reportiori.ge - რას მოიგებს მოსახლეობა „ყაზტრანსგაზის“ დარუნებით და რა ეღირება გაზი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:45
პრეს-დაიჯესტი
რას მოიგებს მოსახლეობა „ყაზტრანსგაზის“ დარუნებით და რა ეღირება გაზი?
ავტორი:
14 ნოემბერი, 2014. 18:16


პრემიერ ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას შედგა შეთანხმება, რომ „ყაზტრანსგაზი" ისევ დაბრუნდება „თბილგაზის" მართვაში და თბილისს გაზით მოამარაგებს.


„ყაზმუნაი გაზის" თავმჯდომარის მოადგილის, დანიარ ბერლიბაევის განცხადებით, გაზით მომარაგება ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან ხდება, შემდგომ ეტაპზე კი შეიძლება ყაზახეთიდან და რუსეთიდანაც მოვახერხოთო.


რას მოიგებს მოსახლეობა „ყაზტრანსგაზის" დაბრუნებით? გაიზრდება თუ არა ბუნებრივი გაზის ფასი და ხომ არ არის მოსალოდნელი ურთიერთობების გართულება საქართველო-აზერბაიჯანს შორის, იმის გამო, რომ „სოკარი" დიდ შემოსავალს დაკარგავს?


„ალიას" ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერანაია ესაუბრება:


- ბატონო ემზარ, „ყაზტრანსგაზი" ბრუნდება, თბილისს გაზით ისევ ისინი მოამარაგებენ. კარგია ეს თუ ცუდი, ანუ ამით რამეს ვიგებთ?


- პირველ რიგში ვიგებთ იმას, რომ გაზის ბაზარზე მოთამაშე მონოპოლისტი „სოკარი" აღარ იქნება, იქნება კონკურენცია. ეს კონკურენცია კი პირველ რიგში მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც თბილისელებს ჰქონდათ უხარისხო გაზის სახით. ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ „სოკარს" ცუდი განზრახვები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ის არ არის მდიდარი გაზით, ოქტომბრიდან მარტამდე მოთხოვნილების რაოდენობას ვერ უძლებს, სულ რამდენიმე საბადო გააჩნია, ერთ მილში ყრიან გაზს და გვაწვდიან ჩვენ. შედეგად ვიღებთ იმას, რომ პროპანისა და მეთანის შემცველობა ზაფხულში არის კარგი, მოსახლეობას კალორიული გაზი მიეწოდება, რაშიც ფულს ვიხდით, იგივე რაოდენობის გაზს ვიღებთ, მაგრამ ზამთარში მეთანის შემადგენლობა მეტია და ბუნებრივია, ვიღებთ უხარისხო გაზს, ვიხმართ ორჯერ მეტს და მოსახლეობაც ორჯერ მეტს იხდის. ამიტომაა, რომ მრიცხველები სწრაფად ტრიალებს. კიდევ არის ერთი პრობლემა, იმის გამო, რომ გაზის რესურსები მას ბოლომდე არ ჰყოფნის, წნევა არის დაბალი და მრიცხველებიც ბევრს წერს. ეს ყველაფერი ჩვენი ჯიბიდან მიდიოდა.


- ახლა ეს პრობლემა არ გვექნება თუ „ყაზტრანსგაზი" შემოვიდა?"


- არა, რადგან შემოიტანს თავის გაზს, თუნდაც თურქმენეთიდან, რუსეთის მილსადენების გავლით და მოსახლეობა გადაიხდის ბევრად უფრო ნაკლებს. ინვესტიციის ჩადება გაგრძელდება და ეს რეალურია. როგორც გამოჩნდა, „თბილგაზში" ინვესტიცია არავის ჩაუდია, ჩვენ გვაქვს ძველი მრიცხველები, რომელმაც მოსახლეობა გაწყვიტა წელში. იმედია, ესენი გამოცვლიან ამ მრიცხველებს. მერე იქნება ხარისხიანი მომსახურება.


- თუ ასეთი კარგი იყო ეს კომპანია, რატომ გავაგდეთ ბაზრიდან? თან ვალდებულებებიც არ შეუსრულებია, 82 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაედო.

 

- მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრება იყო „ყაზტრანსგაზი", წინა ხელისუფლება სულ ცდილობდა, ჩარეულიყო მათ საქმიანობაში. თავისი ხალხი ჰყოლოდა იქ. „ყაზტრანსგაზმა" არ დაუთმო არც მაშინდელ მერიას, არც მთავრობას და როგორც კერძო ინვესტორს, ისე უნდოდა მუშაობა. არც ამათ დათმეს, არც იმან და მოხდა ის, რომ ოკუპირება გაუკეთა მერიამ მის ბიზნესს. დღემდე არავინ იცის, რის გაკეთება უნდოდა მერიას, რომ არ ჩაადენინეს ყაზახებმა და მოხდა განხეთქილება.


- კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ მომავალში ყაზახური ან რუსული გაზი შემოვა. ეს რამდენად შესაძლებელია? ყაზახეთს მილსადენი არ აქვს საქართველოსთან.

 

- პრობლემა არ არის, რადგან ის მილსადენი, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთისკენ მიდის, გაატარებს ნებისმიერ გაზს. გაზის გატარება სხვაა, მილსადენი - სხვა. უარს ვერ ეტყვიან, ხელშეკრულება აქვთ დადებული, რუსები და ყაზახები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ საკითხში.


- თავის დროზე რუსულ გაზზე რომ ვიყავით ჩამოკიდებული, პოლიტიკური  ვითარებიდან გამომდინარე, როცა უნდოდა, მაშინ გვითიშავდა რუსეთი ზამთარში გაზს, გვყინავდა. ახლა ეს საფრთხე აღარ იქნება?

 

- რაც შეეხება დივერსიფიკაციის პრობლემას, ეს პრობლემა გადაწყვეტილია. ერთი გაზი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, ირანზეც არის საუბარი, მეორე შემოდის რუსეთიდან. რუსეთი არ გააკეთებს იმას, რომ გაზი გადაგვიკეტოს, რადგან იცის, რომ ალტერნატივა გვაქვს და მეორეც, რუსეთისგან კი არის ყველაფერი მოსალოდნელი, მაგრამ რომ უნდოდეს ამის გაკეთება, დენი რუსეთიდან მოდის, არც ერთხელ არ გაუთიშავს ომის დროსაც კი. რუსეთისგან ასეთ უხეშ და უსუსურ ქმედებას არ ველოდები, რადგან ეს მას დააზარალებს პირველ რიგში. ახლა გვაქვს აზერბაიჯანის გაზი და როგორც კი შეაფერხებს რუსეთი მოწოდებას, მაშინვე განვაახლებთ აზერბაიჯანული გაზის გამოყენებას. რუსეთი თუ ამას ჩაჭრის, სომხეთი დარჩება გაზის გარეშე.


- ანუ მთავრობის ეს გადაწყვეტილება სწორი იყო?

 

- აბსოლუტურად, ეს არის სერიოზული მუშაობის შედეგი, არ იყო ადვილი იგივე ყაზახების შემობრუნება, სერიოზული ეჭვები ჰქონდათ და ახლა სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ამას მოსახლეობა იგრძნობს თავის თავზე სულ რამდენიმე თვეში.


- გაზის ფასი ხომ არ მოიმატებს?

 

- ფასებს, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ადგენს მარეგულირებელი კომისია, ის აკეთებს კალკულაციას ძველი ჩადებული ინვესტიციის. ასე რომ, ვერც ახალი ინვესტორი და მფლობელი ვერ შეცვლის ფასებს თვითნებურად. მე ვიმეორებ, პირიქით, გაუმჯობესდება ფასები, რადგან იმ 45 თეთრში უფრო ხარისხიან გაზს მივიღებთ, ვიდრე ახლა ვიღებთ. ამ ეტაპზე ფასები არ შეიცვლება. უზარმაზარი კორპორაციაა, ერთ ობიექტზე არ მუშაობს, სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს და ის დაინტერესებულია, გაზი შემოიტანოს და 80 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. საკმაოდ ნორმალური მოგება ექნებათ, თუ კარგი მენეჯმენტი ექნებათ და მომწოდებელთან დაარეგულირებენ ურთიერთობას.


- ეს კომპანია რეალურად „სოკარს" სოლიდურ შემოსავალს წაართმევს. ამის გამო რამე გართულება ხომ არ იქნება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის?

 

- პრეტენზია ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საქართველო სახელმწიფოა და მას თავისი ინტერესები აქვს. აზერბაიჯანს საკმაოდ აქვს ხელის შემწყობი გარემო საქართველოში, ისინი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და საქართველოს ვერაფერს ეტყვიან ინტერესების დაბალანსებისთვის. საბაზრო პირობებზეა ყველაფერი დამოკიდებული, საქართველოს აქვს იმის ძალა და უნარი, რომ მეზობლებთან დაარეგულიროს ურთიერთობა.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016