ჩაცმის ჩვევა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვმა ის სათანადოდ ვერ აითვისა, 7-8 წლის ასაკშიც კი ჩვილი ბავშვივით მოგიწევთ მისი ჩაცმა-დახურვა. ძალიან რთულია, როცა დილის ფაცაფუცში ბავშვი გაშეშებული დგას და ელოდება, როდის მოიცლის დედა, რომ ტანსაცმელი ჩააცვას. ამიტომ ჯობია, ამაზე ადრეული ასაკიდანვე იზრუნოთ.
2 წლიდან უკვე შეგიძლიათ "შემოიღოთ" თამაში - წინდის ჩაცმა, ფეხსაცმლის ჩაცმა, ქუდის დახურვა. მართალია, თავიდანვე ვერ გაართმევს თავს, მაგრამ შეეგუება იმ აზრს, რომ თავისი ხელით უნდა ჩაიცვას. არ დაგავიწყდეთ ყოველ მცდელობაზე შექება.
* ჩაცმის სწავლის თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია გახდაც - დაეხმარეთ ბავშვს, დამოუკიდებლად გაიხადოს ფაჩუჩები, წინდები, მაისური. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს ესაუბროთ ბავშვს, როგორ რა უნდა გააკეთოს. თან შეაქეთ მიღწევებისთვის.
*აუხსენით და უჩვენეთ, რომელია წაღმა და რომელი უკუღმა მხარე. სად არის სახელო, სად - შარვლის ტოტი და როგორ უნდა ჩაიცვას. იყავით მომთმენნი და ფარ-ხმალს ნუ დაყრით, თუ ბავშვი სასურველ შედეგს ვერ გიჩვენებთ. თუ დაიღალა ან ეზარება, ნუ დააძალებთ. თუ თანმიმდევრული იქნებით, ამოცანა თანდათან ადვილი შესასრულებელი გახდება.
*3 წლისთვის ყველა ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლობას, მათ შორის ჩაცმა-გახდის საკითხშიც. თუ ძალიან აკურატულად არ გამოსდის და სწრაფადაც ვერ ახერხებს - ნუ ააჩქარებთ და ნუ ჩაერევით პროცესში. თუ გეჩქარებათ და მოსასწრებად გაქვთ საქმე, ჩაცმა ნახევარი საათით ადრე დაიწყეთ.
*ყველაზე რთული ბავშვისთვის შესაკრავებია - ელვა, ღილები, წკაპები, თასმები. არა უშავს, დაე იწვალოს მათ შეკვრაზე, სანამ თქვენ დაეხმარებით. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, თუმცა მეტი დრო მიეცით იმისთვის, რომ გაუგოს ამ მოწყობილებებს.
ჩაცმის გარეშეც შეგიძლიათ სავარჯიშოდ მისცეთ ძველი ტანსაცმელი, რომლებსაც სხვადასხვაგვარი შესაკრავები აქვს. ამით შეკვრასაც მიეჩვევა და თითებსაც გაივარჯიშებს.
*არ უნდა გიღალატოთ მოთმინებამ - სწავლება რთული და თანმიმდევრული პროცესია. ნუ წაართმევთ ბავშვს ინიციატივას, ამით სწავლების პროცესს უფრო გააჭიანურებთ ან შეიძლება სულ დაეკარგოს ამის სურვილი. და ნუ გეჩქარებათ - ჩვევების შეძენა ძალიან ინდივიდუალური პროცესია.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
წყარო mshoblebi.ge