reportiori.ge - იპოთეკარებს სასამართლოს გარეშე სახლიდან ვეღარ გამოასახლებენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:45
პრეს-დაიჯესტი
იპოთეკარებს სასამართლოს გარეშე სახლიდან ვეღარ გამოასახლებენ?
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 12:34

 

საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა და სამართლიანობის" მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. ცვლილების მიხედვით, უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლება მოხდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც შექმნის მოვალეთა დაცვის დამატებით გარანტიას. 

 

„ალიას" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, თამაზ ავდალიანი ესაუბრა: 

 

- საკანონმდებლო წინადადება ეხება, იპოთეკიდან გამომდინარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ქონებიდან გამოსახლებას და ქონების გასხვისებას. ადრე, მევახშეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიემართა და პოლიციას ქონების მესაკუთრე გამოესახლებინა. დღეს ყოველივე ეს უნდა მოექცეს სასამართლოს დაქვემდებარებაში. სასამართლოს თანხმობის გარეშე ვერ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხორციელება. ძირითადი ცვლილება შედის სამოქალაქო კოდექსში, კანონში ემატება ფრაზა „მესაკუთრემ შეიძლება მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე". ანუ ყველაფერი, იპოთეკიდან, სესხიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება უძრავ ქონებას და დაკავშირებულია გამოსახლებასთან, დაექვემდებარება სასამართლოს. 

 

- სასამართლომდე როგორ მიდის საქმე? 

 

- როგორც კი პრობლემა შეექმნება კრედიტორს, მიმართავს არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, არამედ სასამართლოს. სასამართლოს გარეშე, არც პოლიციას ექნება უფლება, არც სააღსრულებო ბიუროს, შევიდეს უძრავ ქონებაში და ვინმე გამოასახლოს. ამაშია ამ საკანონმდებლო წინადადების არსი. თვითონ პროცესი, უძრავი ქონების ჩადებისა და ა.შ. უფრო გართულდება, ვინაიდან, როცა ადამიანს სჭირდება ფული და აქვს საკუთრება, ის მიდის ყველაფერზე და ნებისმიერ დოკუმენტაციაზე აწერს ხელს, ოღონდაც ფული მიიღოს, შედეგებზე კი ნაკლებად ფიქრობს. მერე უარყოფითი შედეგი რომ დგება, მოდიან და ამბობენ, არ ვიცოდით ასე რომ მოხდებოდაო... გავამკაცრებთ ამ პროცესს, გამოვნახავთ რაღაც გზებს, რომ ეს დარეგულირდეს. როცა მევახშეებსაც ეცოდინებათ, რომ საქმე სასამართლოში წავა, ისინიც ნაკლებ თანხას გასცემენ, ან იმდენს, რამდენის გადამხდელიცაა რეალურად ესა თუ ის პიროვნება. 

 

- თუ შეეხებათ და რა სახით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება იმ ადამიანებს, ვინც გასულ წლებში იპოთეკით დაზარალდნენ და წლებია ამას აპროტესტებენ სხვადასხვა სახით? 

 

- ამ ადამიანებსაც შეეხებათ შემდეგ კონტექსტში - თუ უკვე არსებობს მათი ქონება და ის კრედიტორის ხელშია გადასული, უნდა მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში იქნება საშუალება, გაიყიდოს ეს ქონება, შეიძინოს ნებისმიერმა კეთილსინდისიერმა პირმა ეს ქონება კანონიერად და შემდეგ, როცა კრედიტორი თავის თანხას დაიბრუნებს, დარჩენილ თანხას აიღებს ქონების მესაკუთრე. ადრე ასე არ ხდებოდა, მაგალითად, თუ ბინა ღირდა 10 000 და ვალი იყო 5 000, კერძო საკუთრება ნატურით გადადიოდა კრედიტორის ხელში და ეს სხვაობა იკარგებოდა. 10 000-იან ქონებას მევახშე ხელში იგდებდა 5 000-ად. ახლა ეს აღარ იქნება. ისე, ადრეც ბევრი იქცეოდა კეთილსინდისიერად და აძლევდა მესაკუთრეს საშუალებას, საკუთრება გაეყიდა და ისე დაებრუნებინა გაცემული თანხა, მაგრამ უმეტესობა პირდაპირ ორიენტირებულია, რომ სხვისი ქონება მიითვისოს. ბევრი ვიცი ასეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არღვევდა კანონს, უბრალოდ, სინდის-ნამუსის ამბავი იყო. 

 

- თუ უკვე გაყიდულია მათი ქონება და ის კეთილსინდისიერი მყიდველის ხელშია, ასეთ შემთხვევაში რა გამოსავალს ხედავთ? 

 

- აქ უკვე მექანიზმია შესამუშავებელი. განხილვის თემაა ეს. საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო წინადადებაა, უბრალოდ, ბევრი კითხვაა, სერიოზული მუშაობა სჭირდება, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ ჩავვარდეთ. ეს ბაზარი უნდა დავარეგულიროთ, თუ დაუჭერს მხარს კომიტეტი, ინიციატივად გადავაქცევთ და მიღების პროცესები დაიწყება. საერთოდაც, კარგი იქნება, ბანკებმა რომ გასცენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კრედიტები, ეროვნულმა ბანკმა რომ შეცვალოს რეგულაციები და კომერციულ ბანკებს მიეცეთ უფლება, გასცენ იპოთეკური სესხები, ბევრად გაუიოლდება მოსახლეობას ამ კუთხით. არ იქნება ცუდი თუ ამ პროცესში ეროვნულ ბანკს ჩავრთავთ. მუშაობის პროცესში შესაძლებელია, განხილვაზეც მოვიწვიოთ. სფერო დაურეგულირებელია, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება ამ დრომდე. მას მერე დიდი დროა გასული, ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ახლებურად უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რადგან ეს საკითხი ქვეყნის სერიოზული პრობლემაა. 

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016