reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ალასანიამ ბნელი ძალების წისქვილზე დაასხა წყალი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:44
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: ალასანიამ ბნელი ძალების წისქვილზე დაასხა წყალი!
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 21:00


მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები  გაფლანგვის ბრალდებით დააკავა, ირაკლი ალასანიამ პროკურატურა პოლიტიზებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე პირდაპირი შეტევაა. საპასუხოდ, პრემიერმა ალასანიას ბრალდებებს აბსურდული უწოდა და ის „ნაციონალების" ლობირებაში დაადანაშაულა. მოვლენების შეფასება კინოდოკუმენტალისტ გოგა ხაინდრავას ვთხოვეთ":


- ეს ალასანიას პოლიტიკური დემარშია. საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციასა და ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას საერთაშორისო ასპარეზზე,  პრაქტიკულად, ალასანიას ჯგუფი აკონტროლებდა. როგორც თავად ამბობენ, აღებული კურსის განხორციელებას საფრთხე შეექმნა და გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ გამობრძანდნენ და განგვიმარტონ ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ბატონებმა - პეტრიაშვილმა და ალასანიამ, ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ინსტიტუცია, ვინც მათ ხელი შეუშალა და კონკრეტულად, რაშია გამოხატული ხელის შეშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კურსის წინააღმდეგი საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი იყვნენ. პარლამენტშიც ბრძანდება მათი თანაგუნდელი, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე. თუ არ იქნება დასახელებული კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც ისინი გულისხმობდნენ, ეს იქნება პოლიტიკური საბოტაჟი. ზუსტად მათი მოქმედებაა საქართველოს არჩეული კურსისთვის ხელის შეშლა. ალასანიას განცხადებამ რა ზიანიც მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ასეთი „ნაციონალური მოძრაობის" მარგინალური და დანაშაულებრივი ჯგუფის გარდა, არავის მიუყენებია. 


პრაქტიკულად, დღეს მთელი დასავლური სამყარო ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველომ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს არის ბომბის აფეთქების ტოლფასი საქართველოსთვის - სერიოზული დარტყმა ეკონომიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ამ ზიანის ანაზღაურება იქნება ურთულესი საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ სამივე ყოფილმა მინისტრმა ქართველ ამომრჩეველს აგვიხსნას, ვინ არიან ის მითოლოგიური ძალები, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი.


- პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას "ნაციონალებთან" თანამშრომლობასა და მათ აშკარა ლობირებაზე ისაუბრა. ამის გარდა, უჭკუო, მოღალატე და ავანტიურისტი უწოდა... 

 

- სხვათა შორის, ჩემს ზურგზე გადაიარა იმ პროცესებმა, რომლებმაც ყველანი ამ თანამდებობებზე მოიყვანა. ამიტომ მაინტერესებს ალასანიას თანაგუნდელების ანგარიში იმ ხალხის წინაშე, ვინც ესენი ხელისუფლებაში  მოიყვანა და სადავეები ჩააბარა. იმ შემთხვევაში, თუ ალასანიას განცხადება არგუმენტირებულად არ იქნება განმარტებული, გამოდის, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საბოტაჟი არა მთავრობისა და კონკრეტული პირების, არამედ ქვეყნის მიმართ. ახლა რამდენად ჯდება ეს „ნაციონალების" თუ რომელიმე სხვა არაკეთილგანწყობილი ძალების გეგმებში, რომლებმაც საქართველოზე უკვე ამოიღეს ხმა და ალასანიას  გამონათქვამებს საერთაშორისო ასპარეზზე იყენებენ, ეს იფიქრონ იმ ადამიანებმა, ვინც ეს პოლიტიკური დემარში განახორციელეს. ნამდვილად არ ვაკვირდებოდი, ეს ადამიანი ლობირებდა თუ არა „ნაციონალებს", რა და როგორ ხდებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე ის, რომ პრაქტიკულად, ჩვენი საგარეო კურსი მთლიანად კონტროლდებოდა „თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ჯგუფისა და მათი ოჯახის წევრების მიერ. ამიტომ ამ საკითხზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ალასანიამ იმ ბნელი ძალების წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და ამ მარგინალური ჯგუფის („ნაციონალების") მეშვეობით ცდილობენ გავლენის სფეროების შენარჩუნებას საქართველოში. შესაძლებლობა მისცა მათ, შეარყიონ საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური კურსის მატარებელი ქვეყნის საფუძვლები. უკვე დაიწყო დასავლეთის გამოხმაურება ამ თემაზე და ეს დიდი ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. 


- ამ ფაქტზე პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე რას იტყვით?

 

- მართალი გითხრათ, მაინცდამაინც ვერ გავიგე, რას ემსახურებოდა მარგველაშვილის გამოსვლა, რომელშიც არანაირი პოზიცია არ იყო ჩამოყალიბებული. იმაში კი ვეთანხმები ბატონ მარგველაშვილს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასება საპარლამენტო და საერთო-საზოგადოებრივ დონეზე. როგორც მე გავიგე, ალასანიას განცხადებამდე, ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა ევროატლანტიკური კურსი - ყველა მისმა თანაგუნდელმა ცალ-ცალკე ილაპარაკა, რომ ამ კუთხით სასწაული მიღწევებია. მაინტერესებს, რა მოხდა ალასანიას გამოსვლის წინადღეს ამისთანა, რამაც ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა? ამიტომაც მოვითხოვ განმარტებას.


- ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ზემოხსენებული მოვლენები საეჭვოდ დაემთხვა ნაციონალების" დაანონსებულ 15 ნოემბრის აქციას...

 

- ეს მე ნაკლებად მაინტერესებს, ისევე როგორც 15 ნოემბრის აქცია, რადგან ის არანაირ როლს არ თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. არ ღირს ამ მარგინალებისა და კრიმინალების პატარა ჯგუფის შესაძლებლობების გადამეტებული შეფასება. მე მაინტერესებს სახელმწიფოებრივი ქმედება და მასთან დაკავშირებული კითხვები. ასეთი დიდი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, მისი ევროატლანტიკური განვითარებისთვის სააკაშვილის მერე არავის მიუყენებია. ამიტომ უნდა გავერკვეთ, ვინ რამდენად გულწრფელად ემსახურებოდა ამ იდეას, ვინ იყო ჩართული არა საკუთარი, არამედ საქართველოს ინტერესების სამსახურში. გავერკვეთ, სად ვართ და ეს იმ გუნდს მოვკითხოთ, ვის ხელშიც იყო ამ კურსის გატარების ბერკეტები, ვინაიდან ეს ყველა ჩვენგანის მომავალზე აისახება. ახლა არის გასარკვევი, რა მოტივით იყო ეს განცხადება გაკეთებული. იქნებ ირაკლის, მაიას ან ალექსის ვიღაცამ მისცა დავალება, რომ კურსი უნდა შეიცვალოს? ამის შემდეგ იმ ადამიანებთან გვექნება კითხვები, ვისაც ისინი დაასახელებენ. 


ნანა ფიცხელაური

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016