reportiori.ge - „სააკაშვილო, პირი გამოირეცხე, როცა დეფისა და ზუმბას საქართველოს რეზო ამაშუკელისა და რობერტ სტურუას საქართველოს უპირისპირებ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„სააკაშვილო, პირი გამოირეცხე, როცა დეფისა და ზუმბას საქართველოს რეზო ამაშუკელისა და რობერტ სტურუას საქართველოს უპირისპირებ!“
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 16:47


15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ნაციონალების აქციას ორი მხარე ჰქონდა - კარგი და ცუდი.


ძვირფასო მკითხველო, ალბათ, გაიკვირვებთ, რა იყო კარგი ნაციონალების აქციაშიო?..


კარგი იყო ის, რომ 15 ნოემბერს ნაციონალებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს - ის 10-12 ათასი კაცია მათი „მრევლი", რომლის შეკოწიწებაც მთელი საქართველოს მასშტაბით ძლივს მოახერხეს.


დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებს 15 ნოემბრის აქცია თვენახევრით ადრე ჰქონდათ დაანონსებული და „რუსთავი-2"-ის საშუალებით ყოველდღიურად აპიარებდნენ დაგეგმილ მიტინგს;


მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ყურს უხედნიდნენ, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ანექსიას გულხელდაკრეფილი შესცქერის და ეს უნდა გავაპროტესტოთო;


მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფული დახარჯეს და რეგიონებში გაჭირვებულ ხალხს წინდაწინ დაურიგეს 15-15 ლარი თბილისში აქციაზე ჩამოსვლის სანაცვლოდ, მხოლოდ 10-12 ათასი მხარდამჭერის მობილიზება შეძლეს!


ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურად სრულად გაკოტრებულია!


ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ „მთავარ ოპოზიციურ ძალას" აღარ შესწევს ძალა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს!


ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის ის 40 პროცენტი, რომელიც სააკაშვილის პარტიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დაიწერა, გაყალბებული იყო!


ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება!


დიახ, 15 ნოემბრის აქციით ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა და ეს იყო ამ აქციის კარგი მხარე!


ახლა, რაც შეეხება ცუდ მხარეს!..


ძვირფასო მკითხველო, რომელი თქვენგანი იფიქრებდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მოაწყობდა და თუნდაც თბილისის პარლამენტის შენობის წინ მდებარე პატარა მოედანს ხალხით გაავსებდა?


რომელიმე თქვენგანი იფიქრებდა, რომ საქართველოს ყველა უბედურების სათავე - მიხეილ სააკაშვილი - 1 ოქტომბრის შემდეგ უცხოური ტელევიზიების ეთერებში გამოიჯგიმებოდა და ციხეში თანამოსაკნეებთან ბაასის ნაცვლად, რუსთაველის გამზირზე სამიტინგოდ შეკრებილ ხალხს ხაფი ხმითა და მკერდზე მჯიღის ცემით მიმართავდა?


როგორც იცით, სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას უკრაინიდან დიდი მონიტორის საშუალებით ჩაერთო, მაგრამ „რუსთავი-2" სატელევიზიო ხრიკის გამოყენებით, კადრებს ხშირ-ხშირად იმგვარი რაკურსით აჩვენებდა, თითქოს სააკაშვილი პარლამენტის წინ ტრიბუნაზე იდგა და იქიდან ელაპარაკებოდა თავის მხარდამჭერებს.


დიახ, თითქოს სააკაშვილი იდგა იქ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია!


თითქოს სააკაშვილი იდგა იქ, სადაც 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სისხლში ჩაახშო!


თითქოს სააკაშვილი იდგა იქ, საიდანაც რამდენიმე მეტრში მისი მანქურთების მიერ ცემით მოკლული ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები მაღაზიის სახურავზე იყო შემოდებული!


იდგა და უნამუსოდ ცდილობდა ქართველი ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს!


ძვირფასო მკითხველო, თქვენ წარმოიდგენდით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და ქართველი ერის გაუბედურების სხვა შემოქმედნი რუსთაველის გამზირზე, მიტინგიდან დაგიქნევდნენ თითს?


თუ პირიქით - იმას ელოდით, რომ მათ ყველა ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი მოეთხოვებოდათ და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდნენ?


თუ პირიქით - ის გეგონათ, რომ ბარამიძეს მოეკითხებოდა სვანეთში ჩადენილი სისატიკე?


თუ პირიქით - ის გეგონათ, რომ ბოკერიას მოეკითხებოდა ბიუჯეტის ფულების ქაფვა და ადამიანების წამებაში მონაწილეობა?


აბა, გაიხსენეთ, სწორედ ამის გამო ხომ არ მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას"?


სწორედ ამ დავალებით ხომ არ მოიყვანეთ ქვეყნის სათავეში დღევანდელი ხელისუფლება?


დღეს კი რა ხდება, ძვირფასო მკითხველო! პატივცემულო თანამემამულენო!


ვინ აწყობს საპროტესტო აქციებს და ვინ ავსებს პარლამენტის წინ მდებარე მოედანს?


ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ოფიციალურად, კანონის დონეზე უნდა შერაცხილიყო დანაშაულებრივ პარტიად და უნდა აკრძალულიყო ციხეებში, პოლიციის შენობებსა და სპეციალურ სამალავებში ქართველი მამაკაცების წამებისა და გაუპატიურების გამო, ქუჩის მკვლელობების გამო, მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევის გამო, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვის გამო, ბიზნესის, მედიისა და სასამართლოს დატერორების გამო, ადამიანთა პირადი საკუთრებისა და ღირსების ხელყოფის გამო!..


დიახ, სააკაშვილის პარტია, რომელიც უნდა აკრძალულიყო, როგორც ჰიტლერის პარტია აიკრძალა, დღეს მიტინგებს აწყობს და პარლამენტის წინ მდებარე მოედანს ავსებს!


დიახ, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის ფაშისტური პარტიისათვის ქართული „ნიურნბერგის პროცესი" მოგვეწყო, ისინი აქეთ გვიწყობენ საპროტესტო მიტინგებს!


პირაპირ ვთქვათ, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების პასიურობის ბრალია!


ეს იმის ბრალია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა ქართველი ხალხის მსახურებას დანაშაულებრივ ნაცმოძრაობასთან კურკური და სიამტკბილობა არჩია!


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ეჭვმიუტანელი ბიოგრაფიის პატრონი და ნათელი გონების ახალგაზრდა კაცია, ნაციონალების 15 ნოემბრის აქციიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს!


დიახ, ბატონო ირაკლი, ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ნაციონალებმა 15 ნოემბრის აქციაზე ბევრი ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს!


დიახ, ბატონო ირაკლი, ნუ დაუგდებთ ყურს მოპირფერე ხალხს, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებიდან თქვენთვის ინფორმაციის მომწოდებელ ჩინოვნიკებს, რომლებიც ყოველთვის გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის!


იქნებ არ არის ყველაფერი კარგად!


იქნებ „დანიის სამეფოში რაღაც დალპა"!


ნაციონალების 15 ნოემბრის აქცია პატარა გუნდა იყო, რომელიც, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ზვავად გადაიქცეს, თუკი ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება ქართველი ხალხის მოთხოვნათა შესაბამისად არ იმოქმედებს!


ბატონო პრემიერო, ქართველი ხალხი თქვენ გენდობათ და სჯერა თქვენი!


ბატონო ირაკლი, არ დაუშვათ, რომ 15 ნოემბერს ნაციონალების მიერ შეკრულმა პატარა გუნდამ იგოროს, იგოროს და ზვავად გადაიქცეს!


და ბოლოს, 15 ნოემბრის აქციაზე კიევიდან მონიტორით ჩართულმა სააკაშვილმა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ღრმა ფსიქიკური აშლილობის კვალი და ბოდვითი შიზოფრენიის ნიშნები, ასეთი რამ თქვა:


„ერთ საქართველოში შენდება თავდაცვა, მეორეში - ინგრევა თავდაცვა, ერთში გმირად ითვლება გიორგი ანწუხელიძე, მეორეში - რობერტ სტურუა და რეზო ამაშუკელი!"


ძვირფასო მკითხველო, გიორგი ანწუხელიძე ის ქართველი ჯარისკაცია, რომელიც გმირულად დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომში, იმ ომში, საიდანაც მისი მთავარსარდალი სააკაშვილი სამარცხვინოდ კუდამოძუებული გამოიქცა და შეშინებული ხან მიწაზე ფორთხავდა, ხანაც საკუთარ ჰალსტუხს ჭამდა!


რობერტ სტურუა დიდი ქართველი რეჟისორია!


რეზო ამაშუკელი დიდი ქართველი პოეტია!


დიდმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა დიდი რეჟისორის რობერტ სტურუას მმართველობის ქვეშ მყოფი რუსთაველის თეატის დიდი დარბაზი, ამა წლის 6 ნოემბერს, ერთი დაძახილით, ისე, რომ არც პიარი ჰქონია და არც ფული, გულანთებული მამულიშვილებით გაავსო - საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს" გაფართოებული ეროვნული შეკრება ჩაატარა!


დიდმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა და დიდმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ დიდი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში!


ამიტომაც ისინი სააკაშვილს ჭირის დღესავით ეჯავრება!


სამაგიეროდ, უყვარს დეფი და ზუმბა, რომლებიც 15 ნოემბრის აქციაზე იმყოფებოდნენ!


ძვირფასო მკითხველო, პირადად მე, საერთოდ არ ვარ მომხრე, რომ ქვეყანა და საზოგადოება იმისტებად და ამისტებად, ისეთებად და ასეთებად დაიყოს. მაგრამ რადგან ეს დაყოფა თავად სააკაშვილმა მოახდინა და არჩევანის წინაშე დაგვაყენა, მაშინ ავირჩიოთ:


ან დეფისა და ზუმბას საქართველო! ან რობერტ სტურუასა და რეზო ამაშუკელის საქართველო!


მე მეორეს ვირჩევ!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016