reportiori.ge - გია ხუხაშვილი: „თუ საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან მსხვერპლის გაღება მოითხოვა, ვინ შეიძლება იყოს ეს მსხვერპლი? შეიძლება ეს იყოს სამი „შტო“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:38
პრეს-დაიჯესტი
გია ხუხაშვილი: „თუ საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან მსხვერპლის გაღება მოითხოვა, ვინ შეიძლება იყოს ეს მსხვერპლი? შეიძლება ეს იყოს სამი „შტო“?
ავტორი:
12 ნოემბერი, 2014. 23:42

 

 

შერიგდებიან თუ არა ივანიშვილი და მარგველაშვილი? რატომ დაუბრუნდება მწვავე გამოთქმები ღარიბაშვილს ბუმერანგივით უკან? გაექცა თუ არა მართვის კონტროლი პრემიერ-მინისტრს?

 

„ალიას" ესაუბრება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი:

 

- მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი და ბიძინა ივანიშვილის გზები კვლავ გადაიკვეთა. როგორ აფასებთ მის ინტერვიუს და ალასანიას გარდა, ვისი მისამართით იყო გაკეთებული გზავნილები?

 

- ჩვენი გზები პოლიტიკის კუთხით გაიყო, დღეს არც ერთი არ ვართ პოლიტიკაში. რაც შეეხება სხვა კუთხით, ჩვენი პირადი ურთიერთობებისთვის ზიანი არ მიუყენებია. ერთია პოლიტიკა, მეორეა ადამიანური ურთიერთობები. რაც შეეხება მისი მხრიდან კრიტიკას, მე ვფიქრობ, რომ ორი ტიპის პრობლემაა მასთან და ალასანიასთან ურთიერთობაში, მასა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობაში.

 

მიუხედავად იმისა,რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას მიმართ უფრო მეტი გაბრაზების მიზეზი უნდა ჰქონდეს, აშკარაა,  ის ვერ ინელებს გიორგი მარგველაშვილს და უფრო რბილია ალასანიასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობები უფრო სუბიექტური ხასიათისაა, ამ ყველაფერს მე მაინც ნაკლებად განვიხილავდი პოლიტიკურ ჭრილში, იმ არგუმენტებს, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეზიდენტთან მიმართებაში, არ შევაფასებ, რამდენად სწორია, ან არასწორი, თუმცა ეს არგუმენტები არ ეხება პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს, რადგან მათ შორის არასოდეს ყოფილა კრიტიკა მარგველაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. უთანხმოება ეხებოდა უფრო ატრიბუტიკას, პრეზიდენტის სასახლეში გადასვლას, საკადრო საკითხებს, ობიექტური პრობლემა მათ შორის არ არის, რაც ტოვებს იმის იმედს, რომ, ადრე თუ გვიან, მათ შორის ურთიერთობის პრობლემა ადვილად გადაილახება. როდესაც წინ სახელმწიფოებრივი ამოცანებია გადასაწყვეტი, ყველა ვალდებულნი ვართ, სუბიექტური შეხედულებები გადაილახოს და ვალდებულნი ვართ, სახელმწიფოებრივი ამოცანები შევასრულოთ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ არის დღეს პოლიტიკაში და მას სრული უფლება აქვს, თუნდაც სუბიექტური მიზეზებით აკრიტიკოს პრეზიდენტი.

 

- ბიძინა ივანიშვილის გულისწყრომა პრეზიდენტის შეფასებამ განაპრობა, როცა ალასანიას გადაყენების განცხადების შემდეგ ავსტრიიდან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება. ეს იყო თუ არა მარგველაშვილის დიდი შეცდომა?

 

- სხვათა შორის, პრეზიდენტმა კარგად განმარტა, რომ ის არ გულისხმობდა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, საუბარი იყო მმართველობის სტილზე, სამწუხაროდ, კლასიკური გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის, თუნდაც ბოლო მოვლენები ამის დადასტურებაა. აი, თუნდაც ირაკლი ალასანიას საქციელი რომ ავიღოთ, საკმაოდ პარადოქსულია, ერთ დღეს აცხადებს, რომ ის არ მისულა ბიძინასთან სალაპარაკოდ, ტოვებს პოლიტსაბჭოს სხდომას, თუმცა ორ დღეში ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან საკუთარი ფეხით შეხვედრაზე, მისი ინიციატივით ხდება კომუნიკაცია ივანიშვილთან და მისი სურვილი იყო, შეხვედრა შემდგარიყო. ესეც კულისური თამაშებია, არაფორმალური ურთიერთობებით პოლიტიკის გადაწყვეტა. ასე რომ, მთლიანად ამ სენით არის ქართული პოლიტიკა დაავადებული და ეს არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას.

 

- ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კვირა ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობები რომ დარეგულირებულიყო. თუმცა ამ განცხადების შემდეგ, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ, თუკი მარგველაშვილს შეურიგდებოდა, მცდარ ნაბიჯს გადადგამდა. ეს ინფორმაცია რეალურია?

 

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვაგან არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის სუბიექტური პრობლემატიკა გადაწყდეს, მათ მარგველაშვილის განცხადება კულისებიდან მართვის შესახებ კარგად გამოიყენეს, რათა ივანიშვილი დაერწმუნებინათ, რომ ის პრინციპულად და კონკრეტულად ივანიშვილს გულისხმობდა. ასე რომ, მოახერხეს, ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად განეწყოთ უარყოფითად ამ ფრაზასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მათ შორის დაპირისპირება არ იქნება გრძელვადიანი და ფუნდამენტური, ყველაფერი გაირკვევა.

 

- ირაკლი ალასანიას სკანდალურ განცხადებას, რომ ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია, მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, თუმცა ვერავინ გაიგო, რა განცხადება დააანონსა მან. რატომ ითხოვს პარლამენტში სიტყვით გამოსვლას, რომელიც პარასკევსაა ჩანიშნული?

 

- პრეზიდენტმა გააკეთა მოკლე განცხადება და იქ არ იყო განმარტებები გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, იმ ფონზე იყო დროული განცხადება, მოგეხსენებათ, პრეზიდენტი არის არბიტრი და ის ვერ გახდება მხარე, პოლიტიკური პოლემიკის პირობებში, მისი ფუნქციაა, კრიზისი გადაილახოს და პრობლემები ჩააცხროს. რადგან „თავისუფალმა დემოკრატებმა" განაცხადეს, რომ შეთქმულება და გადატრიალება ხდება სახელმწიფოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რისი დემონსტრირებაც მოხდა, მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ალასანია გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ამაზე პრეზიდენტის პასუხი იყო სრულიად ადეკვატური, მან თქვა, რომ მე პირადად კითხვები არ მაქვს, მაგრამ თუკი ვინმეს აქვს კითხვები, ეს არის არა ჩვენ მიერ გაცხადებულ ორიენტაციაზე, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, მაგრამ რაც შეეხება აღსრულებას, რა ნაბიჯები იდგმება, რომ მიზნამდე სწრაფად მივიდეთ, მან მოითხოვა ამ თემებზე დისკუსიის გახსნა. საგარეო ორიენტაციაზე ბევრ ლაპარაკს სჯობია საქმე მოვიკითხოთო, მისი განცხადების მოკლე შინაარსი სულ ეს არის. იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, მთავრობას სთხოვა დღის წესრიგში შეიტანონ და განიხილონ ხელშეკრულების აღსრულების მიმდინარეობა. ერთი მხრივ, მან შეასრულა არბიტრის როლი და მეორე მხრივ, მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქცია საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ მან მონიტორინგი გაუწიოს პროცესის მიმდინარეობას. თუმცა სჯობდა მაშინვე ბევრი განმარტება გაკეთებულიყო. რატომღაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ვერ გაიგო, რას გულისხმობდა თავის განცხადებაში პრეზიდენტი.

 

- რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, რატომ უმტყუნა ნერვებმა, გაცილებით მომგებიან პოზიციაში არ იქნებოდა, რომ გამოძიების შედეგებს დალოდებოდა მინისტრის პოსტზე, თუკი, რა თქმა უნდა, ის გარეული არ არის კორუფციაში? ფიქრობთ თუ არა, რომ გამოძიება ალასანიამდეც მივა და მას მოუწევს სასამართლო დარბაზში თავის მართლება.

 

- ძნელი სათქმელია, რა და როგორ იქნება. ფაქტია, მე ვიზიარებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, როცა ჩნდება მისი უწყების მიმართ კითხვის ნიშნები, იმისთვის, რომ რისკი არ გადავიდეს მის პოლიტიკურ პარტნიორებსა და მის უწყებაზე, დროებით მაინც იჩერებს თავის უფლებამოსილებას; როგორც კი კითხვის ნიშნები იხსნება, უბრუნდება თავის სტატუსს. ამის ნაცვლად ირაკლი ალასანია ხდება თავისი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ამით, ჩემი აზრით, მისი პოლიტიკური პარტნიორები დარტყმის ქვეშ დააყენა. თუ ვივარაუდებთ, რომ საქმე მიიღებს ცუდ მიმართულებას, ეს ნიშნავს, რომ ამით აზიანებს ალასანია პარტიას და რისკის ქვეშ აყენებს თანამოაზრეებს. ნაცვლად ამისა, ალასანია ხდება საკუთარი პარტიის თავმჯდომარე და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება პოლიტიკური ფიგურა იმისთვის, რომ თავი დაიცვას შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

- ღარიბაშვილმა ალასანიასა და მის გუნდს ბრალი დასდო დასავლეთში მიხეილ სააკაშვილთან ფარულ ალიანსში და განაცხადა, რომ ისინი დასავლეთში არა თუ ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს, არამედ იცავდნენ. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტიც, როცა ალასანია ვაშინგტონში ოფიციალურ ტრიბუნაზე გამოვიდა და მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნაში. გარდა ამისა, ალასანია აცხადებდა, რომ უნდა მივუტევოთ „ნაციონალებს" ჩადენილი დანაშაული.

 

- ვინც ჩახედულია პოლიტიკაში, „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების" პირდაპირი კავშირის დანახვა არ არის მთლად სწორი შეფასება, შეიძლება ირიბად რაღაც ხდება, შეიძლება ზოგიერთ „თავისუფალ დემოკრატს" კიდევ აქვს კომუნიკაცია „ნაცმოძრაობის" წევრებთან, მაგრამ ასეთი რამის თქმა, ჩემი აზრით, არასწორია. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა „თავისუფალი დემოკრატების" მთელ გუნდს, ვინც საგარეო პოლიტიკას კურირებდა, ბრალი დასდო, რომ ისინი საბოტაჟს ეწეოდნენ და „ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ეს ხომ იყო პროცესი და ერთ დღეში არ მომხდარა, მაშინ სხვა კითხვა ისმება ღარიბაშვილის მიმართ, რამდენად კარგი მენეჯერია ის. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის მხრიდან ამ დღეებში ნათქვამი, ყველა მწვავე და კრიტიკული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების" მიმართ „რიკოშეტით" უბრუნდება მასვე, კითხვები, რომელსაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სვამს „თავისუფალი დემოკრატების" მიმართ და ის ბრალდებები, რომელსაც მათ მიმართ აჟღერებს, სამწუხაროდ, დიდწილად ბუმერანგივით უბრუნდება, რადგან საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, - კი მაგრამ, პრემიერო, თუკი ასეთი რამ ხდებოდა, სად იყავი?! რაც უფრო მწვავე განცხადებას გააკეთებს ის, ჩათვალოს, რომ ეს სიმწვავე მის მიმართ შესაბამისად იზრდება. თუ რატომ ვერ ხვდება ამდენს, სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ...

 

- არის შანსი, რომ ირაკლი ალასანიამ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიყოლოს?

 

- ასე დრამატულად მოვლენებს არ შევხედავდი, პრინციპში, ამის პირდაპირი ნიშნები ჯერჯერობით არ არის, თუმცა რაც დრო გადის, მისი მოქმედებების დიაპაზონი უფრო და უფრო იზღუდება. ის ძალიან რთულ ვითარებაშია დღეს, მას აქვს სერიოზული მოვლენები პოლიტიკურ გუნდთან, იმ გუნდთან, რომელმაც უნდა წარმართოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ობიექტურად უნდა ვთქვათ და ამ გუნდს, ასე იყო თუ ისე, თავისი კონტაქტები და კავშირები ჰქონდა, ცუდად თუ კარგად, ეს სხვა საკითხია არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა არ გვაქვს, პრობლემებია ეკონომიკური თვალსაზრისით, უსაფრთხოების კუთხით, იგივე სამართალდამცავი სისტემის მიმართულებით, რომელსაც არ უნდა, ხელიდან გაუშვას სპეციფიკური მექანიზმები, ახლა მოდის მოსმენების საკითხის თემაც. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოწვევებია ქვეყანაში. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე ვფიქრობ, მართვის კონტროლი პრემიერ-მინისტრს ცოტა გაექცა. სამწუხაროდ, გუნდიც არ ჩანს, რომელთან ერთადაც პრემიერი ამის გადალახვას შეძლებს. ვუსურვებდი ღარიბაშვილს წარმატებებს, რადგან მისი წარმატება ასოცირდება ქვეყნის წარმატებებთან, თუმცა იმას გეტყვით, რომ მას ეს გაუჭირდება.

 

- ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ირაკლი ალასანიამ კრიზისის სარკეში ჩაგვახედა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდეა კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები?

 

- ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სერიოზული რისკები გაჩნდეს. თუ საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან მსხვერპლის გაღება მოითხოვა, ვინ შეიძლება იყოს სამი შტო, ამ ეტაპმა კრიზისი დაგვანახა, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი  ტალღის მოლოდინი და ასეთი კრიზისის შემთხვევაში შეიძლება მოვლენების ლოგიკამ მოითხოვოს ხელისუფლების რომელიმე შტოს შეწირვა. პრეზიდენტის შეწირვა შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს საერთო სახალხო ლეგიტიმაცია, პარლამენტის შეწირვა არავის ინტერესში არ არის, რჩება აღმასრულებელი ხელისუფლება, მე შეწირვას არ ვისურვებდი, მაგრამ შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ამის აუცილებლობის საკითხი დადგეს.

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016