როგორც კი ჩვილს 7-8 თვე შეუსრულდება, პედიატრები გვირჩევენ, მის რაციონში ხორციანი კერძები შევიტანოთ. გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა.
- რატომ უნდა ჩავრთოთ ბავშვის რაციონში ხორცი?
- ხორცი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მზარდი ორგანიზმისთვის მისი აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ხორცი მდიდარია ცილით, რომელიც უჯრედებისა და ქსოვილების საშენი მასალაა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს:
B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, ფოსფორს, რკინის ადვილად ასათვისებელ ფორმას. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კარგი მხედველობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ყველა აუცილებელ ნივთიერებას დედის რძესთან ერთად იღებს, მაგრამ რაც უფრო იზრდება, მის ორგანიზმს მით მეტი მინერალი და მიკროელემენტი სჭირდება, რომლებსაც დედის რძე ვეღარ აწვდის. ხორცი დამატებითი კვების უკანასკნელი ეტაპია, ამიტომ დედა თავად გადაწყვეტს ან პედიატრს მოეთათბირება, როდის ჩართოს ის ბავშვის რაციონში. წესისამებრ, ხორცი მენიუს ემატება ბოსტნეულის, ფაფების, რძის ნაწარმის შემდეგ. ისევე როგორც ყველა ახალ პროდუქტს, ხორცსაც თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ პატარა. სასურველია, მისი მიცემა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად, სასურველია, გავასინჯოთ ქათმის, ინდაურის ან კურდღლის ხორცი. შეიძლება ხბოსიც. ჯერ ბლენდერში დაქუცმაცებული ხორცის მცირე ულუფა მივცეთ. თუ ორგანიზმმა კარგად მიიღო, შეგვიძლია, თამამად ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში. თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, ხორცის მიცემა შეიძლება დავიწყოთ 7 თვიდან. ბავშვი იოლად რომ შეეგუოს, თავდაპირველად ხორცი უმჯობესია შევურიოთ ბოსტნეულის პიურეს, მერე კი ხორცის კერძი ცალკე მოვუმზადოთ.
- რამდენი ხორცი უნდა მიიღოს ბავშვმა თითო ჯერზე?
- ეს ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული: 8 თვის ასაკში - დღეში 20-30 გრამი; 9 თვის საკში - 30-40 გრამი; 10 თვის ასაკში - არა უმეტეს 50 გრამისა; 11 თვის ასაკში - არა უმეტეს 60 გრამისა; 12 თვის ასაკში - 70 გრამი;
ერთი წლისთვის ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა სტაბილიზდება და შეუძლია გადაამუშაოს უფრო მძიმე პროდუქტებიც, მათ შორის - თევზი. ხორცი და თევზი მონაცვლეობით უნდა შევთავაზოთ;
2 წლამდე ნაკლებსასურველია ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა, ხოლო სოსისი და ძეხვი უმჯობესია მოგვიანებით ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.
- თუ დედა ვეგეტარიანელია და სურს, ბავშვიც ასევე აღზარდოს, რა გაუწევს ბავშვის ორგანიზმს ხორცის მაგივრობას?
- როცა დადგება დამატებითი საკვების მიცემის დრო, ვეგეტარიანელმა დედამ აუცილებლად უნდა მიმართოს პედიატრს, რათა მან სწორად შეურჩიოს დღიური რაციონი, რომელიც გამდიდრებული იქნება მზარდი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. გირჩევთ, ბავშვს მისცეთ მხოლოდ ახალმომზადებული ხორცის კერძები და არა მაცივარში შენახული. გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ინდაურის პიურე
საჭიროა: 100-200 გ ინდაურის თეთრი ხორცი; 1 სტაფილო; 1 კარტოფილი; 100 გ ბროკოლი.
ინდაურის ხორცი მოხარშეთ. ხარშვისას წყალი სამჯერ გამოუცვალეთ. ხორცი გააგრილეთ და მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად დააქუცმაცეთ ბლენდერში. სურვილისამებრ, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი. ბოსტნეული შეგიძლიათ მოხარშოთ კამასა და ოხრახუშთან ერთად.
ქათმის ფილე ორთქლზე
საჭიროა: 100 გ ქათმის თეთრი ხორცი; 1 კვერცხი; 15 მლ რძე; 10 გ ფქვილი ან თეთრი პური; ნაღების კარაქი.
კარგად მოხარშული ქათმის ხორცი დააბლენდერეთ რძეში დამბალ პურსა და კვერცხის გულთან ერთად. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. შეურიეთ ხორციან მასას. გადაიღეთ კარაქწასმულ ფორმაში და აცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში, დაბალ ტემპერატურაზე. ერთი წლიდან უკვე შეიძლება, ბავშვს ორთქლზე მოუმზადოთ ხორცის ან თევზის გუფთა, კატლეტი, ოღონდ ხორცსა და თევზს ერთდროულად ნუ მისცემთ.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge)