_გამარჯობათ, ბატონო ზურა, ვერ მიცანით?
_ გამარჯობათ, როგორ არა, როგორ არა? შავები რატომ გაცვიათ მოხდა რამე?
_ არაფერი ისეთი, ამას წინეებზე გარდავიცვალე, ჯერ ორმოცი არ გასულა და ვგლოვობ.
_ ეს რა მითხარით, რატომ არ გამაგებინეთ, აუცილებლად მოვიდოდი.
_ არა უშავს, აი ახლა ხომ მომისამძიმრეთ.
_ კი მაგრამ, რა მოხდა ასეთი, სულ ცოტა ხნის წინ გნახეთ და თითქოს ჯანმრთელად იყავით... ავადმყოფობდით?
_ არა, არა, უბრალოდ თავი მოვიკალი.
_ ოხ, რა საშინელებაა... კი მაგრამ, რატომ?
_ დეპრესია... ძალიან ცუდად ვიყავი.
_ უცნაურია... კონკრეტული მიზეზი გქონდათ რამე?
_ მიზეზი ყველას გვაქვს, თქვენ მაინც ხომ იცით.
_ მართალი ხართ, მაგრამ ესე მაინც არ შეიძლება, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვუძლებთ, აი, მარიამს სამი წლის ბიჭი მოუკვდა, ადგა და მეორე გააჩინა .
_ ალბათ, სწორი ბრძანდებით, არ უნდა მექნა, მაგრამ რას იზამ... უიმე, მაგვიანდება, დიდი ბოდიში, სამსახურში მელოდებიან.
_ არ იციან, რომ გარდაიცვალეთ?
_ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ არ აწყობთ და არ იმჩნევენ.
_ აბა, ნახვამდის, მაშინ...
_ ორმოცის ამბავს შეგატყობინებთ და აუცილებლად მოდით..
_ აუცილებლად მოვალ, მაგრამ მეორედ ასე აღარ მოიქცეთ.