ის აპირებდა კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს. ამიტომაც გამიმყარდა ეჭვი, რომ ის შეგნებულად მიდიოდა განხეთქილებაზე. მან გააკეთა ისეთი პოლიტიკური განცხადება, რომელმაც თავის საქმე, პრაქტიკულად, შეასრულა, ამით "ნაციონალების" წისქვილზე დაასხა წყალი. ის, რომ ალასანია გარკვეულ ურთიერთობებს ინარჩუნებდა "ნაცმოძრაობის" წევრებთან, ამაზე ბევრი მსმენია და არსებობს ფაქტები, როცა ალასანია და ბოკერია ხვდებოდნენ, როცა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. ასევე, ის ურთიერთობდა გიგი უგულავასთან. 


მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გამოჩნდა გიგი უგულავას წერილი, სადაც მიმართავს ალასანიას: 

 

...მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატებს" - მეგობრებო, ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულის შეფასებებში, ვერც შევჯერდებით ამა თუ იმ ლიდერის მოღვაწეობაზე. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის იმ მიღწევებით, რომლის შექმნაში მონაწილეობაც ქართველმა ხალხმა გვარგუნა წილად. ჩვენ შევეცდებით შეცდომების გათვალისწინებას და საუკეთესო გამოცდილების, ქვეყნის მომავლის შენებაში გამოყენებას. ამ იდეალების ერთგულების გამო ჩვენ შეგნებულად ციხეში წავედით, ნაწილი კი პოლიტდევნილია უცხოეთში. თქვენთვის ეს ყოველთვის ყბადაღებულ „ცხრა წელიწადად" დარჩება, ჩვენთვის პირიქით, ყოველთვის სამარცხვინო იქნება თქვენი საქმიანობის ის ორი წელიწადი, როცა ოლიგარქ ივანიშვილის სიძულვილის ენისა და პოლიტიკური შურისძიების ლამაზ ფასადს წარმოადგენდით. დუმდით ყველა უკანონობაზე, მანამ სანამ ის თავად თქვენ ორლესული მახვილით არ შეგეხოთ. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, თქვენ ამაყობთ და მუდამ იამაყებთ, განვლილი ორი წელიწადით და მიღწეული წარმატებით. ამიტომ როგორც ძველ მეგობარსა და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით, რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალსახად ვხედავთ რომ წყალში იყრება დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი. საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი..." 


გიგი უგულავა, ივანიშვილის პირადი პატიმარი, თბილისი, მატროსოვის ციხე. 

 

მაშ ასე, შეთავაზება გაკეთებულია, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობით იმუქრება, წყალგამყოფი ალასანიამ გაავლო, ის შეეცადა, გამოეკვეთა პროდასავლური და პრორუსული დაჯგუფებები, ჯერჯერობით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვერ ასახელებს კონკრეტულ ფიგურას, ვინ ეწინააღმდეგება პროდასავლურ კურსს, მაგრამ მავრმა თავისი საქმე შეასრულა. 


გახდება თუ არა ალასანია „ნაციონალური მოძრაობის" ოცნებების ამსრულებელი? რა იმალებოდა ალასანიასა და მისი გუნდის დამშვიდობების ტექსტის მიღმა, - „მშვიდობით არა, ნახვამდის, ჩვენ დავბრუნდებით"? რა გზავნილი გაუგზავნა დასავლეთს რეინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, შევარდნაძის პაროდიით: „ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი!.." ამ ყველა კითხვას პასუხი 15 ნოემბერს გაეცემა და იმ მთავარ კითხვასაც, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და დიდ ღალატს. 

 

P.S. მე კი მრცხვენია, რომ ქვეყანას მართავდნენ და მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ ნაძირალები, ვისთვისაც სიტყვა პატრიოტიზმი" უკანასკნელი თავშესაფარია! 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016