reportiori.ge - ვინ არის ირაკლი ალასანია და რის გახსენება არ უნდა წარსულიდან?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ არის ირაკლი ალასანია და რის გახსენება არ უნდა წარსულიდან?!
ავტორი:
10 ნოემბერი, 2014. 21:22


პოლიტიკოსებს და მეტადრე, ქართველ პოლიტიკოსებს, ერთი უბედურება სჭირთ - წარსულის „შავი ლაქების" გახსენება სიკვდილის დღესავით ეზარებათ. დღეს ყველაზე აქტუალური ფიგურა ირაკლი ალასანიაა. ცხადია, არც ალასანიას მოსწონს წარსულიდან მუქი ჩრდილების გახსენება, მაგრამ მკითხველს ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ იმ პოლიტიკოსზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ამ ქვეყნის მართვასა და პირველკაცობაზე აქვს პრეტენზია. მაშ ასე, ფაქტები, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს - ვინ არის ირაკლი ალასანია და რის გახსენება არ უნდა წარსულიდან? 


ირაკლი ალასანიას განსაკუთრებით არ მოსწონს, როცა მას 90-იან წლებსა და „კულინარიელთა"" საძმოს წევრობას ახსენებენ. არადა, არსებობს უამრავი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის „კულინარიელთა" წევრი იყო, ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩლაიძე კი ალასანიას მეჯვარე. „კულინარიელთა საძმოს" არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი წარსულში, მათ შორის, ათობით მკვლელობა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიზნით, პოლიციის შენობების დაყაჩაღება და იარაღის საცავის „გასუფთავება", რეკეტი და სხვა. ალასანია კი ამ ბანდის კონსულტანტი იყო აღმზრდელობით საკითხში. ზოგადად, 90-იან წლებში, თბილისში არაერთი კრიმინალური დაჯგუფება არსებობდა, მე კარგად მახსოვს ის შავ-ბნელი წლები, ამ დაჯგუფებების სახელებიც და ზოგიერთი მათგანის ლიდერებსა და რიგით წევრებსაც ვიცნობდი. გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვი, „კულინარიელები" თბილისში  სისასტიკით მხოლოდ „ვერის საძმოს" ჩამოუვარდებოდნენ, რომელსაც სწორედ არნახული, არაადამიანური  სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო,  მეორე სახელიც შეარქვეს - „ბოროტები". საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა სწორედ „ვერის საძმოს" - ამ „ბოროტების" წევრი იყო და „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერიც. დღე არ გადიოდა, ნიკა რურუასთვის ეს ფაქტი ვინმეს არ წამოეძახებინა. კი მაგრამ, თუ ნიკა რურუასთვის „მხედრიონელობა" და „ვერის საძმოს" წევრობა დანაშაული და კომპრომატია, ირაკლი ალასანიას „კულინარიელობა" რატომ უნდა დაგვავიწყდეს?! სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ერთი გახმაურებული საქმე, რომელშიც ირაკლი ალასანია დღემდე გახლართულია და თავი ვერ დაუღწევია. 1995 წლის 4 მარტს, თბილისში, საზარელი დანაშაული მოხდა. ორი ახალგაზრდა, კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს კი, შვილების ცხედრების ნაცვლად, სხვისი გვამები შეაჩეჩეს ხელში. გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები, სხვებთან ერთად, ამ საზარელ დანაშაულში ირაკლი ალასანიას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ალასანია თავისივე მეგობრების გაუჩინარების საქმის თანამონაწილეა. ერთი ვერსიით, 14 წლის ბექას და 18 წლის კუსას „კულინარიელები" გაუსწორდნენ. სახელდება ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც თითქოსდა თავად მოკლა ორივე ახალგაზრდა და ირაკლი ალასანია საკუთარ მეჯვარეს დაეხმარა საქმის ჩაფარცხვაში. მეორე ვერსიით, ამ საქმეში უშიშროება იყო გარეული. საქართველოს უშიშროების იმჟამინდელი მინისტრი, იგორ გიორგაძე და ირაკლი ალასანია მეზობლები იყვნენ. მოკლულის მშობლები ამბობენ, რომ იგორ გიორგაძეს ეხმარებოდა ალასანია ამ დანაშაულის ჩაფარცხვაში და უშიშროებასთან მანამდე თანამშრომლობდა, ვიდრე იქ ოფიციალურად მუშაობას დაიწყებდა. დაკარგული ბიჭების მშობლები, მანანა რეხვიაშვილი და თამარ გარსევანიშვილი აცხადებენ, რომ ალასანია, თემურ ავიძბა და ზაზა ბარკალაია, რომლებიც კუტუზოვის ქუჩაზე, იმავე ეზოში ცხოვრობდნენ, სადაც ბექა და კუსა და მათთან მეგობრობდნენ, ერთად სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შლიდნენ დანაშაულის კვალს. მშობლების თქმით, ეს სამეული თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელს, გია ნატროშვილს კაბინეტში იარაღით შეუვარდა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. ამბობენ, რომ ალასანია და მისი მეგობრები, გამომძიებელს იარაღის მუქარით  აიძულებდნენ, უშიშროების კვალი წაეშალა და გამოძიება სხვა, მცდარი მიმართულებით წაეყვანა. სამწუხაროდ, გია ნატროშვილი ამჟამად გარდაცვლილია და ზუსტად იმის თქმა, რას აიძულებდა მათ ავტომატიანი ირაკლი ალასანია, მეგობრებთან ერთად, შეუძლებელია. ამ საქმეზე ირაკლი ალასანია სამჯერ არის დაკითხული, დაკითხულია სხვა უამრავი პიროვნება, მაგრამ ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. 


სხვათა შორის, ირაკლი ალასანიას უშიშროებაში მუშაობა სწორედ იგორ გიორგაძემ დააწყებინა და ამის დამადასტურებელი ინფორმაციებით სავსეა ინტერნეტი, არაერთი სანდო ადამიანი ირწმუნება ამას. თუმცა, პროდასავლელ ალასანიას დღეს არც ამის გახსენება აწყობს - იგორ გიორგაძე საქართველოში რუსეთის № 1 აგენტადაა შერაცხული, თან მასზე სს საქმეა აღძრული სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის მცდელობის ბრალდებით და თუნდაც მისი პროტეჟე ყოფილიყო გიორგაძე, დღეს ხელს არ აძლევს ამ ამბის გახსენება. იმასაც ამბობენ, რომ გიორგაძესთან დღემდე უხილავი ძაფებითაა მიბმული ირაკლი ალასანია და მასთან საიდუმლო ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ალასანია იმის დამალვასაც ცდილობს, რომ უშიშროების პოლკოვნიკია... 


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ  ირაკლი ოქრუაშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის დაპირისპირება კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების დროს, 2006 წლის ივლისში დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოფიციალურ სამხედრო ფორმირება „მონადირეს" მოსთხოვა იარაღის ჩაბარება. „მონადირეს" მეთაური ემზარ კვიციანი გახლდათ. ცნობილია, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია მაშინ კვიციანის მხარეს დადგა და ღიად დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრს. თუმცა, ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ მათი დაპირისპირება არც 2006 წელს და არც კოდორის ხეობის მოვლენების გამო არ დაწყებულა. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ როცა შს მინისტრი იყო, ირაკლი ალასანიას ცოლისძმა დაიჭირა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე. „მაია ფანჯიკიძის ძმა იყო თბილისში ცნობილი ნარკორეალიზატორი და ნახევარი საბურთალო და ვაკე მოწამლა", - ეს სკანდალური განცხადება ოქრუაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა. გარდა ამისა, არსებობს სხვა ინფორმაციებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ მაია და ნათია ფანჯიკიძეების ძმას, ანუ ალასანიას ცოლისძმას, ნარკოტიკებთან საეჭვო შეხება ჰქონდა და ცხადია, აქ მათ მოხმარებაზე არ არის ლაპარაკი. ეს თუ სიმართლეა, ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ კარიერაზე, ადრე თუ გვიან, უარყოფითად იმოქმედებს, მით უფრო, ოქრუაშვილისგან არაფერია გასაკვირი - ერთ დღესაც, შესაძლოა, საკუთარი ნათქვამი კონკრეტული მტკიცებულებებით, დავუშვათ, დოკუმენტებით გაამყაროს. სხვათა შორის, ირაკლი ოქრუაშვილივე აცხადებდა, რომ, როდესაც ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო და თავად კი საფრანგეთში გაქცეული, მას იქ კომპიუტერიც გაუტეხეს და ალასანია გამუდმებით მისმენდაო(!). 


ირაკლი ალასანია საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე სხვადასხვა პოსტები ეკავა ამ სამინისტროში. როცა პანკისის ხეობაში სიტუაცია გამწვავდა, შს და უშიშროების სამინისტრო ერთობლივად ცდილობდნენ კონტროლის ხელში აღებასა და ხეობაში ჩეჩნეთიდან გადმოსული „ბოევიკები" უკან უმტკივნეულოდ გადაყვანას. სწორედ ამ პერიოდიდან, ალასანიას სახელი ნარკოტიკებით ვაჭრობასაც დაუკავშირდა. 2010 წელს, როცა ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ ციხიდან მიმართვა გაავრცელა, თბილისელებს მოუწოდა, რომ მისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ალასანიას ნარკოტრეფიკიორობა დაასახელა: „შეგახსენებთ, რომ ეს ის ალასანიაა, რომელიც შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში ე.წ. უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ხელს უწყობდა ნარკოტიკების რეალიზაციას, კორუფციას, ტრეფიკინგს და სხვა. ირაკლი ალასანია კურირებდა ნარკოტიკების შემოტანასა და მის რეალიზაციას პანკისის ხეობიდან", - ნათქვამია ცოტნე გამსახურდიას მიმართვაში. 


ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ალასანია 2009 წლიდან ჩაება, როცა გაერო-ში საქართველოს ელჩის პოსტი დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა. 2009 წლის თებერვალში პარტია „თავისუფალი დემოკრატები" დააფუძნა თანამოაზრეებთან ერთად. „თავისუფალი დემოკრატები" ჯერ კოალიციაში „ალიანსი საქართველოსთვის" გაწევრიანდნენ, სადაც „ახალი მემარჯვენეები", „რესპუბლიკელები" და „საქართველოს" გზა შედიოდნენ. ამ ალიანსის  სახელით იყარა კენჭი ალასანიამ 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებში. გიგი უგულავამ ალასანია დაამარცხა, თუმცა, ცხადი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეს არჩევნები არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გააყალბა „ნაცმოძრაობამ". ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა, მაგრამ ალასანიამ ყველას ცივი წყალი გადაასხა - მან გიგი უგულავას არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა „ღირსეული გამარჯვება" და ამით ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის დაწყების საფუძველი გამოაცალა. ცხადია, როცა ლიდერი არჩევნებს ლეგიტიმურად და სამართლიანად აღიარებს, მის მომხრე პოლიტიკურ ძალებს ქუჩაში გამოსვლის მიზეზი აღარ რჩებათ. დღესაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობასა" და ალასანიას შორის შეთანხმებული თამაში იყო. „ალიანსი საქართველოსთვის" მალევე დაიშალა და პირველმა ის ალასანიამ მიატოვა. ირაკლი ალასანიას სახელს უკავშირდება ორი ოპოზიციური გაერთიანების დაშლა - მან ჯერ „რვიანი" მიატოვა, ასევე, პირველმა, შემდეგ კი ეს „რვიანი" „ექვსიანად" გადაკეთდა, მაგრამ იქიდანაც წამოვიდა. ეს ორივე გაერთიანება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის იყო შექმნილი და სააკაშვილის ხელისუფლება უნდა აეძულებინა, რომ ბევრი რამ შეეცვალა ამ მიმართულებით. „ალასანიას დამოუკიდებელმა მოქმედებებმა დაშალა „რვიანიც", „ექვსიანიც", რადგან მას გუნდური თამაში არ შეუძლია", - აცხადებდა „რვიანის" დაშლის შემდეგ "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.  ირაკლი ალასანიას გუნდური თამაში რომ არ შეუძლია, ეს ცნობილია. ის ვერ იტანს, როცა სხვისი გეგმითა და კარნახით მოქმედებს, ამიტომაც არის, რომ ვერც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვერ გაძლო. ის ინდივიდუალისტია, თუმცა კომფორტის მოყვარული. მუდამ უარს ამბობდა ქუჩის საპროტესტო აქციებზე და მხოლოდ მაშინ გადიოდა ქუჩაში, როცა პოლიტიკური პარტნიორები სხვა გზას აღარ უტოვებდნენ. მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა ბრძოლის ამ მეთოდზე, როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ალასანიამ სწორი არჩევანი გააკეთა - ივანიშვილი მისთვის ხელისუფლებაში მოსვლის გარანტი იყო და მას ქუჩაშიც გაჰყვა... 


ლევან ჯავახიშვილი 

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016