არა მარტო ჩემი კოლეგების წრეში, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც კი თვალშისაცემი იყო, რომ წლების განმავლობაში მედია სასტიკ ზეწოლასა და წნეხს განიცდიდა. თუმცა, უარეს შემთხვევაში კულუარებში ინტენსიურად საუბრობდნენ ჩემი კოლეგების მოსყიდვასა და გადაბირებაზეც. ეს ინფორმაციები განსაკუთრებით მაშინ გახშირდა, როდესაც ტელეკომპანია „იმედი" სააკაშვილის ხელისუფლებისთვის პრობლემად იქცა. საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, რითაც ხელისუფლება ცნობილი ტელესახეების ეთერიდან მოხსნას, ან მათი გადაცემების სხვა, კონტროლირებად არხებზე გადასროლას ახერხებდა. თუმცა ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ მოარული ინფორმაციები იყო. რამდენიმე დღის წინ კი ეს თემა „რეპორტიორის" დირექტორის, გიორგი მამაცაშვილის სკანდალურმა განცხადებამ გახეთქა. განცხადებას 11 აუდიოჩანაწერიც მოჰყვა, რომელმაც 7 წლის წინანდელ სკანდალს ფარდა ახადა.
2007 წლის 7 დეკემბერს, ცნობილი გადაცემის „დროების" ბირთვმა ერთ-ერთი შენობის სახურავზე განცხადება გააკეთა, რომ ვინაიდან იმ ტელევიზიის მეპატრონე არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ისინი: რუსუდან ცხომელიძე, ზაზა წულაძე, დაჩი გრძელიშვილი, ლიზა ვაჩნაძე, სოსო ბარნაბიშვილი-ტოვებდნენ ტელეკომპანიას.
ბევრმა მაშინ იეჭვა, რომ ამ განცხადების უკან რაღაც იდგა. ეს „რაღაც" 7 წლის შემდეგ გაიშიფრა. ტელევიზიიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა მალე ახალი სტუდია - „ახალი დროება" შექმნეს და გადაცემა „7 დღისთვის" ეთერი „პირველ არხზე" დაეთმოთ.
მაშ ასე, რა კულუარული მოძრაობები, მოლაპარაკებები, რა თანხები და შეხვედრები დაიმალა მაშინ?
სწორედ ამის შესახებ გიამბობთ დღეს „პრაიმტაიმი" და რაღა თქმა უნდა, ერთგვარ მტკიცებულებად იმ აუდიოჩანაწერებს წარმოგიდგენთ, რომელიც გიორგი მამაცაშვილმა გამოამზეურა. აქვე, თავშივე შევთანხმდეთ, რომ ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენამდე, მოქმედი პირები - ლიზა, რუსიკო, ზაზა, სოსო, დაჩი და გოგი, სავარაუდოდ, იშიფრებიან, როგორც ლიზა ვაჩნაძე, რუსიკო ცხომელიძე, ზაზა წულაძე, სოსო ბარნაბიშვილი, დაჩი გრძელიშვილი და გოგი გეგეშიძე.
ჩანაწერში საუბარია 200 ათას ამერიკულ დოლარზე, რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კახა კეკელიძის ანგარიშზე. მოგვიანებით კი ეს თანხა ბიზნესმენ გოგი გეგეშიძის ანგარიშზე მოხვდა.
მოდით, ახლა, ერთად გავარკვიოთ, რა მიზნისთვის გაიღო ხელისუფლებამ ფული და შეუსრულეს თუ არა ჟურნალისტებმა პირობა:
თუმცა, მანამდე პრეისტორია:
როგორც მამაცაშვილი აცხადებს, თანხა ვინმე დავით ბენიძეს ეკუთვნოდა. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ამ პიროვნების მოძიება დავიწყეთ. არსებობს ასეთი სახელისა და გვარის მატარებელი ადამიანი, რომელიც კეზერაშვილის მეგობრად ფიქსირდება.
ახლა კი ვნახოთ, რა მიზნისთვის იქნა გადახდილი ეს თანხა? ამისთვის ერთ-ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ჩანაწერიდან, სადაც მოქმედი პირები არიან: სავარაუდოდ დაჩი გრძელიშვილი, სოსო ბარნაბიშვილი, ზაზა წულაძე და გივი თარგამაძისა და დავით კეზერაშვილისგან გამოგზავნილი ე.წ. ავტორიტეტი, თამაზ მშვიდობაძე. საუბარია 200 ათას ლარზე, რომელიც ზაზა წულაძეს გადაურიცხეს „იმედის" წინააღმდეგ სარჩელის შესატანად:
თამაზ მშვიდობაძე: კაროჩე რაღაც გაუგერობაა პატარა. აინტერესებს ამათაც რა, თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ, ვიცი ვინც ხარ, ვისი ახლობელიც ხარ და საერთო ახლობლებიცაა ქვეყანაც. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მოკლედ, შენს ნათესავს თქვენთან რომ მძღოლად მუშაობს 200 ათასი დაუსვეს მაგას ანგარიშზე და 100 მოგცეს ქეშად, რაც აინტერესებთ მაგათ რა, რატომ არ მივიდა ამამდე, შენამდე, შენამდე, რუსიკო და ლიზიმდე. ეგ ერთი და მეორე, რა მოჰყვა ამას ყველაფერს, მთელი საშინელება რაშიცაა. უყურე შენ როგორი ლაპარაკი გაიჩითა, რომ ვითომ ვინც მოგცათ ფული, არ მინდა ახლა მაგის სახელის თქმა რა. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ლაპარაკს არ იწერდეთ, მამაო არა ვარ რომ შეგინდოთ, მაგრად გავუტეხავ რა... როგორი ლაპარაკი გაიჩითა უყურე - რომ ვითომ იმან და შენ მაგ ფულის მითვისება მოინდომეთ, რამხელა ბოდვაა ხო აზრზე ხარ.
ზაზა: ის ფული არ გაი...(ცა).
თამაზ მშვიდობაძე: ვიცი ვიცი, მე ყველაფერი ვიცი ტო. მამა რომ გარდაგეცვალა (სოსო ბარნაბიშვილს ეუბნება), ამათ გითხრეს კიდეც თუ გახსოვს, რომ ფული დევს და თუ საჭიროა, როცა მოინდომებ მაშინ აიღებთ კიდევაც რა. ეგ იმიტომ თქვა რა, რომ სოსო ეხლა რატომ ვიძახი მაგას რა, კი არ ვიცავ ვინმეს, სიმართლე უნდა ითქვას ხო? თქვენ თავიდან უარზე იყავით მაგ ფულის აღების, ეგრე ვიცი მე ხო?
სოსო ბარნაბიშვილი: ჩვენ ახლაც უარზე ვართ.
თამაზი: არ არსებობდა იმ ფულის არგამორთმევა, ისე იყო მიწოდებული. ისე იყო მიწოდებული ის ფული, მე ვიცი. ელოდებოდა რა მომენტს,რომ ეთქვა. ეგრე არ არი?
ზაზა: არ არის ეგრე. იქ სხვა ამბავი იყო აბსოლუტურად, იქ იყო სხვა ლაპარაკი. ანუ გივის უნდოდა, რომ ჩვენ შეგვეტანა სარჩელი, რაზეც იყო ლაპარაკი.
თამაზი: რა სარჩელი?
ზაზა: ტელეკომპანია „იმედის წინააღმდეგ და მაგაზე იყო ლაპარაკი.
მოკლედ, ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული ადრესატამდე არ მივიდა. უფრო მეტიც, წარმოდგენილი აუდიოჩანაწერების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ 200 ათასი გივი თარგამაძისგან წამოვიდა სარჩელისთვის. მასთან კონტაქტზე ძირითადად ზაზა წულაძე გადიოდა. გარკვეულწილად საქმის კურსში იყო დაჩი გრძელიშვილიც, თუმცა, საბოლოო მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ ჟურნალისტებს ფული აღარ უნდა აეღოთ. ამის მიუხედავად, თანხა, რატომღაც ირიცხება წულაძის ნათესავის, კახა კეკელიძის ანგარიშზე, რომელიც მოგვიანებით დაჩი გრძელიშვილთან და სოსო ბარნაბიშვილთან თავს იმართლებს, ფული დამჭირდა პრობლემების მოსაგვარებლად და 20 ათასი მე მოვხსენიო...
ერთი სიტყვით, ფულის თემამ ძალიან შორს რომ არ გაგვიტაცოს და მთავარი თემა არ გამოგვრჩეს, მკითხველს წარმოვუდგენთ სხვა ფრაგმენტსაც ჩანაწერებიდან, სადაც ცალსხად დასტურდება, ვინ მართავდა მაშინ მედიასივრცეს სახელისუფლებო გუნდიდან. არაერთგზის გავიგონებთ უგულავას, თარგამაძისა და ბოკერიას სახელებს. ცხადია, მათი მხრიდან განხორციელებული ზეწოლა მედიაზე დღეს არავისთვის არის ახალი ამბავი. მეტიც, ეს ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეშიც კი დოკუმენტურად დასტურდება, თუმცა, სულ სხვაა, როდესაც საკუთარი ყურით უსმენ დიალოგს და ნამდვილად არ გშურს იმ ჟურნალისტების, რომელსაც ხელისუფლება ერთი უწყინარი, რიგითი სიუჟეტის გადაცემიდან ამოღებას სთხოვს.
ფრაგმენტი № 1
სოსო ბარნაბიშვილი: ვინ გეუბნება მაგას, გივი?
გოგი გეგეშიძე: ყველამ დამირეკა, სახლში ვიჯექი, სტუმრები მყავდა. რა ვუთხრა ახლა, პროსტა, რა ვუთხრა არ ვიცი.
ფრაგმენტი № 2
გოგი გეგეშიძე ტელეფონზე ცდილობს მოაგვაროს პრობლემა.
ლიზი ვაჩნაძე: ეგ ვინ არის, გივია?
გოგი გეგეშიძე: გიგა, გიგი.
ლიზი ვაჩნაძე: გივი, გიგა, გიგი...
ფრაგმენტი № 3
გოგი გეგეშიძის სატელეფონო საუბარი: „გიგის ტელეფონი მითხარი, რა... არაფერი სიუჟეტი რო გავიდა დილით ის ანონსები 7 დღის. და ბურჯანაძეზე არის ისა რა... პატარა, ჩვეულებრივი, არქივზე აწყობილი რა... ხო და ატეხეს ერთი ამბავი რა. ვინაა ეხლა, არ ვიცი ვინ იქნებოდა? არ უნახია, არა დღეს გააკეთეს და გაუშვეს ანონსი... ჩვეულებრივი, რაც იყო კადრები ეგ არი რა... ხოდა რა ვიცი, ატეხილია ერთი ამბავი... გიგიმ, ზაზა იმან, გივიმ, რავი ყველამ რა...
ფრაგმენტი № 4
გოგი გეგეშიძე: „ვაკოს სიუჟეტის გულისთვის ჩიქოვანს გუშინ ხსნიდნენ, ჩემი დედა მ... რა უნდა ვქნაო, ჩიქოვანი მწერდა, რა მოხდა რომ გავიდესო?"
ფრაგმენტი № 5
გოგი გეგეშიძე: „ყველამ ყველაფერი აიშორა და გამოვედი მე, რატომ გავუშვი. ცალკე დამირეკა ერთმა, ცალკე დამირეკა მეორემ. ყველამ დამირეკა. არ მკითხოთ ვინ არ დამირეკა, რო კაროჩე რა ხდება? რატო გადის ეს სიუჟეტი. ხო შევთანხმდით რომ არ გადის შიდა პოლიტიკა სამი გადაცემა. არჩევნებამდე ხო შევუთანხმდით სასტავს, რომ აღარ გადის ეს გადაცემები რა და ვაკეთებ გარე პოლიტიკას"...
ფრაგმენტი № 6
დაჩი გრძელიშვილი: „კონტრაქტი გივის არ ჰქონდა წაკითხული, თუ იმას? ძაან ხუთიანზე იცოდა ყველამ ყველაფერი".
ზაზა წულაძე: „მიშას არ ჰქონდა წაკითხული?"
გოგი გეგეშიძე: „მიშას ნამდვილად არ ჰქონია".
ზაზა წულაძე: „აუჰ, კაი, რა..."
რუსუდან ცხომელიძე: „გივიმ რომ იცოდა ვიცი".
გოგი გეგეშიძე: „გივიმ ხო, ალბათ, იცოდა, გივიმ გააფორმა თქვენთან კონტრაქტი".
ფრაგმენტი № 7
ზაზა წულაძე: „მე არ ვიცი, რას მეუბნება ყოველდღე უტიაშვილი და ვანო რას ეუბნება იმას? არაფერი არ უნდათ, ვაბშე არაფერი არ უნდათ. პეპლები და რაღაც ესეთები მარტო".
ფრაგმენტი № 8
ზაზა წულაძე გოგი გეგეშიძეს: „მაშინაც მე არ გავიტისკე შენ რომ პირველად შეგხვდით. ამი მშაინ, ვანო მერაბიშვილი მირეკავდა ლამის დღეში სამჯერ და ბოლოს ჩემი ძმაკაცი გაიტისკა და პრეზიდენტთან დაიბარეს".
ზაზა წულაძე: „გივი არა?"
გოგი გეგეშიძე: „გივი არა! გივი მოკვდა! ახლა ვისაც დავურეკე, იმან არაო".
ზაზა წულაძე: „გიგას აზრია მასეთი?"
გოგი გეგეშიძე: „გიგას არა, ყველას აზრი იყო ასეთი, ჩვენ ხომ მოვილაპნარაკეთ მაგ სასტავთანო, რომ არჩევნებამდე მწვავე თემები არ იქნებაო".
ფრაგმენტი № 9
გოგი გეგეშიძე: „არ ვიცი, რა უნდათ, ვერ გავიგე, რა უნდათ. არ ვიცი, თქვენ გამომიტანეთ განაჩენი. გაუშვებთ - დამბრიდავენ, არ გაუშვებთ - დამბრიდავენ. მერე ალბათ ჩემს ფირმას თქვენს პონტში მოვიშორებ ეგრევე, აუცილებლად მოვიშორებ..."
ვფიქრობთ, ეს რამდენიმე ფრაგმენტი მკითხველს უკვე უქმნის სურათს იმის შესახებ, რა ხდებოდა რეალურად მედიასივრცეში და როგორ მართავდა ამით საზოგადოებრივ აზრს რამდენიმე ნაციონალი ლიდერი - გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია.
ახლა კი გავყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას.
მაშ ასე, შევიტყვეთ, რომ ფული ზაზა წულაძის ნათესავს აქვს მოტეხილი. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ თანხა გოგი გეგეშიძის ანგარიშზე გადასულიყო.
„პრაიმტაიმი" გთავაზობთ მცირე ინტერვიუს გიორგი მამაცაშვილთან, რომელიც აკონკრეტებს, როდის ხდებოდა ამ თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვა:
- ნებისმიერი ჟურნალისტი თუ, ესა თუ ის პიროვნება, რომელსაც ტელე „იმედთან" ჰქონია შეხება 2007 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ცალსახად დაადასტურებს გივი თარგამაძისა და გიგი უგულავას კავშირს ამ პროცესებთან. რა თქმა უნდა, ბოკერიას კავშირი თავისთავად იგულისხმება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მის გარეშე მიხეილ სააკაშვილი ნაბიჯს არ დგამდა. გივი თარგამაძე მაშინ ხალხს სულის ამოხდით დაემუქრა, თუმცა „იმედს" ნამდვილად ამოხადა სული.
- შენი აზრით, ჟურნალისტებმა მათთვის გადარიცხული ფული აიღეს?
- სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტებმა ფული არ აიღეს და შემდეგ ეს თანხა გადაირიცხა გოგი გეგეშიძის ანგარიშზე. აქ სწორად მინდა გაიგოს საზოგადოებამ ამ ისტორიის გასაჯაროების აზრი: აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რომელიმე ჟურნალისტმა გაუძლო თუ არა ცდუნებას, ან წნეხს, აქ საუბარია ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე. ჟურნალისტებს იბარებენ, რაღაც საქმეებს ურჩევენ, თვითონ მიდგომა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, როდესაც ჟურნალისტს აიძულებენ, გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი. ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვაზე მაქვს საუბარი... ეს თანხა რომ არ აღმოჩენილიყო ჟურნალისტებთან, ჩაირიცხა კეკელიძის ანგარიშზე, შემდეგ უკვე, როდესაც, სავარაუდოდ, როგორც აღმოჩნდა, ვერ გაიყვეს, ან აღარ გადაწყვიტეს გაყოფა, მაგრამ, სავარაუდოდ, უარი თქვეს ამ წინადადებაზე და ამის შემდეგ გადაირიცხა ის გეგეშიძის ანგარიშზე. თავიდან ფულის ჩარიცხვა მოხდა 2008 წლის იანვარში, არჩევნების შემდეგ.
- როცა 27 დეკემბერს ამ ჯგუფმა „იმედი" დატოვა... პირდაპირ კავშირს ხედავ ამ მოვლენებს შორის?
- კავშირი საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ან არ დაინახოს.
- გეგეშიძის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხაო... ეს კაცი გარდაცვლილია და ვინმე ამით ხომ არ სარგებლობს?
- გახსოვთ გოგი გეგეშიძის გარდაცვალების დრო და მიზეზი?
- გული და ახალი ხელისუფლების პირობებში...
- შერლოკ ჰოლმსისთვის ეს, ალბათ, გამოძიების თემა იქნებოდა... როდესაც ადამიანი გულით კვდება და ამ ჩანაწერებში ისმის მისი სიტყვები, „ჩვენ ყველას დაგვბრიდავენ", ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს.
- გინდა თქვა, რომ შესაძლოა გეგეშიძე თავისი სიკვდილით არ მომკვდარა?
- არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემ.
- ჩანაწერებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა. ვინ გააკეთა ეს ჩანაწერები. ისე, ზაზა წულაძე რამდენიმე დღეა არსად გამოჩენილა. შენ ხომ არ გადაგყრია სადმე?
- მე, სახეზე არც კი ვიცი ზაზა წულაძე როგორ გამოიყურება. დაჩის ვიცნობ, გრძელიშვილს, დანარჩენებზე რა გითხრა... მე მივხვდი, საითაც მიგყავს საუბარი, თუმცა, მგონი, შენც მიხვდი, რომ ამ თემაზე საუბრისგან თავს ვიკავებ.
დაჩი გრძელიშვილი კომენტარს არ აკეთებს, იმიტომ რომ ახალი ნაოპერაციებია...ზაზა წულაძე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის. ჩვენთან საუბრობს ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, რუსუდან ცხომელიძე:
- „იმედიდან" წამოსვლის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გავაკეთეთ. 7 ნოემბრიდან, ფაქტობრივად, თითქმის 2 თვე იყო გასული. გახსოვს, ალბათ, მაშინდელი პოლიტიკური მოვლენები, ბადრი პატარკაციშვილი ჩართული იყო ამ წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩვენი წამოსვლის ერთადერთი მიზეზი იყო რომ ჩვენ, ჟურნალისტებს, არ გვინდოდა იარაღად ვყოფილიყავით გამოყენებული ამ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო, გვქონდა რამდენიმე შეთავაზება ხელმძღვანელობასთან, მაგალითად, ჩვენ ვთხოვეთ, რომ რამდენიმე დღით გაჩერებულიყო საინფორმაციო, სანამ არ ჩაივლიდა 5 იანვრის არჩევნები, რაზეც უარი მივიღეთ, ეგზიტპოლი ჰქონდა „იმედს" დაკვეთილი და ვთხოვდით, ნუ გააკეთებთ ამას-თქო. არ გვინდოდა ამ პროცესებში მონაწილეობა, როგორც მხარეს. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ჟურნალისტმა ცალ-ცალკე მივიღეთ.
- როდესაც თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, იმავე დღეს გაჩერდა მაუწყებლობაც. ეს უბრალო დამთხვევა იყო?
- ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ ეთერიდან გათიშვას გეგმავდნენ, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. ჩვენ საინფორმაციოს გაჩერებას მოვითხოვდით მხოლოდ და ამაზეც კი უარი მივიღეთ.
- მანამდე მოლაპარაკება არ გქონიათ გიგა ბოკერიასთან, გივი თარგამაძესთან და გიგი უგულავასთან?
- პირადად მე სამივეს ვიცნობ. მე და გიგი უგულავა თავის დროზე ერთ გადაცემასაც ვაკეთებდით - „კვირას". თუმცა იმ პერიოდში მათთან არავითარი შეხება არ მქონია. გივი თარგამაძეს ბოლოს 7 ნოემბერს მივწერე მესიჯი, სადაც ჩემი აღშფოთება გამოვხატე და სულ ეს იყო. შესაბამისად, არც მათი ზეწოლით და შატნაჟით წამოვსულვარ ტელევიზიიდან.
- ვინ იყო თქვენი რეალური კონტრაქტორი, მას შემდეგ, რაც სტუდია გააკეთეთ.
- ჩვენ აქეთ დაგვიკავშირდა გოგი გეგეშიძე და შემოგვთავაზა საერთო პროექტი.
- ის რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო, უნდა გცოდნოდათ, თქვენ ფლობდით მაშინ ინფორმაციებს.
- ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ბიზნესმენი, რომელიც მზად იყო, ჩვენს პროექტში ფული ჩაედო.
- თუმცა, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ფული გადაცემის ეთერში გასვლამდე იყო ჩარიცხული და ამაში თარგამაძე და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები.
- იმ ჩანაწერებიდან ისიც ირკვევა, რომ პირადად მე საქმის კურსში არ ვიყავი. საქმის კურსში არ იყვნენ არც დაჩი და არც სოსო.
- ზაზა წულაძე?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით.
- საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გქონიათ ბურჯანაძეზე სიუჟეტის ამოღებასთან დაკავშირებით... ხშირად მიდიოდით ასეთ დათმობებზე?
- არც ერთხელ არ წავსულვართ დათმობაზე. ის სიუჟეტიც საბოლოოდ მაინც გავიდა ეთერში და მას შემდეგ ჩვენი გადაცემა მალევე გაჩერდა.
- დაისაჯეთ?
- უბრალოდ, ვიარსებეთ იქამდე, სანამ ბიუჯეტი გვეყო.
- როდესაც ამ ჩანაწერებს მოისმენდი, ბუნებრივია, გაგიჩნდებოდა ეჭვი, ვინ გააკეთებდა ამ ჩანაწერებს...
- კი, რა თქმა უნდა, ეს კითხვა არსებობს, ვინ ჩაწერა ეს საუბრები. მაგრამ ამაზე საუბარი მე არ მინდა. მე მაქვს ჩემი ეჭვი, მაგრამ არ მაქვს არანაირი მტკიცებულება. ეჭვებზე საუბარი არ მსურს. აბსოლუტურად სუფთა მაქვს ნამუსი, იმიტომ, რომ ჩემთან არასოდეს არავის დაურეკავს და არ შემოუთავაზებია თანხა, რომც შემოეთავაზეიბინათ, ვერც გაბედავდნენ, იმიტომ რომ ისეთი თემაა, რომელზეც არც ღირს ლაპარაკი. ცხოვრებაში არც ერთი თეთრისთვის არ მომიკიდია ხელი და არ დამითმია ჩემი პრინციპები, როგორც ჟურნალისტს. სიმართლე გითხრა, ძალიან კარგი იქნება, თუ გამოიძიებენ და წერტილი დაესმება, იმიტომ რომ დავიღალე ამ რაღაცების მტკიცებით.
რაც შეეხება თემას, ვინ გააკეთა ჩანაწერები, ამაზე დიალოგს მორიგ მონაწილესთან ვაგრძელებთ.
სოსო ბარნაბიშვილი:
- ჩემთვის წარმოუდგენელია, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერი გიორგი მამაცაშვილის ხელში...
- და არ გიკვირთ, საერთოდ რატომ არსებობდა ეს ჩანაწერი?
- არ მიკვირს, რადგან მაშინ ყველა ყველაფერს იწერდა.
- როდესაც მას ვუსმენდი, ვაკვირდებოდი, ვისი ხმა ისმოდა ყველაზე კარგად. ალბათ, თქვენც მიაქცევდით ამას ყურადღებას...
- რა თქმა უნდა, ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას. ახლაც ვზივარ და ვუსმენ.
- ალბათ, ეჭვიც გაგიჩნდათ...
- რა თქმა უნდა. ეჭვი ყოველთვის არსებობს.
- ვიღაცის ხმა ყველაზე ახლოს ისმის თითქმის ყველა ჩანაწერში...
- რასაკვირველია, შეიძლება ეგრეც იყოს.
- ფიქრობთ, რომ თქვენი გუნდის წევრმა „გაგიჩალიჩათ"?
- გაჩალიჩებაში რა იგულისხმთ?
- რაც დღეს გჭირთ...
- რაღაც მეეჭვება, რომ „გაჩალიჩებისთვის" ყოფილიყო ჩაწერილი ეგ.
- მოდი, პირდაპირ გკითხავთ, ყველაზე კარგად ისმის თქვენი და ზაზა წულაძის ხმა. თქვენ გააკეთეთ ჩანაწერი?
- ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობამდე ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.
- რა ხდებოდა, სოსო, ვინ და რისთვის გირიცხავდათ ასობით ათასს?
- იცით, რაღაც სტატიები ადრეც დაიწერა ამის შესახებ, მაგრამ ჩემთვის პირადად არავის არაფერი შემოუთავაზებია. შემიძლია ჩემი ანგარიშები გავხადო საჯარო, თუ საჭირო გახდა.
- თუმცა, თქვენ მონაწილეობდით საუბრებში, სადაც ამ ფულის თემა იხილებოდა...
- ასეთი ზოგადი ლაპარაკით მე თითი ვის დავადო ახლა?! ჩემთვის პირადად არავის არაფერი შემოუთავაზებია და მე ხშირი შეხება არ მქონია იმ პიროვნებებთან, ვინც ფულს არიგებდა. მე იმათთან შეხვედრა არ მქონია, შესაბამისად, სხვაზე ვერ ვილაპარაკებ.
- აბა, ზაზა წულაძე გასულია მომსახურების ზონიდან...
- ვიცი, რომ გასულია.
ალბათ, მკითხველს უკვე შეექმნა კონკრეტული წარმოდგენა შექმნილ სიტუაციაზე და იმაზეც, რატომ დატოვა „დროების" ბირთვმა ტელეკომპანია 2007 წელს, მაშინ როდესაც ტელევიზია ყველაზე სასტიკ თავდასხმებს იგერიებდა ხელისუფლებისგან და როგორ აღმოჩნდა, რომ იმ ხელისუფლებასთან მოგვიანებით იგივე ჯგუფი ახერხებს, ან ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას...
გოგი გეგეშიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, უამრავ ფაქტს მოჰფენდა ნათელს და რეალურად ოქროს მოწმე იქნებოდა ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მედიასკანდალის საქმეში. მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცით, 2009 წლიდან ის უფრო მსხვილ სეგმენტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ჩაუყენეს სათავეში. თუმცა ფაქტია, რომ გოგი გეგეშიძე დღეს ცოცხალი აღარ არის. ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ დღეს გამოძიების ინტერესის სფერო მისი გარდაცვალების მიზეზების დადგენაც გახდეს, თუმცა მანამდე დაზუსტებით ის ვიცით, რომ დღეს ეს მასალები პროკურატურაში შევა, რომელიც, სულ მცირე, გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმების, ბოკერიასა და თარგამაძისთვის კი ბრალის წაყენების რეალური საფუძველი ხდება.
მარიამ ნადირაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"