რა ხდებოდა თსუ-ს სენატის არჩევნებისას? ვინ და რატომ ხვდებოდნენ სტუდენტებს აუდიტორიებთან? რატომ ვერ გაიმარჯვეს არჩევნებში სახელოვანმა მეცნიერებმა? რატომ აპირებენ კანცლერის გადაყენების მოთხოვნას და რა გავლენები აქვს უნივერსიტეტში ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს?
„ალიას" ესაუბრა თსუ-ს სტუდენტი, აწ უკვე სენატორი, ლევან ლორთქიფანიძე:
- სენატი არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელსაც რამდენიმე ძირითადი კომპეტენცია აქვს: უნივერსიტეტის ბიუჯეტის განხილვისას შესწორებების შეტანის უფლება, უნივერსტეტის შიგნით უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის - კანცლერისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დამტკიცება და ასევე უნივერსიტეტის შინაგანაწესის წესდების, ეთიკის კოდექსის დამტკიცება. სენატის შემადგენლობაში უნდა იყოს 50 წევრი, საიდანაც ერთი მესამედი სტუდენტობაა, დანარჩენები პროფესორები გახლავთ. სენატის არჩევნები უნივერსიტეტში ჩატარდა ძალიან მძიმე ვითარებაში, კონკურენცია იყო საკმაოდ დიდი სტუდენტებს შორის და ამან საკმაოდ შეაშფოთა სტუდენტური თივთმმართველობა, ეს კი ის ძალაა, რომელიც „ნაციონალების" მხარდასაჭერად მოიაზრება უნივერსიტეტში. მანამდე მათ გადაირქვეს სახელი და, თუ ადრე ერქვათ „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა", და პირდაპირ დანამატს წარმოადგენდნენ „ნაციონალური მოძრაობისთვის", დღეს ჰქვიათ „სტუდენტები სტუდენტებისთვის" და ამბობენ, რომ არიან დამოუკიდებლები, მაგრამ სინამდვილეში არსიც იგივე დარჩა და ხალხიც.
- ეს ის ხალხია, ვინც წლების მანძილზე გარბედავთ?
- ეს ცოტა სხვა თაობაა, მაგრამ მათაც საკმაოდ ბევრი ბოროტება აქვთ ჩადენილი. ამას წინათ წარმოდგენილი იყო „აიდიეფაის" მიერ შესწავლილი დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ წელს ის თანხები, რაც გამოყოფილი იყო სტუდენტებისთვის, და ეს არის 150 ათასამდე ლარი, იყო სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსება. მათ დაწერეს თავისთვის ე.წ. პროგრამები და ეს ფული მთლიანად გახარჯეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის და არა, ზოგადად, სტუდენტების სასარგებლოდ. ხოდა, აი, ეს ადამიანები იყვნენ ზეაქტიურები არჩევნების დროს. რამდენიმე სტუდენტი ვიყავით მათი მთავარი კონკურენტი, ეტყობა, ამან შეაშფოთათ და ყველაფრიდან ჩანდა, რომ, ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა: ეს თანხები იყო იმ ძალებისგან წამოსული, ვინც მათ მფარველობს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ დაახლოებით 30 ადამიანი ჰყავდათ მობილიზებული, რომელთაც მობილურზე ჰქონდათ შესაბამისი თანხები ჩარიცხული, ესენი იყვნენ ე.წ. მათი კოორდინატორები და ეს ადამიანები დაახლოებით 2500 სტუდენტს ყოველდღიურად უგზავნიდნენ დღეში 3-4 შეტყობინებას, სადაც ეწერა „მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებსო". ასევე, ისინი რეკავდნენ სტუდენტებთან, ხვდებოდნენ, ეუბნებოდნენ, წამოდით და მიეცით ხმა ჩვენს ორგანიზაციას და სრულიად გაუცნობიერებული სტუდენტები მოჰყავდათ არჩევნებზე, შედგენილი ჰქონდათ თავისი სიები, იდგნენ საარჩევნო უბნის გარეთ, იწერდნენ ამ სიებს, ანუ ის, რაც ჩვენ გვახსოვს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე, სიებით რომ დადიოდნენ კოორდინატორები, იგივე ხდებოდა უნივერსიტეტშიც. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ამ უზარმაზარი ფინანსური რესურსების დახარჯვის ფონზე, უნივერსიტეტის ორ ფაკულტეტზე გავიმარჯვეთ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანებისთვის სენატი. საქმე ის არის, რომ სენატს ექნება უფლება უნივერსიტეტის თანხის განკარგვის, მაგრამ მანდ კიდევ ერთი მომენტია, მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის შიგნით თავისი დიდი გავლენის შენარჩუნება. როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალებმა" მოახერხეს უნივერსიტეტის დიდ აკადემიურ საბჭოში თავისი გავლენის შენარჩუნება, ამ საბჭოში წარმოდგენილია მარიკა გერსამია, რომელიც იყო განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი ლომაიასა და გვარამიას დროს, ამ ქალს უამრავი ბოროტება აქვს ჩადენილი განათლების სისტემის წინააღმდეგ, იყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, კურატორობდა სამეცნიერო საკითხებზე გასაცემ თანხებს, და რამდენად სწორად განკარგავდა ამ თანხებს, დააკვირდით მეცნიერების მდგომარეობას და მიხვდებით. მისი დამსახურებაა, რომ დღეს სრულყოფილი სამეცნიერო დისციპლინა, ფაქტობრივად, ვერ ფუნქციონირებს უნივერსიტეტში და ის თანხები, რაც მაშინ უნივერსიტეტის ფონდმა განკარგა, გადაყრილი აღმოჩნდა. აი, ეს ქალია შენარჩუნებული დღეს უნივერსიტეტში. საბჭოში შეარჩიეს ასევე მაია კოპალეიშვილი, რომელიც გახლდათ, არც მეტი, არც ნაკლები, ბატონი ადეიშვილის მოადგილე, შემდეგ გახლდათ პრეზიდენტ სააკაშვილის კვოტით უზენაესი სასამართლოს წევრად არჩეული ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ერთ კონკრეტულ პარტიაზე მიკუთვნებული. აი, ასეთია სენატზე გაცილებით მეტი უფლებების მქონე აკადემიური საბჭოს შემადგენლობა დღეს უნივერსიტეტში, რომელიც მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს! ეს ის ორგანოა, რომელიც რექტორს ირჩევს, ბიუჯეტს ამტკიცებს, ამათ გარდა, იქ არიან კიდევ აკადემიური საბჭოს სხვა წევრებიც, 2006 წლის შემდეგ რომ მოვიდნენ ამ საბჭოში და იქ კი ვიცით, რომ პოლიტიკური სიმპათიის გარეშე ვერავინ მოხვდებოდა.
- ამ შემთხვევაში საბჭოს არჩევნების დროს რექტორმა პაპავამ ვერაფერი გააკეთა?
- პაპავამ გააკეთა ის, რომ მისი მხარდაჭერით ეს ადამიანები შევიდნენ აკადემიურ საბჭოში. უნივერსიტეტში არიან ის პროფესორები, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალებს" უჭერდნენ მხარს და ახლა თავისი პოზიციების განსამტკიცებლად და თავის დასაცავად ერთხმად მისცეს ხმა აი, ამ ვითომ ახალ აკადემიურ საბჭოს. აქვე იმასაც ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, დაწერეთ, ერთ ადამიანში, იგივე რექტორში პრობლემა არ არის, აუცილებელია კანონის ცვლილება, რომ დარეგულირდეს სიტუაცია. პაპავა დღესაც აცხადებს, რომ ის რევოლუციურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს კანონმდებლობის გარეშე, მაგრამ ბატონ პაპავას აქვს ერთადერთი დიდი პლუსი, თუნდაც 10-15 სტუდენტის პროტესტი მისთვის არის გასათვალისწინებელი, ნერვიულობს ამ 10 სტუდენტის ქუჩაში გამოსვლაზე, ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანატოლებს, რომ გამოვიყენოთ ეს რესურსი. ადამიანი ყველა ჩვენს მოთხოვნაზეა წამსვლელი, თუ დაინახავს ჩვენს ნებას.
- ჰოდა, თქვენც ადექით და გამოდით ქუჩაში..
- გამოვალთ, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს რექტორად ამ კანონმდებლობით, შეუძლებელია, რამე გაკეთდეს, ხოლო რევოლუციაზე წასვლის სურვილი ლადო პაპავას არ აქვს.
- კი, მაგრამ ხომ იცოდა, სად მოდიოდა?
- კი, მაგრამ მაინც მთავარი პასუხისმგებლობა განათლების მინისტრსა და მის მოადგილეს უნდა დავაკისროთ. სხვათა შორის, თქვენ იცით, რომ ამ დღეებში მიმდინარეობდა სტუდენტური აქცია. ჩვენ შევხვდით სამინისტროს წარმომადგენელს, მინისტრის მოადგილეს შერვაშიძეს და ბატონმა გია შერვაშიძემ გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ისინი წარმოადგენენ კონცეფციას. ეს იქნება კონცეფცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მიმართულებით და ძალიან მაინტერესებს იმ სიტყვებს, რაც გველაპარაკნენ, საქმედ როგორ გარდაქმნიან? სამინისტროში აღიარებენ, რომ 2 დღის მანძილზე ვერავითარი ნაბიჯი წინ ვერ გადადგეს, და ახლა ამ კონცეფციაზე ამყარებენ იმედს.
- არჩევნებს დავუბრუნდეთ. პროფესორების არჩევნებმა როგორ ჩაიარა?
- ისეთმა ლეგენდარული პროფესორმა, როგორიცაა დიმიტრი შველიძე, არჩევნებში მიიღო მხოლოდ ოთხი ხმა და ასევე, შესანიშნავმა მეცნიერმა გიორგი ოთხმეზურმა აიღო მხოლოდ 9 ხმა, სამაგიეროდ, მათ ნაცვლად გავიდნენ უცნობი პროფესორები. აქედან დავასკვნით, რომ პროფესურა რატომღაც უარს ამბობს კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური კადრების არჩევაზე, ისევ იმძლავრა პროფესურაში „ნაციონალურმა" ძალამ, ეს კი ნიშნავს, რომ შიგნით „ნაციონალური" ძალა კვლავ ძლიერია და სენატთან ერთად აკადემიური საბჭოს არჩევნებმა გვიჩვენა, რომ სერიოზული პოზიციები სენატშიც „ნაციონალებმა" შეინარჩუნეს. ბუნებრივია, სენატში მე და იმ მეორე სტუდენტს დიდი ბერკეტები არ გვექნება, თვითმმართველობამ, თავის მხრივ, 12 სტუდენტი გაიყვანა და ძალთა თანაფარდობა, აქედან გამომდინარე, სხვაგვარია. „ნაციონალი" სტუდენტები, ბუნებრივია, თავიანთი ბატონების მხარეს გადაიხრებიან, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ დეკემბერში გამოვითხოვოთ უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტი და დავიწყებთ მის საჯარო განხილვას და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სტუდენტებისგან შევაგროვებთ, წარვუდგენთ დეკემბრის ბოლოს რექტორს.
- კიდევ რას მოიმოქმედებთ სენატში?
- მე არ ვიცი, რექტორს რა დამოკიდებულება აქვს კანცლერთან, მაგრამ კანცლერი ასევე „ნაციონალების" წარმომადგენელია, ესაა დავით ჩომახიძე და ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, სენატის ფარგლებში აუცილებლად გვექნება პრეტენზიები კანცლერთან და მოვითხოვთ მის გადაყენებას. ეს არის კაცი, რომელიც განკარგავს უნივერსიტეტის ფინანსებს მთლიანად უკვე მესამე რექტორის პერიოდში. ჩომახიძე იყო ხუბუას დროს, კვიტაშვილის დროს და ახლა არის პაპავას პერიოდში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არაკვალიფიციური მენეჯმენტით და უნივერსიტეტის ფინანსების არაეფექტური ხარჯვით, შეიძლება, თვითონ ფულს არ იპარავს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე აკადემიური თანამდებობის პირები. ანუ პროფესორზე ორნახევარჯერ მეტია ადმინისტრაციის თანამშრომელი და ეს არის სერიოზული დისპროპორცია.
- და რას აკეთებს ეს ხალხი?
- ფანქრებს თლის... ათი კაცი ზის და თლის ერთ ფანქარს. ამ დროს აქვთ საკმაოდ სერიოზული ხელფასები, უნივერსიტეტი საერთოდ ძალიან ღარიბი დაწესებულებაა, ძლივს ჰყოფნით თანხა, რომ კომუნალური გადასახადები გადაიხადონ და აკადემიურ პერსონალს მისცენ ღირსეული ხელფასი და ამასვე ემატება ასეთი გაბერილი შტატები და მათ დანიშნული აქვთ ამხელა ხელფასები, ამაზე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება კანცლერს, იმ ადამიანს, რომელიც მე-7 წელია ამ თანამდებობაზეა... სხვათა შორის, ამ ჩომახიძის მოადგილეები არიან თვითმმართველობის ჩინოვნიკები, რომლებიც ასევე ეფექტურად მონაწილეობენ სტუდენტების შევიწროებაში. ჩვენ ამ ადამიანებს აუცილებლად დავარტყამთ. რამდენად იქნება ეს ეფექტური, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ მათი სამართლებრივი ყოფნა არ შეიძლება უნივერსიტეტში არა იმიტომ, რომ კონკრეტულ პარტიას მიეკუთვნებიან, არამედ, იმიტომ, რომ ამდენი ხანია ამ თანამდებობებზე არიან და უნივერსიტეტში ასეთი მდგომარეობაა, ამისთვის მათ პასუხი უნდა აგონ და მერე როგორ იქნება, ეს გამოჩნდება წლის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შემდეგ.
- აუდიტია შემოსული უნივერსიტეტში?
- უკვე რამდენიმე თვეა და გაოგნებულია აქ მიმდინარე სიტუაციით და ბოლოს რა დოკუმენტს დადებენ, ეგ მართლა საინტერესოა. მართალია, აუდიტშიც თავისი ხალხი ჰყავთ „ნაციონალებს" და აუდიტის ხელმძღვანელი, მოგეხსენებათ, გახლავთ ლაშა თორდია, „ნაციონალების" ყოფილი დეპუტატი და აი, ეს ლაშა თორდიაც გაოგნებულია იმიტომ, რომ ფული იხარჯებოდა სისულელეებში. მე რომ მოვედი უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსება წარმოადგენდა მილიონ ლარს, ამ დროს ბიუჯეტი არის 70 მილიონამდე და ეს ძალიან ცოტაა ამხელა ორგანიზმისთვის...
ამის შემდეგ კომენტარისთვის ვუკავშირდებით სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელს ელგუჯა ბერიშვილს, გვაინტერესებს, რომელი წლების შესწავლა ხდება და ვიგებთ, რომ 2012-1013 წლების.
ახლა კი დროა, რექტორს, ბატონ ლადო პაპავას დავუკავშირდეთ, საინტერესოა, თუ იცის რექტორმა სენატის არჩევნების დროს მომხდარი პერიპეტიების შესახებ:
- ჩემთვის ეს ამბები ცნობილი არ არის, ამას ვერ დავადასტურებ, ერთი შემიძლია, გითხრათ, იგივე ლევან ლორთქიფანიძის გამარჯვება, მან აიღო პირველი ადგილი თავის ფაკულტეტზე, ასევე სხვა სტუდენტების გამარჯვება, რომლებიც გამოირჩეოდნენ საკუთარი აზრების გამოთქმის სითამამით, ადასტურებს იმას, რომ არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არჩევნებზე ადმინისტრაციის მხრიდან არ ყოფილა. უნივერსიტეტში დღეს არის ასეთი გარემო, რომ ისეთ სტუდენტს, როგორიცაა ლევან ლორთქიფანიძე, შეუძლია, გაიმარჯვოს, რაც შეეხება „სტუდენტური თვითმმართველობის" ასოცირებას „ნაციონალურ მოძრაობასთან", ამაზე რამის თქმა გამიჭირდება, მე ასეთ კვალს ვერ ვხედავ. უნივერსიტეტში შემოსულია აუდიტი ჩვენი მოთხოვნით, კანცლერმა გაგზავნა ეს მოთხოვნა და სწავლობს სიტუაციას.
- იცით, რომ სენატი კანცლერის გადაყენების მოთხოვნით გამოვა?
- სენატს კანცლერის არჩევის წესი აქვს, გადაყენების წესი ნამდვილად არ ვიცი, აქვს თუ არა.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"