reportiori.ge - გია ხუხაშვილი: ქვეყანა გადაარჩინა იმან, რომ ალასანიას საკმარისი ავტორიტეტი არ ჰქონდა სამხედროებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:52
პრეს-დაიჯესტი
გია ხუხაშვილი: ქვეყანა გადაარჩინა იმან, რომ ალასანიას საკმარისი ავტორიტეტი არ ჰქონდა სამხედროებში
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 21:51


 


„ქვეყნის ორიენტაციის შეცვლის დაბრალება ხელისუფლებისთვის, გადატრიალების ტოლფასია"


თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებები არასახელმწიფოებრივად შეფასდა. ირაკლი ალასანია ემოციებს აჰყვა და საკუთარი სიმწარე თუ პოლიტიკური ბოღმა ქვეყანას დაანთხია თავზე. თანაც ისე, რომ შედეგზე საერთოდაც არ უფიქრია. ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველო საკმაოდ მძიმე რისკიდან ერთმა დეტალმა იხსნა: ექსპერტის თქმით, მინისტრს საკუთარ უწყებაში, სამხედროებში, არმიაში იმდენად დაბალი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მისი სიტყვები არც ერთმა მსახურმა სერიოზულად არ აღიქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოემბრის დასაწყისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ბუნტის დაწყების თარიღად შევიდოდა.


გია ხუხაშვილი:

 

- არ შეიძლება მსგავსი განცხადებების კეთება, ეს არასახელმწიფოებრივია. მესმის ადამიანური ემოციების, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ემსახურები, არ გაქვს მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება. ქართული არმია მოტივირებულია NATO-ს სტანდარტების შესრულებაზე, ამ ბლოკში გაერთიანებაზე, მოტივირებულია დასავლურ ორიენტაციაზე. ისინი არიან ვაჟკაცები და ეს არის მათი სიცოცხლის საქმე, მათი ორიენტაცია არის NATO-სკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და მთელი თავისი სიცოცხლე სწორედ აქეთკენ სვლას მიუძღვნეს. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანების სარდალი, უწყების პირველი პირი, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ხდება შეთქმულება, კურსიდან გადახვევა და ქვეყანა აპირებს სხვა მიმართულებით წასვლას. ამ განცხადების შემდეგ სამხედროების გარკვეულ ნაწილს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ მათი მრწამსის საწინააღმდეგო პროცესები დაიწყო და თავისუფლად შეიძლებოდა დაწყებულიყო უკონტროლო პროცესი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ვიღაცას სამხედრო ნაწილში ალასანიას სიტყვებისთვის რომ დაეჯერებინა, ჩვენ აუცილებლად მივიღებდით მწვავე პროცესს, ბუნტის სახით.


- კონკრეტულად რა  შეიძლებოდა მოემოქმედებინათ?

 

- საქართველოში ვინმეს ბუნტის მოწყობა უკვირს? რა შეიძლებოდა მოემოქმედებინათ და მოტივირებულ სამხედროებს რომ დაეჯერებინათ, ქვეყანა მართლაც იცვლიდა ორიენტაციას, შეეძლოთ, კონტროლიდან გამოსულიყვნენ და სერიოზული რხევები დაიწყებოდა. მსგავსი შემთხვევები საქართველოში ყოფილა და არც ამჯერად იქნებოდა გასაკვირი ეს, სამწუხაროდ. საკმაოდ მაღალი რისკი გააჩინა ალასანიას სიტყვებმა, უბრალოდ, ქვეყანა იმან გადაარჩინა, რომ ალასანიას საკმარისი ავტორიტეტი არ ჰქონდა სამხედროებში, ანუ მისი სიტყვები მაინცდამაინც სერიოზულად არავის მიუღია. გენშტაბის უფროსის პოზიციამაც დადებითად იმოქმედა, ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა ყველაფერ ამაზე. მან თქვა, რომ ჯარი არის დეპოლიტიზებული და პოლიტიკაში არ ერევა, ანუ ვახტანგ კაპანაძემ ეს პროცესი ჩვეულებრივ პოლიტიკად მონათლა და არ აღიქვა, როგორც სერიოზული საფრთხე. ალასანიას რომ სერიოზული ავტორიტეტი ჰქონოდა არმიაში, როგორც სარდალს, ამ შემთხვევაში საფრთხის სერიოზულ განვითარებას მივიღებდით შედეგად. რაც მთავარია, ეს ყველაფერი საათებში იყო ჩასაცხრობი. წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრს, რომელსაც აქვს ყველანაირი ბერკეტი, გასცეს ნებიმიერი ბრძანება, მათ შორის, სამხედრო ნაწილების ყაზარმულზე გადაყვანის ბრძანება, შეეძლო ამ მიმართულებით გაეცა მითითებები, თან დარჩა თანამდებობაზე და თან კურსის შეცვლაზე საუბრობდა. სწორედ ამიტომ ღარიბაშვილი იძულებული იყო... პრემიერს სხვა გზა, უბრალოდ, არც კი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ირაკლი ალასანია თანამდებობიდან ჩამოეშორებინა, შედეგად საშიში პროცესების განვითარება რომ არ მიეღო. ჩემი აზრით, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერიოზული რისკები შექმნა.


- როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები მიზანმიმართულად გაკეთდა?

 

- თუ მოვლენების განვითარებას მივადევნებთ თვალყურს, ალასანიას განცხადება შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. გარკვეულწილად, ემოციების კომპონენტები ამ განცხადებებში, ბუნებრივია, იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გეგმით მიდიოდა ყველაფერი: ჯერ თავდაცვის მინისტრის განცხადება, შემდეგ მისი გადადგომა, რასაც მოჰყვა ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, მისი მოადგილეების მიერ პოსტების დატოვება. ამ ყველაფერს ჰქონდა პროცესის სახე, თავად მიზეზი კი იმდენად მოგონილი გახლდათ, რომ ეს უფრო აჩენს ეჭვს, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლის დაბრალება ხელისუფლებისთვის გადატრიალების ტოლფასია, ნამდვილად არ არის ასე, ჰაერზე წამოსაძახებელი ბრალდება. ალასანიას შეეძლო, ნებისმიერი სხვა მიზეზი დაესახელებინა და ისე წასულიყო, ამ შემთხვევაში ასეთი რისკები ნამდვილად არ გაჩნდებოდა. ქვეყნის ორიენტაცია განსაზღვრულია კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ასე შემდეგ. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ორიენტაციას ხელაღებით შეცვლის, თავისთავად ჩააყენებს საკუთარ თავს კონსტიტუციის მიღმა. ირაკლი ალასანიამ სწორედ ეს დააანონსა, როდესაც განაცხადა, ორიენტაციას საფრთხე ემუქრებაო, ანუ თქვა, ხელისუფლებაში გადატრიალების მცდელობააო და ეს განცხადება გააკეთა სარდალმა. ნებისმიერი სამხედრო აგიხსნით, როგორი მოტივირებულები არიან ქვეყნის ორიენტაციის არჩევანზე და ისინი ახსნიან, რაზე წამსვლელები არიან ორიენტაციის შეცვლის შემთხვევაში. მაშინ მიხვდებით, რომ რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა.


- გამორიცხავთ, რომ სწორედ ამ რისკისა და რეალური საფრთხის შექმნის მცდელობისთვის მიეცეს პასუხისგებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი?

 

- ასეთ მძიმე განვითარებას არ ვხედავ. მოდით, ასე ვთქვათ, რომ ეს ნაბიჯი ალასანიას მხრიდან იყო არა შეგნებული დანაშაული, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკური შეცდომა, რამაც საფრთხე შექმნა. არ მინდა, ამ ყველაფერს მძიმე კვალიფიკაცია მიეცეს. ვისურვებდი, რომ სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგაა აღძრული, კეთილი დასასრული ჰქონდეს. ადამიანურად ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმე მძიმედ დაისაჯოს. პარალელურად, თუ აღმოჩნდა, რომ ის მძიმე ბრალდებები რომელიც არსებობს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, არ არის სწორად აღძრული, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას პროკურატურის ხელმძღვანელობის საკითხი, რადგან ყველაფერმა საკმაოდ მძიმე განვითარება ჰპოვა. სწორედ ამიტომ უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენებს.


- ალასანია-ივანიშვილის შეხვედრა შეიძლება ავხსნათ მცდელობად, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობს გარანტიების მიღებას?

 

- რატომღაც მგონია, რომ შეხვედრაზე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდებოდა, საერთოდ მგონია, რომ არ ყოფილა ეს შეხვედრა ძალიან საქმიანი. ვფიქრობ, ალასანიასთვის ამ შემთხვევაში შეხვედრის ფიქსაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რაიმე ტიპის გადაწყვეტილება. მე რამდენადაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, არა მგონია, მათ რაიმე შეთანხმებაზე ესაუბრათ.


- თუ საბოლოოდ ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, როგორ ფიქრობთ, როგორი რეაქცია ექნება პრეზიდენტს?

 

- მარგველაშვილი ვერ გახდება მხარე ვერც ერთი ტიპის დავაში. მისი ფუნქციაა, როგორც კრიზისმენეჯერის, მაქსიმალურად ჩააცხროს სიტუაცია კრიზისულ სიტუაციაში და პოლიტიკური რისკები ააშოროს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილსაც დაახლოებით იგივე პოლიტიკური მოსაზრებები აქვს ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, რომ მინისტრს საკუთარი წყენების, საკუთარი ინტერესების გამო არ ჰქონდა უფლება შეექმნა მსგავსი რისკები. ბუნებრივია, პრეზიდენტი დაინტერესდება სისხლის სამართლის იმ საქმეებით, რომელიც აღძრულია. თუმცა დარწმუნებული ვარ, მისთვისაც არ იქნება მოსაწონი ირაკლი ალასანიას ძალიან მსუბუქი განცხადებები ორიენტაციასთან დაკავშირებით.

 

ხათუნა მგალობლიშვილი

 

 

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016