reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: უახლოეს ხანში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი გააკეთებს განცხადებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:49
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხაჭაპურიძე: უახლოეს ხანში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი გააკეთებს განცხადებას
ავტორი:
13 ნოემბერი, 2014. 16:42


 

ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 2013 წლის 6 მარტს შეხვდა, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. შეხვედრა 1 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კუბლაშვილმა პირობა დადო, რომ ის უზრუნველყოფდა სასამართლოს დამოუკიდებლობას. გამოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი მოიტყუა და ბოლოს მოტყუებულები ჩვენ დავრჩით. ამ შეხვედრის შემდეგ თავისავე გარემოცვაში პირდაპირ უთხრეს, კოტე არ არის სანდო კაცი, ის აუცილებლად გაგაცურებსო, მაგრამ არ დაიჯერა. მეტიც, მან დაასახელა ერთი ადამიანი, რომელიც 2013 წლის 16 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე აირჩიეს (დანიშნეს) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ეს გახლავთ ლევან მურუსიძე. 2013 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა მას რატომღაც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად შეხვდა და ასე დაახასიათა:


„ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე განთავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი".


როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ან არავის უთქვამს, ვინ არის ლევან მურუსიძე, ან კიდევ განგებ აგვირია თავგზა, რათა თვითონვე „გამოეზარდა" კოტე კუბლაშვილის მემკვიდრე. სხვათა შორის, მან იმავე წლის 3 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ლევან მურუსიძე კიდევ ერთხელ შეაქო და ის დამოუკიდებელი სასამართლოს თავგამოდებულ დამცველად მოიხსენია. მაშინ ამას განსაკუთრებული ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ გადის დრო, ივანიშვილი თანამდებობიდან მიდის, ერთ წელიწაში ირაკლი ალასანია, თავის თანაგუნდელებთან ერთად, ოპოზიციაში ბარგდება. ამ ყველაფერს რაც წინ უძღოდა, კარგად ვიცით და რამდენიმე დღეში „თავისუფალი დემოკრატი" ალექსი პეტრიაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს:


„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, „თავისუფალი დემოკრატები" რუს ოლიგარქს ლობირებენ და კრემლის პროექტის ნაწილი არიანო; ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, „ნაციონალებს" ლობირებენო! ჩვენ ვლობირებდით საქართველოს ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს! აი, თქვენ კი ლობირებდით ზურა ადეიშვილს და მეგის ქარდავას, გიორგი ბადაშვილს და ირაკლი შოთაძეს და მათ საგმირო საქმეებს თქვენი მმართველობის პერიოდში. ეგრე გააგრძელეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, და ბოლოს და ბოლოს, გაიგებს, ალბათ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინ იძალადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე".


აქ პეტრიაშვილი ამბობს, რომ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააპატიმრეს, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კოტე კუბლაშვილზე ზეწოლას. როგორც ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილის ჩასაძირად უკვე ამუშავდა კიდევ ერთი სქემა, რომელიც გულისხმობს მორიგ შეტევას სასამართლოს მხრიდან:


- ჩემი ინფორმაციით, მართლა მზადდება მორიგი შეტევა: უახლოეს ხანში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი გააკეთებს განცხადებას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოზე ხდებოდა ზეწოლა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რასაც მან ვერ გაუძლო, დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ უნდა გადადგეს.


- და ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ღარიბაშვილის მისამართით?

 

- დიახ, ეს იქნება დარტყმა და იმ გეგმის გაგრძელება, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა" წამოიწყეს, ისევ ატყდება დასავლეთში ერთი ამბავი, რომ საქართველოში ევროპული ორიენტაციის ძალებს ავიწროებენ და ავიწროებენ სასამართლოსაც.


დღეს რატომღაც ბევრმა ვერ გაიგო, რომ სასამართლო არის სახელმწიფო სახელმწიფოში. კოტე კუბლაშვილს საერთოდ რა ნამუსით უტრიალდება ენა, როცა დემოკრატიაზე ლაპარაკობს? ახლა მიდის მორიგ ავანტიურაზე, მან იცის, რომ თებერვალში მაინც მოუწევს წასვლა და უნდა, რომ მოვლენებს დაასწროს. ახლა გადავიდეთ მთავარზე: არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ იმ ადამიანს, რომელმაც სულხან მოლაშვილს საქალაქო სასამართლოში გამოუტანა განაჩენი და, ფაქტობრივად, წამებისთვის თუ სიკვდილისთვის გაწირა, უპირებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს ადამიანია ლევან მურუსიძე. ეს ხდება მაშინ, როცა სულხან მოლაშვილი ევროსასამართლომ გაამართლა. ასევე, ყველამ კარგად იცის, რომ მურუსიძეს ყოველდღიური კავშირი აქვს ზურაბ ადეიშვილთან. კაცი, რომელიც იქაც არ უნდა მუშაობდეს, სადაც დღეს მუშაობს, უკვე ცდილობს, მივიდეს და დაჯდეს მთავარი მოსამართლის სკამზე. დღეს ის არის სასამართლოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მის ხელშია მოსამართლეების დანიშვნა-განთავისუფლების საკითხი. ვიმეორებ, ევროსასამართლომ ამ ადამიანის დანაშაული დაამტკიცა სულხან მოლაშვილის საქმეშიც. წარმოუდგენელი რამ ხდება, ამას აღშფოთება აღარ ჰქვია!


- მას შემდეგ, რაც თამარ ბერუჩაშვილი დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად, კიდევ რამე გიკვირს?


- კი, ბატონო, საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერი მისცემს დავალებას და იმდენად საშიში არ არის, მაგრამ სასამართლო სხვა რამეა. თუ მურუსიძე მოიყვანეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს განვაცხადებ და დავტოვებ ქვეყანას მთელი ოჯახით. აქ უკვე ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში ისეთ ჭკუაზე ვარ, რომ შეიძლება კუბლაშვილის დარჩენაც კი მოვითხოვო. შევეხვეწები, დარჩეს, არ წავიდეს, მთლად არ დაგვღუპოს. როგორ შეიძლება, სულხან მოლაშვილის მწამებელი კაცი მთავარ მოსამართლედ დანიშნო?


- შალვა, ვფიქრობ, და ვერ ამომიხსნია, რატომ აკეთებს ეს ხელისუფლება ასეთ რაღაცებს?

 

- ეს არის ღალატი, უნდათ, რომ როგორმე ირაკლი ღარიბაშვილი დაამხონ. როგორც ვხედავ, რაღაც ძალები ცდილობენ, ღარიბაშვილს ისეთი საკადრო პოლიტიკა გაატარებინონ, რომ თავადვე დაემხოს. ვიღაცები არწმუნებენ, რომ მავანი და მავანი სანდოა, შინაურია და ასე შემდეგ.


- შალვა, ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის პროტეჟეა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინვე აქებდა, ეს ახალგაზრდა არის დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიო.

 

- ჰოდა, აიღოს ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნახოს, რა წერია იქ სულხან მოლაშვილზე და მურუსიძეზე. ასევე, კარგად წაიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილმაც. ამ გადაწყვეტილებაში ყველა მოსამართლეა ნახსენები, ვინც მოლაშვილს განაჩენი გამოუტანა. თუ ამ ადამიანის კანდიდატურა ბოლომდე გაიტანეს, მაშინ საქართველოში ცხოვრება აღარ ღირს, ჩვენ აქ აღარ დაგვედგომება. არ ვიცი, ამ წუთას მზად ვარ, ბერადაც აღვიკვეცო.  არ ვიცი, ვის ლობირებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: ეს არის შეთქმულება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, აქ ორი აზრი აღარ არსებობს. შეიძლება ვიღაც განზრახ აკეთებდეს ამ ყველაფერს, ან გაუთვითცნობიერებლად, ფაქტი მაინც ერთია, მიზანი არის ერთი - ქვეყანაში უნდა აირიოს სიტუაცია. ჩვენ ამ ყველაფერს ისტორიის წიგნებში წაკითხულიდან ხომ არ ვყვებით? აგერ, ჩვენს თვალწინ მიდის პროცესები, რაც ხდებოდა 25 წლის განმავლობაში, იგივე სცენარით ვითარდება ყველაფერი: ასე ნიშნავდა ზვიად გამსახურდია მინისტრებს და მერე ხვდებოდა, რომ თურმე ვიღაცები მოღალატეები და აგენტები იყვნენ, ასე ნიშნავდა შევარდნაძე და მერე ხვდებოდა, რომ მოღალატეები ყოფილან. ვინ რა პოზიციას იკავებს სააკაშვილთან მიმართებაში და ვინ ჰყავდა საერთოდ, ეს კიდევ ცალკე თემაა. თუ არ არის საბოტაჟი და ღალატი, როგორ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გეჯდეს ადამიანი, რომელიც მხილებულია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში? რა ხდება, ვერ გავიგე, იურისტები ვერ მოიძებნა საქართველოში? ახლა ჩვენ, იურისტები, დავიწყებთ იმ ყველაფრის წამოწევას, ვინ არის ეს ადამიანი და რა „დამსახურება" აქვს საერთოდ, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. როგორც მეუბნებიან, მხოლოდ მოლაშვილის საქმე არ იყო, მაგას უამრავი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული. ჩვენ ასევე მოვითხოვთ უცხოელ ელჩებთან შეხვედრას და მათთანაც გვექნება საუბარი, თუ სასამართლო ხელისუფლება დავკარგეთ, თუ ისევ დარჩა ზურაბ ადეიშვილის ხელში, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს. მურუსიძის დანიშვნით არც კოტე კუბლაშვილი მიდის, ის უბრალოდ გადადის კულისებში და როგორც ჩანს, არც ადეიშვილია წასული. მე ვაფრთხილებ პრემიერ-მინისტრს, თუ ამ ადამიანის დანიშვნას დათანხმდება, ალასანიას ვარიანტი კანფეტი იქნება იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება.


2013 წლის სექტემბერი. ბიძინა ივანიშვილი ხვდება ექსპერტებს და ამბობს ასეთ რაღაცას:


„წინა ხელისუფლებაში ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი კაცი იყო ზურაბ ადეიშვილი. მახსოვს, როცა მერაბიშვილსაც ვხვდებოდი და სააკაშვილსაც, ჩემდა გასაოცრად, მე ადრეც ვთქვი, რომ მერაბიშვილი ისეთ ტერმინებს ხმარობდა, ისეთ ეკონომიკურ ანალიზს აკეთებდა, გაოცებას ვერ ვმალავდი. საიდან-მეთქი, ვკითხე და ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. სულ მაინტერესებდა ამ კაცის გაცნობა. ეს სისტემები - სასამართლო, პროკურატურა მაგის დალაგებულია და მე მგონი, მერაბიშვილს პოლიციაც ისე დაულაგა, როგორც სააკაშვილს უნდოდა. აშკარად ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერი კაცია".


და ბოლოს, ვინ არის, რა წარსული და ბეგრაუნდი აქვს ლევან მუსერიძეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლაშვილის საქმეს გამოვრიცხავთ? ის 2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე. 2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2006 წლის აპრილიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. როგორც უკვე გითხარით, 2013 წლის ივნისში აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. მისი ხელმოწერა „ამშვენებს" არაერთი გახმაურებული საქმის გადაწყვეტილებას. მაგალითად, დაუმორჩილებელი მოსამართლეების საქმე, რომლებიც სააკაშვილმა სასამართლოდან გააძევა. ის 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოებისა და განთავისუფლების პროცესში. მერაბ ტურავას თქმით:


„მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც თვალი არ დაახამხამა და უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე, მათ შორის მეც, დაკავებული თანამდებობებიდან, უკანონოდ გაათავისუფლა. მას გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული და წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა.


ლევან მუსერიძე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის საქმეშიც, მან მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, ვკითხულობთ:


„დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, მიხეილ ბიბილურიძისა და ალექსანდრე ღაჭავას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა".


მაშ ასე, უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ კიდევ ერთ დარტყმას სასამართლოდან, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ხელისუფლება.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016