reportiori.ge - ნიკუშა შენგელაია: კაცი საქმით ფასდება. ივანიშვილმა საქმით განამტკიცა ის, თუ როგორ უყვარს თავის ქვეყანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:49
ინტერვიუ
ნიკუშა შენგელაია: კაცი საქმით ფასდება. ივანიშვილმა საქმით განამტკიცა ის, თუ როგორ უყვარს თავის ქვეყანა
ავტორი:
12 ნოემბერი, 2014. 23:53



ჩვენი სტუმარია მხატვარი ნიკუშა შეგელაია:

 

- ბატონო ნიკუშა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ კვლავ აქტუალურია თემა: გადაუხვია თუ არა საქართველომ დასავლურ კურსს. ასე საკითხის დასმა ცოტა გაუგებარია, ეს ხომ ტურისტული მარშუტი ან ბილეთი თბილისი-ბრიუსელი არ არის, არამედ დასავლური ღირებულებებით ცხოვრება, აზროვნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.


- აბსოლუტურად გეთანხმები, დასავლური კურსი დასავლური ცხოვრების წესი, მენტალიტეტია. უფრო მეტიც, მთელი დასავლური ღირებულებები ქრისტიანულ კულტურაზეა დამყნობილი. კითხვები, რომელიც მუდმივად ისმის - გადავუხვიეთ თუ არა დასავლურ კურსს, რა გზას ვირჩევთ, ვფიქრობ, უფრო ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშია განხილული და არა ისე ღრმად, როგორც ეს თემა საჭიროებს. ჩვენ ხომ დიდი ხანია დასავლური მენტალობის ნაწილი ვართ, სადღა უნდა გადავუხვიოთ?! საქართველოს ფესვები, თავისი ისტორიით, ქრისტიანული კულტურით, სწორედ ევროპული მენტალობისაა. ამ ყველაფერს ევროპულს ახლა ვეძახით, თორემ, ადრე ბერძნულ-ბიზანტიური კულტურის სამყარო იყო, რომელმაც ქრისტიანობა როგორც პროგრესული რელიგია, პირველმა მიიღო, რისი დიდი ნაწილიც ვიყავით, რაც კარგად ჩანს ჩვენს კულტურაში, ლიტერატურასა თუ არქიტექტურაში. შემდეგ ისტორიის უკუღმართობამ (ხშირად დაპყრობადი ქვეყანა ვიყავით), ჩვენში, ირანის კულტურა გააძლიერა. ანუ, ბევრი სხვა კულტურის შეხების გასაყარზე ვიყავით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა თავისი არჩევანით, ყოველთვის, ქრისტიანულ კულტურაზე იქნა დამყნობილი. დანარჩენი რაც შემოვიდა იძულებითი, უფრო შეგუებითი იყო, რათა ეთნოსი, ერი გადარჩენილიყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებული გვაქვს. დღეს, ამაზე საუბარი, როგორც ზემოთ ვახსენე, უსაფრთხოების კუთხით ხდება - NATO-სა და ევროკავშირში შესვლით, რათა თავი დაცულად ვიგრძნოთ.


- მთავარი ევროპული ღირებულებები უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილურობაა. უსაფრთხოდ ყოფნა, რგორც რუსეთისგან დაცულად ყოფნა, ამასთანაა გაიგივებული?

 

- ისტორიამ დაგვანახა, თუ რამდენად აგრესიულ მეზობელთან გვაქვს დღეს საქმე. ვგულისხმობ, რუსეთის მმართველს. თავად რუსეთს კრემლთან ვერ გავაიგივებ იმიტომ, რომ კრემლის ქმედებებით იქაც ბევრი ადამიანია უკმაყოფილო. ჩვენ მათი მსხვერპლი გავხდით როგორც აფხაზეთში, ისე ოსეთში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ქართველი ხალხი შველას დიდ ევროპულ ოჯახში ხედავს. მაგრამ ეს ხალხის არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა არცერთ პოლიტიკოსზე არაა დამოკიდებული. ამიტომ „თავისუფალი დემოკრატების" განცხადება პოლიტიკურია, მათ არც კი უფიქრიათ, რომ ამით შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე ზიანი მოგვადგეს. ეს საკმაოდ გაუთვლელი განცხადება იყო იმიტომ, რომ ეს არჩევანი არანაირ პარტიაზე, პიროვნებაზე დამოკიდებული არაა, არამედ ქართველ ხალხზე. ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ნებისმიერი ხელისუფლება ამას უნდა ემსახუროს.


- ალბათ, უნდა გავარჩიოთ ისიც, რომ ევროპაში გვინდა ცხოვრება? საზოგადოებას დღეს არ აქვს გაცნობიერებული რა არის რეალურად დასავლური ღირებულებები, ზოგს ევროპა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინება ჰგონია...

 

- დიახ, ეს მცდარი აზრია. თავისთავად ევროპა ძალიან ტრადიციულია. რა თქმა უნდა, დრომ, ადამიანის უფლებების კონცეფციამ და პოლიტიკამ მოიტანა, რომ ყველა თანასწორია, ყველას ყველაფრის უფლება აქვს. მაგრამ ევროპის ძირი, ნამდვილი ფასეულობები, რაზეც იგი დგას და რითიც ძლიერია, ძალიან ტრადიციულია და დიდ ქრისტიანულ კულტურას ეყრდნობა. ერთსქესიანი ქორწინებები და სხვა მსგავსი, უბრალოდ, დროის გამოძახილია. მთავარია ჩვენი უფლებებით ერთმანეთი არ შევაწუხოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლება სიგიჟე არ არის, ეს არ არის ყველა სივრცის დაპყრობის უფლება. შენი უფლება იქ მთავრდება, სადაც მეორე ადამიანის უფლება იწყება. ეს უკვე ცხოვრების წესია. ღირებულებები, ფასეულობები, რითაც ევროპა არსებობს დიდი ხნის წინათაა შეთანხმებული. ესაა ინსტიტუციონალიზაცია, რეალური შეთანხმების და მისი განხორციელების პოლიტიკა, რეალობასთან ღია თვალებით გამკლავების პოლიტიკა. ამ ყველაფერს ინსტიტუტები, მოაზროვნე, მოფიქრალი ადამიანები უზრუნველყოფენ, რომელთათვისაც ეს ცხოვრების წესადააა ქცეული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კანონმორჩილებაც. კანონი ყველგან ირღვევა, მაგრამ ის შეთანხმება, რომელიც ადამიანსა და სახელმწიფოს, სახელმწიფოებს, კონგლომერატებს შორის არსებობს, ამის დაცვა ის მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაც ევროპაში ყოველთვის ხორციელდება. ვთვლი, რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს გავივლით, ოღონდ ამისთვის სიმშვიდე, სწორი ანალიზი, რეალობის შეგრძნებაა საჭირო. წარსულში, პოლიტიკოსები, ხალხს ისეთ მოლოდინებს უჩენდნენ, რომელიც რეალობასთან კავშირში არ იყო, ადამიანებს კი სჯეროდათ. სააკაშვილის დროს, საზოგადოებას ისეთ მოლოდინებს უჩენდნენ, ლამის საქართველოს შვეიცარიას ადარებდნენ და ამ ცხოვრების წესს უქადაგებდნენ. უნდა მივეჩვიოთ რეალობის სწორად შეფასებას - რა მდგომარეობაშია ქვეყანა გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების კუთხით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ რეალურად შევაფასოთ თუ რა ხდება დღეს, რისი უნარი აქვს ხელისუფლებას, რამდენად აკეთებს ამ ყველაფერს, რას ვაკეთებთ ქვეყნისთვის თავად ჩვენ როგორც მოქალაქეები და ა.შ. გავიხსენოთ, რას ამბობდა ილია: „კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?". ჩვენ კი როგორ ვიქცევით - თუ არარეალური მოლოდინები არ გამართლდა, ვცდილობთ, ეს ხელისუფლებას მივაწეროთ, მოვთხოვოთ პასუხი. სწორი გზა უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, მოქალაქეები კრიტიკულად უნდა იყვნენ განწყობილნი და პასუხი მოთხოვონ იმ ნაბიჯების განხორციელებაზე რაც შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლება ვერ აკეთებს. მაგრამ, ხელისუფლებას შეუძლებელი არ უნდა მოსთხოვო იმიტომ, რომ ასე ჩნდება არარეალობის განცდა, საზოგადოებასა და იმ ადამიანებს შორის დაძაბულობა, ვისაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. კარგად უდა გავიაზროთ - რა მოხდა,რანი ვიყავით, საიდან მოვედით. მე თუ მკითხავთ, ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია. მინიმუმ, 20-30 წელია საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად, ოღონდ, ეს წლები, სწორად უნდა იყოს დაგეგმილი. პირადად მე, დიდ რესურსს ჩავდებდი განათლებაში იმიტომ, რომ სწორედ განათლებულ კაცს შეუძლია შექმნას ის მომავალი, რაზეც ვოცნებობთ. ასევე, თანხას ჩავდებდი კულტურაში - ეს ხომ ჩვენი სახეა. ჩვენი კულტურის დამსახურებაა ის რომ ევროპელები აქეთ მოილტვიან. ჩვენს ლიტერატურაში, სპექტაკლებში ისინი საკუთარ თავს პოულობენ. იციან, რომ ჩვენი კულტურით მათთვის ძალიან ახლობელი ეთნოსი ვართ. არანაკლებ რთული მდგომარეობაა ეკონომიკაში, ინვესტირება რთულდება, რაზეც რუსეთის ფაქტორი მოქმედებს. ხელისუფლება ინვესტორების შემოსაყვანად ყველაფერს ცდილობს, ქმნის საინვესტიციო ფონდებს, მაგრამ ინვესტორს შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნა, რათა ამ რისკზე წამოვიდეს, რაც იოლი არაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო საყოველთაო დაზღვევა. ადამიანებს დაავადების, მედიკამენტების შეძენის აღარ ეშინიათ. მთავარია საკითხებისადმი ერთიანი მიდგომა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე კარგად უნდა დავფიქრდეთ, დასაკარგი არავინ გვყავს, ურთიერთობა, თანადგომა უნდა ვისწავლოთ. რაც თქვენ ახსენეთ, ევრომენტალობის, ევროფასეულობების განხრით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს. ქვეყნიდან, ტყუილი, საერთოდ უნდა აღმოიფხვრას. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს არაპრაგმატულია როგორც ერთმანეთთან, ისე მოქალაქესა და სახელმწიფოს (და პირიქით, სახელმწიფოსა და მოქალაქეს) შორის ურთიერთობებში. დღეს, სამწუხაროდ, უამრავ სპექტაკლსა და ტყუილს ვხედავ. თუ ეს არ მოვაგვარეთ, მომავლის დაგეგმვა ძალიან რთული იქნება.


- ამ ურთულეს პირობებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერმა?

 

- განათლება მოგვცემს საშუალებას სამომავლოდ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. განათლებული კადრები ყველა დარგს სჭირდება. საზოგადოებამ, გარკვეული შეთანხმების საფუძველზე, პასუხისმგებელ პირებს ამის განხორციელება უნდა მოსთხოვოს. რეალური მოთხოვნების და მათი შესრულების ტანდემი უნდა შედგეს. ადამიანებს უნდა ვესუბროთ. ის გარემოება, რაშიც დღეს უამრავ ადამიანს უწევს ყოფა, სამწუხარო რეალობაა. ხანდახან, ვფიქრობ, ადამიანები რითი ცხოვრობენ, არსებობენ. სამწუხაროდ, არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც სათანადო რესურსები აქვს, ეს ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ. პირადად მე, აუცილებლად ჩავდებდი თანხებს ჭკვიან, ინტელექტუალურ ეკონომიკაში, ანუ, ადამიანურ რესურსს უფრო ავამოქმედებდი. მადლობა ღმერთს, ქართველებს, ჭკუა არასდროს გვაკლდა. საბჭოთა პერიოდში, როცა მშვიდობა იყო, ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ, ყველა დარგში ნიჭი გამოავლინეს. ანუ, ქვეყანაში დევს ნიჭი, მაგრამ გარემო უნდა შეუქმნა, რომ განვითარდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს წვრილმანი, ყოველდღიური, თითიდან გამოწოვილი, კომერციაზე დაყრდნობილი მასმედიის „შოუები". ადამიანებმა ნამდვილი ყვითლისგან უნდა გაარჩიონ. დასავლეთში ყვითელი პრესა და ტელევიზია ერთმანეთისგან იყოფა, ამას სერიოზულად არავინ უყურებს. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც.


ქრისტე ამბობს, ნუ შეიქმნი კერპა შენსაო, ანუ იგი ღმერთს ადამიანში ხედავს და სიყვარულს ქადაგებს. კერპების შექმნა დაუშვებელია. არადა, ჩვენ, ერთი მუჭა ხალხი, ამ კერპების გამო, ერთმანეთთან კონფლიქტში ვიყავით, რა სასაცილოა. ასეთი რამ ქრისტიანულ კულტურასა და სწავლებაში საერთოდ არ დევს. ამ გზას რომ გადავუხვიეთ, ამიტომ ვართ სულ კონფლიქტებში.


- წეღან ახსენეთ, სააკაშვილი ხალხს არარეალური დაპირებებით კვებავდაო. ის პრო-დასავლურობით გვაწონებდა თავს, მაგრამ განა ადამიანების ცოცხებით წამება, ან თუნდაც 30 ათასამდე პატიმარი ევროპულობის მანიშნებელია?

 

- სააკაშვილი და მისი გუნდი პრო-დასავლურობით სპეკულირებდნენ. ეჭვი მეპარება, რომ მათ ქართველი ხალხის შველა უნდოდათ. თუ თავად არ გიყვარს, სხვას ვერ უშველი. ეს სულ დეკლარაციის დონეზე იყო. იმის მიღმა რაც ხდებოდა, თქვენი კითხვიდანაც ჩანს, რაც ხალხმა დაინახა  ეს უმსგავსობა 1 ოქტომბერს დაამთავრა. სიტყვა საქმესთან ყოველთვის უნისონში უნდა იყოს. ვერცერთი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს თუ მის სიტყვას საქმე არ მოჰყვება.როგორც კი ჩნდება ტყუილი, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი ღრმავდება და აქედან გამარჯვებული ყოველთვის საზოგადოებაა. ვფიქრობ, ახლა მშვიდობიანი დრო დგება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხალხმა არჩევნების ფასი გაიგო და საკუთარი ძალა შეიგრძნო. მეორეც, მთავარი საყრდენი ივანიშვილის გამოჩენა იყო. კაცი საქმით ფასდება. მან საქმით განამტკიცა ის, თუ როგორ უყვარს თავის ქვეყანა. იგი იმისთვის არ მოსულა, რომ ძალაუფლებით სარგო ენახა. დღეს, ადამიანებს თავისუფლად აზრის გამოთქმის აღარ ეშინიათ. ხელისუფლებაში მყოფი ახალგაზრდები ყოველთვის უნდა ეცადონ, რომ საზოგადოებასა და მათ შორის დამალული, ტყუილი არ იყოს. ხელისუფლება გახსნილია და საზოგადოებამაც ინიციატივა უნდა გამოიჩინოს. წინგადადგმული ნაბიჯია ის, რასაც ახლა, ბატონი ბიძინა აპირებს - შექმნას ნამდვილი საზოგადოებრივი პოლიტიკა. მთავარია ეს რეალიზდეს. თუ ჩვენ დემოკრატიას ვიღებთ, როგორც არაიდეალურს, მაგრამ ერთ-ერთ არსებულ წყობას, რითიც დღეს ყველა განვითარებული ქვეყანა არსებობს,მაშინ დემოკრატიის წესი, ამის მთავარი ნაწილი უნდა იყოს. აქ, დახურული კარი არ არსებობს. დახურულ კარებს ყოველთვის დაგიმტვრევენ. საჭიროა საზოგადოების საუკეთესო ნაწილის მობილიზაცია, ინიციატივიანი ხალხისთვის ხელის შეწყობა, ახალგაზრდების ჩართულობა. ხალხამდე უნდა მივიტანოთ მთავარი მესიჯი - დღეს რთულ მდგომარეობაში ვართ და, მოდით, ყოველდღიურ გამოწვევებზე სწორი რეაგირება მოვახდინოთ, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უკეთეს ცხოვრებას მივაღწიოთ.


- ექსპერტები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ. შექმნილ ვითარებაზე საკუთარი აზრი ბიძინა ივანიშვილმაც დააფიქსირა. თქვენთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის რა იყო მნიშვნელოვანი მესიჯები?

 

- ჯერ ერთი, ჩემი და ბატონი ბიძინას რეალისტური დამოკიდებულება ერთმანეთს ემთხვევა, იგი არ ატყუებს ხალხს და არ ეუბნება 2-3 წელიწადში ავყვავდებითო, არამედ ამბობს, რომ მინიმუმ 20 წელიწადში ნორმალური ევროპული დონის ქვეყანას მივუახლოვდებით. მეორეც, იგი ძალიან გახსნილია, ყველაფერზე ღიად საუბრობს, სათქმელს უკან არ იტოვებს. საკუთარ თავს საზოგადოების წევრად თვლის. იგი არის ადამიანი, რომელიც დღე და ღამე იმისთვის მუშაობს, რომ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს, არადა თავისუფლად შეუძლია ქუდი დაიხუროს და წავიდეს. განა ბევრი მდიდარი ადამიანი ვიცით ისეთი, ვისაც თავის ქვეყანაზე ამდენი დრო დაეხარჯოს და ასე ეზრუნოს?! მისი ცხოვრების წესი ასეთია - დილის 9 სთ-დან 10 სთ-მდე საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული, თავს არ ზოგავს. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ მარტო ვერაფერს იზამს, ქვეყანა კეთილდღეობისკენ ერთად უნდა წავიყვანოთ. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, აგური უნდა დავდოთ.


- 15 ნოემბრის აქციასაც მინდა შევეხოთ. „არა ანექსიას" - ამას გვეუბნება გუნდი, რომელმაც თავს უამრავი უბედურება დაგვატეხა და ხალხი მათ დამნაშავე რეჟიმს უწოდებს. აფხაზეთის თემა თითოეული ქართველის ტკივილია, ამით ხომ არ შეეცდებიან „მხარდამჭერების" აქციაზე მოტყუებას? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

 

- არ მგონია, ჩვენი ხალხი, ასეთი ბრმა იყოს და მოტყუვდეს. რა თქმა უნდა, ამ თემით სპეკულირებენ. ამ საკითხზე, საქართველოს ნებისმერ მოქალაქეს შეუძლია ხმა ამოიღოს, მაგრამ არა „ნაცმოძრაობის" მხრიდან გამართულ აქციაზე. „ნაციონალებს" მორალური უფლება არ აქვთ ქვეყნის ანექსიაზე ისაუბრონ, რადგან საქართველოს გარკვეული ტერიტორიის ანექსია სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა.


მთავარი მოთამაშე, ნებისმიერ ქვეყანაში, მაინც ხალხია. ქართველი ხალხისთვის ეს ძალა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.


თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთის" დანართი „პატრიოტი"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016