reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:28
ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ!
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 21:01


ქვეყანაში დაწყებული ცხელი  პოლიტიკური პროცესებისა და ვნებათაღელვის შესახებ ვესაუბრებით ყოფილ პარლამენტარს ვალერი გელბახიანს, რომელიც, როგორც ყოველთვის, საინტერესო პროგნოზებს გვთავაზობს.


- ბატონო ვალერი, როგორ აფასებთ ირაკლი ალასანიას განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე დარტყმას ნიშნავს და მოიქცა თუ არა სწორად ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ამ განცხადების გამო ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენა?

 

- ალასანიამ ამ განცხადებით პოლიტიკური ტრიუკი ჩაატარა, რათა სისხლისსამართლებრივი ბრალდებები გადაეფარა და ახლა პრემიერ-მინისტრს უწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ცვლის!


ისიც ფაქტია - ხვალ ხელისუფლებამ ალასანიას დაჭერა რომ გადაწყვიტოს, ეს აუცილებლად პოლიტიკურ ელფერს მიიღებს! სწორედ ეს გათვალა ალასანიამ და საკუთარი თავის სასარგებლოდ პრაგმატული ნაბიჯი გადადგა!


მიუხედავად ამისა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ალასანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ!


- ამას არც ალასანია გამორიცხავს და ამბობს, შესაძლოა, გამოძიება ჩემამდეც მოვიდესო... ისე კი, საინტერესო იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, ძალიან მალე საზოგადოება ალასანიას შესახებ ბევრ სიურპრიზს შეიტყობსო...

 

- ალასანიას შესახებ ღარიბაშვილის დაანონსებული სიურპრიზი ის იქნება, რომ ბრალდებები და დაჭერები კიდევ გაგრძელდება!„


კიდევ ვიმეორებ, რომ ალასანიას დაჭერასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა, ახლა ამის გაკეთება გაუჭირდებათ! ეს ფონი რომ არ შექმნილიყო, ალასანიას დაჭერა ჩვეულებრივი იურიდიული პროცედურა იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა თემა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ხელისუფლება ვერანაირად ვერ აუხსნის დასავლეთს, რომ ალასანიას დაჭერას პოლიტიკური სარჩელი არ ედო.


ისე კი, მე რომ მკითხოს კაცმა, წმინდა სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით, იმ „კაბელების საქმეზე" თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თუ არიან დასაჭერები, ალასანია რატომ არ არის დასაჭერი?!


- ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი დახვდათ. მათ განაცხადეს, ჩვენ აქ ივანიშვილთან სალაპარაკოდ არ მოვსულვართო. ამაზე რას იტყვით?

 

- ძალიან არ მომწონს, როცა ვითარდება თეორია, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება და ამაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დაწყებულია ამ თეორიის ფორმირება და ეს ძალიან სახიფათოა საქართვალოსათვის!


მეორე მხრივ, ალასანიასა და მისი გუნდისაგან ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, ბიძინა ივანიშვილთან სალაპარაკო არაფერი გვაქვსო! ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები" სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია მოქმედ პოლიტიკოსებად, თორემ მანამდე ისინი ჭაობის პოლიტიკოსები იყვნენ! ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს მორალური უფლება, მათ პასუხი მოსთხოვოს!


- როგორ წარმოგიდგენიათ კოალიცია „ქართული ოცნების" მომავალი და თქვენი აზრით, რას იზამენ რესპუბლიკელები, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს სოლიდარობა ალასანიას?

 

- ამ წუთისათვის ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ კოალიციას რაიმე საფრთხე ემუქრება, მაგრამ, თუ რესპუბლიკელებმა განაგრძეს დღევანდელი რიტორიკა და ვერ მიიღეს ის, რასაც ახალი გადანაწილების ფონზე ელოდებიან, მაშინ „ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობა აღარ ექნება!


- რას ელოდებიან რესპუბლიკელები და რისი მიღება სურთ?

 

- რესპუბლიკელებმა კოალიცია დააყენეს არჩევანის წინაშე - ან ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, ანუ შეთანხმდება კოალიციაში შემავალ პარტიებთან, ან ეს კოალიცია დაიშლება!


ეს, იცით, რას ნიშნავს? ღარიბაშვილმა ყველა გადაწყვეტილება, მინისტრის დანიშვნა იქნება, მოადგილის დანიშვნა თუ რამე დადგენილების მიღება, რესპუბლიკელებთან უნდა შეათანხმოს!


თუ არადა, რესპუბლიკელები აღარ იქნებიან კოალიციაში და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობაც აღარ ექნება!


- თქვენ როგორ ფიქრობთ, კოალიცია „ქართული ოცნება" დაიშლება?

 

- კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება!


ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მოქმედ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი არ გააჩნია, რადგან მოსახლეობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა მის მიერ წარდგენილ პარტიებს. ამიტომაც, ბიძინას წასვლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება, განსაკუთრებით პარლამენტი, არ გამოხატავს ხალხის ნებას.


გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი „ქართული ოცნებისგან" სულ სხვა რამეს ელოდა... მე ვისაც ვხვდები, ყველა მეუბნება - გვეგონა, რომ რუსეთთან არათუ დალაგდებოდა ურთიერთობა, არამედ ახალ ხელისუფლებაში პრორუსული ვექტორი გაჩნდებოდაო. ამომრჩევლების ერთ მესამედს ეს მოლოდინი გაუცრუვდა, რადგან ხელისუფლებისაგან მხოლოდ პროდასავლურ ვექტორს ხედავენ!


გაზაფხულზე ჩვენ მივიღებთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს! შეიძლება, მივიღოთ მთავრობის ვადამდელი ცვლაც!


- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, ალასანიასა და მისი „თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვევს თუ არა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა?

 

- არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიასა და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლამ ნაციონალური მოძრაობის განეიტრალება გამოიწვიოს! დიახ, ნაციონალებისათვის ნამდვილად არ არის სახარბიელო, „თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ალასანია დაიჭირა და „თავისუფალი დემოკრატები" გაანადგურა, ოპოზიციური ასპარეზი ისევ ნაციონალებს დარჩებათ, თანაც უფრო გაეხსნებათ ხელ-ფეხი იმის სამტკიცებლად, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს!


ამიტომაც ხელისუფლებამ კარგად უნდა გააანალიზოს შექმნილი სიტუაცია და იმოქმედოს არა საკუთარი გაბრაზების, არამედ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016