როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ბავშვების გონებრივ განვითარებას? მეცნიერების აზრით, ამაში დაგეხმარებათ:
1. მუსიკის გაკვეთილები - კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის გაკვეთილები ბავშვებს უფრო გონიერს ხდის: "საცდელ ჯგუფში მყოფ ბავშვებს შორის, მუსიკალურ ჯგუფებში მყოფმა ბავშვებმა IQ-ს მაჩვენებლის უფრო დიდი წინსვლა აჩვენეს." კვლევების მიხედვით, მუსიკალური განათლება როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსაც ეხმარება სასწავლო პროცესის დროს, უკეთ ათვისებაში.
2. ვარჯიში - კარგ ფორმაში ყოფნა ზრდის შესწავლის უნარს. ვარჯიშის შემდეგ, ადამიანები 20%-ით სწრაფად ითვისებენ უცხო სიტყვებს, ვიდრე ვარჯიშამდე. სამთვიანი სავარჯიშო რეჟიმი 30%-ით ზრდის სისხლის მიწოდებას ტვინის იმ ნაწილებისთვის, რომლებიც მეხსიერებასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი.
3. ნუ წაუკითხავთ, იკითხეთ მათთან ერთად! - გყავთ პატარა ბავშვი, რომელიც კითხვას სწავლობს? ნუ მიცემთ საშუალებას, მხოლოდ სურათები ათვალიერონ, როცა თქვენ უკითხავთ. გაამახვილეთ ყურადღება სიტყვებზე, იკითხეთ მათთან ერთად. კვლევების მიხედვით, ეს მათი კითხვის უნარს ავითარებს.
4. ძილის დაკლების თავიდან აცილება - 1 საათი ძილის დაკლება მე-6 კლასელი ბავშვის ტვინს ფაქტობრივად, მე-4 კლასელის ტვინად აქცევს. სწავლის შეფასებებსა და ძილის საშუალო რაოდენობას შორის კორელაციური დამოკიდებულებაა. "1 საათის ძილის ხშირი დაკლება, ორწლიანი კოგნიტური მომწიფებისა და განვითარების დაკარგვის ტოლფასია," - ამბობენ მეცნიერები.
5. თვითდისციპლინის გარეშე IQ-ს მაჩვენებელს სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა - იმის წინასწარ განსაზღვრაში, თუ ვინ იქნება წარმატებული, თვითდისციპლინა უფრო ღირებულია, ვიდრე IQ. ათობით კვლევამ აჩვენა, რომ ნებისყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია წარმატების მისაღწევად... მოსწავლეები, რომელთაც ნებისყოფის მაღალი დონე აქვთ, უფრო დიდი ალბათობით იღებენ მაღალ შეფასებებს.
დისციპლინას უფრო დიდი ეფექტი აქვს აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
6. სწავლა აქტიური პროცესია - ჩვენი ტვინი ვითარდება საქმის კეთებით და არა - მხოლოდ მოსმენით მის შესახებ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის უკეთესი კონკრეტული რამის შესწავლის დროს, დროის 2/3 მის პრაქტიკაში განხორციელებას და საკუთარი თავის გამოცდას დაუთმოთ. მაგალითად, თუ ერთი აბზაცის დამახსოვრება გინდათ, უკეთესია, დროის 30% მის კითხვას, ხოლო 70% კი უკვე ზეპირად წარმოთქმას დაუთმოთ.
7. ტკბილეული კარგი საშუალებაა, თუ მას სწორ დროს გამოიყენებთ - ყველამ იცის, რომ აუცილებელია საუზმის მირთმევა მნიშვნელოვანი გამოცდის დღეს.
ზოგადად, კარგი იქნება, თუ ბავშვები ყოველთვის ჯანსაღი საკვებით იკვებებიან. თუმცა, ეს რთულია, რადგან მათ ძალიან უყვართ ნაკლებად სასარგებლო პროდუქტებიც.
კვლევებმა კი აჩვენა, რომ კოფეინი და შაქარი სარგებლის მომტანიც შეიძლება იყოს ტვინის აქტიურობისათვის. კოფეინისა და გლუკოზის კომბინაციას შეუძლია გაზარდოს ტვინის მუშაობის ეფექტურობა. ისინი კი ნამდვილად უყვარს ბავშვების უმეტესობას.
ასე რომ, თუ მათ მაინც უნდა მიირთვან ტკბილეულობა ან გაზიანი სასმელები, უმჯობესია, ეს სწავლის პროცესში გააკეთონ და არა დასვენების დროს.
8. ბედნიერი ბავშვი = წარმატებული ბავშვი - ბედნიერი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებულნი და თვითრეალიზებულნი. საშუალოდ, ბედნიერი ხალხი უფრო წარმატებულია როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში, ვიდრე უბედურნი. და რა არის საჭირო ბავშვების გასაბედნიერებლად? პირველ რიგში, ბედნიერი მშობლები!
9. კარგი სამეგობრო წრე - მშობლების გენეტიკა დიდად ზემოქმედებს ბავშვებზე, მაგრამ მათი აღზრდა უმნიშვნელოვანესია.
კარგ სამეზობლოში ცხოვრებას, კარგ სკოლაში სიარულსა და საზრიან და მეგობრულ ბავშვებთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე მარტივი გზა GPA-ს ასამაღლებლად კოლეჯის სტუდენტისთვის არის ჭკვიან ოთახის მეზობელთან ერთად ცხოვრება - ეს ფაქტი კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა.
10. გჯეროდეთ მათი - იმის დაჯერება, რომ თქვენი ბავშვი საშუალოზე ჭკვიანია, მნიშვნელოვანია. როდესაც მასწავლებელს უთხრეს, რომ გარკვეული ბავშვები უფრო გონიერნი იყვნენ სხვებთან შედარებით, ამ ბავშვებმა მართლაც კარგი შედეგები აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად შემთხვევით იყვნენ შერჩეულნი. ამ ბავშვების 30%-მა საშუალოდ 22 ქულით აიმაღლა IQ, ხოლო თითქმის ყველამ შეძლო მისი მინიმუმ 10 ქულით ამაღლება.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ნიჭიერება არ განსაზღვრავს ყველაფერს. ზნეობისა და გულისხმიერების გარეშე, ძალიან ჭკვიანი ადამიანებიც შეიძლება საზარელნი გახდნენ.
წყარო: www.time.com