reportiori.ge - თელავში "ერეკლეობა" ჩატარებულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
საზოგადოება
თელავში "ერეკლეობა" ჩატარებულა
10 ნოემბერი, 2014. 23:04

 

 

7 ნოემბერს, თელავში "ერეკლეობა" ჩატარებულა.

გამიხარდა.

მართლაც სასიამოვნოა, რომ აღსდგა და ყოველწლიურად ტარდება ეს მართლაც სახალხო დღესასწაული.


სახელოვანი მეფე ხალხის  სიყვარულით სარგებლობდა და ბედნიერებაა, რომ დღევანდელი თაობები მემკვიდრეობით მიღებულ სიყვარულს "პატარა კახისადმი, ასე რომ აღრმავებენ.


კარგად მახსოვს ერეკლე მეფის ძეგლის გახსნა თელავში, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში.

 

 


სხვა დრო იყო მაშინ. რთული. საქართველო სსრკ ნაწილი იყო. ქვეყანა მოსკოვიდან იმართებოდა და ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც თან პატრიოტული მუხტი ახლდა, მეტ-ნაკლებად ეჭვის თვალით უცქერდნენ "ძლიერნი იმა ქვეყნისა".


ჰოდა, მეფის (!!!) ძეგლის გახსნა, რაღაც იდეოლოგიურ ანაქრონიზმად აღიქმებოდა და, თუ თანხმობა მაინც მოგვცეს, ალბათ, იმიტომ, რომ ნებართვის მისაღებად გაგზავნილ დოკუმენტებში ამ ისტორიული პიროვნების სახელი გეორგიევსკის ტრაქტატთან იყო ოსტატურად დაკავშირებული.


ქართველებისთვის კი მეფე ერეკლეს ძეგლი და მისი გახსნის ცერემონიალი სულ სხვა დატვირთვას ატარებდა და გამოკვეთილად პატრიოტული სულისკვეთებით იყო აღსავსე. მაშინ არავისთვის არ იყო დამალული, რომ ეს მოვლენა პირდაპირ და პერსონალურად უკავშირდებოდა რესპუბლიკის მაშინდელი თავკაცის ვასილ მჟავანაძის და თელავის აღმასკომის თავმჯდომარის მედეა მეზვრიშვილის სახელებს.


ეს სწორედ ის მედეა მეზვრიშვილია, რომელსაც ახლა ზოგიერთი ბრიყვი "კბილს გაკრავს" და, სამწუხაროდ, ცინიკურად მოიხსენიებს. ყველა ასეთ შემთხვევაში, ერთი კარგი, მეტყველი ანდაზა მახსენდება, (უკაცრავად პასუხია): "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო".


მინდა ამ ღვარძლიან "ტიპებს" ვუთხრა, რომ  წინა თაობები გულწრფელად პატივს ცემდნენ და აფასებდნენ მას, რამეთუ კარგად იცოდნენ უვაჟკაცესი ქალბატონის უღალატობა, შეუპოვრობა, შემართება, როცა საქმე სამშობლოს და მის ღირსებას შეეხებოდა. სწორედ მისი მონდომების, სიბრძნის, პრინციპულობის შედეგი გახლდათ სამხედრო პოლიგონის "პრობლემის" გადაჭრა გარეჯის მიმდებარე უდაბნოდან, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-მოვლა-პატრონობის პროცესის დაწყება, "გარეჯობის" შემოღება...

მანამდე კი...მისი ბიოგრაფიიდან ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო.

...50-იანი წლების შუაგულში მთელი სსრკ ზეიმობდა რუსეთ-უკრაინის გაერთიანების 300 წლისთავს. (სხვათაშორის, სწორედ მაშინ "აჩუქა" სსრკ ლიდერმა ნ. ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას და 58 წლის წინათ "ჩადენილი"ამ სისულელის გამო იმყოფებიან რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში, რომლის სავარაუდო შედეგი შესაძლოა კატასტროფად იქცეს ევროპისთვის). ერთი სიტყვით,  ნ.ხრუშჩოვის ინიციატივით საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყველა მოკავშირე რესპუბლიკას დაავალა თავიანთ დედაქალაქებში ამ გაერთიანების "ინიციატორის", უკრაინის მაშინდელი გეტმანის ბოგდან ხმელნიცკის ძეგლის დადგმა.


ვიმეორებ: არ იყო მაშინ მარტივად საქმე, მით უმეტეს საქართველოში: სტალინი ახალი გარდაცვლილია, ბერია უკვე დახვრეტილი, "მეგრელთა საქმე კი არის "დამთავრებულ-გაუქმებული", მაგრამ "იარები მოშუშებული არ არის. საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ყავს. მიმდინარეობს "კადრების წმენდა". ჩვენი რესპუბლიკისადმიც დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, "ეჭვით და ბოღმით" არის სავსე. თანდათან ძალას იკრებს "პიროვნების კულტის" კრიტიკა და... ერთი სიტყვით, ჰაერში "დენთის სუნი" ტრიალებს (რაც განივთდა კიდეც 1956 წლის 9 მარტს)...

ამ რთულ პერიოდში, საქართველოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელობისთვის  არც ისე ადვილი იყო მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევა: მოსკოვის "ბრძანება" უნდა შესრულდეს, მაგრამ ისიც აფიქრებთ, რომ ძეგლის თბილისში დადგმამ, შესაძლოა, მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდეს: ამიტომ მოინახა გამოსავალი:  სავარაუდო ძეგლი თბილისს განარიდეს და მის ადგილსამყოფელად თელავი შეარჩიეს. მით უმეტეს, პროვინციულ თელავში გართულებას არავინ ელოდა.


და მოხდა მოულოდნელობა: თელაველმა სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც თავკაცობდა კომკავშირის რაიკომის მდივანი, მანამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მედეა მეზვრიშვილი,  ისე ძლიერად გაილაშქრეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ რომ...

კომკავშირის ყრილობაზე გამოსულმა მედეა მეზვრიშვილმა "ქვა ქვაზე არ დატოვა", ისე უსაყვედურა საქართველოს ხელმძღვანელობას: ქართულ მიწაზე ჯერ ერეკლე მეფის ძეგლი არ დგას და რა ბოგდან ხმელნიცკი აგიტყდათო... ამას მქუხარე ტაში მოჰყვა. აუდიტორიის მხარდაჭერით გამხნევებულმა მედეამ სიტყვის გაგძელება მოინდომა და მიკროფონში თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ ისე, რომ მთელმა დარბაზმა გაიგონა: ყველამ თავის მკვდარს მოუაროსო და... მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ოვაციები ისტერიულ ხარხარში გადაიზარდა...

იცინოდა ყველა, დიდi თუ პატარა, მათ შორის ხელმძღვანელობაც...

ვასილ მჟავანაძემ ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ამ "შეცდომას" გამოასწორებდნენ. ბოგდან ხმელნიცკის ძეგლმა "ჩაილურის წყალი დალია"...

მიდიოდა წლები. მედეა ერთი წუთითაც არ ივიწყებდა ძეგლის "პრობლემას". არც მჟავანაძე იყო გულმავიწყი, მაგრამ...

როგორც ზემოთ ვთქვით, დრო იყო მეტისმეტად რთული... ასეთი "თემები", ასეთი "საკითხები" მარტივად არ წყდებოდა...

წინ იყო 1956 წლის 9 მარტი...

1964 წლის ოქტომბერი, როცა ხრუშჩოვი გადააყენეს...

და კიდევ სხვა, არაერთი...

თუმც ეროვნული საქმეები მაინც კეთდებოდა. დინჯად, ხმაურის გარეშე...

თბილისის 1500 წელი...

რუსთაველის იუბილე...

სამეცნიერო ექსპედიცია ჯვრის მონასტერში და უკვდავი შოთას პორტრეტის აღმოჩენა...

მედეა მეზვრიშვილი და მისი თანამოაზრენიც არ ისხდნენ გულზე ხელდაკრეფილნი:  მოევლო იყალთოს და გოგი შათირიშვილმა ძველი "აკადემიის" ნაფუძარზე "სახალხო უნივერსიტეტი" გააცოცხლა ... ალავერდსაც ხელი შეაწიეს... გრემსაც...

მერე ის ნანატრი დღეც დადგა, 1971 წლის შემოდგომაზე,  როცა თელავმა, კახეთმა, საქართველომ იზეიმა მერაბ მერაბიშვილის ნაღვაწის, იმ დროისთვის მართლაც ჩინებული ქმნილების- ერეკლე მეფის ძეგლის გახსნა...

მართლაც სიტყვის კაცი იყო ვასილ მჟავანაძე!

ასევე, სიტყვის პატრონი გახლდათ მედეა მეზვრიშვილიც, ვაჟკაცური ბუნების, უსაზღვრო პატრიოტული მუხტის მატარებელი, მშობლიურ მიწა-წყალზე შეყვარებული დიდი, ძალიან დიდი ქალბატონი!

ჰოდა, როცა ასეთი ისტორიები იცი კაცმა, შეუძლებელია გული არ გატკინოს ასეთი გულმხურვალე პატრიოტი ადამიანების მისამართით რომელიღაც ავყიის და უმადურის წამონაროშმა.

 და მართლაც ჭეშმარიტებას ბრძანებს ირაკლი აბაშიძე ერთ, ჯერ კიდევ  გამოუქვეყნებელ ლექსში: "ქვეყნის საქმეზე თავგადადება / ვის ეპატია, შენ გეპატიოს!!!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016