reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: მაიდანის საფრთხე ნამდვილად არსებობს!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:29
პრეს-დაიჯესტი
ნინო ბურჯანაძე: მაიდანის საფრთხე ნამდვილად არსებობს!!!
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 22:02




წესად იქცა, რომ საქართველოში თავდაცვის მინისტრები მოღვაწეობას სკანდალებით ასრულებენ, ქართულ პოლიტიკაში სახელმა ირაკლიმ საკრალური მნიშვნელობაც კი შეიძინა, ის ხელისუფლებაში კრიზისთან და ტექტონიკურ ძვრებთან ასოცირდება. სააკაშვილის ხელისუფლების რყევის ავტორი თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, ივანიშვილის მოყვანილ ხელისუფლებას რყევა თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცდევინა. ამ ორ ირაკლის ხასიათის შტრიხები განასხვავებს, ქართლელი ირაკლი ტეტიაა, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლის ველზე სააკაშვილთან ბრძოლაში დამარცხდა და მას თანამებრძოლმა ციხე ახეხინა... მეგრელი ირაკლი ცბიერია და ის ხელახლა იწყებს დამოუკიდებელი ბრძოლის ახალ რაუნდს... დამარცხდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლაში და გაიზიარებს თუ არა  ირაკლი ოქრუაშვილის ბედს, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. დღეს ირაკლიმ ირაკლის „შეუსრულა"! ღარიბაშვილმა ალასანია მინისტრობიდან გადააყენა: „მთავრობას ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა და ამით, ცუდიც არაფერი მომხდარა. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტისაც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ  კითხვას ბადებს..." პრემიერ-მინისტრის ეს ხმაურიანი შეფასება მისი ყოფილი კოლეგის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის პოლიტიკურ უმწიფრობას დააბრალა. ალასანიას გუნდის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა კი ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება თავად მის იმიჯს აზიანებს: „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ერთადერთი, ვისაც ეს ამბავი ახარებს, ნინო ბურჯანაძის პარტიაა!!!"



მაშ ასე, „ქრონიკა" გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან:



- სიმბოლურია, რომ 7 ნოემბერს ვიწერ თქვენთან ინტერვიუს, თუმცა ეს მოვლენა ალასანიას გადაყენებამ გადაფარა, „დღეს რაც ხდება, თუკი ვინმეს უხარია, ეს არის ნინო ბურჯანაძე", - აცხადებს ევროინტეგრაციის გადამდგარი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. როგორია თქვენი ემოცია, გიხარიათ?

 


- რადგან 7 ნოემბერი ახსენეთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ეს დღე და ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, 7 ნოემბრის გამოძიება არ მოხდა... ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომლებიც ბარიერის მეორე მხარეს იდგნენ და აწყობთ 7 ნოემბრის ძახილი, ხოლო 26 მაისს არათუ მონაწილეობდნენ, ელემენტარულად სოლიდარობა არ გამოგვიცხადეს და რეალურად „ნაციონალური მოძრაობის" მხარე დაიჭირეს, „უხარისხო ქართველები" გვეძახეს და ლამის ყველაფერში მე დამადანაშაულეს, ამას არც კი იძიებენ... რაც შეეხება, მიხარია თუ არა ის, რაც ხდება, აქ გასახარელს ვერაფერს ვხედავ და ძალიან სამწუხაროა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს" ნერვებმა უმტყუნათ. ბატონი პეტრიაშვილისგან ადამიანურადაც გამიკვირდა თავად განცხადების ტონიც, რაც ჩემთან მიმართებაში გამოიყენა. ნამდვილად არ გამხარებია ის, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა" თავები გაიპამპულეს, არ გამხარებია, რომ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი შექმნეს ქვეყანაში, მაგრამ მოთქმა-გოდებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ შეცდომებს უშვებენ. მიუხედავად მათი უზარმაზარი ამბიციებისა, ვერც მათი ლიდერი და ვერც თავად „თავისუფალი დემოკრატები" პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ისინი კარგი დიპლომატები და ჩინოვნიკები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკოსებად ვერ ივარგეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ალასანიამ ერთი საათით ადრეც კი ვერ განსაზღვრა, რა შეიძლებოდა მისი შანტაჟის ტონის მატარებელ განცხადებას მოჰყოლოდა. ღარიბაშვილს რაც არ უნდა ნდომებოდა, რომ პოსტიდან არ გადაეყენებინა,  სხვა გზა არ დაუტოვა და თავი მოახსნევინა. როცა პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ განცხადებიდან ორ საათში მოგხსნან, როცა შენ ეს არ გინდა!



- 4 ნოემბრის ბრიფინგზე ალასანიამ განაცხადა, „საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან და ევროკავშირთან, პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას გუნდი განსაზღვრავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესების შემდეგ კი ალასანიამ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს რომ ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკურ კურსს გადაუხვია... როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ პროცესების მიღმა?


 

- კურსის ცვლილება ერთ ღამეში არ ხდება, თუ ალასანია თვლიდა, რომ დასავლური კურსი იცვლება და ხელისუფლებაში არიან ადამიანები ვინც ამ კურსს ღალატობენ, მაშინ ალასანიას ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა მანამ, სანამ მის პირად უსაფრთხოებასა და თანამებრძოლებს დაემუქრებოდა რაიმე საფრთხე.



სამუწახროდ, ალასანიამ პოლიტიკური შანტაჟით დაიწყო ლაპარაკი, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ამის თქმა, ის წაახალისა დასავლეთის ელჩების განცხადებებმა, უპირობო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მან ჩათვალა, რომ ცა ქუდად არ უნდა მიაჩნდეს და დედამიწა ქალამნად. ეს იყო პოლიტიკური ტრიუკი, რადგან არავის ელაპარაკა თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტებზე და მთავარი თემა ყოფილიყო მხოლოდ საგარეო კურსის ცვლილება-არცვლილება. მაშინ როცა კორუფციული ფაქტები არც არავის დაუდასტურებია და არც არავის უარყვია. ასე რომ, ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, მათ მომხრეებსაც კი არ მოეწონათ ამ ტიპის განცხადებები.



- ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2"-ზე განაცხადა, რომ ის მზად არის ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლოს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან", თუმცა, ეს მალევე უარყო. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ალასანია „ნაციონალებთან" ითანამშრომლებს?

 


- თქვენ მაინც ხომ იცით ძალიან ბევრი კულუარული ინფორმაცია და გაიხსენეთ, როდის არ თანამშრომლობდა ირაკლი ალასანია „ნაციონალურ მოძრაობასთან?!" გაიხსენეთ 2009 წლის მოვლენები, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა სააკაშვილთან შეხვედრას, ასევე კატეგორიულად ითხოვდა, რომ დავთანხმებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ყოველ მესამე დღეს ქუჩაში 100 000 კაცი გამოდიოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და ალასანია კი დასთანხმდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს... მერე რაც მოხდა, ყველას კარგად ახსოვს. გაიხსენეთ 2011 წლის 26 მაისი, როდესაც უხარისხო ქართველები ეძახა ირაკლი ალასანიამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს... როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა, რომელსაც ამბიცია გაქვს ქვეყნის ლიდერობაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობა ხარისხიან და უხარისხო ქართველებად დაყო?!. პირადად ალასანიას დიდი დამსახურებაა, რომ სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადა დაასრულა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო დასავლეთის მხრიდან დავალება, რომელიც აქ არასოდეს მალავდა იმას, რომ დასავლეთის ამოცანა იყო კონსტიტუციური ვადა ამოეწურა „ნაციონალური მოძრაობას" პარლამენტში და სააკავშილს პრეზიდენტის პოსტზე, მხოლოდ ამის მერე მომხდარიყო ცვლილება.



- ჩვენ გვახსოვს, როცა ალასანიამ ვაშინგტონში უმაღლესი ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სააკაშვილის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის გამო, ასევე გვახსოვს, როგორ მოგვიწოდებდა, „ნაციონალებს" უნდა ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაულიო...

 


- და მიეტევებინა მერე პროკურატურისთვის, რას გამოიქცა?.. გადაუხადოს ახლა პროკურატურას მუშაობისთვის მადლობა, რატომ არ უხდის? ძალიან ადვილია მიუტევო, როცა შენ რეჟიმი არ შეგხებია. არაფერი არ შეხებია არც ალასანიას და არც „თავისუფალ დემოკრატებს" 5 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში ყოფნისას ბიზნესსაც  კარგად აკეთებდნენ, წილებსაც კარგად ინაწილებდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მათი მომხრე არც არავინ დაუპატიმრებიათ და არავისთვის ხელი არ დაუკარებიათ...



- გვინდა-არგვინდა, ალასანიას თემას ვერ ავცდებით, რადგან დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ის ცენტრალური ფიგურაა, რომელმაც ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენა...

 


- ამ ადამიანმა არ გამოიწვია კრიზისი, კრიზისი გამოიწვია „ქართული ოცნების" უუნარობამ, უმოქმედობამ და აბსოლუტურმა პოლიტიკურმა იმპოტენციამ, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ორი წლის განმავლობაში. ერთადერთი ნორმალური ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გადაიდგა, ეს იყო ღარიბაშვილის გამბედავი ნაბიჯი, როდეაც მან ალასანია მოხსნა... სამი დღის განმავლობაში ტელევიზიით ვუყურებ, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს პროდასავლურობაში და არავინ ლაპარაკობს ტერიტორიულ მთლიანობაზე რა გავლენას მოახდენს ეს. არავინ ლაპარაკობს ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობაზე, არავის არ მოხვდა ყურში ის განცხადებები, რომ ჩვენ ახლა ისეთი საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს ევროპელ მეგობრებს კითხვის ნიშნებს არ გაუჩენსო. ეს რას ნიშნავს, გამაგებინეთ. შენ ისეთი მინისტრი უნდა შეარჩიო, რომელიც კითხვის ნიშნებს შენს მოსახლეობას არ გაუჩენს და შენ კი იმის მიხედვით ნიშნავ მინისტრებს, დასავლეთს რომელი მოეწონება? ეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკა? ქართველმა პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ და ემსახურონ ქართველ ხალხს, ქართულ ინტერესებს, არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ მეგულება, სადაც რომელიმე მინისტრი იმას იძახებს, პროდასავლური ორიენტაციის ვარო, ან პრორუსული ორიენტაციის ვარო, ყველა მინისტრი და პოლიტიკოსი თავს ვალდებულად თვლის ნორმალურ ქვეყანაში, რომ ილაპარაკოს მხოლოდ იმ ორიენტაციაზე, რომელიც მის სახელმწიფოს უკავშირდება.



- ალასანიას გადაყენების შემდეგ, როცა მას საკუთარი გუნდი თან გაჰყვა, გააკეთეთ განცხადება, რომ ეს მოვლენები ძალიან ჰგავს „ევრომაიდანის" დასაწყისს და არ გამორიცხეთ, რომ შეიძლება „თბილისური მაიდანიც" მოხდეს. ალასანია აცხადებს, რომ ღარიბაშვილში პროკურორი დაინახა და ის მორიგი სამიზნეა, თუკი პროკურატურა ბრალს დაუმტკიცებს და ალასანიას დააკავებენ, რა პროცესები დაიწყება საქართველოში?

 


- მარჩიელობას ნამდვილად ვერ დავიწყებ, იმედი მაქვს პროკურატურას ეყოფა გონიერება, ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე გადადგას. რაც შეეხება „მაიდანის" სცენარს... შემთხვევითი არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოში გრძელდება პოლიტიკური დევნა, ეს კი, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს, ოღონდ მე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ მახსოვს, როცა 45 პოლიტპატიმარი მარტო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციიდან იჯდა ყოველგვარი ბრალდების გარეშე. თუ დასავლეთის მონა ხარ, მაშინ შენი ადამიანების უფლებები უნდა დაიცვან, ხოლო თუ დასავლეთის მონა არ ხარ და სახელმწიფოს ინტერესებზე ლაპარაკობ, თუნდაც პრორუსული იარლიყი გაქვს მოწოდებული, მაშინ მოგკლან, დაგალპონ, ციხეშიც ჩაგაგდონ და პრობლემა არ არის? ძალიან სამწუხაროა და ვწუხვარ, რომ ამ განცხადების გაკეთება მიწევს, მაგრამ უკვე მეტისმეტია ის განცხადებები, რაც „ნაცმოძრაობის" დასაცავად კეთდება. სწორედ „ნაცმოძრაობამ" გააკეთა განცხადებები, რომელიც ძალიან ნათლად მიანიშნებდა, რომ მათ აწყობთ „მაიდანი". გაიხსენეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იანუკოვიჩის გზით მიდის დიდი ნაბიჯებით, რომ დასავლეთის ორიენტაციიდან უხვევს „ქართული ოცნება". ეს ხომ საფუძვლის შემზადებაა? ასე რომ, მაიდანის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები მოუტანოს საქართველოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება, ხოლო მაიდანის გზით მას შეუძლია ხელისუფლებაში მობრუნება.



- ბიძინა ივანიშვილის მოყვანილი ხელისუფლება ალყაშია, „თავისუფალმა დემოკრატებმა" უგანეს, რიგში „რესპუბლიკელები" დგანან... რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა? შეიძლება ჩვენ „სასახლის გადატრიალების" მომსწრენი გავხდეთ?

 


- ქვეყანა საფრთხის წინაშეა, პრეზიდენტი არ გვყავს, მის განცხადებებს ჩვენი ინტელექტი აღარ ჰყოფნის, მთავრობა არის არაეფექტური, პარლამენტში „ქართულ ოცნებას", ფაქტობრივად, უმრავლესობა აღარა ჰყავს, ქვეყანაში არის პოლიტიკური კოლაფსი, შეიძლება ქრესტომათია დაიწეროს, რანაირადაა, რომ ქვეყანა არ ინგრევა და არ იქცევა ასეთი ხელისუფლებებისა და იმ პოლიტიკური კრიზისის ხელში, რომელიც არის. ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი ამოუცნობი განტოლება მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს რომ სხვა ნორმალურ ქვეყანაში მომხდარიყო, სასწრაფო წესით დაინიშნებოდა არჩევნები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა, ქვეყანა დგას უსერიოზულესი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე და გარწმუნებთ, თუ ძალიან ფხიზლად არ იქნება ჩვენი საზოგადოება, სახეშეცვლილი „ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების საფრთხე ძალიან დიდია. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამას წინ აღუდგეს, ჩვენ, მე და ჩემი თანაგუნდელები, ვართ. თუმცა ამ პროცესში ბრძოლა იქნება ძალიან ძნელი.



- ფიქრობთ, რომ „ნაციონალების" მიერ დაანონსებული 15 ნოემბრის აქცია ხელისუფლებაში მომხდარმა ცვლილებებმა გადაფარა? შეძლებენ ისინი 23 ნოემბერს გამარჯვება იზეიმონ, როგორც ამას აანონსებენ?

 


- გააჩნია, რამდენად ეფექტური იქნება დღევანდელი ხელისუფლება, საფრთხე ნამდვილად არსებობს, იმტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საკმაო რაოდენობის ხალხს შეკრებს, „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" ამისთვის ყველანაირი რესურსი დაუტოვა, მათ შორის ადმინისტრაციულიც, ძალიან ბევრ ადგილზე დღესაც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მხარდამჭერები მუშაობენ, როგორც სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ადგილობრივ საკრებულოებსა და ორგანიზაციებში. „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" დაუტოვა ფინანსური ნაკადები, მართალია, წილში შეუამხანაგდა, მაგრამ ძირთითადი ფინანსური ნაკადები „ნაციონალურ მოძრაობას" დარჩა... ასე რომ, გასაკვირი არ არის, შეკრიბონ ხალხის რაოდენობა, მუშაობა მათ კარგად იციან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან", ფული აქვთ, პოლიტიკური სიტუაცია არეულია, მოძებნეს კარგი მიზეზი ადამიანების მოსატყუებლად, ამ აქციას დაარქვეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიის საწინააღმდეგო მიტინგი. ასე რომ, ნამდვილად არ გამიკვირდება, ალასანიას ამ განცხადებებმაც მათ წისქვილზე დაასხას წყალი და ბუნებრივია, მისი განცხადებები ხალხს მიამატებს.



- რა არის, თქვენი აზრით, ამ კრიზისიდან გამოსავალი?

 


- ამ კრიზისიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, ნორმალური ხელისუფლების მოსვლა, მაგრამ სანამ არჩევნები იქნება, იმედი უნდა ვიქონიოთ, ხელისუფლება მეტ-ნაკლებად გამოფხიზლდება. მიხვდება, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. სხვათა შორის, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობით გაკეთებულმა განცხადებამ მთავრობა სერიოზულად გადაარჩინა, რადგან ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე კრიზისი შეიძლებოდა შექმნილიყო, ამ შემთხვევაში მთავრობის ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება სერიოზული საფრთხის ქვეშ დამდგარიყო. ვიმედოვნებ, ახლა მაინც გამოფხიზლდება ჩვენი მოსახლეობა, მიხვდება, ვინ ვინ არის და როცა არჩევნები დადგება ამ ქვეყანაში, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.




ნინო სამხარაძე



გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016