ოთახიდან ოთახში თავპირისმტვრევით დარბის. ყვირის, გიჟობს და ნამდვილ ალიაქოთს აყენებს სახლში. ამ დროს მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. არ ჭრის არც თხოვნა, არც სიმკაცრე და არც ჩხუბი. ეს "აფეთქება" ხშირად ძილისწინა პერიოდში ეწყებათ. როგორ ჩავაწყნაროთ ეს აურზაური? გთავაზობთ სამ მარტივ ხერხს. ეს ხერხები სინამდვილეში თამაშებია, ოღონდ მთავარია, ოჯახში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ამ დროს "თავს გადადებს" და ბავშვების გართობას იკისრებს.
გადაიქეცით ცხოველად
ახლა ბავშვი ბავშვი აღარ არის. ის ძაღლია, ბაყაყი ან კურდღელი. თქვენც იმავე როლში ხართ. განასახიერეთ ეს ცხოველები ხალისით, იყეფეთ და იკნავლეთ, იბღავლეთ და იყიყინეთ. ხმაური ამით არ შეწყდება, მაგრამ ქაოსს მაინც ორგანიზებული ჟრიამული სჯობია.
გაშეშობანა
ზოგჯერ ეს მეთოდი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დედა ხმამაღლა გასცემს ბრძანებას: გაშეშდი! შემდეგ ბავშვი ბრძანებს იმავეს. მთავარია, არ გაგეცინოთ. გაგეცინათ? ესე იგი წააგეთ და ახლა ბრძანება მეორე მოთამაშემ უნდა გასცეს.
აიღეთ ხელში სათამაშო, ახლა ის არის "უფროსი"
როცა დედა გარიგებს ჭკუას, ეს საინტერესო არ არის. არც ბებოს "ჩიჩინი" გამოდგება... სამაგიეროდ, როცა დათუნია ან საყვარელი თოჯინა "გეუბნება", რომ კბილების გამოხეხვის დროა ან "გპირდება", რომ ძილის წინ საიდუმლო ამბავი უნდა გითხრას, შეიძლება დაუჯერო კიდეც. დაიკავეთ ხელში მისი საყვარელი სათამაშო და "მისი ხმით" ისაუბრეთ. სანამ მობეზრდება, რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მეთოდი იმუშავებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვის დამშვიდება რთულიცაა და ადვილიც. რთულია იმიტომ, რომ უფროსი უნდა მოწყდეს საყვარელ სერიალს, საინფორმაციო გამოშვებას, კომპიუტერს ან სმარტფონს და ყურადღება ბავშვზე გადაიტანოს. ეს რატომღაც ოჯახის წევრების უმრავლესობას უჭირს. სამაგიეროდ, თუ დროს და ყურადღებას არ დაინანებთ, ბავშვები სიხარულით აგყვებიან ყველა საინტერესო წამოწყებაში, წიგნის წაკითხვა იქნება, ზღაპრის მოყოლა თუ თოჯინების თეატრის მოწყობა. თუ ფანტაზიაც ხელს გიწყობთ, დამყარებულა ოჯახში იდილია და ეგ არის.
მოამზადა ნინო მჟავანაძემ
წყარო mshoblebi.ge