ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი ალასანიას გადადგომასა და ახალი თავდაცვის მინისტრის ვინაობას გამოაცხადებდა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ამის შესახებ უკვე იცოდა! „ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემსოციალურ ქსელში პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დააანონსა მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ! თუ რომელი სკივრიდან იღებს ექსკლუზივებს „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი და კიდევ რა კულუარული ინფორმაციები გაუმხილა „ასავალ-დასავალს", ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- კარგი წყაროები მყავს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ჩემს „ჩიტს" უსუფაშვილიც კი ეძებს. იმედია, წყაროს ვინაობის დასახელებას არ მომთხოვთ... ფაქტია, ჩემს მიერ დაანონსებული ძალიან ბევრი პროგნოზი ერთი-ერთში ახდა. რამდენიმე თვით ადრე განვაცხადე, რომ მზადდებოდა შიდა სახელისუფლებო შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. დღეს უკვე პრემიერმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ირაკლი ალასანია ლობირებდა! ღარიბაშვილს ვეთანხმები, ირაკლი ალასანიას გადადგმული ნაბიჯები პირველი ოქტომბრის მონაპოვრის ღალატი იყო!
უკვე მერამდენედ ვსვამ შეკითხვას - არის თუ არა ინტერპოლში გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების დოკუმენტაცია? ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და, იცით, რატომ?
- ალასანია თეა წულუკიანთან ერთად ქვეყნის გარეთ დიპლომატებს არწმუნებდა, რომ მხარს არ უჭერდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას, მეტიც, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაო. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
- თეა წულუკიანი იყო ალასანიას გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დააყენა და ღარიბაშვილის მთავრობაში დარჩა, რის გამოც, სხვათაშორის, საზოგადოების მხრიდან შექებაც დაიმსახურა...
- იუსტიციის მინისტრს ვურჩევდი, სახელმწიფოებრივი ინტერესები მაშინაც დააყენოს წინა პლანზე, როდესაც მაღალი რანგის დიპლომატებს ესაუბრება და ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია, ქვეყნის გარეთ, ყველა შეხვედრაზე, პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მხარს არ უჭერდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დევნას და ამ პროცესს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.
ძალიან ცუდად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროც. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - როდესაც წინა მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები განახორციელა, მაია ფანჯიკიძე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ცრემლად დაიღვარა - თანამდებობიდან არ გამიშვაო. მან კარგად იცოდა, რომ მომდევნო კარუსელში აუცილებლად მოჰყვეოდა.
ხელისუფლება დაშლასა და ქაოსს ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, როდესაც პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე პირადად მივიდა. პირდაპირ ვთქვათ, ჩამოშლის პირას იყო ხელისუფლება. რესპუბლიკელების, განსაკუთრებით ძმები ბერძენიშვილებისა და დათო ზურაბიშვილის განცხადებებში ცალსახად ჩანდა, რომ პრემიერის წინააღმდეგ დემარშს მიმართავდნენ. სხვათა შორის, თავად რესპუბლიკელებშიც იყო პოზიციათა სხვაობა ღარიბაშვილის თაობაზე. ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე დათო ბერძენიშვილს პირდაპირ მოსთხოვა - გამარკვიეთ თქვენს პოზიციაშიო, რაზეც პასუხად მიიღო - რესპუბლიკელები კოალიციას ყველაზე გვიან დავტოვებთო! ბიძინა ივანიშვილს უკითხავს, რას ნიშნავს ყველაზე გვიან - „ქართული ოცნებაც" რომ დატოვებს, მაშინო?! აღარ გავიმეორებ იმ ჟარგონებს, რაც იქ ითქვა, თუმცა, ივანიშვილმა მათ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განუცხადა - თუ წასვლა გინდათ, შეგიძლიათ, ახლავე წახვიდეთო. ეს იყო ერთგვარი წკეპლა რესპუბლიკელებისთვის. მათ მაშინვე დაიხიეს უკან.
ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა იმიტომაც დასრულდა რამდენიმე წუთში, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავშივე „გააიასნა" სიტუაცია - თავდაცვის სამინისტროში ადგილი აქვს კორუფციის ფაქტებს და თუ გამოძიება დაადგენს, რომ ამაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ხელიც ურევია, მასაც დავიჭერთ, არავინ აპირებს უკან დახევასო. ივანიშვილმა ეს ყველაფერი პირში უთხრა ალასანიას!
- თქვენი ინფორმაციით, თავდაცვაში რეალურად ჰქონდა ადგილი კორუფციას, თუ?!
- არ მინდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ დიდი ალბათობა არსებობს, რომ ე.წ. „კაბელების" საქმე რეალურია. „სილქნეტის" ფინანსური დირექტორი ლექსო ბატიაშვილის ახლო ნათესავია და, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ ტენდერი სწორედ იმ კომპანიამ მოიგო, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის ახლობელს ეკუთვნის. კონკრეტულად, რა დოკუმენტები არსებობს და რამდენად მაღალი რანგის კორუფციასთან გვქონდა საქმე, ეს უკვე გამოძიების საქმეა. ჩემი ვარაუდით, ლექსო ბატიაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით დაიჭერენ!
- რამდენად რეალურია ალასანიას დაჭერა?
- ალასანიას შემთხვევაში აუცილებლად იმუშავებს საგარეო ფაქტორი. თუ ხელისუფლება გაუძლებს საერთაშორისო წნეხს, დიდი ალბათობაა, რომ ალასანიაც დაიჭირონ! ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო გამოსვლაშიც დაადასტურა, რომ მისთვის ფავორიტები არ არსებობენ. მან ძალიან ბევრ ახლობელ ადამიანს არ აპატია ფულის მითვისება. მგონი, დადგა დრო, როდესაც ყველას სერიოზულად მოსთხოვს პასუხს!
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში ვიზიტისას, ალასანაიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რისი წინააღმდეგიც ბიძინა ივანიშვილი იყო. როგორც ითქვა, ეს არ აპატიეს ალასანიას...
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ერთ სკანდალურ ინფორმაციას მოგაწვდით. როდესაც ირაკლი ალასანია მინისტრად დაინიშნა, ნოდარ ხადურს სთხოვა პროფესიონალი ფინანსისტი ერჩია მისთვის. ხადურმა მას გია ბროლაძე მიუყვანა, რომელიც ალასანიამ ყველა საქმეში ჩაახედა. ჰოდა, სწორედ ხადურის რეკომენდირებული ბროლაძეა დღეს მთავარი პერსონა ამ საქმეში. როგორც ალასანიას თანაგუნდელები კულუარულ საუბრებში ამბობენ, სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია მთავარ პროკურატურას თავდაცვის სამინისტროში არსებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
- გაუგებარია, რას ნიშნავდა ალასანიას განცხადება - დასავლეთის კურსს საფრთხე ექმნებაო?
- თუ თავდაცვის მინისტრი ხედავდა, რომ რუსული ძალები გაძლიერდნენ, სად იყო აქამდე? ისე ლაპარაკობენ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ექმნებაო, თითქოს კალთას გვაგლეჯდნენ - არიქა, უნდა მიგიღოთ NATO-შიო. ჩემთვის დასავლური ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული, მაგრამ არ გვიღებენ, ბატონებო, NATO-ში, არა! ეს პოპულისტური განცხადებებია! ყველა მეორეს რუსეთუმეს რომ ეძახით, თუ ვინმემ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ან მთავრობის სხვა რომელიმე წევრი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჯობს, კონკრეტული ფაქტები დაასახელოთ!
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს რაუნდი ღარიბაშვილმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო! მაგრამ ახლა დადგება ვაჭრობის დრო. პარლამენტში რესპუბლიკელების ხმებმა ოქროს ფასი დაიდეს. მოვლენებზე მათ სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ კონფრონტაციის გზით წავიდნენ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ღარიბაშვილს პრობლემები ახლა ეწყება.
- ამასობაში ნაციონალები 15 ნოემბერს აქციაზე იკრიბებიან...
- 15 ნოემბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაციონალებმა პროცესი ქუჩაში არ გადაიტანონ. მათი ეს აქცია სწორედ ამაზეა გათვლილი. მივცეთ საშუალება, თავიანთი მომხრეები დათვალონ. თუკი მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ექნება ადგილი, მაშინ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მივარდნები და კონტრაქციები ნაციონალების წისქვილზე დაასხამს წყალს! ვიცი, რომ სამეგრელოში არის განსაკუთრებული მობილიზაცია. მერე რა, რამდენი ადამიანი გავა 15-20 ლარისთვის?! მთელი საქართველო ხომ არ გაიყიდება?!
- ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა - ალასანიას შესახებ კიდევ ბევრ სიურპრიზს გაიგებთო. თქვენს წყაროს ხომ არ დაუკონკრეტებია, კიდევ რა სიურპრიზებს შეიძლება ველოდოთ?
- არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ირაკლი ალასანიასა და ნაციონალების შეხვედრების აუდიო-ვიდეომასალების გამომზაურება. ხომ არ დაგავიწყდათ ლეგენდარული ჰაკიმ ფაშა, რომელიც პერიოდულად სიურპრიზს გვთავაზობს?!
- ვინ არის ჰაკიმ ფაშა?
- ჰაკიმ ფაშა არ არის ირაკლი ღარიბაშვილი! ეს ნაციონალების აკვიატებაა, თანაც, უნიჭოდ აბამენ ირაკლი ღარიბაშვილთან ჰაკიმ ფაშას სახელს. მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"