reportiori.ge - დათო გოგიშვილი: ზოგიერთისთვის საქართველო დიღომში მთავრდება და ქვეყანას შარდენიდან უყურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:51
პრეს-დაიჯესტი
დათო გოგიშვილი: ზოგიერთისთვის საქართველო დიღომში მთავრდება და ქვეყანას შარდენიდან უყურებს
ავტორი:
16 ნოემბერი, 2014. 10:46

 

 

იუმორისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური ბლოგერი დათო გოგიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს FACEBOOK-ის საკუთარი გვერდიდან ხშირად ეხმაურება და ამა თუ იმ თემაზე პოზიციას აფიქსირებს. ამჯერად კი თავის მოსაზრებებს "გზის" მკითხველს უზიარებს:


- 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები ზოგადად რომ შევაფასოთ, დადებითი პირველ რიგში იმითაა, რომ ქვეყანა სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს ასცდა. "ნაციონალური მოძრაობა", გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლებას რამდენიმე თვეს თუ შეინარჩუნებდა და უდიდესი საომარი მოქმედებების შედეგად დაემხობოდა. კარგია, ქვეყანა რომ ამას გადაურჩა. თუმცა, ვინაიდან "ქართული ოცნება" ფასეულობებისა და პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის თვალსაზრისით ჭრელი გაერთიანებაა, შიდაპარტიული დისციპლინის თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობა" ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, მაგრამ - დანაშაულებრივი. "ოცნებაში" სხვადასხვა ინტერესების მქონე გაერთიანებებია თავმოყრილი, შესაბამისად, მათი მმართველობის ეფექტი შედარებით ნაკლებია. ამას ის გარემოებაც ემატება, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საკუთარი მარცხი გააცნობიერა, მთელი პარტია, ყველანაირი რესურსითა და გავლენით, ძალოვან თუ სხვა სტრუქტურებში, ახალი ხელისუფლების საბოტაჟირებისა და პარალიზების რეჟიმზე გადაეწყო და მუშაობის ეს სტილი, სამწუხაროდ, "ნაციონალებს" დღემდე კარგად გამოსდით. ამ თვალსაზრისით, "ქართული ოცნება" სახელისუფლებო შტოებში სიტუაციას ეფექტიანად ვერ აკონტროლებს. ავიღოთ პროკურატურა ან უზენაესი სასამართლო, რომელიც წესით, დამოუკიდებელი უნდა იყოს. ასევე პოლიციაშიც, საბოტაჟის მექანიზმი აქამდეც წარმატებით მუშაობდა. არ დავასახელებ და, მენტალური თვალსაზრისით, "ნაციონალებს" "ქართულ ოცნებაში" არსებული კონკრეტული პოლიტიკური ძალებიც ენათესავებიან. იმან, რომ გაკეთებული საქმეები და მათი პიარი ამომრჩეველზე შედარებით ნაკლებად აისახა, გარკვეული ნიჰილიზმი გამოიწვია. თუმცა, "ქართული ოცნების" მმართველობის ეს ორი წელი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს - ბიზნესი ტერორისგან გათავისუფლდა, მედია კი ცალსახად თავისუფალია - "ნაციონალური მოძრაობა" ბედავს და აკეთებს იმდენს, რომ მათი მმართველობის დროს, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა უმკაცრესად დაისჯებოდა.

 

- პიარის პრობლემაზე მუდმივადაა საუბარი. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს "ქართული ოცნება", რომ "ნაციონალების" შავი პიარი გადაფაროს?


- ხელისუფლებამ ყველაზე დიდი შეცდომა იცით, როდის დაუშვა? სათავეში რომ მოდიოდა, საზოგადოებას სწორად ვერ აუხსნა, რისი გაკეთების რესურსი ჰქონდა და რისი - არა. შესაბამისად, ზოგიერთებს ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან დოლარებს გადმოყრიდა და ქართველი ხალხი ბედნიერი იქნებოდა. პირადად მე, ამის მოლოდინი არასდროს მქონია, როგორც რიგით ამომრჩეველს. თუმცა, ეს გასაგებიცაა, რადგან წინასაარჩევნო კამპანია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარეობდა და დაძაბული ვითარება იყო. ამაში ქართველი ამომრჩევლის პრობლემასაც ვხედავ: არჩევანის გაკეთება კონკრეტული პროგრამების მიხედვით უნდა ვისწავლოთ და არა იმის, თუ ვინ დაგვპირდება ფოჩიან კანფეტებს. ეს სასწავლი გვაქვს "გრუზინებს". პიარის ის მეთოდები, რაც სააკაშვილმა დაამკვიდრა, "მოლოტოვის კოქტეილს" მაგონებს - შიგნიდან ფეთქებადი და საშიშია, გარედან კი ბრჭყვიალა ფორმებში შეფუთული. სხვათა შორის, მისი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ეს პიარი ცხოვრებაში იმდენად დიდ სიყალბეში გადაეზარდა, რომ შედეგი თვალწინ დაუდგა. კარგია, რომ "ქართული ოცნება" არ აჭარბებს და ქარხნებს ბანერებზე არ ხსნის, მაგრამ მათ ადგილას, შევეცდებოდი, საზოგადოებისთვის სათქმელი უფრო ეფექტიანად და კონკრეტულად ამეხსნა. საერთოდ, პრობლემა მხოლოდ პიარში არ არის, სულ რომ იესო ქრისტე მოვიდეს სათავეში, თავის 12 მოციქულთან ერთად, სანამ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობას არ დავალაგებთ, არაფერი გვეშველება. ჩვენ მემკვიდრეობა გვერგო ასეთი და ამას ვერავინ შეცვლის.

 

- და როგორ დავალაგოთ ეს ურთიერთობა მოსკოვთან?


- რაც მეტი ხიდი გაიდება და მეტი შეხება გვექნება მოსკოველ ქართველებთან, მით უკეთესი. აბა, მხოლოდ ბოკერიამ იაროს ჟენევაში და კიდევ, სხვა უსაქმურმა პარაზიტებმა? აქედან გამომდინარე, ის რეალობა უნდა გავაცნობიეროთ, რის წინაშეც ვდგავართ. მეტი რესურსი გამოვნახოთ და უკეთ ავუხსნათ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო მის ჭიშკართან დადებული, გაუხსნელი, დიდი ბომბია და რაც მალე მოაგვარებს ამ პრობლემას, მისთვისაა უკეთესი. თუ ადამიანს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სურს და მიაჩნია, რომ მასთან მეგობრობა საქართველოსთვის ხსნაა, ის ერის მოღალატე არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა პრეზიდენტმა დაამკვიდრა. ფორმებზე კი შეიძლება ვიდაოთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ქართულ პოლიტიკაში ისეთი კასტა გამოიკვეთა, რომლისთვისაც საქართველო დიღომში მთავრდება, იმის იქით არაფერი აინტერესებთ და ქვეყანას შარდენიდან უყურებენ. ეს არის ამ ქვეყნის დიდი უბედურება.


- ახლა შეიძლება, თქვენც რუსეთუმე გიწოდონ...


- FACEBOOK-ზე არის ხალხი, ვინც მიწოდებს კიდეც და წერონ, პრობლემა არ არის. მე კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და ვაკეთებ, პროფესიით ისტორიკოსი ვარ და რუსეთის სახელმწიფოს ისტორია, რუსი ხალხის რაობა, ნაკლი და დადებითი, მშვენივრად მომეხსენება და ამას ნურავინ ამიხსნის, მაგრამ საქმე რაშია იცით? ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, თუ გინდა რუსეთი დაამარცხო, არ უნდა ეომოო. რუსეთთან დიალოგის მომხრე ვინცაა, იმას არ ნიშნავს, რომ მას რუსეთი უყვარს და არ იცის, რა დააშავა საქართველოს წინაშე. გარწმუნებთ, დადგება დრო, როცა რუსეთი აუცილებლად გააუქმებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების დოკუმენტს. ამაში კონკრეტული კანონზომიერებებითა და ისტორიული ფაქტებით ვარ დარწმუნებული, რუს მმართველებს ამაზე დიდი შეცდომა არ დაუშვიათ. ქვეყანა, რომელსაც 30-მდე ავტონომია აქვს და სეპარატიზმის პრობლემა თავად უდგას, წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაამუშავა ამერიკის დაზვერვამ, რომ ამ პროვოკაციაზე წამოაგო და დამოუკიდებლობა აღიარებინა. ლავროვმაც აღნიშნა - სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, გვაიძულესო. რუსეთის მიმართ სენტიმენტები არ მინდა გავაჩინო. 2008 წელს მათ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს წინაშე და ამისთვის პასუხსაც აგებენ, მაგრამ აქამდე სამი პრეზიდენტის მმართველობამ მიგვიყვანა და წარუმატებლობის მიზეზებს სანამ საკუთარ თავში არ მოვძებნით ქართველები, მანამდე ყოველთვისაა თეორიული შანსი, რომ მომავალშიც იმავე შეცდომებს დავუშვებთ.

 

 

 

 

წყარო: ჟურნალი „გზა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016