ისეთ მიტინგებზე ვყოფილვარ 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, რუსთაველი მართლა გადაჭედილი ყოფილა და თანაც მრავალჯერ. ხალხს სული ეხუთებოდა იმ სიმჭიდროვეში, თაგვი კუდს მართლა ვერ მოიქნევდა. ახლა ნილოსის ალიგატორიც გაშლიდა კუდს, ისეთი ხალვათობა იყო. ადრე, ყველა აქციის დროს, რამდენჯერმე მიწევდა ერთი თავიდან მეორე ბოლოში გასვლა-გამოსვლა და ხშირად, 15-20 წუთი დამჭირვებია რუსთაველის გასავლელად, იმდენი ხალხი, ისეთი სიმჭიდროვე იყო. გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. პარლამენტის შენობის მე-15 კოლონასთან ბოლო ჯგუფი იდგა და იქიდან დავიწყე სვლა და ტაატით, ხალხის მასის გავლით, მეორე ბოლომდე გასვლა გადავწყვიტე. დრო დავინიშნე და ზუსტად 3 წუთი და 40 წამი დამჭირდა 1-ლი სკოლის მარცხენა ფლიგელთან, აქციის ბოლოში მისასვლელად. ეს ხალხი რომ შემჭიდროებულიყო და რუსთაველზე ისე დამდგარიყო, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიასაც ვერ გაავსებდა, ამას, ვისაც უნდა, იმას დავუმტკიცებ. ამიტომ, მტკიცედ ვამბობ,რომ 15 000 კაცზე მეტი არ ყოფილა აქციაზე. მთავრობის სახლის წინ, ერთ ასაკოვან კაცს მაინც შეუწუხდა გული, რადგან სცენის სიახლოვეს იდგა, იქ კი ჭეჭყვა იყო. რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. სასწრაფოს მანქანები „იმელისა" და ტელეგრაფის შენობის ჩასასვლელთან იყვნენ მობილიზებულნი, ეს რუსთაველისკენ რომ მივდიოდი, მაშინ შევნიშნე. მაქსიმუმ, 5-7 წუთში მოვიდა მანქანა, თანაც, არ დაგავიწყდეთ, ხალხის მასა გამოიარა ამ მანქანამ და შეფერხებით მოაღწია იქამდე. ეს გულშეღონებული კაცი წამოაყენეს, მანქანაში ჩასვეს და ის იყო, ექიმთა ბრიგადა წასვლას აპირებდა, რომ რამდენიმე იქ მყოფმა „აქციონერმა" მოიხელთა სასწრაფოს ექიმი, ალყა შემოარტყეს და საქმის გარჩევა დაუწყეს. - ნახევარი საათის წინ დაგირეკეთ და ამდენი ხნით რატომ დაიგვიანეთო? - ეჩხუბებოდა ერთი გაკაპასებული მიშისტი ქალი ექიმს. ექიმი უმტკიცებდა, 5 წუთში მოვედით, აჰა, თუ არ გჯერათ, გადაამოწმეთ, როდის შემოვიდა შეტყობინებაო. ჩავერიე საქმეში, - მართალია, ეს ქალბატონო, 5-7 წუთის წინ დავრეკეთ სასწრაფოში და თან ჩემს მობილურ ტელეფონზე, 112-ზე აკრეფილი ნომრის დროს ვუჩვენებ, მართლა 10 წუთი იყო გასული, მეტი არა, მაგრამ ამ 10 წუთს ის დრო უნდა გამოვაკლოთ, რაც ბრიგადამ მანქანიდან გადმოსვლას, და მამაკაცის წამოყენებას, მის მანქანაში ჩასმას მოანდომა - სადღაც 4 წუთი. ჩემს მობილურს ზედ არ უყურებენ, არაო, ამტკიცებენ,- ნახევარი საათი დაიგვიანაო, ეს მართლაც აშარი ქალები. ბოლოს ერთმა ამოღერღა ყველას სათქმელი, - შე ივანიშვილის მონავ, შენა, შენ ნამუსი რომ გქონდეს, პროტესტის ნიშნად სამსახური უნდა დატოვო და ახლა აქ უნდა იდგე აქციაზეო, შეუძახა ექიმს. ამ გაჭირვებულს, თურმე ის ადარდებს, რომ ეს ექიმი მუშაობს და თავად უმუშევარია. ეს მერე გავარკვიე - კრწანისის გამგეობიდან 1 თვის წინ გამოაგდეს.
დავით-დეფიმ ისეთი ლექსი წაიკითხა თავისუფლებაზე, ბავშვობაში ეგეთებს რომ ვწერდი, სკოლის კედლის გაზეთშიც კი არ მიქვეყნებდნენ. არა, თუ ამხელა აქციას აწყობ, ხალხს ეპატიჟები და იცი, რომ ერთი კარგი ლექსიც დაგჭირდება, შე დალოცვილო, ქართულო პოეზია სავსეა თავისუფლებისადმი მიძღვნილი ლექსებით, აიღე რომელიმე და გიორგი ვაშაძეს წააკითხე, ომახიანი ხმა კი აქვს. დავით-დეფის ნაცოდვილარს რომ ასმენინებ ამ ხელს, სირცხვილია.
ორგანიზატორებს, სხვათა შორის, კმაყოფილი სახეები ჰქონდათ და წამდაუწუმ იმას გაიძახოდნენ, სრულიად საქართველო შეიკრიბა დღეს რუსთაველზეო. ახლა ვნახოთ, ამ უნიათო „ნაციონალებმა" როგორ შეკრიბეს „სრულიად საქართველო". ისევ ჩემსაზე ვდგავარ, 15,000 კაცზე მეტი არ ყოფილა აქციაზე. ჰა, ჯანდაბას, მოდი ამას 5 000 კაცი დავამატოთ. ერთი წამით დავუშვათ, რომ 20 000 იყო. საქართველოს მოსახლეობა, მინიმუმ 3,5 მილიონია. ეს 20 000 ადამიანი კი, საქართველოს მოსახლეობის 0,7 პროცენტი გამოდის. მართლა მიმიფურთხებია იმ პარტიისთვის, ქვეყნის მოსახლეობის 1 პროცენტსაც რომ ვერ შეკრებს აქციაზე. არ დაგავიწყდეთ, „ნაციონალები" აფხაზეთის ანექსიით მანიპულირებდნენ, 1 თვე ემზადებოდნენ ამ აქციისთვის, სრული და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს და ერთი მხარდამჭერიც კი არ დატოვეს სახლში. ამას ისიც დაამატეთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არავისზე არ ყოფილა, ვისაც აქციაზე უნდოდა წავლა, ყველა წავიდა, ჰო, ფულიც დაურიგეს ხალხს „ნაცებმა" და ამ ყველაფრის შედეგი ის იყო - 20 000 კაცი, თანაც, 5000 ჩემგან ნაჩუქარი. ახლა, ასეთი მხარდაჭერილი პარტია, 2016 წლის არჩევნებში რომ სასტიკად დამარცხდება, ეს ხომ ფაქტია? „ნაციონალებმა" კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნიათ. ჰოდა, ამის მერე ნახეთ „მაიდანზე" და რევოლუციაზე აქცენტების გაკეთება. სხვა გზა არ დარჩათ, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა არეულობა, რევოლუცია და ანტიკოსნტიტუციური ქმედებებია. ეს ყველფერი წინ გველოდება.
ორსაათნახევარი იაქციეს „ნაცებმა" და დაიშალნენ. ჯერ ხალხი წავიდა და პოლიტიკურმა ლიდერებმა მერე დატოვეს რუსთაველი. ისე მოხდა, რომ ჩემს უკან აკაკი ბობოხიძე და ზურაბ მელიქიშვილი მოდიოდნენ. ჯერ რაღაცაზე ჩუმად ლაპარაკობდნენ, მერე ბობოხიძემ ნელ-ნელა ხმას აუწია. ბობოხიძის როხროხა ლაპარაკს უკვე ვარჩევდი, წელი ავითრიე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე გზა. აქციის შესახებ ლაპარაკობდნენ.
- ამ დღეებში პარლამენტში რაღაც უნდა მოვითხოვოთ, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, - ეუბნება ბობოხიძე მელიქიშვილს.
- კი, ხვალ შევიკრიბოთ ოფისში და გადავწყვიტოთ ეს საკითხი... - უკვე ისე მომიახლოვდნენ, ზურაბ მელიქიშვილის ხმაც გავარჩიე.
- არა, მარტო აფხაზეთის თემით არაფერი გამოვა, რაღაც უნდა მივაშველოთ, 5 ათასი კაცით ნაკლები რომ მოსულიყო, მთლად გავბანძდებოდით. კობამ იყოჩაღა, ზონელებმა ბევრი ხალხი გამოიყვანეს, - ეუბნება ბობოხიძე.
- კი, კობამ იყოჩაღა, მაგრამ ხომ იცი, რაც მოხდა? მგონი, გადავრჩით, - პასუხობს მელიქიშვილი.
- მოკლედ, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რაღაცა უნდა წავამატოთ ამ აფხაზეთის თემას, ხომ ნახე, ჩვენი მხარდამჭერებიც არ გამოვიდნენ, - შესჩივლა ბობოხიძემ მელიქიშვილს და ამ დროს, საიდანღაც ქეთა გაბიანი გამოტყვრა, აკაკი ბობოხიძე და ზურა მელიქიშვილი შუა რუსთაველზე გააჩერა, სურათი უნდა გადაგიღოთო, - მართლა გააძრო პლანშეტი და ფოტო გადაუღო. ასე ჩაშალა ეს მეტად საინტერესო და მრავლისმთქმელი დიალოგი და მართლა შესაშური ინფორმაციები დამაკარგვინა.
აკაკი ბობოხიძისა და ზურაბ მელიქიშვილის საუბრიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება: 1. „ნაცები" კობა ხაბაზის მუშაობით კმაყოფილები არიან, რადგან „თავისუფალ ზონას" ის კურირებს და ამ არასამთავრობომ ბევრი ხალხი გამოიყვანა. 2. „ნაცები" უკმაყოფილონი დარჩნენ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობით და თავადაც კარგად ხვდებიან, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ. 3. „ნაცებისთვის" აფხაზეთის ანექსია მხოლოდ „თემა", ხალხის აქციაზე მოსატყუებელი საშუალებაა და არა - სატკივარი და პრობლემა. 4. „ნაცები" დარწმუნდნენ, რომ თვით ისეთი მგრძნობიარე, მნიშვნელოვანი საკითხის მანიპულირებითაც კი, როგორიც აფხაზეთის ანექსიაა, ხალხი ვერ „ააგდეს" და ახლო მომავალში, სხვა თემას დაამატებენ აფხაზეთს და ახლა, იმ საკითხით შეეცდებიან ხალხის მოტყუებას. 5. „ნაცებმა" ჩინებულად იციან, რომ გაკოტრებულნი არიან საბოლოოდ, ამას აკაკი ბობოხიძის ნათქვამიც ადასტურებს, რომ მათ თავისიანებიც კი აღარ უჭერენ მხარს. 6. ამ დღეებში პარლამენტში გააქტიურდებიან, სავარაუდოდ, აფხაზეთის ანექსიასთან დაკავშირებით უმრავლესობას ან ერთობლივი განცხადების გაკეთებას და რუსეთის ლანძღვას მოსთხოვენ, ან, შესაძლოა, რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა დააყენონ აფხაზეთთან დაკავშირებით.
მოკლედ, „ნაცაქციამ" ჩაილურის წყალი დალია და კიდევ ერთხელ გამასხარავდნენ სააკაშვილის მომხრეები.
„ნაცმოძრაობის" მთავარი ოფისიდან „ქრონიკას" დახურულმა წყარომ აცნობა, რომ 9-10 ნოემბრისთვის, „ნაციონალთა" ლიდერებმა უკვე იცოდნენ, რომ ხალხი არც თავისი ნებით გამოდიოდა აქციაზე და არც ფულის აღების ხიბლით. შეგახსენებთ, რომ კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვწერდი, რომ „ნაცები" 50 ლარს ჰპირდებოდნენ რეგიონებში ადამიანებს. თუმცა, როგორც კი ეს დავწერეთ, ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ღიად გამოვიდა, ეს ინფორმაცია დაადასტურა და სწორედ აქ „დაერხათ" „ნაცებს". ჩვენი სტატია და პრემიერის განცხადება ერთგვარ პრევენციად იქცა და ფულის დარიგება-აღების სქემები ჩაიშალა. ჰოდა, პარტიის რეგიონებისა და რაიონების ხელმძღვანელობისგან წინდაწინ იცოდნენ პარტიის მთავარმა ლიდერებმა,რომ საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ მოუყრიდნენ თავს, ამიტომაც იყო, ბოლო დღეეში, ხალხის რუსთაველზე გაჩერებასა და აქციების ჯაჭვზე აღარ ლაპარაკობდნენ. 13 ნოემბერს კი, აქციამდე 2 დღით ადრე განაცხადეს „ნაციონალებმა", რომ მხოლოდ 2-საათიან მიტინგს ჩაატარებდნენ, როცა მანამდე „მაიდანითა" და უწყვეტი აქციებით გვემუქრებოდნენ... ასე რომ, 50 ათასი კაცი რომ არ მივიდა აქციაზე და არეულობა არ მოხდა, ამაში „ალია"-„ქრონიკას"ლომის წვლილი მიუძღვის. ეს ის შემთხვევაა, როცა თავმდაბლობა არ ვარგა და სათქმელი უნდა ითქვას.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"