reportiori.ge - რატომ ჩამოვიდა რეალურად სოროსი საქართველოში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:56
პრეს-დაიჯესტი
რატომ ჩამოვიდა რეალურად სოროსი საქართველოში?
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 16:38


დროში უცნაურად დაემთხვა, 15 ნოემბერს რევოლუციების მამის ჯორჯ სოროსის ვიზიტი საქართველოში, რომლის ჩამოსვლის ოფიციალური მიზეზი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" 20 წლის იუბილე იყო. ჯორჯ სოროსი სწორედ მაშინ ჩნდება ქვეყანაში, როცა მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშეა ქვეყანა. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ნაკლებად ერთგული იყო „ღია საზოგადოების" ღირებულებისა: „აღტაცებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რაც შემეძლო, რომ წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი. რამდენიმე მილიონი დოლარი გავიღე რესურსების შექმნის ფონდისთვის, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით შეიქმნა და სააკაშვილის კაბინეტის წევრებს ყოველთვიურად 1000 დოლარის ოდენობის სახელფასო დანამატს უხდიდა, ხოლო პოლიციის პერსონალს - თვეში ასობით დოლარს. ეს რეალური ანტიკორუფციული ნაბიჯი იყო, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი მისი პოპულარობის ზრდას, თუმცა მდგომარეობა გაუარესდა, როცა სააკაშვილის მთავრობამ კორუფციის ბრალდებით ბევრი ცნობილი ბიზნესმენი დააპატიმრა და განთავისუფლების სანაცვლოდ დიდი თანხები გამოსძალა მათ. ეს ფული არაფორმალურ ფონდში ირიცხებოდა, რომელიც რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმისგან საქართველოს დასაცავად იარაღის შეძენისთვის იყო განკუთვნილი. რადგანაც ფონდი არაფორმალური გახლდათ, შემდგომში კორუფციის წყაროდ იქცა. საქართველოში მოქმედი ჩემი ფონდი ამ უკანონობის წინააღმდეგ გამოვიდა და რადგანაც ქვეყანაში საპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობდა, ახალი მთავრობის ყველაზე აქტიური კრიტიკოსი გახდა. თავდაპირველად  მზად ვიყავი, მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასე თუ ისე, შევგუებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ რევოლუციურ სიტუაციებში ჩვეულებრივი წესები გამოუსადეგარია, მაგრამ უფრო კრიტიკული გავხდი, როდესაც ეს ქმედებები არ შეწყვიტეს. ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი გაცილებით ნაკლებად ერთგული იყო „ღია საზოგადოების" ღირებულებისა, ვიდრე ოპოზიციაში ყოფნის დროს". მკითხველს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება, რომ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის" ხერხემალი სწორედ სოროსი იყო. 


ფსიქოლოგი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, მიმდინარე კვირის შეფასებას 15 ნოემბრით დაიწყებს: 


- 15-მა ნოემბერმა „ნაცმოძრაობას" მიაყენა იმედგაცრუების ტრავმა, ვინაიდან „ნაციონალებმა" ხალხი რაიონებიდან ჩამოიყვანეს. ეს აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაკეთდა და იქ მისული ხალხი იყო ძალიან ცოტა. როცა ივანიშვილმა თავისი მიტინგი გააკეთა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში, მხოლოდ თბილისი იყო თავმოყრილი, ხალხის რაოდენობა კი - შეუდარებლად დიდი, ფაქტობრივად, მთლიანად რუსთაველი იყო გადაჭედილი ივანიშვილის აქციაზე. მართალია, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და შესაძლოა, დღეს ივანიშვილის მოწოდებაზე ნაკლები ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ, თუკი მიტინგების შეჯიბრით ვილაპარაკებთ და „ნაციონალების" ეს მიტინგიც ხომ გარკვეული გამოწვევა იყო, როგორც ყველა მიტინგი არის ხოლმე. მიტინგს აქვს ის დანიშნულება, ოპოზიციურმა პარტიამ შეაფასოს, აბა, რამდენი ადამიანი მივა. „ნაციონალებმა" ვერ შეძლეს, დაეჭირათ ის ნიშა, რაც დაგვიანონსეს - „არა ანექსიას" და მათ ეს მიტინგი საკუთარ პარტიულ მიტინგად გადააქციეს. საყურადღებო ისიც იყო, რომ მომიტინგეთა ნაწილმა არ იცოდა, რისთვის იყვნენ იქ მისულები და რას აპროტესტებდნენ. 

 

- 2008 წლის აგვისტოს ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, როცა პარტიზანული ომები წამოიწყო და უკვე აშკარა გახდა, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, სააკაშვილმა მაშინ რატომ არ გამართა აქცია სახელწოდებით: არა ომს, არა ანექსიას"? 


- იმიტომ, რომ ასეთი ტიპის აქციები მაშინ რომ გაემართა, ეს იქნებოდა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, ამ ტიპის თავყრილობების მოწყობა არ უყვარდა სააკაშვილს, მაგალითად, ირანში ყოველ მეორე დღეს ეწყობა ამერიკის საწინააღმდეგო აქციები. სააკაშვილს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთის წინააღმდეგ აქცია არ მოუწყვია, იმიტომ, რომ ეშინოდა. გაიხსენეთ, რომ მან პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციები არ მოეწყო ხალხს მისთვის. 


- რისი სტარტი შეიძლება გახდეს 15 ნოემბერი? 


- ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" პირველი მიტინგი, შეგახსენებთ, მათ მოეწყვეს მანამდე რებრენდინგის მიტინგი, ახალ პარტიად ვიწყებთ ჩამოყალიბებასო, თუმცა არაფერი არ დაიწყო. ახლა ნაკლებად ამბიციური იყო მათი მხრიდან მიტინგი, სიახლეზე მათ ამბიციები არ ჰქონდათ, პარტიისთვის ეს მიტინგი სიკეთის მომტანი ვერ ექნება. მეეჭვება, რომ მათ მიტინგის მეორე ცდაზე რაიმე სტარტის აღების მოლოდინი გაუჩნდეთ. 


- ახლა შევიხედოთ პარლამენტის კულუარებში, ირაკლი ალასანიას პარტიის ადგილს იკავებენ ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატები, იყო მოლოდინი, რომ, თუკი ნაციონალების" აქციაზე ვითარება დაიძაბებოდა, მათ შეუერთდებოდათ თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, რაც არ მოხდა. ნაადრევად ოპოზიციაში გადასული ალასანია რას მოიგებს? 


- ეს არის ქართული რეალობა, იმდენი იკოჰაბიტირეს, რომ ნაყოფიც მიიღეს, უმრავლესობა გახდა უფრო დიდი უმრავლესობა, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ ე.წ. რეფორმატორების გუნდი იმაზე ადრე არ გადავიდა ოპოზიციაში, ვიდრე „რუსთავი 2"-ის საშუალებით არ შექმნეს ძალიან დიდი მუხტი საზოგადოებაში. ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში მათ სიტყვას ნაკლები ფასი ექნებოდა, რადგან სახელისუფლებო პარტია ყოველთვის ძლიერია, მით უფრო, საქართველოში. აი, ეს არ გაითვალისწინა ირაკლი ალასანიამ. ვფიქრობ, ირაკლი ალასანიამ იჩქარა. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო საიმისოდ, რომ ალასანიას, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალას, ჰქონოდა საყრდენი. ახლა კი მას თავისი ადგილის შექმნა მოუწევს. 


- თუმცა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ბიოგრაფია არ გამოირჩევა იმით, რომ ის ოდესმე იყო დამოუკიდებელი და ძლიერი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, შეძლებს დამოუკიდებლად თქვას თავისი სიტყვა? 


- თქვენს კითხვას მეც კითხვით გავაგრძელებდი, ისევ გავიხსენებ ე.წ. რეფორმატორების - ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის გუნდს, შეგახსენებთ, რომ მათ მხარი დაუჭირეს „რუსთავი 2"-ს, როცა მაკონტროლებელი ორგანოები ტელეკომპანიაში არ შეუშვეს, რის გამოც ჟვანია გადადგა დაკავებული პოსტიდან და მან შეიწირა შს მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე, რითაც ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სახელისუფლებო ბერკეტები მაქსიმალურად გამოიყენა, რომ შექმნილიყო მათთვის პოლიტიკური საყრდენი. ამ საკითხზე, როგორც ჩანს, ალასანიას არ უფიქრია და ამიტომ ვთვლი, რომ მისი გადადგმული ნაბიჯი იყო ნაადრევი. 


- გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ირაკლი ალასანიას გუნდი შეკრავს კოალიციას რესპუბლიკურ პარტიასთან" და საერთოდ, არის თუ არა ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, როცა ქართული ოცნების" კოალიციის სუბიექტი რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციაში გადასულ ირაკლი ალასანიას გუნდს თანამოაზრეს უწოდებს? 

 

- მე ვერ ვიტყვი, რომ კოალიცია იშლება, მეტიც, პარტია „ქართული ოცნება" ძლიერდება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რა პოსტებიც ეკავათ „თავისუფალ დემოკრატებს", ამ თანამდებობაზე პარტია „ქართული ოცნება" ნიშნავს მინისტრებს, „რესპუბლიკელებს" კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთი მინისტრის პორტფელი აქვთ, როცა „რესპუბლიკური პარტია" აცხადებს, რომ ალასანიას გუნდის თანამოაზრეა, საქმე ის არის, რომ „თავისუფალი დემოკრატებიც" ვერ აცხადებენ თავს რადიკალურ ოპოზიციად. ასე რომ, „თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია „ქართულ ოცნებას" საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დაუპირისპირდა, ისიც ორი დღით, ორი დღის შემდეგ კი თქვეს, იმ ფორმულირებაში სხვა აზრი იყო ჩადებულიო. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ „თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში შემთხვევით აღმოჩნდნენ, რადგან პროკურატურა შევიდა თავდაცვის უწყებაში, ამიტომ გადავიდნენ ოპოზიციაში. 


- 15 ნოემბერს საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა მსოფლიოს რევოლუციების მამა ჯორჯ სოროსი, ფიქრობთ თუ არა, რომ მისი ჩამოსვლის დაანონსებული მიზეზის მიღმა კიდევ სხვა მიზეზები არსებობს? 

 

- რა ხართ ეს ჟურნალისტები, ინტრიგანები... მაგ თვალით არ შემიხედავს. თუმცა ობიექტურად დასმული კითხვაა. ჯერ კიდევ მაიდანი რომ პიკში იყო და სააკაშვილი იქ ჩავიდა, სააკაშვილმა სწორედ იქიდან დაიძახა, რომ თბილისშიც იქნება მაიდანიო. შიგადაშიგ ფრაგმენტულად თბილისური მაიდანის თემა ტრიალებდა, გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომ უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენებში გროვდება ფული თბილისური მაიდანის მოსაწყობად. არ გამოვრიცხავ ამ ხაზს, მარტო სააკაშვილი მაიდანს ვერ მოაწყობს, მას ზურგს უმაგრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული ძალა. თქვენი კითხვა სოროსთან დაკავშირებით და მისი საქართველოში ჩამოსვლა აჩენს ვერსიას, რომ, თუ იყო „ვარდების რევოლუცია", „ნარინჯისფერი რევოლუცია" და „კიევის მაიდანი", ამ ჩამონათვალს რატომ არ შეიძლება დაემატოს იმავე ტექნოლოგიით გაკეთებული „თბილისური მაიდანი". ჯორჯ სოროსს ძალიან გამოცდილი თვალი აქვს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მან შემოიარა ხელისუფლება, შეხვდა ღარიბაშვილს, პრეზიდენტს, აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ თავისთავად ეს შემოვლა საინტერესო ფაქტია. შეიძლება ითქვას, რომ მან შეამოწმა ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობა, რაც თავის დროზე ჯორჯ სოროსმა შევარდნაძის მმართველობის დროს გააკეთა. მაშინაც ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა შევარდნაძესთან, ჯერ მისი მეგობარი იყო, შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა, მერე რაც მოხდა, საზოგადოებამ 2003 წელს თავისი თვალით ნახა. ასე რომ, შეიძლება მის ვიზიტს ერთგვარი რევიზია ვუწოდოთ. 


ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016