ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალბატონთა უმრავლესობა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას ყურადღებას არ აქცევს მათი შენახვის ვადას.
ასევე გაირკვა, რომ ქალბატონები თვალების ჩრდილებს, პომადასა და ტონალურ კრემს 3-6 წლის განმავლობაში ინახავენ, რაც რამდენჯერმე აღემატება მათ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას.
კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ის საუკეთესო ნიადაგია ბაქტერიებისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა თვალის მაკიაჟის საშუალებები: ჩრდილები, ტუში, თვალის ლაინერები - მათი ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება, კონიუნქტივიტის, ქუთუთოების ანთებისა და თვალის ინფექციების მიზეზი გახდეს.
ამავე მიზეზით კატეგორიულად დაუშვებელია სხვისი თვალის მაკიაჟის საშუალებების გამოყენება. ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნიეს სპეციალისტებმა ვადაგასული პომადა, პუდრი და თხევადი ტონალური საშუალებები, თუმცა, შესაძლებელია, მათში სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები აღმოჩნდეს.
წყარო etanews.ge
(მოამზადა ნინო მჟავანაძე)