reportiori.ge - რა ინტერესები იკვეთება პრეზიდენტ მარგველაშვილის და ალასანიას შეხვედრის უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:52
პრეს-დაიჯესტი
რა ინტერესები იკვეთება პრეზიდენტ მარგველაშვილის და ალასანიას შეხვედრის უკან?
ავტორი:
14 ნოემბერი, 2014. 13:27


თუკი ხელისუფლება ყურადღებით გაეცნობა ვალერი გელბახიანის ანალიზს და თუკი იმასაც გაითვალისწინებს, რომ მის პროგნოზებში, ფაქტობრივად, ცდომილება არ არის, მიხვდება, რა უნდა გააკეთოს. მაშ ასე, გზა, რომელიც ალასანიას დაპატიმრებამდე მიდის, წაადგება თუ არა ხელისუფლებას? შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ალასანიას შორის გაიმართა - რა დგას ამ შეხვედრის უკან? რას იგებს და რას აგებს უმრავლესობა, როცა მათ ალასანიას პარტია კოალიციაში ჩაანაცვლეს „ნაციონალი" მაჟორიტარებით, რომლებიც 9 წლის მანძილზე აფინანსებდა და აძლიერებდა იმ რეჟიმს, რომელსაც ერთად ვებრძოდით ამ ხნის მანძილზე? რისთვის ჩამოდის 15 ნოემბერს რევოლუციების მამა ჯორჯ სოროსი და რა შემთხვევაში შეუერთდება ირაკლი ალასანია „ნაციონალების" მიერ დაანონსებულ აქციას, სახელწოდებით „არა ოკუპაციას"? 


ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს ჩვენთან ერთად ვალერი გელბახიანი განიხილავს: 


- სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობას სწავლობს. უწყება იუწყება, რომ ალასანიას მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებენ შემოწმებას. მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორც ალასანიას მინისტრობის, ასევე, მისი წინამორბედი მინისტრების დროს განხორციელებულ შესყიდვებს ეხება. რით დასრულდება ეს შეტევა? 

 

- როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ანალიზს, ვპროგნოზირებდით, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე მიმდინარე გამოძიება, სავარაუდოდ, ალასანიას დაპატიმრებით დასრულდებოდა და ბრალს წაუყენებდნენ იმ გადაცდომებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი. მაგრამ ე.წ. კაბელების საქმემ ისეთი რეზონანსი მიიღო, თუ დააკვირდით, თავის მართლების რეჟიმში გადავიდა ხელისუფლება, რადგან დასავლეთიდან გაჩნდა კითხვები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იქ დასვეს კითხვა, ეს ყველაფერი ხომ არ იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან? თუ დააკვირდით, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუში იყო თავის მართლების მცდელობა და გარკვეული შენიშვნები ღარიბაშვილის მისამართით. ის რეზონანსი, რაც ალასანიას გადაყენებას მოჰყვა და მისი უწყების თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ბუნებრივია, თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული და გათვლილი, თუ რა მოჰყვებოდა ამას. თუმცა ჩვენ ვაანონსებდით, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა გარკვეული შედეგები. მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ალასანიას დისკრედიტაცია და ამ დისკრედიტაციას ჰქონოდა ბრალეული ფორმულირებები, რომ ის დადანაშაულებული ყოფილიყო კორუფციაში და ამის შემდეგ, თუკი ხმას ამოიღებდა ალასანია, გაამწესებდა მას იქ, სადაც დღეს ახალაიაა. ეს პროცესი დროებით გაჩერდა იმის გამო, რომ პროცესი აღმოჩნდა ძალიან ხმაურიანი. თავისუფალი დემოკრატების ყრილობამაც აჩვენა, რომ ასე ადვილი არ ყოფილა პარტიის თავმჯდომარის ჩამოცილება. ამიტომ, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ პროკურატურის მიერ გამომცხვარი ბრალდებები, საჭირო გახდა ინსტიტუციების ჩართვა. ამ თვალსაზრისით გამოყენებული იქნა აუდიტის სამსახური, ეს არის სახელმწიფო სამსახური, რომელიც ექვემდებარება პარლამენტს, რომელიც ვალდებულია, წლის განმავლობაში შეამოწმოს ყველა სახელმწიფო დაწესებულება, მათ მიერ ფულის ხარჯვის მიზანშეწონილობა და კანონიერება. აქედან გამომდინარე, ცხადია, აუდიტის სამსახური შეამოწმებდა თავდაცვის სამინისტროსაც, მაგრამ მისი ჩართვის საჭიროება გახდებოდა თუ არა აუცილებელი, ეს დღის წესრიგში არ იდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესს დასჭირდა, მეტი მტკიცებულება იყოს წარმოჩენილი არამხოლოდ პროკურატურის მიერ მოპოვებული. მაგრამ ის, რომ ვექტორი მაინც იმ მიმართულებით მიდის, რომ ალასანია იქნეს ბრალდებული და ციხის გზას გაუყენონ, ეს ჩანდა თავშივე, ჩანს ახლაც და დღესაც ძალაში რჩება. ხელისუფლებას უნდა გაეთვალა, ამ პროცესს რა მოჰყვებოდა, ასევე საჭირო იყო პოლიტიკური ტექნოლოგიური ხაზის გათვალისწინება, ხისტად იმის გაკეთება, რომ მე ამას დავიჭერ, დიდი ბოდიში, მაგრამ ასე არ არის, გააჩნია, შენ ვის იჭერ. 


ეს არის ერთადერთი რამის ბრალი, მათ, ვინც საქმეს უკვეთს არ იცის, როგორ შეუკვეთოს და ვინც საქმეს ასრულებს, არ იცის, როგორ აღასრულოს. ასეთ შემთხვევაში კი როგორი მართლებიც არ უნდა იყვნენ, ბუმერანგის ფუნქცია იმუშავებს, რადგან ეს არის დაუწერელი კანონი. ეჭვი არ მეპარებოდა არც მაშინ, არც ახლა, რომ ალასანიას მიმართ იქნებოდა სერიოზული მასალები, მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა, თუ ასე შემობრუნდებოდა ეს საკითხი, იმდენად უხამსად და უგერგილოდ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. 


- ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე სასამართლომ ექვსი ბრალეული აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებულები სასამართლომ გაათავისუფლოს? 


- ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა ალასანიას განცხადება და მისი გადაყენება, რასაც მოჰყვა დასავლეთის მხრიდან კრიტიკა. ჩამოყალიბდა საზოგადოების აზრი, რომ ალასანიას დევნიან. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა სასამართლოზე, ადგა და გაათავისუფლა ის ხალხი. ეჭვი არ მეპარება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პროკურატურას წაგებული აქვს. შეხედეთ, როგორ გააძლიერა ალასანიამ ტემბრი, ტონალობას აუწია, უკვე თითს იქნევს, გამოუშვით კაბელებზე დაჭერილი ხალხი, თორემოოო... თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერი შემთხვევით არის?!. ამას ვამბობ, როცა პოლიტიკურ ფიგურას ირჩევ სამიზნედ, მეტი უნდა გესმოდეს მაგ საქმეში. 


- თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საპარლამენტო ნდობის ჯგუფი, სავარაუდოდ, ნოემბერშივე იმსჯელებს, ნდობის ჯგუფმა მასალების შეგროვება დაიწყო, ალასანია აცხადებს, საგანელიძემ ნდობის ჯგუფი ჩემს წინააღმდეგ საომრად გააცოცხლაო. რეალურად ამ ნდობის ჯგუფს შეუძლია მიაყენოს დარტყმა ალასანიას? 


- ყველა პარლამენტში იქმნებოდა ნდობის ჯგუფი, სამ კაცზე მეტ კაცს არ უნდა სცოდნოდა ის საიდუმლო, რომელიც ქვეყანაში არსებობდა. ეს სამი ადამიანი ოპოზიციური პარტიიდან არ უნდა ყოფილიყო შერჩეული. ნდობის ჯგუფს ჰქონდა წვდომა იმ მასალებთან მიმართებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, მაგრამ ნდობის ჯგუფს ამ მასალების საჯაროდ გამოტანა ეკრძალებოდა. თუ ნდობის ჯგუფი ამ მასალებს გაასაჯაროებს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ალასანიას წინააღმდეგ მანქანა ჩართულია, მაგრამ ეს მანქანა უკვე მოშლილია და არ არის მწყობრი სისტემა იმისთვის, რომ მანქანამ მოძრაობა დაიწყოს. მე მგონია, რომ კიდევ არის რაღაც ბერკეტები, რომელსაც, თუ სწორად გამოიყენებენ, ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში მოექცევა. 


- ვთქვათ, დაიჭირეს ალასანია. რა იქნება მერე? რა იგრძენით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, შეიძლება ის ასევე დაუნდობელი იყოს ხელისუფლებაში მოქმედი სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართაც? 


- მართალი გითხრათ, ბატონი ბიძინას გამოსვლაში დავინახე უკანდახეული პოზიცია. როგორც ჩანს, ის დეტალების საქმის კურსში იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან ყველაფერი იცოდა წინასწარ, რა იგეგმებოდა ალასანიას მიმართ და რა იყო მიზანი. როცა აღარ მოეწონა განვითარებული მოვლენები, მერე დაიწყო საუბარი, ვინ რა დაარღვია ამ პროცესში. მან თითი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რაც იმას ნიშნავს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ოპერაციას წარმატებით არ დაასრულებს, მაშინ ბატონი ივანიშვილი ყველაფერს მას გადააბრალებს და ეს უნდა იცოდეს ბატონმა ირაკლიმ, ამ მოლოდინში უნდა იყოს. 


- ამასობაში აქტიური ხდება პრეზიდენტი მარგველაშვილი და ჩვენ ვნახეთ, რომ ის შეხვდა ალასანიას, რომელმაც თქვა, მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთო. ამ ღია შეხვედრის მიღმა, თქვენი აზრით, რა იმალება? 

 

- ეს იყო საჯარო შეხვედრა, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ, ნიშნავს, რომ მათი ინტერესები თანხვედრია. ამ საჯაროობის მეორე დანიშნულება იყო ის, რომ თუ ღარიბაშვილს არა აქვს იმის უნარი, იკონტაქტოს მოქმედ პრეზიდენტთან, აგერ ბატონო, ოპოზიციის ლიდერი ახერხებს და ხვდება პრეზიდენტს, მაშასადამე, პრეზიდენტის ბრალი არ ყოფილა კომუნიკაციის არარსებობა. კონტექსტი არის აქ შემდეგი, გამოჩნდეს, რომ პრეზიდენტი კარგი ტიპია და კომუნიკაბელურია. თურმე ღარიბაშვილი ყოფილა ერთადერთი, ვინც ქმნის პრობლემებს. ამ შეხვედრის მთელი პოლიტიკური ნიუსი დაახლოებით ეს იყო. სინამდვილეში, მათ შორის იყო და არის ინტერესთა თანხვედრა. პრეზიდენტის განწყობილება და შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ემთხვევა ალასანიას შეხედულებას. ნუ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტის აზრთა თანხვედრა მოხდეს სხვა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან. პარლამენტში არ აკვირდებით იმას, რომ „რესპუბლიკელები" ყველა გამოსვლაში ერთსა და იმავე განცხადებას აფიქსირებენ, რომ ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე არის მხოლოდ და მხოლოდ ალასანია. ეს პარტნიორობა და მოკავშირეობა რომ იწვევს გარკვეულ შედეგებს რა, ძნელი მისახვედრია? კოალიციის წამყვანია ძალა „რესპუბლიკელები" არ ამბობენ, რომ არიან „ოცნების" პარტნიორები, არამედ ღიად აცხადებენ, რომ ისინი არიან ალასანიას პარტნიორები და მოკავშირეები. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა უნდათ მათ უმრავლესობაში? მათ უნდათ ძალაუფლება, მაგრამ სურთ იპარტნიორონ ოპოზიციასთან. ასეთი კონგლომერატულ პოლიტიკას ვერ ამჩნევდე ვერც მთავრობის მეთაური და ვერც გარე მეთაური, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. 


მთავრობის მხრიდან გაკეთდა განცხადება, თითქოს ჩვენ ვართ მყარი უმრავლესობა და იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე ვიყავითო. ჯერ ერთი, იმაზე მეტი რომ ხართ, ვიდრე იყავით, ვის ხარჯზე ხართ?.. „ნაციონალებთან" პარტნიორობა შეიძლება იყოს გამართლებული და მორალური? ჯერ ეს ჰკითხეთ ხალხს და მერე დაფიქრდით, რა განცხადებაა?!. აი, ვთქვათ, „რესპუბლიკური პარტია" გამოეცალოს კოალიციას, რჩებათ მერე უმრავლესობა? - არ რჩებათ... ამის მერე გამორიცხავენ, რომ დაიწყოს სამთავრობო პროექტების ბლოკირება და წინააღმდეგობა, ფიქრობენ, რომ ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და ჩიხში შევა პროცესი, როცა არჩევანის წინაშე დადგება ქვეყანა, დატოვოს მთავრობა თუ პარლამენტი? ერთი დაითხოვოს თუ მეორე? და საით მიდის ეს ყველაფერი, ეს ძნელი დასათვლელია? ჩემი მინიშნებები მთავრობისთვის უფროა განკუთვნილი, მინდა მთავრობამ შეინარჩუნოს პოზიცია და ჰქონდეს სტაბილური მდგომარეობა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ და დაბეჯითებით საკუთარ თავებს არწმუნებენ, რომ მათ აქვთ მყარი პოზიცია, მე გეტყვით, რომ მათი ეს პოზიცია იქნება მხოლოდ ორთვიანი. 


- თქვენ ვარაუდობთ, რომ ორი თვის შემდეგ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება? 


- რა თქმა უნდა, 2015 წლის თებერვლიდან ჩვენ სრულიად სხვა პოლიტიკური სცენარი გვექნება, ეს იქნება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა. პარლამენტში აღარ იქნება ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მთავრობა უნდა ენდობოდეს და ეყრდნობოდეს. ხომ არის ეს პარადოქსი, რომ დღეს ქვეყნის ბედი დამოკიდებულია „რესპუბლიკელების" პოზიციაზე, ასევე ხომ არის პარადოქსი ის, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა „ნაციონალი" მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნა. მოხტუნავე ადამიანებზე დაყრდნობა თუ ღარიბაშვილის პოლიტიკური თეორიაა, მაშინ, გაუმარჯოს ამ თეორიას, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყველაფერი არის თვალების დაბრმავება. პროცესი ასე დაიწყება. სანამ პარლამენტში პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით დაიწყება გადაწყობა, მანამდე მთავრობაზე იქნება ბევრი საკითხის გადაბრალება და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი რიგი მინისტრების მიმართ, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, მათ შორის პირველი დადგება მთავარი პროკურორისა და პროკურატურის საკითხი. თქვენ რა გგონიათ, ივანიშვილი ამათ ქვეყანას დაანგრევინებს და არევ-დარევს ვითარებას? გამოსავალს ივანიშვილი სწორედ იმაში დაინახავს, რომ ღარიბაშვილი შეცვალოს სხვა ფიგურით. მე ღარიბაშვილის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და ვაფრთხილებ, დაფიქრდეს ყველა განცხადებასა და პოლიტიკურ ნაბიჯზე, თორემ საკუთარ თავს საფრთხეში ჩაიგდებს. მოდის პროცესები, როცა ყველაზე მეტი ძალაუფლება ექნება პრეზიდენტს, რომელსაც დღეს უუფლებოს ეძახიან. აი, ის მომენტი დგება, როცა პრეზიდენტის სიტყვა იქნება გადამწყვეტი. 


- ბატონო ვალერი, ახლოვდება 15 ნოემბერი, ყველაზე მეტად რაც მეუცნაურა, ის არის, რომ რევოლუციების მამა, ჯორჯ სოროსი სწორედ 15 ნოემბერს ჩამოდის საქართველოში. მისი ჩამოსვლა ღია საზოგადოება - საქართველოს" 20 წლის იუბილეს უკავშირდება, მაგრამ ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. თქვენ გჯერათ? 


- თქვენი არ იყოს, შემთხვევითობის მეც არ მჯერა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯორჯ სოროსი იმისთვის ჩამოდის საქართველოში, რომ აღნიშნოს „ღია საზოგადოება - საქართველოს" საიუბილეო თარიღი, ბრიყვია. ეს არის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მიმართულებით გათვლილი ღონისძიება, სოროსი გააკეთებს კომენტარს, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები, უნდა ვივარაუდოთ, რომ 15 ნოემბერს „ნაციონალების" აქციაზე ხალხი მივა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება პროვოცირებული, აქცია მოთხოვნებში გადაიზრდება, ამ პროვოცირებას კი მოჰყვება წესრიგის დამყარების მიზნით ძალის დემონსტრირება. ეს კი შემდეგ გამოყენებული იქნება ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ჩაირთვება საინფორმაციო მანქანა ხელისუფლების წინააღმდეგ. დამერწმუნეთ, არც ერთი ხელისუფლება ძალადობის მომხრე არ არის, მაგრამ, როცა იძულებული ხდება თავი დაიცვას, ამ შემთხვევაში ძალადობა არის გამოსავალი. წარმოიდგინეთ, როგორი ინტერესთა დამთხვევაა, ალასანიამ ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ მათ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, გაჩნდა ეჭვი დასავლეთში, რომ ხელისუფლება ებრძვის პროდასავლურ ძალებს. ეს არის მიზანმიმართული იმისთვის, რომ დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია მოხდეს საზოგადოებაში. ამას ძალიან დიდი ქვეტექსტი აქვს, მაქსიმალური ტექნოლოგიაა გამოყენებული, ამ ამბავში სოროსიც კი გარეულია. როცა შენ ასეთი ტექნოლოგიებით გებრძვიან და შენ ხისტი თვალებით იყურები, ცხადია, წამგებიან პოზიციაში ხარ. ცალ მხარეს დგას მცოდნე და ავანტიურისტი ძალა, მეორე მხარეს დგას სუფთა, წესიერი, მაგრამ უცოდინარი ძალა. პროცესს სამწუხაროდ, ის იგებს, ვინც სწორად მოქმედებს. 


- როგორ ფიქრობთ, ალასანია ამ აქციას შეუერთდება? 


- ალასანია აქციას არ შეეხება, მაგრამ თუკი აქცია დაარბიეს, ალასანია პირველი მივა იქ. 


ნინო სამხარაძე 

გაზეთი ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016